მშრომელთა მოლაპარაკების ძალა, პოლიტიკური მოცემულობა, სოციალური სტრუქტურა და რესურსები

2010-2016 წლების მშრომელთა წინააღმდეგობის შემთხვევების მიმოხილვისას აღმოვაჩენთ, რომ ექვს წლიან წინააღმდეგობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი 2014 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის ოქროსა და სპილენძის მომპოვებელ საწარმოებში მიმდინარე მშრომელთა 41 დღიანი გაფიცვა იყო[1], ყველაზე ორგანიზებულ და მწყობრ გაფიცვად მშრომელები ქსანის მინის ტარის 2016 წლის გაფიცას ასახელებენ[2], ხოლო ყველაზე ფართომაშტაბიან და პოპულარულ პროტესტად ტყიბულში 2016 წელს მომხდარი 2 კვირიანი საყოველთაო გაფიცვაა მოხსენიებული[3]. ამასთან, ყველაზე ხშირად პროტესტები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში იმართებოდა, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე რადიკალური ზომებს მშრომელებმა ჭიათუარის მაღაროებზე მომხდარ 2012 წლის გაფიცვისას მიმართეს, როდესაც გაფიცულები 2 კვირის განმავლობაში მიწის ქვეშ, შუქრუთის მაღაროზე მჯდომარე შიმშილობის აქციას მართავდნენ. ეს გაფიცვები სხვადასხვა მიზეზით იმართებოდა. მოთხოვნები უმეტესად ხელფასების მატებას, სამუშაო გრაფიკის რეგულირებას თუ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ეხებოდა. მოთხოვნებს შორის, ასევე ხშირად ფიგურირებდა 2006 წელამდე არსებული სახელფასო ბადის აღდგენის საკითხი, რომელიც სხვადასხვა სახის სახელფასო დანამატების სისტემას არეგულირებდა. გაფიცვებისას მშრომელები ასევე აპროტესტებდნენ საწარმოებში დამკვიდრებულ შრომის მართვის და კონტროლის სადამსჯელო პრაქტიკას, სოციალური დაცულობის და სტაბილური დასაქმების დაბალ გარანტიებს. დამატებით კი, პროტესტის საგანი ხდებოდა ქვეყნის დონეზე გატარებული ის სოციო-ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მშრომელთა ექსპლუატირების ხარჯზე წარმოქმნილი დამატებითი ღირებულების მითვისებით ახდენდა პროგრესის თუ ეკონომიკური ზრდის დაანონსებას, მაშინ როდესაც თავად მშრომელები განვითარების ამ დომინანტური დისკურსიდან თავს გარიყულად გრძნობდნენ[4].

მშრომელთა წინააღმდეგობის ამ პროცესში, მიუხედავად წამოყენებული მოთხოვნების აქტუალურობის, გაფიცვების ხარნგრძლივობა-ინტენსივობის, თუ მაღალი ორგანიზებულობისა, იშვიათი იყო, როდესაც სრულად კმაყოფილდებოდა მშრომელთა მოთხოვნები და ფორმდებოდა გაფიცულებისთვის დამაკმაყოფილებელი შეთანხმებები. ამის მიუხედავად იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა მშრომელთა წინააღმდეგობის მაღალ შედეგს და მოთხოვნების დიდი ნაწილის დაკმაყოფილებას. კერძოდ, ასეთი მაგალითია მეტროს მემანქანეთა 2016 წელს დაანონსებული გაფიცვა, რომელიც სასამართლოს გზით გადაიდო, თუმცა შემდგომ, მედიაციის საშუალებით წარმართულ მოლაპარაკებას და მიღწეულ შეთანხმებას მეტროს მემანქანეები ერთ-ერთ წარმატებულ შემთხვევად აფასებენ[5]. ასევე წარმატებულ შემთხვევებად შეიძლება მოიხსენიებოდეს ზესტაფონის 2010  წლის 3 დღიანი და 2012 წლის 2 დღიანი პროტესტები, როდესაც მოხდა შეთანხმების გაფორმება ხელფასების ზრდაზე, უვადო ხელშეკრულებების გაფორმებაზე, ღამის საათების და ზეგანაკვეთური შრომის დამატებითი ტარიფით ანაზღაურების დაწესებაზე და ა.შ.

მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევაზე დაკვირვებისას საინტერესოა, თუ რა გარემოებები განაპირობებდა წინააღმდეგობის შემთხვევების ეფექტურობას და რა ქმნიდა გამონაკლის შემთხვევებს?  რა შემთხვევაში მიდოდა საწარმოს წარმომადგენლები დათმობაზე და რა  მეთოდებს იყენებდნენ ისინი პროცესების სამართავად? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და მსჯელობისთვის წერილში განხილულია ის ფაქტორები, რომლებიც სინამდვილეში მსჯელობის ცენტრალურ საკითხად უნდა გადაიქცეს და მათზე რეფლექსირებით მოხდეს მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებების ანალიზი თუ შეფასება. უფრო ზუსტად კი სტატიაში განხილულია დასაქმების რეალურ სექტორში მიმდინარე შრომითი წინააღმდეგობის შემთხვევებისას წარმოდგენილი 1) მშრომელთა მოლაპარაკების ძალა (bargaining power); 2) პოლიტიკური პროცესის თუ პოლიტიკური შესაძლებლობის გავლენა; 3) გარე მოკავშირეების მხარდამჭერის რესურსი სახესხვაობები; 4) პროფკავშირული ორგანიზაციების როლი; და 5) საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან პროცესის სტაბილიზირებისთვის გატარებული კონტრ-მოქმედებები.

მოლაპარაკების ძალა

მშრომელებსა და დამსაქმებლებს შორის დაპირისპირების წარმოქმნისას იმას, თუ ვინ მოიპოვებს მოლაპარაკების მაგიდასთან უპირატესობას  და ვის სასარგებლოდ წარიმართება პროცესი უმეტესწილად მოლაპარაკების ძალის თანაფარდობა წყვეტს. მშრომელთა მოლაპარაკების ძალა დამსაქმებლების მოლაპარაკების ძალასთან თანაფარდობით განისაზღვრება, ხოლო თავად მოლაპარაკების ძალის თანაფარდობა უფრო ფართო სტრუქტურული ფაქტორებით არის განპირობებული. ქვეყნაში არსებული სოციო-ეკონომიკური მოცემულობა, უმუშევრობის დონე, მშრომელთა კოლექტიური ერთობების სიძლიერე, შრომის კანონმდებლობა თუ რეგულაციები აღნიშნული სტურუქტურულ ფაქტორებს წარმოადგენს. გარდა სტრუქტურული მოცემულობისა, მშრომელთა მოლაპარაკების ძალას ასევე განსაზღვრავს გაფიცვის პროცესიც, კერძოდ თუ რამდენად მაღალი ფინანსურ-მატერიალური ზიანის მიყენება შეუძლიათ გაფიცულებს დამსაქმებლისთვის, რამდენად დიდია გაფიცულთა ჯგუფი, რამდენად ინარჩუნებენ ისინი კონსოლიდაციას, რამდენ ხანს გასტანს სამუშაო პროცესის პარალიზება და ა.შ.

მოლაპარაკებს ძალის ანალიზისას კვლევამ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში განსაკუთრებულად დაბალია მშრომელთა მოლაპარაკების ძალა და მაღალია ძალაუფლებრივი დისბალანსი დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის. ამას კი ისეთი გარემოებები განაპირობებს, როგორიცაა მძიმე სოციო-ეკონომიკური მოცემულობა, უმუშევრობის მაღალი დონე, დასაქმების ადგილებზე არსებული მაღალი კონკურენცია, თვითდასაქმებული მშრომელების მაღალი წილი და სხვა. გარდა უმუშევრობის და დასაქმების ადგილზე მაღალი კონკურენციისა, რაც დამსაქმებლებისთვის ჭარბ მუშახელს და მშრომელთა ადვილ ჩანაცვლებადობას უზრუნველყოფს, მშრომელთა მოლაპარაკების ძალას ასევე ასუსტებს ქვეყნაში არსებული არადივერსიფიცირებული ეკონომიკური წარმოება, რაც მონოწარმოების რეგიონებში განსაკუთრებულად მწვავე რეალობას ქმნის. კერძოდ, ისეთ რეგიონებში, როგორიცაა ჭიათურა, ტყიბული თუ კაზრეთი მშრომელების და მათი ოჯახების მაღალი ფინანსური დამოკიდებულება საწარმოებზე კიდევ უფრო აძლიერებს დამსაქმებელთა ერთპიროვნულ ძალაუფლებას. დამატებით, მშრომელთა მოლაპარაკების ძალას და კოლექტიური მოლაპარაკების ეფექტურობას ასევე საფრთხეს უქმნის პროფკავშირული ორგანიზაციების სისუსტე და მათი დაბალი პოპულარობა[6], ხოლო საკანონმდებლო დონეზე გაფორმებული შრომის ლიბერალური პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად ამყარებს დამსაქმებელთა ძალაუფლებას და მათ პრივილეგიებს. ბოლოს კი, მშრომელთა მოლაპარაკების ძალას ასევე ასუსტებს მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული კომერციული საბანკო ვალდებულებების პრაქტიკა[7], რაც უკიდურესად მოწყვლადს და თვიურ ანაზღაურებაზე დამოკიდებულს ხდის მშრომელებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სტრუქტურულ დონეზე მშრომელთა მოლაპარაკების ძალის თანაფარდობა დამსაქმებელთა მოლაპარაკების ძალასთან უკიდურესად დაბალის, რის გამოც მშრომელები წლების განმავლობაში იძულებულნი ხდებოდნენ მიემართათ პროტესტის რადიკალური ფორმისთვის - გაფიცვისთვის: „გაფიცვა არ გვინდოდა, ყველას კარგად გვესმოდა, რომ უკიდურესი ფორმა იყო, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველას დააზარალებდა, თუმცა სხვა გზა არ დაგვიტოვეს“ - საუბრობს ქსანის მინის ქარხნის მშრომელი, რომელიც განმარტავს, რომ მცდელობებმა მოლაპარაკების გზით მომხდარიყო შეთანხმების მიღწევა, შედეგი ვერ გამოიღო.

ამ მოცემულობაში გაფიცვის ორგანიზება წარმოადგენდა იმ უკიდურეს ზომას, რომელიც დაბალი მოლაპარაკების ძალის პირობებში დამატებით რესურსებს აჩენდა, რადგან სამუშაო პროცესების პარალიზების გზით დამსაქმებელს ფინანსური ზიანის საფრთხის წინაშე აყენებდა. კვლევამ ცხადყო, რომ ხშირ შემთხვევებში საწარმოები მზად იყვნენ თვალი დაეხუჭათ ამ ზიანზე, რათა კომპრომისის პრეცენდენტები არ შეექმნათ. თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მშრომელებმა შეძლეს თავიანთ სასარგებლოდ წარემართათ პროცესი და ესარგებლათ საგაფიცვო სიტუაციით. ამის მაგალითია მეტროს მემანქანეთა 2016 წლის წინააღმდეგობის შემთხვევა, სადაც მთავარი როლი სამუშაო სპეციფიკამ და მემანქანეთა კვალიფიკაციამ ითამაშა. იმის გამო, რომ მეტროს მემანქანეთა რაოდენობა მხოლოდ 120 ადამიანს შეადგენდა და აღნიშნული პოზიციაზე პროფესიული ცოდნა თუ უნარები მხოლოდ მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად გროვდება, ეს უპირატესობას ანიჭებდა მეტროს მემანქანეებს, რადგან მათი ჩანაცვლება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სწროედ ამ ფაქტორმა, და არა სტრუქტურულად არსებულმა მოლაპარაკების ძალამ განაპირობა ის, რომ 2016 წლის მეტროს მემანქანეთა წინააღმდეგობას მაღალი გამოხმაურება და დიდი კომპრომისები მოჰყვა საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში უზრუნველყო მემანქანეთა წინააღმდეგობის მაღალი ეფექტურობა.

პოლიტიკურ შესაძლებლობა

სოციალური მოძრაობების სწავლებაში პოლიტიკური პროცესი, იგივე პოლიტიკური შესაძლებლობა სოციალური მოძრაობების გაჩენის, მათი შინაარსის თუ მიღწეული შედეგების განსაზღვრის მნიშვნელოვან ფაქტორად არის განხილული, რომელიც სწავლობს და ითვალისწინებს ლოკალურ კონტექსში წარმოდგენილ პოლიტიკური პროცესების გავლენას სოციალური მოძრაობების ფორმირებაზე[8]. პოლიტიკური რეჟიმი და მისი ღიაობა, სახელმწიფო თუ სამოქალაქო ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, საჯარო პოლიტიკურ პროცესებზე წვდომის და ჩართულობის შესაძლებლობა, დემოკრატიული მმართველობა, პლურალისტური საჯარო სივრცეები და მათზე წვდომა წარმოადგენს პოლიტიკური შესაძლებლობის განმსაზღვრელ  იმ ფაქტორთა მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა ხარისხით ზემოქმედებდეს სოციალური მოძრაობების წარმოქმნაზე, განვითარებაზე თუ მიღწეულ შედეგებზე.

პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვების თვალსაზრისით, საქართველოში მიმდინარე მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შესწავლამ ცხადყო, რომ 2010-2016 წლებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები დიდ როლს თამაშობდა მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებებზე. 2010-2012 წლებში სახელისუფლებო პოლიტიკა, როელიც ერთის მხრივ ავტორიტარული, ხოლო მეორეს მხრივ რადიკალურ-ნეოლიბერალური მმართველობის ფორმებს შორის ვარირებდა, მინიმუმამდე ამცირებდა დემოკრატიულობის, სახალხო ჩართულობისა და საჯარო სივრცეებზე წვდომის შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ ზეგავლენას ახდენდა მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებების ფორმაზე, შინაარსზე თუ მიზანზე. აღნიშნულ პერიოდში მშრომელთა პროტესტი საწარმოს არეალს ვერ სცდებოდა, იყო მცირე მასშტაბის და გამოირჩეოდა მაღალი ლიკვიდურობით. რაც შეეხება პროტესტების შინაარსი და მიზანს, ის იყო ვიწრო და მხოლოდ მცირე ჯგუფის მოთხოვნების გატარებაზე ორიენტირდებოდა. 2012-2016 წლების პერიოდში კი, ახალი სახელისუფლებო გუნდის მიერ გატარებული პოლიტიკური მიდგომები, რომელიც მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდა წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან, არ აღმოჩნდა საკმარისი ფუნდამენტური ცვლილებების გატარებისთვის და წლების განმავლობაში ჩამოშლილი სოციალური ინსტიტუციების აღდგენისთვის. ამის ნაცვლად, ახალი სამთავრობო გუნდის მიერ წარმოებული პოლიტიკა ერთის მხრივ აქცენტს აკეთებდა რეპრესიულ-საპოლიციო კონტროლის სახელმწიფო პრაქტიკების აღმოფხვრაზე და სახალხო-დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობაზე, თუმცა იმის გამო, რომ ის კვლავ აგრძელებდა თავისუფალ საბაზრო ეკონომიკური პრინციპების ხელშეწყობას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს არ დგამდა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, ეს ფართო მასებს კვლავ დემოკრატიული პროცესების მიღმა, სიღარიბესა და დაუცველობაში ტოვებდა. ეს კი ასუსტებდა მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის ეფექტურობას, ხოლო თავად მშრომელებს იმედგაცრუებულ და ფრუსტრირებულ მდგომარეობაში აგდებდა: „ყველაფრისგან დაღლილები ვფიქრობდით, რომ არაფერს აზრი აღარ ჰქონდა. ისინი [2012 წლამდე არსებული ძველი ხელისუფლება] გაიფიცებოდი და ციხეში გაყუდებდა, ესენი [ახალი ხელისუფლება] არც კი დაეძებენ, რას იზამდი, თითქოს მათ არ ეხებოდა ეს ყველაფერი“ საუბრობს ჭიათურის მაღაროში დასაქმებული მშრომელები პოლიტიკური პროცესებზე რეფლექსირებისას.

მშრომელთა წინააღმდეგობის ექვს წლიანი ისტორიის განმავლობაში გატარებული ერთის მხრივ რეპრესიული, ხოლო მეორეს მხრივ ინდეფერენტული პოლიტიკის მიუხედავად, გამონაკლის შემთხვევებში მშრომელები მაინც ახერხებდნენ გამოეძებნათ ისეთი პოლიტიკური შესაძლებლობები, როდესაც პოლიტიკური პროცესები მათ სასარგებლოდ იმუშავებდა და ცვლილებების გატარების ალბათობას გაზრდიდა. ამის მაგალითია ზესტაფონის ფეროშენადნობთა საწარმოს მშრომელთა გაფიცვები, რომლებსაც მშრომელები მიზანმიმართულად წინასაარჩევნო პერიოდს ამთხვევედნენ, რადგან მათ რწმენით, აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლება უფრო მონდომებული უნდა ყოფილიყო ყურად ეღო მოსახლეობიდან წამოსული წუხილები და მოთხოვნები. სწორედ ამ გარემოებით ხსნიან ზესტაფონელი მშრომელები 2010 და 2012 წლების გაფიცვათა მაღალ ეფექტურობას, როდესაც მათ შეძლეს ისეთი შეთანხმებების მიღწევა, რომლებიც საგრძნობლად აუმჯობესებდა საწარმოს მუშათა მდგომარეობას თუ მათ დაცულობას.

გარეშე მხარდამჭერთა რესურსი

სოციალური მოძრაობის სწავლებაში ფართოდ დამკვიდრებული მოსაზრებაა, რომ მოძრაობების წარმოქმნისთვის და მისი დინამიკის შენარჩეუნებისთვს აუცილებელლია გარკვეული რესურსების არსებობა ან ახალი რესურსების გაჩენა, რომელიც ბიძგს მისცემს წლების განმავლობაში დაგროვილი წუხილების სააშკარაოზე გამოტანას და ადამიანთა მასების მობილიზებას შეუწყობს ხელს. სამეცნიერო ლიტერატურაში, აღნიშნულ რესურსები ზოგადი თვალსაზრისით კატეგორიზირებულია, როგორც მატერიალური და არამატერიალური რესურსები[9]. მატერიალურ რესურსებს შორისაა ფინანსები, აღჭურვილობა, საოფისე სივრცეები თუ სხვა მსგავსი მატერალური კაპიტალი. მაშინ, როდესაც არამატერალური რესურსები, უფრო ფართო და აბსტრაქტულ კატეგორიას წარმოადგენს. არამატერიალური რესურსი შეიძლება იყოს ახალი პოლიტიკური მოცემულობა, დისკურსული შესაძლებლობის გაჩენა, სოციო-ორგანიზაციული რესურსები (მათ შორის სოციალური კავშირები, ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიური სამოქალაქო სექტორი, აქტივისტური ჯგუფები) და ა.შ.

მშრომელთა წინააღმდეგობის შესწავლამ ქართულ კონტექსტში გამოავლინა, რომ გაფიცვებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ისეთ არამატერიალური რესურსი, როგორიც იყო გარე მოკავშირეების და მხარდამჭერების ჩართულობა მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკაში. უფრო ზუსტად, 2010-2016 წლებში მშრომელთა პროტესტებისას გარეშე მხარდამჭერთა შემადგენლობა, მათი როლი თუ მნიშვნელობა საგრძნობლად იცვლებოდა სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში - თუ 2011 წელს ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს მშრომელები გარე მხარდამჭერთა მნიშვნელოვან რესურსად საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს განიხილავდა, 2012 წლის ჭიათურის გაფიცვისას ეს ტენდენცია შეიცვალა და  ამ პერიოდიდან მხარდამჭერთა მნიშვნელოვან რესურსად შრომის და სოციალური საკითხებით დაინტერესებული მცირე აქტივისტური ჯგუფები მოიაზრებოდნენ. ისინი სოლიდარობის ღიად დაფიქსირებით და ხმაურიანი თუ მრავალფეროვანი პროტესტის ფორმებით ახალისებდნენ გაფიცვის მიმდინარეობას და ახალ ენერგიას თუ მუხტს სძენდნენ მას. 2016 წლისთვის კიდევ უფრო მეტად გაიზარდა გარე მხარდამჭერთა რესურსის მნიშვნელობა მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკაში. გაფართოვდა მხარდაჭერთა ჯგუფებიც, სადაც არა მხოლოდ შრომითი თუ სოციალური საკითხებით დაინტერესებული ჯგუფები იყვნენ წარმოდგენილები, არამედ სხვა მომიჯნავე თემებზე მომუშავე ორგანიზაციები თუ გაერთიანებები, რომელთათვისაც მშრომელთა გაფიცვები ერთგვარ პლატფორმად იქცა ბრძოლების გადაკვეთისთვის, კავშირების გაბმისთვის და დღის წესრიგების გაზიარებისთვის.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ განსაკუთრებით ბოლო წლების გაფიცვებისას თავად მშრომელებიც მნიშვნელოვან რესურსად მოიაზრებდნენ გარე მხარდამჭერთა მონაწილეობას და ჩართულობას წინააღმდეგობის პროცესში. ისინი პროტესტების ორგანიზებისას აქტიურად ცდილობდნენ სოციალური თუ პირადი კავშირების გამოყენებით დაკავშირებოდნენ შესაძლო გარე მოკავშირეებს თუ მხარდამჭერებს. მშრომელებისთვის ამ რესურსის მოძიება არა მხოლოდ წინააღმდეგობის მოქმედებების მონაწილე ადამიანთა რაოდენობის გაზრდით იყო მოტივირებული, არამედ ისინი ცდილობდნენ მხარდაჭერებისგან მიეღოთ ახალი ცოდნა და გამოცდიელბა, მათი მონაწილეობით გადაეხალისებინათ საპროტესტო მოქმედებების სტრატეგიები და გაეზარდათ საჯარო დისკურსზე გავლენის მოხდენის შეძლებლობა. მაგალითისთვის, ტყიბულის 2016 წლის გაფიცვისას პროცესების მონაწილე მშრომელებმა მჭიდრო კავშირები გააბეს და წინააღდეობის პოლიტიკის მიმდინარეობისას აქტიურად თანამშრომლობდნენ თანამოაზრე აქტივისტურ ჯგუფებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მათ მნიშვნელოვან რესურსს სთავაზობდნენ ცოდნის თუ გამოცდილების გაზიარებით, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსაზრებების გაზიარებით თუ საპროტესტო რეპერტუარების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.

პროფკავშირული ორგანიზაციების როლი

2010-2016 წლებში მშრომელთა წინააღმდეგობის ისტორია, მცირე გამონაკლისების გარდა, პროფკავშირული ორგანიზაციების წინააღმდეგობის ისტორიას ემთხვევა, რადგან საწარმოებში წარმოდგენილი პირველადი პროფკავშირული ერთობები აქტიურად იყვნენ ჩართულები მშრომელთა მიერ ინიცირებული წინასაგაფიცვო პროცედურების გატარებაში, შემდეგ კი თავად გაფიცვის ორგანიზების პროცესში. შესაბამისად, როგორც მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკა იხვეწებოდა და განიცდიდა პროგრესს, ასევე იხვეწებოდა პროფკავშირული ორგანიზაციების მუშაობის სტრატეგიები და პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობა.

იმის გამო, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აქტიურად მიმდინარეობდა პროფკავშირული ორგანიზაციების მუშაობის შევიწროვება და პროფკავშირის წევრი მშრომელების დევნა[10], ამან მნიშვნელოვნად დაასუსტა როგორც პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებს, ასევე პროფკავშირული გაერთიანების გავლენა. ანტი-პროფკავშირულ პოლიტიკასთან ერთად პროფკავშირების მუშაობას ასევე ასუსტებდა კავშირებში გაერთიანებული მშრომელთა რაოდენობის კლება. კერძოდ, უმუშევრობის მაღალი დონე, თვითდასაქმებულთა მაღალი წილი და აქტიური პრივატიზაციის შედეგად დაქვეითებული სახელმწიფო სექტორის მუშახელის ძალა კიდევ უფრო შეუქცევადს ხდიდა პროფკავშირული გაერთიანებების პოლიტიკური გავლენის შესუსტებას. კვლევამ ცხადყო, რომ 2012 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა პროფკავშირული ორგანიზაციების გააქტიურების და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების რეფორმირების თვალსაზრისით. სწორედ აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა ასევე მშრომელთა წინააღმდეგობის გააქტიურებაც, რამაც კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოთხოვნა ძლიერ, დამოუკიდებელ და მშრომელებზე ორიენტირებულ პროფკავშირებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე პროცესები, რომლის შედეგადაც მოხდა მანამდე არსებული ადმინისტრაციასღაბ ლოიალობაში მყოფი პროფკავშირული ერთობის დაშლა და მის ნაცვლად ახალი, დამოუკიდებელი ‘რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების’ შექმნა, რომელმაც აქტიურად დაიწყო მუშაობა რკინიგზელი მშრომელების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ცვლილებების მოთხოვნაზე. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პროფკავშირების გარდაქმნის პროცესი ნელა და რიგ შემთხვევებში მტკივნეულადაც კი მიდიოდა. იყო შემთხვევები (მაგალითად კაზრეთის მშრომელთა პროტესტის შემთხვევა[11]), როდესაც მშრომელებს არ აკმაყოფილებდათ პროფკავშირული გაერთიანების მიდგომები და უფრო მეტ კონფრონტაციას თუ რადიკალურ ნაბიჯებს მოითხოვდნენ მათგან.

პროფკავშირული ორგანიზაციების გააქტიურება და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობა განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა 2016 წლის და შემდგომი მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვვების დროს, როდესაც გაერთიანებამ ცალსახად განაახლა პოლიტიკური მიდგომები.  კერძოდ, თუ ქსნის მინის ტარის საწარმოს წინააღმდეგობის შემთხვევაში ისინი რადიკალიზების გარეშე, მწყობრი პოლიტიკის გატარებით ცდილობდნენ მშრომელების მხარდაჭერას, ტყიბულის კოლექტიური მოქმედება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გადასააზრებლად, რის შემდეგაც პროფკავშირების გაერთიანებამ აქტიურად დაიწყო მშრომელთა კონფრონტაციული პოლიტიკის მხარდაჭერა, საწარმოს ადმინისტრაციასთან რადიკალურ დაპირისპირებაში შესვლა და პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობა[12].

საწარმოს ადმინისტრაციის მიერ გატარებული კონტრ-მოქმედებები

დასაქმებს ადგილზებზე წარმოქმნილ მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედებებს საწარმოს ადმინისტრაცია, როგორც წესი, საპასუხო მოქმედებებით პასუხობს. გაფიცვებზე მყისიერი რეაგირება, კონტრ-მოქმედებების გატარება თუ სულაც საგაფიცვო პროცესების იგნორირება ის ნაბიჯებია, რომლებიც მიზნად ისახავს მშრომელთა წინააღმდეგობის მოქმედების შეჩერებას და სიტუაციის მართვის ხელში აღებას. ამასთან, საწარმოს მიერ გამოყენებული კონტრ-მოქმედებების ფორმები თუ სპეციფიკა არა მხოლოდ არსებულ საგაფიცვო პროცესზე, მოწინააღმდეგე მხარის ძალაზე თუ მხარდაჭერების რაოდენობაზეა დამოკიდებული, არამედ ასევე განპირობებულია იმ ფართო პოლიტიკური პროცესებით, სახელმწიფოს დონეზე დამკვიდრებული მიდგომებით თუ სხვა მაკრო-სტრუქტურული გარემოებებით, რომლებიც თავის მხრივ ზემოქმედებს ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.

2010-2016 წლების მშრომელთა წინააღმდეგობის შესწავლა საწარმოს მიერ გამოყენებულ კონტრ-მოქმედებებზე დაკვირვებით იმ პოლიტიკურ, სოციალურ თუ სტრუქტურულ რეალობას ირეკლავს, რომელშიც ეს პროცესები მიმდინარეობდა. მაგალითად, 2010-2012 წლების მოვლენებისას, მიუხედავად ფართოდ დეკლარირებული ჩაურევლობის და მცრიე-სახელმწიფოს პოლიტიკისა, რომელიც თავის მხრივ სახელმწიფოს ნეოლიბერალური მოწყობის მიდგომებიდან უნდა ამოზრილიყო, გადაფარული იყო ხელისუფლების ავტორიტარული მმართველობის მიდგომებით. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში დიდი იყო სახელმწიფოს მაღალჩინოსნების მხრიდან კერძო მეწარმეთა საქმიანობაში და მათ გადაწყვეტილებებში ხისტი, არაფორმალური ჩარევის პრაქტიკა. სწორედ მსგავსი ჩარევით მოხდა საწარმოს ადმინისტრაციის მხრიდან 2010 წელს ზესტაფონის მშრომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ‘წასვლა’ (წინასაარჩევნო მოცემულობა), ხოლო 2011 წელს ქუთაისის მეტალურგიული საწარმოს გაფიცულთა დარბევის ინიცირება[13]. 2012 წლიდან კი, მას შემდეგ რაც იკლო ხელისუფლების არაფორმალურმა კონტროლმა და კერძო მეწარმეები ნაკლებად უჩიოდნენ სახელისუფლებო გავლენებს[14], მათ მიერ გამოყენებული კონტრ-მოქმედებების სტრატეგიები ბევრად უფრო გამრავალფეროვნდა და დაიხვეწა. აღნიშნულ პერიოდიდან მოყოლებული გახშირდა საგაფცვო პროცესების და მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების, გაფიცულთა დისკრედიტირების თუ სამუშაო პროცესების მიმდინარეობის ხელოვნურად სიმულირების პრაქტიკები, რაც მიზნად ისახავდა წინააღმდეგობის პოლიტიკის დინამიკის შესუსტებას, მშრომელებს შორის შიდა განხეთქილების ხელშეწყობას თუ საგაფიცვო პროცესების იგნორირების შედეგად წინააღმდეგობის პროცესში ჩართული პირების ემოციურ გატეხვას.

შესაბამისად, ისევე როგორც იხვეწებოდა და ვითარდებოდა მშრომელთა წინააღდეგობის პოლიტიკა, ამავე პროგრესიით ვითარდებოდა და იხვეწებოდა ადმინისტრაციის მიერ გატარებული კონტრ-მოქმედებების ზომებიც. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს ადმინისტრაცია გაცილებით უფრო დიდ რესურსებს ფლობდა პროცესების მართვის სადავეების ხელში აღებისთვის, გავლენის მოპოვებისვის თუ საგაფცვო პროცესების საკუთარი ინტერესის შესაბამისად წარმართვისთვის, იქნებოდა ეს მატერილური თუ არამატერიალური რესურსები, მათ მიერ გატარებულ კონტრ-მოქმედებებს კოლოსალური ზიანი მოჰქონდა საგაფიცვო პროცესისთვის. თითო დღით გადადებული მოლაპარაკება თუ გაჭიანურებული პროცესი, მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა საგაფიცვო პროცესებს და ამცირებდა წინააღმდეგობის მოქმედების ეფექტურობას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და ბუნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); 2017. გვ: 61-67

[2] იქვე. გვ: 67-71

[3] იქვე. გვ: 71-76

[4] „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და ბუნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); 2017

[5] იქვე. გვ: 76-80

[6] Survey of Public Opinion in Georgia February 22 – March 8, 2017. International Republican Institute http://www.iri.org/sites/default/files/iri_poll_presentation_georgia_2017.03-general.pdf

[7] საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-4 ადგილზეა, კომერციული ბანკის ვალის მქონე მოსახლეობის რაოდენობით, სადაც 1000 ადამიანიდან, მათ დაანგარიშებით, 680-ს საბანკო ვალდებულება აკისრია. იხ: Borrowers from commercial banks (per 1,000 adults), International Monetary Fund, Financial Access Survey, 2015

[8] პოლიტიკური პროცესის თუ პოლიტიკური სტრუქტურის ენციკლოპედიური განმარტებისთვის და სოციალური მოძრაობის სწავლებაში მისი გამოყენების ისტორიის მიმოხილვისთვის გაეცანით: Donatella Della Porta, “Political opportunity/political opportunity structure” from David A. Snow, Donatella della Porta, Bert Klandermans and Doug McAdam’s „The Wiley-Blackwell Encyclopedia of Social and Political Movements”; February 2013

 

[9] Bob Edwards, John D. McCarthy; Resources and Social Movement Mobilization from David A. Snow, Sarah A. Soule, and Hanspeter Kriesi, The Blackwell Companion to Social Movements (Blackwell Publishing Ltd, 2004). Pg: 116-53

[10] სტივენ ჯონსი, საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალურ მეცნიერებათა სერია (Center For Social Sciences (CSS), 2013). გვ: 178-184

[11] „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და ბუნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); 2017. გვ: 61-67

[12] პროფკავშირების მიერ მათივე პოლიტიკის გადააზრების სანიმუშაოდ, საინტერესო შემთხვევებს წარმოადგენს სოფელ ზვარეში, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული მშრომელებისა და რუსთავის აზოტის 75 თანამშრომლის გათავისუფლების შედეგად მშრომელთა წინააღმდეგობის პოლიტიკის შემთხვევები, როდესაც პროფკავშირების გაერთიანებისა და დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლები ღიად კონფრონტაციული რეპერტუარებით უპირისპირდებოდნენ საწარმოს ადმინისტრაციას და მოუწოდებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენლებს პროცესში ჩართვისკენ.

[13] უფრო დეტალური ინფორმაციებისთვის და წყაროებისთვის გაეცანით კვლევას „წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები შრომითი, კულტურის და ბუნებრივი გარემოს დაცვითი პროტესტები“; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); 2017.

[14] უნდა განიმარტოს, რომ ეს საკითხი გაცილებით უფრო კომპლექსურად დგას, ვიდრე ამ სტატიაშია განხილული. მაგალითად, 2014 წელს კაზრეთის მოვლენების დროს გამოვლინდა უფრო მეტად ‘დახვეწილი’ ელიტარული კორუფციის შემთხვევები, სადაც ცალსახა იყო კავშირები სახელისუფლებო მაღალჩინოსებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის. შესაამისად, აღნიშნული საკითხი ცალკეულ კვლევას და შესწავლას საჭიროებს.