მინისტრის კომპეტენცია

  • შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ უნდა იყოს ქვეყნის პირველი პოლიციელი და მისი კომპეტენცია უნდა შეიზღუდოს სამინისტროს ადმინისტრაციულ-მენეჯერული ფუნქციების განხორციელებით და ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით; მას არ უნდა ჰქონდეს საპოლიციო საქმიანობაში უშუალოდ ჩარევის შესაძლებლობა, მათ შორის ისეთი მითითების გაცემა, რომელიც საპოლიციო/საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეხება;
  • შესაბამისი საპოლიციო/საგამოძიებო დანაყოფების ხელმღვანელობის უფლებამოსილება უნდა მიენიჭოთ კონკრეტული ვადით დანიშნული, დამოუკიდებლობის მყარი გარანტიებით აღჭურვილ პროფესიულ თანამდებობის პირებს;
  • საკადრო საკითხებზე მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. კერძოდ, მინისტრი არ უნდა იყოს უფლებამოსილი, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა (გარდა მოადგილეებისა) და სამინისტროს სხვადასხვა რგოლის თანამშრომელთა, დანიშვნა-გათავისუფლების თაობაზე. საკონკურსო წესებიდან გადახვევისას, მინისტრს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. მათ შორის, თანამშრომელთა როტაცია/მობილობის, დაწინაურების თუ დაბალ თანამდებობაზე გადაყვანის შემთხვევაში. უნდა განისაზღვროს საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების ნათელი წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მინისტრის მიერ საკითხის თვითნებურად გადაწყვეტა.

პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაცია და დისციპლინური პასუხისმგებლობა

  • უნდა გამკაცრდეს სავალდებულო პროფესიული მოთხოვნები პოლიციელებისთვის. კერძოდ, ნებისმიერი საპოლიციო/საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი უნდა ფლობდეს უმაღლეს იურიდიულ განათლებას. აგრეთვე, პოლიციაში საქმიანობის დაწყების ძირითადი მექანიზმი უნდა იყოს ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • აუცილებელია, სამინისტროს გენერალური ინსპექციის რეფორმა მისი დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად. გენერალური ინსპექციის უფროსი უნდა სარგებლობდეს მაღალი თანამდებობრივი ხელშეუხებლობით და მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძვლები მკაფიოდ გაიწეროს კანონმდებლობაში. გენერალური ინსპექცია უნდა სარგებლობდეს ფუნქციური დამოუკიდებლობით მინისტრისგან;
  • უნდა გაიწეროს დისციპლინური წარმოების ნათელი წესები, რომელიც გაითვალისწინებს დისციპლინურ წარმოებაში როგორც პოლიციის თანამშრომლის, ისე მესამე პირების (განმცადებელი/მოქალაქე) ადეკვატურ ჩართულობას. ამავდროულად, გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებული დასკვნა უნდა იყოს ხელმისაწვდომი როგორც თანამშრომლისთვის, აგრეთვე დაინტერესებულ მესამე პირთათვის.

ძალის გადამეტების პრევენცია

  • სამინისტრომ უნდა შეიმუშავოს ძალის გადამეტების პრევენციის ერთიანი სახელმძღვანელო სტრატეგია;
  • მკაცრად უნდა დარეგულირდეს პოლიციელის და მოქალაქის კომუნიკაციის დოკუმენტირების საკითხი; პოლიციის შენობებში მოქალაქეებთან კომუნიკაციის სივრცეები და ეკიპაჟები უნდა აღიჭურვოს მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებებით; აგრეთვე, პოლიციის ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც ღია კომუნიკაცია უწევს მოქალაქესთან, უნდა აღიჭურვოს სამხრე ვიდეო-კამერით და მოქალაქესთან კომუნიკაცია აღიბეჭდოს აღნიშნულ ტექნიკურ საშუალებაზე;

საგამოძიებო სისტემა

  • გამოძიების უწყებრივი დეცენტრალიზაციის პირობებში, აუცილებელია, ერთიანი საგამოძიებო სტანდარტების, საკვალიფიკაციო მოთოხვნებისა და პროფესიული ხელშეუხებლობის გარანტიების კანონმდებლობით განსაზღვრა ყველა გამომძიებლისთვის;
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური უწყება, რომლის ერთადერთი კომპეტენცია იქნება ქვემდებარე საქმეების გამოძიება. აგრეთვე, იმ საგამოძიებო უწყებებში, სადაც ასე არ არის, ერთმანეთისგან ინსტიტუციურად და ოპერაციულად უნდა გაიმიჯნოს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო სამსახურები;
  • კანონმდებლობით მეტი ოპერაციული დამოუკიდებლობა უნდა მიენიჭოთ საგამოძიებო უწყებებს როგორც ზოგადად გამოძიების წარმოებისას, ისე კონკრეტული საგამოძიებო ღონისძიების ჩატარებისას;
  • გამოძიების სრულყოფილად და ხარისხიანად წარმართვას უნდა აკონტროლებდეს კონკრეტული საგამოძიებო დანაყოფის ხელმძღვანელი და არა საქმის ზედამხედველი პროკურორი;
  • პროკურორის მიერ გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს გამოძიების კანონიერების უზღუნველყოფა. საპროცესო ზედამხედველობა პრაქტიკაში არ უნდა ნიშნავდეს გამოძიების ხელმძღვანელობას, ან საგამოძიებო პროცესების უშუალოდ დაგეგმვასა და წარმართვას;

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

  • ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, რომლის ფარგლბშიც პოლიციელებს შეუძლიათ სხვადასხვა ფორმით ჩაერიონ მოქალაქეთა თავისუფლებაში; აწარმოონ ე.წ. წინასაგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების პარალელურად, არსებითი ზედამხედველობის გარეშე იკვლიონ საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალები;
  • ის ოპერატიული ღონისძიებები, რომლებიც საგამოძიებო და პრევენციული მიზნებისთვის გამოიყენება, უნდა მოექცეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონის რეგულირების ფარგლებში, მათი ბუნების გათვალისწინებით;
  • კანონმდებლობით უნდა გაიზარდოს გამოძიების მიზნებისთვის ოპერატიულ საქმიანობაზე საპროკურორო და სასამართლო კონტროლის ფარგლები, რათა ამ საქმიანობის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები აკმაყოფილებდნენ კონსტიტუციით დადგენილ უტყუარობის სტანდარტს;
  • სამძებრო ღონისძიებებიც უნდა მოექცეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და პოლიციის შესახებ კანონის რეგულირების ფარგლებში, ამ ღონისძიებების ბუნების გათვალისწინებით;
  • მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს საპოლიციო პრევენციული, ოპერატიული და საგამოძიებო უფლებამოსილებები და მათი განმახორციელებელი უწყებები;

სამსახურის უფროსის შერჩევა/დანიშვნა

  • იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში, მისი უფროსის თანამდებობაზე შერჩევა/დანიშვნის წესი უნდა იყოს მეტად დემოკრატიული და ეფუძნებოდეს როგორც პროფესიულ კრიტერიუმებს, აგრეთვე პოლიტიკურ კონსენსუსს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის;
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება უნდა მოექცეს კონსტიტუციით განსაზღვრული იმპიჩმენტის ფარგლებში;
  • სუს-ის უფროსს არ უნდა ჰქონდეს შეუზღუდავად, სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმეების ერთპიროვნული გადაწყვეტის უფლებამოსილება. მისი კომპეტენცია უნდა შეიზღუდოს უწყების საქმიანობის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობით.

სამსახურის კომპეტენცია

  • უწყებაში თავმოყრილი ჭარბი და დაუბალანსებელი ძალაუფლება ართულებს მასზე ეფექტიან ზედამხედველობას. სუს-ს უნდა შეეზღუდოს საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
  • სამსახურში შემავალ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს უნდა ჩამოერთვას ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება და ეს ფუნქცია გადაეცეს დამოუკიდებელ, სამართალდამცავი სისტემისგან ინსტიტუციურად დისტანცირებულ უწყებას;
  • სუს-ის წამყვან ფუნქციად უნდა განისაზღვროს ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების (მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების) გამოვლენა, მათი იდენტიფიცირებისთვის ანალიტიკური საქმიანობა და შესაბამისი უწყებების/თანამდებობის პირთა უზრუნველყოფა ანალიტიკური ინფორმაციით;
  • სუს-ი არ უნდა ფლობდეს და მართავდეს დროებითი მოთავსების იზოლატორებს;
  • კანონმდებლობით უნდა გაიწეროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის პროცედურები საგამოძიებო/სამართალდამცავ ორგანოებთან; კერძოდ, რა პროცედურების გავლით შეიძლება უსაფრთხოების სამსახურებიდან მიეწოდოს შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის თაობაზე ინფორმაცია კონკრეტულ საგამოძიებო ორგანოს, როგორია ამ დროს ინფორმაციის დაცვის გარანტიები, ინფორმაციის მიმოცვლაზე კონტროლი და სხვ;

სამსახურის ანგარიშვალდებულება და მასზე ზედამხედველობა

  • პარლამენტში უნდა შეიქმნას სუს-ის საქმიანობის კონტროლისთვის შერეული კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც საპარლამენტო სუბიექტები, ისე პარლამენტის მიერ არჩეული დამოუკიდებელი ექსპერტები. ამ სახის კომიტეტის წინაშე, სუს-ი ანგარიშვალდებული უნდა იყოს საქმიანობის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. მაკონტროლებელ ორგანოს მანდატი უნდა გავრცელდეს როგორც სუს-ის საიდუმლო საქმიანობის სფეროზე, ასევე პოლიტიკის შესრულებასა და ფინანსური რესურსების გამოყენებაზე;
  • პარლამენტის სპეციალიზირებული კომიტეტის წევრებს უნდა ჰქონდეთ სრული დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან, გამონაკლისს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ინფორმაცია მიმიდინარე ოპერაციების შესახებ;
  • სასამართლო კონტროლი უნდა გავრცელდეს კონტრდაზვერვითი მიზნებისთვის განხორციელებულ ფარულ ვიდეო- და აუდიო ჩაწერაზე, ფარულ კინო- და ფოტოგადაღებაზე; აგრეთვე შეთანხმებულ ელექტრონულ თვალთვალზე;

გენერალური პროკურორის დანიშვნა/გათავისუფლება

  • საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შეფასების პროფესიული კრიტერიუმები და პროცესი კანონმდებლობით მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი და საბჭოში კანდიდატების შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ; საბჭომ პარლამენტისთვის კონკრეტული კანდიდატის წარდგენაზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა დაასაბუთოს;
  • საპროკურორო საბჭოს მიერ წარდგენილი კანდიდატის გენერალურ პროკურორად დანიშვნის თაობაზე პარლამენტში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, ან კვალიფიციური უმრავლესობით;

პროკურატურის კომპეტენცია

  • პარლამენტმა მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, პროფესიული ჯგუფების და დაინტერესებული უწყებების თანამონაწილეობით უნდა განსაზღვროს სისხლის სამართლის პოლიტიკა, რაც იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი პროკურატურისთვის;
  • გენერალურ პროკურატურას უნდა ჩამოერთვას ცალკეული ტიპის დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება;
  • საგამოძიებო ქვემდებარეობის წესები უნდა განისაზღვროს კანონით. ასევე კანონით უნდა გაიწეროს ის კონკრეტული გამონაკლისი შემთხვევები, როცა გენერალურ პროკურორს მოტივირებული გადაწყვეტილებით შეუძლია ქვემდებარეობის წესების დაუცველად საქმის ერთი საგამოძიებო უწყებიდან ამოღება და სხვა უწყებისთვის გადაცემა;
  • გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის ფარგლები უნდა შეიკვეცოს და პროკურორს აღარ უნდა ჰქონდეს გამოძიებაში აქტიური მონაწილეობის, ან მთლიანად გამოძიების წარმართვის შესაძლებლობა;

კოლეგიური ორგანოს და ინდივიდუალური პროკურორების გაძლიერება

  • საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი მნიშვნელოვნად დასახვეწია. საბჭოს წევრობაზე საკუთარი, ან სხვისი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ნებისმიერ პროკურორს, რომელიც აკმაყოფილებს საბჭოს წევრობისთვის აუცილებელ პროფესიულ კრიტერიუმებს. საბჭოს პროკურორი წევრების შერჩევისას, დაცული უნდა იყოს გენდერული, რეგიონული და წოდებრივი კვოტები; საბჭოს არაპროკურორი წევრები პარლამენტის მიერ უნდა ინიშნებოდნენ პოლიტიკური კონსენსუსის საფუძველზე, აგრეთვე საპროკურორო საბჭოს წევრები არ უნდა იყვნენ მოქმედი პოლიტიკოსები;
  • საპროკურორო საბჭოს ადმინისტრაციული ფუნქციები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ორგანოს უნდა შეეძლოს დისციპლინური სამართალწარმოება პროკურატურის ყველა მუშაკის მიმართ; აგრეთვე უნდა გაძლიერდეს საბჭოს როლი საკადრო პოლიტიკის მიმართულებით;
  • პროკურატურის იერარქიული ბუნების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ პროკურორს ვერ ექნება აბსოლუტური ჩაურევლობის გარანტია საკუთარ საქმიანობაში; ამავდროულად, ზემდგომი პროკურორის მიერ საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მითითება უნდა იყოს სავალდებულო წერილობითი ფორმის და აღნიშული მითითება უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.