EMC ეხმიანება ბოლო პერიოდში სამუშაო ადგილზე ადამიანების გარდაცვალებისა და დაზიანების შემთხვევებს და დასაქმებულთათვის ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის მიზნით, ხელისუფლების მხრიდან დაუყოვნებლივი ქმედებების გატარებას ითხოვს.

მხოლოდ  ბოლო 1 თვის განმავლობაში მედიამ სამშენებლო სექტორში მომხდარი 5 საწარმოო შემთხვევის შესახებ გვაუწყა, რომლის შედეგად 5 დასაქმებული დაშავდა და  6  პირი  გარდაიცვალა.

  • 13 მარტს, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა 53 წლის დასაქმებული და ადგილზე გარდაიცვალა.
  • 16 მარტს თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი მუშა გადმოვარდა, რომელთაგან ორი დაიღუპა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა.
  • 30 მარტს, ჭიათურაში, საბაგიროზე მუშაობის დროს სავარაუდოდ დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა 30 წლამდე ახალგაზრდა.
  • 31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მშენებლობის ობიექტთან მიწა ჩამოიშალა, რის შედეგადაც დაიღუპა 25 წლის მამაკაცი, 8 საათიანი ძებნის შემდეგ კი მაშველებმა მიწის ქვეშ მოყოლილი მეორე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
  • 2 აპრილს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში მიმდნარე მშენებლობის დროს კედელი ჩამოინგრა და ოთხი მუშა დაშავდა.

ეს მონაცემები დასაქმებულთა დაშავებისა და გარდაცვალების მუდმივი ქრონიკების მხოლოდ მცირე ნაწილია.

საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობამ ბოლო წლებში საგანგაშო მონაცემებს მიაღწია. 2011-2018 წლებში დაშავდა 1081 და დაიღუპა 376 ადამიანი. 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, დაღუპულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 59 ადამიანი.

საწარმოო შემთხვევათა სიმრავლიდან გამომდინარე, მსგავსი სიახლეები თითქმის ყოველდღიურობად იქცა და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური რეაგირების მიღმა რჩება.

შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული მძიმე მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტმა მიიღო „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონი. აღნიშნული კანონის მიღება არსებითად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო დასაქმებულთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფისკენ. თუმცა, შესაბამისი ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავებისა და კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, აღსრულების მექანიზმების არაეფექტურობა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედების ვადის მომავალში გადადება დასაქმებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას  ყოველდღიური რისკის ქვეშ აყენებს.

 

შრომითი უფლებების მიმართულებით  სახელმწიფოს მიერ აქამდე გატარებული ყველა მცდელობა ფრაგმენტული და არაკომპლექსურია. ყველაზე მნიშვნელოვან ხარვეზს კი, ამ სფეროზე პასუხისმგებელი ორგანოების არასისტემური მუშაობა წარმოადგენს, რაც მთლიანობაში ვერ ახერხებს ადამიანების, მათი დასაქმების ადგილებზე დაღუპვისა და დაშავებისაგან დაცვას.

შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი  

დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ძირითად ორგანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (შემდგომში შრომის ინსპექცია) წარმოადგენს.

შრომის ინსპექციის უფლებამოსილება დღესდღეობით არ ვრცელდება შრომითი უფლებების აღსრულების ზედამხედველობაზე და შეზღუდულია მხოლოდ მომეტებული რისკის, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სექტორში დასაქმებულთა შრომით უსაფრთხოებაზე ზედამხედველობით. შრომითი უფლებები და უსაფრთხოება ურთიერთდაკავშირებულია და მათი მსგავსი ხელოვნური გამიჯვნა უარყოფითად აისახება დასაქმებულთა მდგომარეობაზე. ხშირ შემთხვევაში საწარმოო შემთხვევები სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებით იყო გამოწვეული, რომელიც აღნიშნული დაყოფის შედეგად შრომითი ინსპექციის ზედამხედველობის სფეროს გარეთ რჩება.

ინსპექციის მუშაობის პროცესს ასევე მნიშვნელოვნად აბრკოლებს ის გარემოება, რომ კანონის თანახმად, არაშერჩევითი კონტროლის (რაც ინსპექციის საქმიანობის მნიშვნელოვან ფორმას წარმოადგენდეს) განხორციელებისას, სჭირდება წინასწარი სასამართლო თანხმობა დაშვების თაობაზე. მითითებული ხარვეზი მხოლოდ 2019 წლის 1 სექტემბრიდან აღმოიფხვრება, ამავე პერიოდიდან მიენიჭება შრომის ინსპექციას უფლებამოსილება, განახორციელოს ყველა სექტორში დასაქმებული პირის შრომითი უსაფრთხოების ზედამხედველობა, რაც ძალიან დაგვიანებულია არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია, შრომის ინსპექციას დაუყოვნებლივ მიენიჭოს ყველა სექტორში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების ინსპექტირებისა და დარღვევების პრევენციის მიზნით შესაბამისი სანქციების გატარების უფლებამოსილება.

შრომის უსაფრთხოების მიმართ არსებული სხვა ხარვეზები

შრომის უსაფრთხოების კანონის მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ შრომის უსაფრთხოების კონცეფცია განხილულია მხოლოდ დასაქმებულის ფიზიკური კეთილდღეობის კონტექსტში და თითქმის უგულვებელყოფილია შრომის უსაფრთხოების სფეროში დასაქმებულთა ფსიქო-სოციალური კეთილდღეობის საკითხი.

ასევე, პრობლემურია ის საკითხი, რომ კანონის მოქმედება და შესაბამისი ვალდებულებები არ ვრცელდება არაშრომითი ხელშეკრულებით (მომსახურების ხელშეკრულებით) დასაქმებულ პირებზე, რაც განსაკუთრებით გავრცელებულ პრაქტიკას  სამშენებლო სექტორში წარმოადგენს. ამ პირებზე არ ვრცელდება ისეთი ვალდებულება, როგორიცაა უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა.

თავის მხრივ, პრობლემას წარმოადგენს ის საკითხიც, რომ ამ ეტაპისთვის არასათანადოდაა დარეგულირებული უბედური შემთხვევის საკითხი, რის გამოც დამსაქმებლები ხშირად კანონის მოთხოვნის ფორმალურად შესრულების მიზნით, დაზღვევის ყველაზე მინიმალურ პაკეტს იძენენ, რაც უბედური შემთხვევის პირობებში, ხშირად დასაქმებულთა მინიმალური საჭიროებების დაფარვასაც ვერ ახერხებს.  უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები ჯანდაცვის მინისტრმა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა განსაზღვროს.[1]

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელზეც ვრცელდება მითითებული კანონის მოქმედება და  იგი გავრცელდეს არამხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე, არამედ კანონით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები და ვალდებულებები გავრცელდეს მომსახურების ხელშეკრულებითა და სხვა ფორმით მომუშავე პირებზე. ასევე, აუცილებელია ჯანდაცვის მინისტრმა დაზღვევის მომწესრიგებელი ბრძანების შემუშავებისას გაითვალისწინოს ამ მიმართულებით არსებული პრობლემები, და განსაზღვროს უბედური შემთხვევის დაზღვევის ისეთი პაკეტების სავალდებულოობა, რომელიც შეძლებს უბედურ შემთხვევის შედეგებთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას.

 

დაურეგულირებელი სამშენებლო სექტორი

შრომის უსაფრთხოება არსებითად დაკავშირებულია სხვა სექტორების, მათ შორის სამშენებლო სექტორის უსაფრთხოებასთან.

2017 წლის მონაცემებით სამშენებლო სექტორში 82 800 ადამიანია დასაქმებული. არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა/დაიღუპა სამშენებლო სექტორში მომხდარი საწარმოო შემთხვევების შედეგად, თუმცა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნული სტატისტიკა საკმაოდ მაღალი უნდა იყოს.

სახელმწიფო დღემდე არასათანადოდ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას, როგორც მშენებლობის ნებართვის გაცემამდე, ასევე უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ეტაპზე.  სამშენებლო ობიექტების დიდ ნაწილზე მშენებლობის ნებართვები სათანადო კვლევებისა და საექსპერტო დასკვნების გარეშე გაიცემა, რაც კიდევ უფრო საფრთხისშემცველს ხდის სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შრომით უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, ამ მიმართულებით  კანონმდებლობის მოწესრიგების მცდელობის მიზნით, კოდექსით გათვალისწინებული  მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება 2019 წლის 3 ივნისისა და 2020 წლის 1 ოქტომბრისთვის არის გადადებული. ამ პერიოდამდე არის გადადებული მნიშვნელოვანი კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის „მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“, „სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების დროებითი წესის შესახებ“ აქტების მიღება.

შესაბამისად, აღნიშნულ თარიღებამდე პასუხგაუცემელი რჩება სამშენებლო სექტორში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებაც.  მნიშვნელოვანია, რომ მითითებული აქტების მიღების პროცესი უფრო ღია და ინკლუზიური გახდეს, მათ შორის დაინტერესებულ პირებს წინასწარ აზრის გამოხატვისთვის გაეგზავნოთ დოკუმენტების პროექტები, განსაკუთრებით უსაფრთხოების წესებისა და ზედამხედველობის ნაწილში.

კოდექსის მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2019 წლის 3 ივნისიდან, სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყველა კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 30 000 ლარით.[2]

 

მითითებული ცვლილება მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ამ ეტაპზე თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტის ტეროტორიებზე სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქცია მხოლოდ 500 ლარს წარმოადგენს. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სანქციის მსგავსი სახით გაზრდას, რასაც პრაქტიკაში შეიძლება დადებითი შედეგის პარალელურად,  ასევე ჰქონდეს უარყოფითი თანმდევი შედეგიც, დარღვევების ოფიციალურად არ დაფიქსირების სახით.  ამიტომ შესაძლებელია არსებობდეს საჭიროება განხორციელდეს სანქციების დიფერენციაცია შენობა-ნაგებობის კლასებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით და მსგავსი სახის სანქციები გამოყენებულ იქნას III-V კლასის შენობა ნაგებობებისა და იმ მუნიციპალიტეტების შემთხვევებში, სადაც მიმდინარეობს ინტენსიური ქალაქგანვითარება.

 

არაეფექტიანი სისხლისსამართლებრივი რეაგირება

 

საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის თანახმად, „2018 წლის განმავლობაში გამოძიება დაიწყო წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების 224 ფაქტზე, რაც 2017 წლის მაჩვენებელს (128 ფაქტი) ბევრად აღემატება. აქედან, გამოძიება შეწყდა 67 შემთხვევაში. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია მხოლოდ 19 შემთხვევაში. 2018 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებით საქალაქო და რაიონულმა სასამართლოებმა 35 საქმე განიხილეს და მათგან რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 2 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 7 საქმეზე (სასჯელის ფორმად თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა 3 შემთხვევაში, რაც ბრალდებულებს ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად (1 საქმეზე თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევასთან, 1 საქმეზე კი ჯარიმასთან ერთად). დანარჩენი 4 გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის ფორმად განისაზღვრა მხოლოდ ჯარიმა 1900, 2000, 3000 და 5000 ლარის ოდენობით). საქმეთა დაახლოებით 69% (22 საქმე) არსებითი განხილვის გარეშე დასრულდა საპროცესო შეთანხმების დადებით. 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, რაიონულ პროკურატურას დაუბრუნდა.“

აღნიშნული მაჩვენებლების შედარება საწარმოო შემთხვევების შედეგად  ყოველწლიურად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობასთან სრულიად ცალსახად წარმოაჩენს ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტურობას.

პრობლემას წარმოადგენს ასევე, საწარმოო შემთხვევებთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში, მენეჯმენტისა და რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობის არ გამოკვეთა და მთელი პასუხისმგებლობის უბრალო დასაქმებულებზე გადაკისრება.  ასევე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე (შრომის დაცვის წესის დარღვევა)  და  240-ე მუხლი (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) არ იძლევა იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შესაძლებლობას.

სწორედ სახელმწიფოს პასიურობა განაპირობებს და ქმნის დამსაქმებელ კომპანიებში შრომითი უსაფრთხოების მიმართ არასენსიტიურობასა და დაუსჯელობის მოლოდინს.  

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით სწორი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გასატარებლად აუცილებელია:

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ საწარმოო შემთხვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოსაკვეთად უნდა აწარმოოს სწრაფი და ეფექტური გამოძიება. აუცილებელია გამოძიების ეტაპზე გამოიკვეთოს არამხოლოდ უსაფრთხოებაზე ფორმალურად პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობა, არამედ რეალურად გადაწვეტილების მიმღები პირების პასუხისმგებლობა.
  • სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე და 240-ე მუხლში გამოიკვეთოს იურიდიული პირის პასუხისმგებლობის შესაძლებლობა.
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეტალური სტატისტიკა აწარმოოს საწარმოო შემთხვევების თაობაზე სექტორებისა და მუნიციპალიტეტების მითითებით, საფრთხისშემცველი სექტორებისა და მომავალში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

ინსტიტუციურად გაუმართავი ზედამხედველობის ორგანოები

შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდაზე საუბრის პარალელურად აუცილებელია ხაზი გაესვას ინსპექციის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და გაძლიერების უზრუნველყოფას. აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირებისა და მისი გაძლიერების პროცესი. დღესდღეობით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში 40 ინსპექტორის საშტატო ერთეული არსებობს.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO)-ს სტანდარტების თანახმად კი საქართველოს მსგავს ტრანზიციული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ყოველ 20,000 დასაქმებულზე მინიმუმ 1 ინსპექტორი უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას. [3] ზემოაღნიშნული სტანდარტის გათვალისწინებით, საქართველოში დასაქმებულ 1,706,600 ადამიანის შრომით პირობებზე მინიმუმ 85 ინსპექტორი უნდა ახორციელებდეს ზედამხედველობას. შესაბამისად, დღეს არსებული კადრების რაოდენობა ორჯერ ნაკლებია ILO-ს მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტთან შედარებით.

აღნიშნულის პარალელურად, საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა განხორციელდეს შრომის პირობებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერა.

ამასთან ერთად, შრომის უსაფრთხოებასა და ღირსეულ სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ ორგანოდ არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ შრომის ინსპექცია, რომელსაც უკიდურესად შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსები აქვს. არამედ, ამ ყოველივეზე არსებითი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადგილობრივ თვითმმართველობებისა და  ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახურებს, რომლებმაც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სათანადოდ უნდა შეასრულონ სხვადასხვა სექტორში უსაფრთხოების ინსპექტირების მიმართულებით არსებული კომპეტენციები, რასაც ამ ეტაპზე მხოლოდ ფრაგმენტულად და რეაქციულად ახორციელებენ. საჭიროა ამ ორგანოებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დაგეგმვა და ერთიანი ძალებით პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:

  • საქართველოს მთავრობას აღიაროს და პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყანაში შრომით უფლებებთან მიმართებით არსებულ კრიზისულ მდგომარეობაზე, მათ შორის, კრიზისის მართვისა და მისი დაუყოვნებლივ გადაწყვეტის მიზნით შექმნას სათათბირო ორგანო, კომისია, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან, შრომის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერი, საქართველოს სახალხო დამცველის, პროფკავშირის და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით დაიგეგმოს ერთობლივი, კომპლექსური მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებები შრომის პირობების მიმართულებით არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამოსასწორებლად.  ამავე დროს, ზედამხედველობა განხორციელდეს ამ პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან საკუთარი მანდატის ფარგლებში კანონმდებლობის აღსრულებაზე.
  • საქართველოს მთავრობამ, დასაქმებულთა ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მიზნით დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება და შრომითი ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესაბამისი მხარდაჭერა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს საწარმოო შემთხვევებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება, მათ შორის, მომხდარზე შესაბამისი პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტი;

[2] საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 138-ე მუხლი.

[3] https://www.ilo.org/global/about-the-ilo/newsroom/news/WCMS_077633/lang--en/index.htm?fbclid=IwAR3kyt8uY8l45kHMtnwizmLEPxK26ZkYDUTSITZPVt0AnbKjHwXt1CbzG3U