ჩვენთან ყოველი მეორე ქვეყნიდან გაქცევაზე ფიქრობს, ზოგს კონკრეტული გეგმა აქვს, ზოგი უბრალოდ ოცნებობს. „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებით კი, - რომლის თანახმადაც სახელმწიფო აქტიური პოლიტიკის გატარებას აპირებს საქართველოს მოქალაქეების ევროპაში დასაქმების კუთხით, - ფაქტობრივად, კურთხევას გვაძლევენ და დახმარებასაც გვპირდებიან ამ საქმეში.

სამართლიანობა ითხოვს აღვნიშნოთ, რომ საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმება, იგივე ცირკულარული მიგრაცია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია შრომითი მიგრაციის და უცხო ქვეყნებში არალეგალურად დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებისთვის. ეს შეიძლება იყოს დასაქმების პოლიტიკის ერთი კომპონენტი, მაგრამ არა უმუშევრობასთან ბრძოლის მთავარი სტრატეგია! ცირკულარული მიგრაციის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ მიგრანტი გარკვეული პერიოდულობით მიდის საზღვარგარეთ სამუშაოდ და შემდეგ აუცილებლად ბრუნდება უკან. მსგავსი ტიპის მიგრაციამ, როგორც ამბობენ, სამმხრივი სარგებელი უნდა მოიტანოს: არგოს როგორც გამგზავნ, ისე მიმღებ ქვეყანას და თავად მიგრანტს. ასევე მნიშვნელოვანი დაშვებაა ის, რომ მსგავსი სახით დასაქმების დროს მიგრანტი უცხო ქვეყანაში ახალ უნარებს და კომპეტენციას იძენს, რაც უკან დაბრუნების შემდეგ მას შესაძლებლობას აძლევს უფრო კარგი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო იპოვოს. თუმცა, რაც უკვე არსებული გამოცდილებით ვიცით, ქართველი ცირკულარული მიგრანტები უკან ზუსტად იმავე რეალობას უბრუნდებიან, რომელსაც თავი დააღწიეს: ან საერთოდ ვერ ახერხებენ დასაქმებას ან ისევ იმ სამუშაოს ასრულებენ, რასაც მანამდე. თუ მთელი ჩვენი სტრატეგია იმაზე იქნა აგებული, რომ უმუშევრობის პრობლემა აქედან წასვლით მოვაგვაროთ, მაშინ ვინ განავითარებს ადგილობრივ ეკონომიკას? უკან დაბრუნების შემდეგ (რაც, კიდევ ვიმეორებ, ცირკულარული მიგრაციის აუცილებელი კომპონენტია) ვინ გვაძლევს იმის გარანტიას რომ აქ გამოვიყენებთ იმ უნარებს და კომპეტენციებს რაც ევროპულ ქვეყნებში მივიღეთ?

ძნელია არ დავეთანხმოთ განცხადების იმ ნაწილს, რომელიც ამბობს რომ პრობლემა არის სამუშაო ადგილების სიმცირე. მაგრამ საკითხავია, რამდენად აკეთებს სახელმწიფო ყველაფერს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

საქართველოში არსებული დასაქმების პოლიტიკა, ძირითადად, სამუშაო ძალის დასაქმების უნარის გაძლიერებაზეა მიმართული, იქნება ეს ტრენინგით, კონსულტაციების გაწევით თუ სხვა. აღნიშნულ მიდგომაში, რომელსაც ‘მიწოდების მხარის’ პოლიტიკას უწოდებენ, ცენტრალური ადგილი შრომის ბაზარზე მოთხოვნის განსაზღვრას უჭირავს, რათა დასაქმების სერვისების საშუალებით სწორედ ამ მოთხოვნის შესაბამისი კადრი მომზადდეს. თუმცა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასადგენად საჭირო კვლევები მცირე რაოდენობით მოგვეპოვება.

მეორე საკითხია, ასეთი კვლევებიც რომ გვქონდეს, რამდენად სწორია მხოლოდ მიწოდების მხარის პოლიტიკაზე დაყრდნობა, რომლის მთავარი აქცენტი კადრის მომზადებასა და დამსაქმებელთან მის დაკავშირებაზეა.

საქართველოს ეკონომიკა არ ქმნის დიდი რაოდენობით მაღალი პროდუქტიულობის მქონე სამუშაო ადგილებს და ის, რომ შრომის ბაზარზე ძირითადად დომინირებს დაბალი პროდუქტიულობის მქონე სამუშაოები მომსახურების სფეროში, უახლესი კვლევებითაც დასტურდება.

თუკი დასაქმების პროგრამები მორგებული უნდა იყოს კერძო სექტორის მიერ შექმნილ მოთხოვნაზე და თუ ეს უკანასკნელი უმეტესწილად დაბალკვალიფიციურ სამუშაო ადგილებს ქმნის, გამოდის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მსგავსი სახის “დამხმარე” პერსონალის მომზადებაზე უნდა დაიხარჯოს.

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მიდგომა ეკონომიკის განვითარებამდე ვერ მიგვიყვანს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებული დაბალპროდუქტიული სამუშაო ადგილებისათვის სამუშაო ძალის მომზადება ვერ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკაში ახალი, ინოვაციური დარგების გაჩენას და შესაბამისად მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილების შექმნას. ეს უკანასკნელი კი ქვეყნის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. იმისათვის, რომ მაღალკვალიფიციური სამუშაოები უფრო მეტი რაოდენობით არსებობდეს მნიშვნელოვანია, ქვეყანას გააჩნდეს დასაქმების “მოთხოვნის მხარის” პოლიტიკა და შესაბამისი ინდუსტრიული პოლიტიკა.

მოთხოვნის მხარის დასაქმების პოლიტიკა ისეთ სახელმწიფო ინტერვენციებს გულისხმობს, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნისკენაა მიმართული. აღნიშნული, პირველ რიგში, მოიცავს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ პროგრამებს, რომელიც უმუშევარ ადამიანებს თვითდასაქმებისაკენ უბიძგებს. მოთხოვნის მხარის პოლიტიკად ასევე ითვლება დასაქმების საჯარო პროგრამები, როდესაც სახელმწიფო დიდ ინფრასტრუქტურულ (ან სხვა სფეროში არსებულ) პროექტებს იყენებს უმუშევართა დროებითი დასაქმებისთვის. კიდევ ერთი მაგალითია “სუბსიდირებული დასაქმება” - როდესაც კონკრეტული, მოწყვლადი ჯგუფის (მაგ. შშმ პირები) წარმომადგენელთა დასაქმების წახალისების მიზნით სახელმწიფო ახდენს მათი ხელფასის სრულ ან ნაწილობრივ სუბსიდირებას და შესაბამისად სტიმულს აძლევს დამსაქმებელს, ეს ადამიანები დაასაქმოს.

ჩვენთან მოთხოვნის მხარის პოლიტიკის მაგალითია პროგრამა ‘აწარმოე საქართველოში’. თუმცა “აწარმოე საქართველოში” არსებულ პრიორიტეტულ სფეროებსა და დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ტრენინგ პროგრამებს შორის - ანუ მიწოდებისა და მოთხოვნის მხარის პოლიტიკებს შორის - კავშირი ძალიან სუსტია. ‘აწარმოე საქართველოს’ მონაწილე კომპანიები პრობლემად სწორედ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობას ასახელებენ. გარდა იმისა, რომ არ ხდება კომპანიების მხარდაჭერა შესაბამისი სამუშაო ძალით, აღნიშნული კომპანიების მხარდაჭერა არ ხდება არც შესაბამისი სავაჭრო თუ საიმპორტო პოლიტიკით. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა აქვს რეგიონში (მაგ. პროდუქციის 80% თავისუფალია იმპორტის ტარიფისაგან). სხვა სიტყვებით, არ ხდება პრიორიტეტული სფეროების კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობა. შესაბამისად, გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ პროგრამის მონაწილე კომპანიების 46% მთავარ კონკურენტებად სწორედ იმპორტიორებს ასახელებენ და მიუთითებენ, რომ მათი მაღალხარისხიანი და შესაბამისად უფრო ძვირი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულ, დაბალხარისხიან და დაბალფასიან საქონელს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სახეზეა ეკონომიკური დემფინგი, რაც ადგილობრივ წარმოებაზე უარყოფითად აისახება.

მაშინ, როცა სახელმწიფოს აშკარად არ აქვს დასაქმების გამართული პოლიტიკა, ცირკულარული მიგრაციის ერთადერთ გამოსავლად დასახვა ბევრ კითხვასა და ეჭვს ბადებს.

ამასთან, მართალია, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სამუშაო ძალაზე დეფიციტი არსებობს (ყველგან განსხვავებული, მაგრამ მაინც არსებობს), მაგრამ სამწუხაროდ, ევროპაში დასაქმება ქართული სამუშაო ძალისთვის ძირითადად სწორედ დაბალკვალიფიციური ტიპის სამუშაოზე იქნება შესაძლებელი. იმ პროფესიის წარმომადგენლები, ვინც ყველაზე მოთხოვნადია თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში (ინჟინრები, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ზოგადად STEM დარგების წარმომადგენლები) სანთლით საძებარი არიან ჩვენთანაც! შესაბამისად, თუ რაიმე ტიპის დეფიციტის შევსებაზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დაბალი და საშუალო კვალიფიკაციის კადრი შევთავაზოთ ევროპას (მაგ. მშენებლობაზე დასაქმებულები), ისიც იმ პირობით რომ ამ სფეროში მასიურად არაფორმალურად დასაქმებულ ადამიანებს განათლების დამადასტურებელ სერთიფიკატს მივცემთ და შესაბამისი უცხო ენის შესწავლაშიც მივეხმარებით.

ბოლოს, აუცილებლად უნდა ითქვას რამდენიმე სიტყვა საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის შესახებ. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ საქართველომ ევროკავშირისგან 47 მლნ. ევროს მოცულობის საბიუჯეტო დახმარება მიიღო, რომელიც სექტორული რეფორმის კონტრაქტის შემადგენელი ნაწილია. ეს სექტორული რეფორმა კი სწორედაც დასაქმების სერვისების და ზოგადად დასაქმების პოლიტიკის რეფორმირებას გულისხმობს საქართველოში. მისი მთავარი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამუშაო ძალაზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას, ქართული სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ზრდას და შესაბამისად, უმუშევრობის შემცირებას. მაშ რა გამოდის, ერთის მხრივ, ევროკავშირი გვეხმარება ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევაში, თუმცა ჩვენ სწორედ ამ “პრობლემის” ექსპორტისთვის ვემზადებით ევროპულ ქვეყნებში. არამგონია ეს კარგი გზავნილი იყოს ჩვენი მხრიდან ევროკავშირისთვის.

პრობლემის არსი უცვლელი რჩება: ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი და უფრო კარგი სამუშაო ადგილი. ცხადია, კარგად გვესმის რომ ამის მიღწევა რთულია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს ეკონომიკური პოლიტიკის გადააზრება. ეს პირველ რიგში ნიშნავს სტატეგიულ მიდგომას ეკონომიკაში ახალი, ინოვაციური სექტორების განვითარებისათვის, რაც მხარდაჭერილი იქნება შესაბამისი საიმპორტო, სავაჭრო თუ დასაქმების პოლიტიკით. ერთი სიტყვით, საჭიროა იმაზე ზრუნვა, რომ არც აქედან მოუნდეს ვინმეს შრომითი მიგრაცია და არც საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ შრომით მიგრანტს - უკან გაქცევა.