მიმოხილვა მომზადებულია კოტე ჩაჩიბაიას მიერ

ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, ანთროპოლოგის მათიას პელკმასის კვლევაში აღწერილია აჭარლების ეროვნული და რელიგიური იდენტობის ცვლილების პროცესი თანადროულ ისტორიულ მოვლენებთან კავშირში. პელკმანსის სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ნაციონალიზმის, ქრისტიანული და ისლამური მისიონერული მოძრაობების კვლევა, „საეროობის“ და „რელიგიურობის“ „პოსტ-ათეისტურ“ კონტექსტში ფორმირების ანალიზი უმეტესად მუსლიმებით დასახლებულ მხარეებში. 2002 წელს გამოქვეყნებული ეს ტექსტიც აჭარის მაგალითზე წარმოაჩენს რელიგიური მიკუთვნებულობის ცვლილებების რამდენიმე ტალღას, რომელიც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ პროცესებთან და თავის მხრივ გავლენას ახდენდა აჭარლების ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაზე. ქართულ აკადემიურ სივრცეში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ისტორია ნაკლებად არის წარმოდგენილი და სამეცნიერო კვლევები ძირითადად ნაციონალისტური პარადიგმის ზეგავლენით იქმნდება. პელკმანსის წინამდებარე კვლევის, ასევე სხვა რამდენიმე საინტერესო კვლევის მიმოხილვის მომზადების მიზანი სწორედ ამ სიცარიელისშევსებაა. შესაძლოა კვლევაში წარმოდგენილი ზოგიერთი მიგნება არ გამოხატავდეს EMC-ის პოზიციას.

 

შესავალი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ათეიზმის და კომუნიზმის აღსასრულმა ხელი შეუწყო რელიგიის გამოღვიძების პროცესს ათწლეულის განმავლობაში. პოსტ საბჭოთა სახელმწიფოების უმრავლესობაში ეს პროცესი გამოიხატა გასაბჭოებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებით, მაგრამ აჭარაში -  საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე მხარეში ეს პროცესი სრულიად განსხვავებულად წარიმართა. თუკი საბჭოთა კავშირამდე აჭარლების უმრავლესობა მუსლიმი იყო, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საოცარი სისწრაფით დაიწყო გაქრისტიანების პროცესი. როგორც სტატიის პირველ ნაწილში ვამტკიცებ, ამ ცვლილებების ასახსნელად, საჭიროა საბჭოთა მოდერნიზაციის ჭრილში ერთობლივად ვიმსჯელოთ კუთხურ, რელიგიურ და ეროვნულ იდენტობებზე. ამჟამინდელი რელიგიური ფონის გათვალისწინებით, სტატიის მეორე ნაწილი დაეთმობა ქრისტიანობის გავრცელების თანამედროვე პროცესს და ამით გამოწვეულ სოციალურ დაძაბულობას. ადგილობრივი რელიგიური პრაქტიკების და ცვლილებების ზოგად პოლიტიკური მოვლენებთან ერთად განხილვით შესაძლებელია სრულყოფილად დავინახოთ საბჭოთა იდენტობის პოლიტიკა. სტატიის ბოლოს ვაანალიზებ როგორ გადააფასეს  აჭარლებმა რელიგიური იდენტობა, რათა გამოღვიძებული ქართული ქრისტიანული ნაციონალიზმის ფონზე ქართველებად აღექვათ საკუთარი თავი.

 

მითის და ისტორიის გაერთიანება ზემო აჭარაში

2000 წლის გაზაფხულზე საქართველო საკუთარი ისტორიის ორ გამორჩეულ მოვლენას ზეიმობდა.. წლების საგულდაგულო გამოანგარიშების მიხედვით, რომელიც ახალი ეროვნული იდენტობის შექმნის პროცესში პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელი გახდა, საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებიდან ზუსტად ორი ათასწლეული და პირველი ქართული სამეფოს დაარსებიდან 3 000 წელი სრულდებოდა. აჭარას მისი უჩვეულო ისტორიის გამო, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ მოვლენებში. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის მოსახლეობის უმრავლესობა არის (ან იყო)  მუსლიმი, ეს მხარე მიიჩნევა ადგილად, სადაც პირველად იქადაგეს ქრისტიანობა საქართველოში. ორი ათასწლოვანი თარიღის აღნიშვნა იყო შესანიშნავი საშუალება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიისთვის, ესაუბრა აჭარის უძველეს ქრისტიანულ წარსულზე და გაეძლიერებინა თავისი მისიონერული საქმიანობა მუსლიმ მოსახლეობაში.  დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მსვლელობა საქართველოში აგებული უძველესი ეკლესიისკენ.[1] 23 მაისს ეპისკოპოსების, მღვდლების, მეცნიერების და  აჭარის გამოჩენილი მწერლების ჯგუფმა მოილოცა უძველესი ქრისტიანული ადგილი საქართველოში.

ქრისტიანების ჯგუფის გამოჩენა პატარა მუსლიმურ სოფელ დიდაჭარაში ნამდვილად უჩვეულო სანახაობა იყო სოფლის მაცხოვრებლებისთვის. რთულია გამოიცნო რას ფიქრობდნენ მამაკაცები,რომლებიც მეჩეთის წინ სკამებზე ისხდნენ და ჩავლილ მსვლელობას მდუმარედ უყურებდნენ.

ეს მსვლელობა განასახიერებდა ანდრია მოციქულის მოგზაურობას საქართველოში. ზეიმი კი დააგვირგვინა ლხინმა, რომელიც მერმა გამართა სტუმრების პატივსაცემად. ნამდვილი ქართული სუფრაგაიშალა, კერძებით დახუნძლული მაგიდით, არყით და ღვინით. ეპისკოპოსი დასახელდა თამადად - „სუფრის წინამძღოლად“. მან მჭერმეტყველურად გამოიხმო რეგიონის უძველესი ისტორია და მისი კავშირები ქრისტიანობასთან. მომდევნო სადღეგრძელოებში სასულიერო პირებმა და სხვა ბათუმელმა სტუმრებმა თავიანთი ხედვა წარმოადგინეს წმინდა ანდრიას  ბიოგრაფიის და აჭარის ბედკრული ისტორიის შესახებ.  ისინი განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ თურქების სამ საუკუნოვანი ბატონობის ტრაგიკულ შედეგებს, რამაც გამოიწვია უამრავი ადგილობრივის განდგომა ქრისტიანობისგან. იმავე სულისკვეთებით ეპისკოპოსი წინასწარმეტყველებდა ნათელ მომავალს, როდესაც ადგილობრივები დაუბრუნდებოდნენ თავიანთ თავდაპირველ და მშობლიურ სარწმუნოებას. ეთნოგრაფები აჭარის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იხსენებდნენ ისეთ შემთხვევებს, რაც ადასტურებდა ქრისტიანობის უწყვეტ გავლენას რეგიონზე. მაგალითად,სოფლად გავრცელებული ტრადიცია პურზე ქრისტიანული სიმბოლოს  - ჯვრის გამოსახვის შესახებ, წარმოდგენილ იქნა როგორც ქრისტიანული გავლენის შენარჩუნების ერთ-ერთი მტკიცებულება. 

როცა წარმოითქვა სადღეგრძელო ქართველი ერის და ეკლესიის უწყვეტ კავშირზე, ერთ-ერთმა დამსწრე სოფლის მაცხოვრებელმა თქვა: „მე მართალია მუსლიმი ვარ, მაგრამ ქართველიც ვარ, ამაზე რას მეტყვით?“ ამ შენიშვნამ ოთახში მღელვარება გამოიწვია. დანარჩენმა სოფლის მაცხოვრებლებმა სცადეს ხუმრობით გადაეფარათ ეს ნათქვამი. თუმცა, სასულიერო პირებისთვის და ბათუმიდან ჩამოსული სტუმრებისთვის ეს იყო უსიამოვნო მომენტი, რადგან ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ უშუალო, კეთილმოსურნე განწყობა გამოეხატათ. ამ მცირე გაუგებრობიდან მალევე სამღვდელოებამ სოფელი დატოვა.  სუფრაზე მხოლოდ რამდენიმე აჭარელი მეცნიერი დარჩა. სასულიერო პირების წასვლამ მკვეთრად შეცვალა ვითარება. აღარავინ განიხილავდა უძველეს ისტორიას.  ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი ამბობდა: „ძალიან კარგია, რომ ქრისტიანობას ასეთი დიდი ისტორია აქვს აჭარაში, მაგრამ ახლა აქ ჩვენ ვცხოვრობთ, ჩვენ ჩვენი ცხოვრება და ჩვენი რელიგია გვაქვს“.მაშინ როცა ეკლესია აქცენტს აკეთებდა „ხანგძლივ ქრისტიანულ ისტორიაზე“ და ხაზს უსვამდა, რომ ამ სოფლის მცხოვრებთა წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, სოფლის მოსახლეობა პირიქით თანამედროვე რეალობაზე უთითებდნენ და აღიარებდნენ ისტორიის მნიშვნელობას მხოლოდ იმ დათქმით, რომ მათი ისლამური ტრადიციები შენარჩუნებული ყოფილიყო. 

დღესასწაულმაგამოააშკარავა ისლამისა და ქრისტიანობის დაპირისპირება მაღალმთიან აჭარაში. უფრო ზუსტად კი, ამ ზეიმმა გამოავლინა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია თავისი გავლენის გაძლიერებას სოფლის იმ მაცხოვრებლებს შორის, რომელთა წინაპრებიც ქრისტიანები იყვნენ და რამდენიმე საუკუნით ადრე მიიღეს ისლამი. ეს დღესასწაული კარგი თვალსაჩინოებაა ამ სტატიის ძირითადი საკითხის - მაღალმთიან აჭარაში ქრისტიანობის გავრცელების წარმოსაჩენად.

 

ისტორიული მემკვიდრეობა - ისლამი და ქრისტიანობა საქართველოში

ბათუმის ქუჩებში სეირნობისას აჭარა ქრისტიანულ მხარედ აღიქმება. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ძველი ეკლესიები აღადგინეს და ახალი ეკლესიები ააშენეს ქალაქის ცენტრალურ ადგილებში: ბულვართან, ქალაქის ისტორიულ ნაწილში და მთავარ ბაზართან.[2]კვირა დილით ეკლესიის ზარების ხმას გაიგონებთ, ქუჩებში შეხვდებით ქრისტიან სასულიერო პირებს, ხოლო ბათუმელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ჯვარს ატარებს. მაშინ როცა ქრისტიანობა ასე აქტიურად არის წარმოჩენილი, მუსლიმების თხოვნა, 1930-იან წლებში დახურული ცენტრალური მეჩეთის აღდგენის შესახებ, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უარყოფილი იქნა. ქალაქის ერთადერთი მეჩეთიდან მლოცველების მოხმობა განახლდა 1990-იან წლებში, მაგრამ ხმაური მაცხოვრებლებმაგააპროტესტეს, რის გამოც ეს ტრადიცია მალევე შეწყდა.

პარალელურად, ბათუმის ბევრი მაცხოვრებელი ყურადღებას ამახვილებდა მეჩეთზე ქრისტიანული სიმბოლოების არსებობაზე, იმის დასადასტურებლად, რომ ისლამის არსებული კვალი აჭარაში არ იყო აჭარის ჭეშმარიტი მახასიათებელი. ტელევიზია ხშირად აშუქებდა საეკლესიო ღონისძიებებს და ეთერში იწვევდა სასულიერო პირებს საკუთარი ზნეობრივ თუ პოლიტიკურ მოსაზრებებზე სასაუბროდ. ადგილობრივი გაზეთი „აჭარა“ ყოველთვის ეხმიანებოდა ახალი ეკლესიების გახსნას, მაშინ როცა თითქმის საერთოდ არ უთმობდა ყურადღებას ისლამს და უთმობდა, ისიც მხოლოდ უარყოფითად წარმოსაჩენად.

ისტორიის თხრობა და მისი გამოყენება ყოველთვის ემსახურება თანამედროვე მიზნებს. ისტორიის ეს სუბიექტური ბუნება განსაკუთრებით აშკარაა კავკასიაში სხვადასხვა ერების ჩამოყალიბების პროცესში. წმინდა ანდრეას საქართველოში ქადაგების ისტორიასთან მიბრუნება, რითაც დაიწყო ეს სტატია, სწორედ ამის გამოხატულებაა. ადრეული ქართული ისტორიოგრაფია საქართველოს გაქრისტიანებას უკავშირებს წმინდა ნინოს სახელს, რომელიც ქრისტეშობიდან მე-4 საუკუნეში ქადაგებდა საქართველოში. ანდრია მოციქულის მოღვაწეობის  გავლენა შედარებით უმნიშვნელოდმიიჩნევა, რადგან მაშინდელმა მოსახლეობამ შეინარჩუნა ქრისტიანობამდელი, საკუთარირელიგიური წარმოდგენები.  ვინაიდან ადრეული გაქრისტიანების პირდაპირი მტკიცებულებები არ არსებობდა, თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების მიერ გამოინახა გამოსავალი. მათი თქმით, ანდრია მოციქულს არ გაუქრისტიანებია საქართველო, მაგრამ მან დაუდო სათავე ქრისტიანობას ამ ქვეყანაში და ამით გზა გაუხსნა შემდგომ მისიონერულ საქმიანობას.[3] აჭარასთან დაკავშირებით წმინდა ანდრიას ისტორია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის აცოცხლებს იდეას, რომ ქართველები უძველესი ქრისტიანი ხალხია, რაც ეკლესიას მორალურ უპირატესობას სძენს მუსლიმური აჭარის გასაქრისტიანებლად.

მე-11 - მე-14 საუკუნეების ეკლესიების შემორჩენილი ნაშთები ცხადად ადასტურებენ ქრისტიანულ წარსულს, თუმცა საკითხავია რას ნიშნავს ეს მემკვიდრეობა თანამედროვეობაში. აჭარის ისტორიაში ძალიან ბევრი ცარიელი ადგილია და ასევე ძალიან ბევრი შეუსაბამობა განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის ისტორიის შესახებ. ამავდროულად, ისტორიული დისკურსი წარმოდგენილია იმგვარად, რომ ქართველობა და ქრისტიანობა წარმოდგენილია არაქართველ და არაქრისტიან მეზობლებთან დაპირისპირებაში. რეალურად კი აჭარის ისტორიული მემკვიდრეობის მითოსური თხრობა თანამედროვე რეალობის ასახსნელად და ნაციონალისტური პოლიტიკის საწარმოებლად გამოიყენება.

იმისათვის, რომ გამოააშკარავო ის ისტორიული რეალობა, რომელიც დაფარული იყო ათწლეულობის განმავლობაში ნაციონალისტური რიტორიკით, ამისთვის აუცილებელია პირვანდელ წყაროებთან დაბრუნება და სისტემური შედარებითი ისტორიული აღწერა. მე სწორედ ამ მიდგომას გამოვიყენებ რელიგიის, სახელმწიფოსა და ერს შორის არსებული ცვალებადი დამოკიდებულების განსახილველად სამ სხვადასხვა ეპოქაში: ოსმალეთის იმპერიის, ცარისტულიიმპერიის და საბჭოთა კავშირის პერიოდის აჭარაში.

 

აჭარა ოსმალეთის იმპერიაში და ისლამის მიღება

ომები რომელმაც გამოიწვია აჭარის ოსმალეთის იმპერიის ფარგლებში მოქცევა მე-16 საუკუნის ბოლოს, რთულია დაახასიათო როგორც რაიმე ეთნიკური, რელიგიური ან ნაციონალური იდენტობით მოტივირებული. ამის ნაცვლად, როგორც სუნი ამტკიცებს, ეს იყო ადგილობრივი ფეოდალების არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებებით გამოწვეული, რომლებიც ზოგჯერ ქართველ მეფეებს მიემხრობოდნენ, ზოგჯერ კი დახმარებას სთხოვდნენ საქართველოს მოსაზღვრე იმპერიებს.[4]

აჭარის ოტომანურ იმპერიაში გაერთიანების შემდეგ ვითარება დროებით უცვლელი დარჩა. როგორც იმპერიის განაპირა და შორეული ნაწილი, ის მეტწილად ოსმალური მმართველობის წესების მიღმა რჩებოდა. ოსმალებმა კავკასიაში არაპირდაპირი მმართველობის სისტემა აირჩიეს, რაც გულისხმობდა ადგილობრივი კლანური სისტემის მეტწილად უცვლელად შენარჩუნებას. ძალაუფლება დარჩათ ურთიერთ მოქიშპე ფეოდალებს და მემამულეებს.[5] ჩვენთვის ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი აჭარლების მიერ ისლამის მიღების შესახებ. მეირენგ-მიქაძე მას უწოდებს ხანგძლივ და ნებაყოფლობით პროცესს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და გამოწვეული იყო  ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებით.[6]ისლამის მიღებას ჰქონდა თავისი უპირატესობები, რაც გამოიხატებოდა მიწების მიღების და შედარებით დაბალი გადასახადების გადახდის შესაძლებლობებში, რაც ასევე პოლიტიკური კარიერის გაკეთების შესაძლებლობასაც იძლეოდა. პირველი ვინც ისლამზე მოექცა სავარაუდოდ იყო თავადი აბაშიძე, რომელიც ეახლა სულთანს, ისლამი მიიღო და ამის შედეგად ბათუმის და კახაბერის ბეგად გამოცხადდა.[7] როგორც ჩანს, გამუსლიმება ფართომასშტაბიანი არ ყოფილა მე-18 საუკუნის ბოლომდე და მე-19 საუკუნის დასაწყისშიც კი აჭარლები მაინც დადიოდნენ ეკლესიაში ღამღამობით.[8] ამის მიუხედავად, თურქული და მუსლიმური კულტურული თავისებურებები უკვე გათავისებული იყო მოსახლეობის უმრავლესობის მიერ. გიორგი ყაზბეგი, რომელმაც 1874 წელს იმოგზაურა აჭარაში აღნიშნავს, რომ ქართული ძირითადად შინ საუბრისას გამოიყენებოდა, მაშინ როცა საჯარო სასაუბრო ენა თურქული იყო.[9] როგორც ისტორიული წყაროები აჩვენებს, თურქულმა ენამ ქართული ჩაანაცვლა 1820-იანი წლებიდან და  რუსულ დაპყრობასაც არ შეუჩერებია ეს პროცესი.

რუსების გამოჩენამ კავკასიაში და განსაკუთრებით მათმა წარმატებამ რუსეთ-თურქეთის ომებში 1828-1829 წლებში გაზარდა აჭარის სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ის იქცა ბრძოლის ველად. სავარაუდოა, რომ აჭარის გეოპოლიტიკური სტატუსის ცვლილებამ გავლენა მოახდინა ისლამის პოზიციების გაძლიერებაზე. მუსლიმი ბეგები იქცნენ რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგეებად მე-19 საუკუნის დასაწყისში გამართულ ბრძოლებში. მუსლიმი აჭარლების და მათი ჩრდილოელი ქრისტიანი მეზობლების ურთიერთობა მტრული იყო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში.

თუკი მე-17 და მე-18 საუკუნეებში ოტომანურ იმპერიას ნომინალური ძალაუფლება ჰქონდა რეგიონში, ეს სიტუაცია დასრულდა მე-19 საუკუნის დასაწყისში. აჭარის გაზრდილმა მნიშვნელობამ და ოსმალეთის იმპერიაში შიდა რეფორმებმა უბიძგა იმპერიის მმართველებს, რომ გაეზარდათ თავიანთი ძალაუფლება რეგიონში და ფეოდალების ძალაუფლება შეეკვეცათ.[10] მიუხედავად იმ ზეწოლისა, რაც ამ პროცესს ახლდა, მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში გამოიწვია ღია წინააღმდეგობა თურქული მმართველობისადმი. რუსების მცდელობა გადმოებირებინათ აჭარელი ფეოდალები მათ მხარეს, როგორც წესი წარუმატებელი იყო.

მე-19 საუკუნეში ქართული ეროვნული მოძრაობაც გაძლიერდა, რაც ემთხვევა რუსების გამოჩენას კავკასიაში. ქართველების ნაციონალისტური ხედვით, აჭარა იყო დაკარგული მიწა, რომელიც უნდა დაბრუნებოდა ქართველი ერის ორბიტას.  1870-იან წლებში არა  ერთმა ქართველმა მკვლევარმა იმოგზაურა „სამუსლიმანო საქართველოში.“ ისინი ძირითადად იმედგაცრუებული ბრუნდებოდნენ, რადგან ადგილობრივები ღიად უარყოფდნენ  მათ ბურჟუაზიულ ნაციონალისტურ იდეებს. 

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ელიტის რამდენიმე წარმომადგენელთან დიალოგი შედგა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ აჭარლები დედა-სამშობლოსთან შეერთებას ცდილობდნენ, როგორც ამას წარმოაჩენენ ქართველი ისტორიკოსები. როცა რუსულმა არმიამ დაიპყრო აჭარა, მათ მოუწიათ განგრძობით პარტიზანულ ომში ჩაბმა ადგილობრივებთან. [11]1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის განმავლობაში თურქები სარგებლობდნენ აჭარული რაზმების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით. უფრო მეტიც, რუსეთ-თურქების ომში რუსების გამარჯვების მიუხედავად, მათი მცდელობა აეღოთ ბათუმი, წარუმატებელი გამოდგა. როგორც ალენი და მურატოვი ვარაუდობენ, ამის მიზეზი იყო როგორც რთული რელიეფი, ასევე აჭარლებისა და ლაზების არაფორმალური რაზმების წინააღმდეგობა.[12] რუსებმაოსმალებზე შედარებით მარტივად გაიმარჯვეს არზერუმის და ყარსის მიდამოებში.ბათუმი კი რუსებს ჩაბარდა მხოლოდ 1878 წელს, ბერლინის კონფერენციის დასრულების შემდეგ.  საომარმა და პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა რუსეთის იმპერიასთან განაპირობა რელიგის გაპოლიტიკურობა და გაეთნიკურება.

 

ცარისტული აჭარა: არც ისე ბედნიერი ხელახალი გაერთიანება

რუსეთის იმპერიაში აჭარის გაერთიანების პირველ წლებში მიმდინარე მუჰაჯირობის პროცესმა გააოცა ქართული ეროვნული მოძრაობა. ქართველი მწერალი წერეთელი გაზეთ „голос“-ს წერდა:  „მე დიდხანს არ ვიჯერებდი, რომ აჭარლებს ჰქონდათ სურვილი გადასახლებულიყვნენ თურქეთში.“[13] ქართული ისტორიული მიწის შემოერთებამ - როგორც ამ პროცესს ხედავდა ქრისტიანული ქართული ელიტა, როგორც ჩანს არ გამოიწვია საპასუხო დადებითი განწყობები აჭარაში. ამის ნაცვლად, 1878-1880 წლებში, ადგილობრივი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა ოსმალეთის იმპერიაში შეეფარებინა თავი. გადასახლების მიზეზებს ფართოდ განიხილავდნენ.[14] ერთი ჟურნალისტის მიერ ემიგრანტ აჭარელთან ჩაწერილ ინტერვიუში ვხვდებით სამშობლოდან გადასახლების მიზეზების აღწერას:

ყველა არააჭარელი ჩვენ მიგვიჩნევდა ხალხად, რომლებსაც შეეძლო მოქცეოდნენ ძაღლებივით და ასეც იქცეოდნენ. იმიტომ რომ  ჩვენ არ ვართ ქრისტიანები, არ ვართ რუსები,  ისინი არც კი ისჯებოდნენ აჭარელის მოკვლის გამო. [15]

გადასახლებას ემოციური მიზეზების გარდა, ჰქონდა აშკარა პოლიტიკური და ეკონომიკური მოტივებიც. პირველ რიგში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, აჭარის ელიტამ დაკარგა თანამდებობები, რაც ოსმალური მმართველობის პერიოდში მათ მუდმივი შემოსავლით უზრუნველყოფდა. გარდა ამისა,  საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ოსმალეთში ცირკულარული მიგრაციის ფორმები. ახალგაზრდა აჭარლები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ სტამბულში და ფინანსურად ეხმარებოდნენ ოჯახებს.[16]ემიგრაციას ახალისებდნენ მუსლიმი სასულიერო პირებიც, რომლებიც ქადაგებდნენ რუსების მმართველობის ქვეშ ისლამური ცხოვრების წესის შენარჩუნების შეუძლებლობაზე. ასევე იქცეოდნენ ოსმალეთის იმპერიის მოხელეები, რომლებიც პირდებოდნენ აჭარლებს ნაყოფიერ მიწებს, სამხედრო სამსახურისგან და ყველანაირი გადასახადებისგან გათავისუფლებას რამდენიმე წლის განმავლობაში. [17]

ქართული ეროვნული მოძრაობის მოთხოვნით 1880 წელს ცარისტულმა ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება ემიგრაციის შესაჩერებლად. ბრძანება ისლამის ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა და ისლამური სამართლის ნორმების მიხედვით საოჯახო და საკუთრებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ნებას რთავდა ყურანის და შარიათზე დაყრდნობით. უფრო მეტიც, გამოცხადდა, რომ გადასახადები დარჩებოდა ისეთივე როგორც იყო ოსმალური მმართველობის დროს; ადგილობრივი მოსახლეობა სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდებოდა და აჭარლებს მიეცემოდათ შესაძლებლობა დაეკავებინათ მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები.[18]  ეს ზომები ეფექტური გამოდგა და დაახლოებით ორი მესამედი ემიგრანტებისადაბრუნდა აჭარაში 1881-1882 წლებში.

რუსულ ადმინისტრაცია როგორც წესი  სრულად ვერ აკონტროლებდა ისლამურ დაწესებულებებს. ამის მიზეზი ნაწილობრივ იყო მუსლიმი სასულიერო პირების ძლიერი კავშირები ოსმალეთის იმპერიის სასულიერო ცენტრებთან. 1913 წლისთვის 295 აღრიცხული ხოჯადან თუ სასულიერო ლიდერიდან 76-ს განათლება მიღებული ჰქონდა სტამბულში ან სხვა დიდ ოსმალურ ქალაქში.[19]  ცალკეულ შემთხვევებში მუსლიმი ლიდერები ავრცელებდნენ ანტიცარისტულ ბროშურებს. ამ მოქმედებების წინააღმდეგ რუსეთის იმპერიის დამსჯელი ზომებს აფერხებდა ის, რომ დამნაშავეები თავს აფარებდნენ ოსმალეთის იმპერიას.[20]

ადგილობრივ ცხოვრებაზე რელიგიური ორგანიზაციის დიდი გავლენის და რუსული ადმინისტრაციის სუსტ გავლენების მაჩვენებელი იყო ის პრობლემები, რომელიც ახლდა ეკლესიების მშენებლობას მაღალმთიან აჭარაში. ეკლესია შენდებოდა იმ რუსი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც მსახურობდნენ აჭარაში. ადგილობრივები, განსაკუთრებით მუსლიმი სასულიერო პირები ეწინააღმდეგებოდნენ ამ პროცესს, რადგან ამის მიღმა ხედავდნენ ქრისტიანობის გავრცელების ფარულ სურვილს. ეკლესიის აშენებიდან მალევე რუსმა მმართველებმა მიიღეს საჩივრები, რომლებიც იტყობინებოდნენ მღვდლების სიმთვრალის და ისლამის შეურაცხყოფის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მღვდლები უარყოფდნენ ბრალდებებს და აცხადებდნენ, რომ საჩივრები დაწერილი იყო მუსლიმი სასულიერო პირების ზეგავლენით, რომლებსაც ეშინოდათ არ დაეკარგათ თავიანთი გავლენა, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მუსლიმების საჩივარი საფუძვლიანი იყო და  მღვდლები გაიწვიეს.[21]ქართველი მეცნიერებისმსჯელობა, რომ ცარისტული ადმინისტრაცია მოქმედებდა წინასწარ ჩაფიქრებული „გათიშე და იბატონე“ პოლიტიკით და ფაქტობრივად აძლიერებდა ისლამს, უსაფუძვლოა. ეს შემთხვევა, პირიქით ადასტურებს, რომ რუსული ხელისუფლების თავშეკავებული კონტროლის პოლიტიკა ჰქონდათ არჩეული და ცდილობდნენ არ გაეღიზიანებინათ ადგილობრივი მოსახლეობის რელიგიური გრძნობები.

 

საბჭოთა აჭარა: ქრისტიანობის გავრცელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა

საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის საზღვრების დადგენის შემდეგ,ისლამური აჭარა მისი ადრინდელი სასულიერო ცენტრებისგან ჩამოშორებული აღმოჩნდა. ცარისტული მმართველობის პირობებშიც კი, ბევრი სასულიერო ლიდერი ახერხებდა განათლება მიეღო სტამბულში, რაც შეუძლებელი გახდა საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ. ამის ნაცვლად, აჭარის მუსლიმი ლიდერები ფორმალურად დაექვემდებარენ ე.წ. სასულიერო სამმართველოს, რომელიც ძირითადად შიიტებისგან იყო დაკომპლექტებული, მდებარეობდა ბაქოში და აჭარა მათთვის უმნიშვნელო იყო. ამან წარმოშვა სხვადასხვა სახის პრობლემები, რაც როგორც მომავალში გაირკვა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც რთულად მოსაგვარებელი გამოდგა.

აჭარაში ისლამის მდგომარეობაზე ამ მხარის ადმინისტრაციულმა სტატუსმაც იქონია ზეგავლენა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შექმნა საბჭოთა კავშირისთვის გამონაკლისს წარმოადგენდა.[22] როგორც წესი, ეს სტატუსი ენიჭებოდა ეროვნების საფუძველზე, მაგრამ აჭარას ავტონომიის სტატუსი რელიგიური საფუძვლით მიენიჭა.[23] მიუხედავად იმისა, რომ ავტონომიური სტატუსი თავიდანვე უზრუნველყოფდა კულტურული და რელიგიური თავისუფლების გარკვეულ დონეს, მუსლიმებს რაიმე განსაკუთრებული შეღავათები არ მიუღიათ. 1920-იან წლებში აჭარის მოსახლეობა აღირიცხებოდა როგორც „აჭარელი“, 1930-იან წლებში კი დასახელება - „აჭარელი“ გაქრა ოფიციალური სააღრიცხვო მონაცემებიდან. აჭარლებს უნდა აერჩიათ ჩაწერილიყვნენ ან როგორც „ქართველი“, ან როგორც „თურქი მესხი“.[24]

რელიგიური პოლიტიკის შედეგების შესაფასებლად მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ექვემდებარებოდა საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის პოლიტიკური ელიტა თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა აჭარის ავტონომიურ სტატუსს.[25] უფრო მეტიც, 1920-იანი წლების შემდეგ, როცა აჭარლები უმცირესობაში აღმოჩნდნენ მათ დედაქალაქ ბათუმში,  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს ვეღარ იკავებდნენ. მათ ნაცვლად პოლიტიკური ელიტა ჩამოყალიბდა არამუსლიმი ქართველებისგან.[26] სხვათაშორის, ისიც უნდა ითქვას, რომ ე.წ. „წარსულის გადმონაშთების და მავნე ჩვეულებების წინააღმდეგ“ ბრძოლა, რაშიც ისლამიც მოიაზრებოდა, დიდწილად დამოკიდებული იყო ადგილობრივი თანამდებობის პირების განწყობებზე.[27] მას შემდეგ რაც აჭარაში პოლიტიკური თანამდებობები ძირითადად ქრისტიანული წარმოშობის ქართველებმა დაიკავეს, რომლებიც  ძლიერი ანტი თურქულად და ანტი ისლამურად იყვნენ განწყობილი,  ადგილობრივმა ხელისუფლებამ ენთუზიაზმით აიტაცა საბჭოთა პოლიტიკა, რაც გულისხმობდა ისლამის გავლენის შესუსტებას.

1920-იან და 1930-იან წლებში თბილისელმა ბოლშევიკებმა და მათმა ადგილობრივმა ამხანაგებმა ბათუმში, გააჩაღეს „ბრძოლა ისლამური ინსტიტუციების და ლიდერების წინააღმდეგ აჭარაში“.[28] 1928 წლის მცირე ხნიანი ამბოხებები მუსლიმი სასულიერო პირების დევნის და ჩადრის აკრძალვის გამო უპერსპექტივო და ადვილად ჩასახშობი იყო. 1930-იანი წლების ბოლოს ისლამის როლი საჯარო სივრცეში საკმაოდ შემცირებული იყო და ის მნიშვნელობას ინარჩუნებდა მხოლოდ ოჯახურ ცხოვრებაში. აჭარაში არსებული 158 მეჩეთი და 172 მედრესე დაანგრიეს ან გადააკეთეს ცხოველთა სადგომებად და საწყობებად.[29] ბევრი სასულიერო პირი შეეწირა რეპრესიებს, ან სრულიადსაიდუმლოდ განაგრძობდა ღვთისმსახურებას. სოციალიზმის მშენებლობის (1970-1985) პერიოდშიც კი, როცა რელიგიასთან ბრძოლას არ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა, ისლამის დევნა აჭარაში გრძელდებოდა.[30]

ისლამთან ფიზიკური ბრძოლის პარალელურად, ჩამოყალიბდა ცნობიერების პოლიტიკა, რომელმაც აჭარლების თვითაღქმის ცვლილება გამოიწვია. საბჭოთა პერიოდში ადგილობრივი ისტორიკოსები და ეთნოგრაფები წერდნენ აჭარის ისტორიას ისე, რომ აჭარის და აჭარლების ღრმად ქართული ისტორიული ძირები წარმოჩენილიყო და თურქული პერიოდი წაეშალათ ისტორიიდან. 

საბჭოთა ისტორიკოსები თვლიდნენ, რომ  ძალადობა და ზეწოლა იყო ისლამის ფართოდ გავრცელების ერთადერთი მიზეზი აჭარაში და არა აჭარლების დარწმუნება ან თუნდაც რაიმე ეკონომიკური ინტერესები.[31] რუსეთის მიერ აჭარის დაპყრობის შემდეგ დაწყებული ემიგრაციასაც იგივე ახსნა მოუძებნეს. ქართველი ავტორები ამტკიცებდნენ, რომ თურქები აიძულებდნენ მოსახლეობას გადასახლებულიყო და წასულიყო ჭაობების გავლით, სადაც მათი უმრავლესობა მალარიით დაავადდა და გარდაიცვალა ავადმყოფობისა და შიმშილის გამო. ხოლო ვინც გადარჩა, მათ სცადეს დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში.[32] ზოგადად ოსმალური მმართველობას ახასიათებდნენ, როგორც  მანამდე არსებული ერთიანი საქართველოს „ოქროს ხანასთან“ შედარებით დაკნინების, გაღატაკების ხანად.[33]

ადგილობრივ ისტორიოგრაფიაში მუსლიმი ლიდერები წარმოადგენენ ბოროტების განსახიერებას. 1980-იან წლებში, როცა ცხადი გახდა, რომ ისლამი კვლავ იკიდებდა ფეხს რეგიონში, ადგილობრივი გაზეთი წერდა თვითმარქვია მოლას შესახებ, რომელმაც მორწმუნეებს დიდი რაოდენობით თანხა დასტყუა სანამ გამოააშკარავებდნენ.[34]ცნობილმა აჭარელმა მწერალმა ფ.ხალვაშმა გამოაქვეყნა სტატია,რომელშიც გამოთქვამდა წუხილს ამ საზოგადოებრივ გადმონაშთებზე, რომლებიც ცდილობენ აჭარა კვლავ უკან „ბნელ დროში“ გამოკეტოს.[35] ისლამი მიჩნეულ იქნა საქართველოს ისტორიულ მტრად, რომელიც ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ეროვნული იდენტობისთვის. ხალვაში თავის ნაწარმოებში საგულისხმო სათაურით - „შესაძლებელია თუ არა მუსლიმი იყოს ქართველი“ - ასკვნის, რომ ისლამი შეუთავსებელია ქართულ ეროვნულ ხასიათთან, რადგან ის ქადაგებს მორჩილებას.[36]

საბჭოთა იდეოლოგიის მიერ „თურქი მტრის“ ხატის შექმნა სრულიად ეწერებოდა ქართულ ნაციონალისტურ დისკურსში, რომლის მიხედვითაც საქართველო ქრისტიანული კუნძულია, რომელიც გარშემორტყმული იყო ისლამური ძალებით. ეს რიტორიკა აიტაცეს ქართველმა ქრისტიანმა ნაციონალისტებმა აჭარაში, რომელთათვის ისლამის და თურქული ბატონობის „საბჭოთა“ კრიტიკა ხელსაყრელი იყო საკუთარი ინტერესების გასატარებლად. აჭარის ინტელიგენცია აქტიურად ჩაერთო საყოველთაო ქრისტიანული ქართული აჭარის ისტორიის წერაში. აჭარის ასეთ სახეს ქმნიდნენ არა იმდენად აკადემიური ნაშრომებით, რამდენადაც პრესითა და სატელევიზო გადაცემებით.

საინტერესოა ზემო აჭარის შემთხვევა, რადგან აქ ქართული ეროვნული იდენტობის და ქრისტიანობის გამარჯვება უფრო საკამათოა, ვიდრე აჭარის ქვემო ნაწილში. ეს გამოწვეულია აჭარის ამ მხარეების  დანარჩენ საბჭოთა საზოგადოებასთან განსხვავებული ინტეგრაციით. დემოგრაფიულმა პროცესებმა, როგორიცაა დანარჩენ ქართველებთან ქორწინება და არამუსლიმი ქართველების შემოდინება, თანდათან დაამკვიდრა აჭარის ქვემო ნაწილში ჭეშმარიტად ქართული საბჭოთა ცხოვრების სტილი, რომელიც მართალია ათეისტური იყო გარეგნულად, თუმცა შემდეგ შეერწყა ქრისტიანობას. ამასთანავე, ქვემო აჭარაში ქრისტიანობის მიღება დაბრკოლებების გარეშე ხდებოდა და ეკლესიამ განავრცო თავისი გავლენა. მაღალ მთიან აჭარაში პირიქით, მართალია ისლამი საჯარო სივრცეში აკრძალული იყო, მაგრამ საშინაო ყოფაში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.  როცა 1980-იან წლებში რელიგიის მიმართ საბჭოთა მიდგომები შეიცვალა, ადგილობრივებმა კავშირები შექმნეს ისლამის აღსადგენად. თუმცა, ისლამის გამოცოცხლების პროცესი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდა. დაბრკოლებას ქმნიდა როგორც ფინანსების ნაკლებობა და სასულიერო პირების განათლების დაბალი დონე, ასევე აჭარის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტასთან კავშირების არ ქონა.  ისლამის გაძლიერებისთვის გამოწვევად იქცა ეკლესიის საქმიანობის გააქტიურებაც, რომელმაც თანდათან გაამკაცრა თავისი ზემოქმედება მოსახლეობაზე.

 

რელიგიური გამოღვიძება და ქრისტიანობის გავრცელება ზემო აჭარაში

საბჭოთა ათეიზმის დამხობამ და კომუნისტური იდეოლოგიის მარცხმა, გამოიწვია რელიგიის მიმართ ინტერესის ზრდა მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში. განსაკუთრებით ეს ითქმის საქართველოზე, სადაც ქრისტიანობა იქცა ეროვნული მოძრაობის საციცოცხლო ძალად. აჭარაში რელიგიის მნიშვნელობა იზრდებოდა, მაგრამ აქ რელიგიური გამოღვიძება არ ნიშნავდა საბჭოთა მდგომარეობამდე ვითარებასთან დაბრუნებას. საჯარო სივრცეში დაიწყო ბრძოლა ისლამსა და ქრისტიანობას შორის.

1987 წელს რელიგიის მიმართ საბჭოთა პოლიტიკის შერბილებიდან მალევე, არაფორმალურმა მუსლიმურმა ჯგუფებმა განაახლეს საქმიანობა აჭარაში. მაღალმთიან აჭარაში ძველი მეჩეთების უმრავლესობა კვლავ გაიღო, ხოლო რომელიც დანგრეული იყო, ხელახლა ააშენეს. ხულოს ძველი მეჩეთი რომელიც საწყობად გადააკეთეს 1930-იან წლებში, მორწმუნეებმა დაიბრუნეს. 1988 წელს პარასკევ დღეს მუსლიმების ჯგუფი შეიჭრა ნაგებობაში, ილოცა და ამით სიმბოლურად დაუბრუნა მას რელიგიური დანიშნულება.  საწყობში არსებულისაქონელი შეისყიდეს და ფული ქალაქის საბჭოს გადასცეს. იმამის მონათხრობის თანახმად, საკმაოდ რთული აღმოჩნდა მიეღოთ ნებართვა მეჩეთის აღდგენის და რელიგიური საქმიანობის განახლების შესახებ. შენობის აღდგენა დაფინანსდა ადგილობრივების შემოწირულობებით. ასევე მოიქცა მოსახლეობა აჭარის სხვა დასახლებებში და ძირითადად ეს ყველაფერი მოაწყვეს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მდგომარეობის არ მქონე რიგითმა ადგილობრივმა მორწმუნეებმა.  მათი მოქმედებებს ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლება, მაგრამ ამის მიუხედავად, მოახერხეს სულ მცირე 35 მეჩეთის აღდგენა აჭარაში. მეჩეთების გარდა, მაღალ მთიან აჭარაში გაიხსნა ასევე მედრესეები (ისლამური სკოლები)  - არაფორმალური ინსტიტუცია, რომელიც ძირითადად შაბათ-კვირას და არდადეგების დროს ფუნქციონირებდა.[37]  ამასთანავე, ყველა მუსლიმი მასწავლებელი აცნობიერებდა სეკულარული სკოლების მნიშვნელობას და მხარს უჭერდა ისეთ სტრუქტურას, სადაც მედრესე მხოლოდ დამატებით ზნეობრივ და რელიგიურ განათლებას მისცემდა მოსწავლეებს. პარალელურად,ადგილობრივი პრესა წერდა ისლამური სწავლების სავარუდო მავნე შედეგებზე. უფრო მეტიც,მუსლიმი მოსახლეობის მცდელობების მიუხედავად, აჭარის ხელისუფლებას ოფიციალურად არასდროს უღიარებია ეს სასწავლებლები.

საბჭოთა საზღვრების გახსნის შემდეგ, ახალი რელიგიური კავშირები დამყარდა თურქეთთან და სხვა ისლამურ ქვეყნებთან. ზოგიერთი ეს კავშირი შეთანხმებული იყო ბათუმში არსებულ სამუფტოსთან. მაგალითად, რელიგიური განათლების დაფინანსება აჭარელი ახალგაზრდებისთვის თურქულ რელიგიურ სკოლებში, ასევე რელიგიური ლიტერატურის გავრცელება, 50-მდე აჭარელის მონაწილეობა მექაში ჰაჯიზე 1992 წელს. უფრო ხშირი იყო კერძო შემოწირულობები. მაგალითად თურქეთის სხვადასხვა მოქალაქეების მიერ მეჩეთების და მედრესეების აღდგენის დაფინანსება. უმეტესად ეს დამფინანსებლები იყვნენ აჭარელი ლტოლვილები ან მათი მემკვიდრეები, რომლებიც თურქეთში გადასახლდნენ ან რუსეთ-თურქეთის ომის დროს, ან შემდეგ საბჭოთა მმართველობის პირველ წლებში. მათ ახლა სურდათ დაეფინანსებინათ მშობლიური სოფელში სხვადასხვა სახის რელიგიური საქმიანობა.

1990-იანი წლების დასაწყისში ისე ჩანდა, რომ  ისლამი ბრუნდებოდა მაღალმთიან აჭარაში, რაც ძალიან აწუხებდა ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ელიტას, რომელთათვისაც ეს იყო „ბნელ ოსმალურ ეპოქაში“ დაბრუნების ნიშანი. აჭარის უმაღლეს საბჭოში იმსჯელეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა თურქული შემოწირულობები. გამოითქვა ვარაუდი, რომ თურქეთი ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული სახელმწიფოსთვის.[38]

სრულიად სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნაციონალისტი ზვიად გამსახურდიას წარმოდგენით, დამოუკიდებელი საქართველოში ეროვნულობა მჭიდროდ დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ქრისტიანობასთან. აჭარის ხელახლა გაქრისტიანება მისი პოლიტიკური გეგმების ნაწილი იყო. 1991 წელს გამსახურდიას ბრძანებით  ხულოს პროფესიული სასწავლებელი გადაეცა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას. რაიონში ამ პროფილის ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის წმინდა ანდრიას სახელის მინიჭებამ, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობა აღაშფოთა.

სკოლის სტატუსის ცვლილებებიდან მალევე ხულოს და მიმდებარე სოფლების მუსლიმი მოსახლეობა ხულოს ცენტრისკენ დაიძრა სასწავლებელში ქრისტიანი სასულიერო პირების გამოჩენის გასაპროტესტებლად. აქციაში ძირითადად მონაწილეობდნენ გლეხები და მუშები, ხოლო  სასულიერო პირებს ძირითადად გამოექომაგნენ საშუალო კლასის წარმომადგენლები (მასწავლებლები, ექიმები, საჯარო მოხელეები). პოლიციელების და ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია ორაზროვანი იყო; ისინი აჭარლები იყვნენ და მათი ნაწილი კეთილგანწყობილი იყო აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა ღიად აქციის მხარდაჭერა მათი მხრიდან პროფესიული თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ქრისტიანი სასულიერო პირები დარწმუნებული  არ იყვნენ ადგილობრივი პოლიციელების ერთგულებაში და საქართველოს სხვა, შედარებით ქრისტიანული რაიონებიდან - ადიგენიდან და ახალციხიდან სამხედრო შენაერთების შემოყვანა მოითხოვეს.  რამდენიმე საათში სამხედროებმა დაიკავეს ხულოსკენ მიმავალი ყველა გზა, რამაც კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება აქციაზე.  ადგილობრივი მრევლის დახმარებით, სასულიერო პირებმა მოახერხეს ბათუმში გაქცევა და  აღარასოდეს დაბრუნებულან ხულოში. ქალაქის ხელისუფლებასა და მომიტინგეებს შორის მოლაპარაკება გაიმართა და შეთანხმდნენ, რომ სასწავლებელი ყოფილიყო ქრისტიანული, თუმცა მისი დირექტორი უნდა ყოფილიყო საერო პირი. შეთანხმებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ სასწავლებლის მმართველად კვლავ სასულიერო პირი დანიშნეს.

სახელმწიფო ხელისუფლების არ არსებობის პირობებში, რაც საბჭოთა კავშირის დაშლამ წარმოშვა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები, ქრისტიანი და მუსლიმი ლიდერები საზოგადოებაზე გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მუსლიმებისთვის მტკივნეული იყო იმის გაცნობიერება, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მხარს უჭერდა საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას და თავს იკავებდა მუსლიმ თემთან თანამშრომლობისგან. აჭარის ახალი ლიდერის ასლან აბაშიძის მიერ ძალაუფლების მოპოვება მათ შორის მუსლიმი თემის მხარდაჭერის დამსახურებაც იყო, რომლებმაც 1991 წელს ფართომასშტაბიან აქციაზე აბაშიძეს მხარდაჭერა გამოუცხადეს.[39]თუმცა, ამას გავლენა არ მოუხდენია ისლამის პოზიციის განმტკიცებაზე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. მუსლიმი მოსახლეობის ეს შეკრება მმართველი კლასის სტრატეგიის ნაწილი იყო, რაც მიზანს ისახავდა საკუთარი მდგომარეობის განმტკიცებას აჭარაში. მომდევნო წლებში აბაშიძე უფრო და უფრო უჭერდა მხარს საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას.[40] მაგალითად, აბაშიძემ თავად უბრძანა რამდენიმე ქვეშემრდომს დაეფინანსებინათ ხულოში ეკლესიის მშენებლობა, რაც ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი პრესით, მაშინ როდესაცერთი ლარიც არ გამოყოფილა მეჩეთის მშენებლობისთვის. პრესა ასევე აქტიურად წერდა ისეთ მოვლენებზე, როგორიცაა ეკლესიების მშენებლობა, ქრისტიანული დღესასწაულები და პატრიარქის სტუმრობა, ხოლო მეჩეთების მშენებლობის შესახებ 10 წლის განმავლობაში არაფერი დაწერილა.[41] ერთხელაც გაზეთში დაიბეჭდა სტატია ასლან აბაშიძის მიერ მეჩეთის და ეკლესიის ერთდროულად მონახულების შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაშიც  ყურადღება გამახვილებული იყო  აბაშიძის როგორც ტოლერანტი მმართველის წარმოჩენაზე და არა მუსლიმი თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე. [42]

ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება აგრძელებდა საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ფინანსურ და მორალურ მხარდაჭერას. ეს განსაკუთრებით ეხება განათლების სფეროს. ქრისტიანულმა სასწავლებელმა ხულოში მიიღო ოფიციალურად საქმიანობის უფლება ადგილობრივი  მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად.  სასწავლო პროგრამის მეოთხედი ქრისტიანული თეოლოგიის და ეკლესიის როლის უკეთ გააზრებისკენ იყო მიმართული. ისწავლებოდა ძველი და ახალი აღთქმა, ეკლესიის ისტორია, ბიბლიის სწავლების მეთოდები, საეკლესიო რიტუალები, რელიგია და კულტურა. თუ ამას დავამატებთ საქართველოს ისტორიის სწავლებას კვირაში სამი საათის და ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას კვირაში ოთხი საათის განმავლობაში, ცხადი გახდება, რომ პროფესიული ცოდნის მიცემის გარდა, სასწავლებელი გამოიყენებოდა ასევე  პოლიტიკური მიზნებისთვის, ეროვნული იდენტობის საწარმოებლად.[43] ადგილობრივ ფასეულობებსა და ეროვნულ პოლიტიკას შორის დაპირისპირება მხოლოდ სასწავლებლის რელიგიური სტატუსის განსაზღვრისას არ გამოვლენილა. 1990-იანი წლების შუა პერიოდში სამთავრობო კომისიამ მოამზადა ახალი საგნის სწავლების პროგრამა დაწყებითი განათლების ეტაპზე „ზნეობის“ სასწავლებლად. საგანს უწოდეს მომხიბლავი სახელი „კულტურა და რელიგია“. ის სკოლის სასწავლო პროგრამას დაემატა 1997 წელს. საგნის სახელმძღვანელოები მხოლოდ ქრისტიანობას ეხებოდა, რამაც აჭარაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მშობლები უარს ამბობდნენ ბავშებისთვის ამ საგნის სწავლებაზე. ზოგიერთი მასწავლებლებიც უარს ამბობდა ესწავლებინა ეს საგანი საკუთარი მორალური მოსაზრებების გამო. მშობლები კი აცხადებდნენ, რომ ამ საგნის სავალდებულო სწავლება ნიშნავდა იმას, რომ მათ აიძულებენ რწმენის შეცვლას. თუმცა, მოსახლეობის უმრავლესობამ მაინც  მდუმარე წინააღმდეგობის გზა აირჩია. მართალია, მუსლიმი მოსწავლეები და მათი მშობლები გარეგნულად შეეგუენ ამ პოლიტიკას, მაგრამ ისინი მაინც საკუთარი და ოჯახის რწმენის ერთგულები რჩებოდნენ. ასეთი მდუმარე წინააღმდეგობის ფონზე საქართველოს ეკლესიამ მაინც მოახერხა აჭარის მოსახლეობაში გაეზარდა საკუთარი გავლენა.

აჭარელი ახალგაზრდები უკვე გარკვეულწილად გაიხლართნენ ქრისტიანულ და ისლამურ იდენტობას შორის. ისინი როგორც წესი თავს არიდებენ რელიგიაზე საუბარს, ნაწილობრივ სტიგმატიზაციის თავიდან ასარიდებლად და ნაწილობრივ შესაძლოა ამ ორი იდენტობის შეთავსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ახალგაზრდების ნაწილმა რელიგიასთან დაკავშირებული ნაციონალისტური რიტორიკაც გაითავისა.

შესაძლოა ხალვაში მართალი იყო როცა წერდა, რომ ისლამი და ქართველობა შეუთავსებელია.  ცხადია არა მორალური თავისებურებების გამო რასაც ის გულისხმობდა, არამედ იმიტომ რომ პოსტ საბჭოთა საქართველოში შექმნილი ქართველობის გაგება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. ამ ვითარებაში ისლამის და ქართველობის ერთობა რთული მისაღწევი გახდა. დომინანტი ქრისტიანი ჯგუფის მიერ აჭარაში ისლამის გამოღვიძება ძირითადად თურქული ფინანსური დახმარებით, აღქმულ იქნა ეროვნულ ღალატად, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წნეხი აჭარის მუსლიმ თემზე.

 

დასკვნა

სოციოლოგი დერლუგიანი აჭარის და აფხაზეთის შედარებითი კვლევაში აღნიშნავს, რომ „აჭარის ასიმილაცია სავარაუდოდ ქართული ნაციონალური პროექტის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა“.[44] ამ სტატიაში აღვწერე ეს ასიმილაციის პროცესი, რომელიც ისლამისა და ქრისტიანობის მიმართ დამოკიდებულებების ცვლილების ფონზე მიმდინარეობდა. ქართული ნაციონალისტური პროექტის ფარგლებში მომუშავე ქართველი ისტორიკოსების მტკიცების საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ეს ასიმილაციის პროცესი არც ისე ცალსახაა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული. აჭარის მაგალითი განსაკუთრებულია იმით, რომ „ათეისტური“ საბჭოთა პოლიტიკა და ქართული ეროვნული დისკურსის ერთობლივმა მცდელობამ  ადგილობრივი ყოფითი სტრუქტურების და იდენტობის შესაცვლელად, დააჩქარა აჭარლების ასიმილაცია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

მე-19 საუკუნეში, როცა აჭარა რუსეთ-თურქეთის საომარი დაპირისპირებების ასპარეზად იქცა, ისლამი რჩებოდა აჭარლების იდენტობის მთავარ მახასიათებლად. მას შემდეგ რაც აჭარა რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა, აჭარლების ოსმალეთის იმპერიაში მასობრივი გადასახლებების მიზეზიც რელიგიური იყო.მცირერიცხოვანი ელიტის გარდა მოსახლეობის უმრავლესობა საკუთარ თავს კვლავ „აჭარლად“ , „მუსლიმად“ მიიჩნევდა.

აჭარაში საბჭოთა მმართველობის დამყარებამ სრულიად შეცვალა ისტორიის  მიმართულება. მუსლიმი სასულიერო პირების დევნის, სალოცავების მასობრივი დახურვის გამო, ისლამმა პირად, ოჯახურ სივრცეში გადაინაცვლა. ამასთან ერთად აჭარის ელიტა შეერწყა საჭოთა საქართველოს საზოგადოებას, რომელიც მართალია გარეგნულად ათეისტური , მაგრამ ქრისტიანობის მიმართ კეთილგანწყობილი იყო და კომუნისტური სისტემის ნგრევის შემდეგ ამ კეთილგანწყობამ ერთბაშად იჩინა თავი. საბჭოთა პერიოდში აჭარლებმა დაიწყეს საკუთარი თავის ქართველად აღქმა, რასაც ხელი შეუწყო ადგილობრივმა ინტელიგენციამ, რომელმაც გადაწერა და გამოიგონა აჭარის წარსული. ახალ ისტორიული დისკურსის თანახმად, აჭარა იყო ბოროტი დამპყრობლის მიერ მიტაცებული მიწა, ხოლო აჭარლებმა დიდი ხნის განმავლობაში შემოინახეს ქართველობა, ეწინააღმდეგებოდნენ გამუსლიმების და გათურქების პოლიტიკას და ელოდნენ უკეთეს დროს, როდესაც კვლავ გაერთიანდებოდნენ საქართველოსთან. ეს ისტორიული დისკურსი იქცა ოფიციალურ ისტორიად, რომელსაც ინტელიგენცია ავრცელებდა, მედია იმეორებდა და გაქრისტიანებული აჭარლები ითავისებდნენ.

აჭარელთა ასიმილაციის პროცესი დასრულებული არ იყო, როცა 1990-იან წლებში ისლამის გამოცოცხლება წინ გადაეღობა ამ პროცესს. საბჭოთა პერიოდში რადგან რელიგია საჯარო სივრცეში აკრძალული იყო, აჭარლებს შეეძლოთ ქართველად წარმოჩენა საზოგადოებრივ სივრცეში, ხოლო “აჭარლად” დარჩენა საოჯახო სივრცეში. ეს ვითარება შეიცვალა 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ქართული ეროვნული მოძრაობის წყალობით ეროვნული და რელიგიური იდენტობები გაიგივდა. ვინაიდან გაბატონებული დისკურსი მუსლიმობას და ქართველობას შეუთავსებლად მიიჩნევდა, ის აჭარლები, რომლებიც მუსლიმადაც და ქართველადაც მიიჩნევდნენ საკუთარ თავს დილემის წინაშე აღმოჩნდნენ. ვინაიდან საშუალო და მაღალ კლასების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში უმეტეს წილად დასრულებული იყო, ისლამი იქცა „უუფლებო“ გლეხების და განათლების არ მქონე მუშების რელიგიად. მუსლიმი თემის კავშირების არ ქონამ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტასთან გამოიწვია მათი კიდევ უფრო გარიყვა.

ამის საპირისპიროდ, ქრისტიანობას შეეძლო ესარგებლა საბჭოთა პერიოდში მომხდარი სოციალური ცვლილებებით, განსაკუთრებით ქართული ეროვნული დისკურსით, რომელიც საქართველოს გამოსახავდა როგორც მტრული და უცხო მუსლიმი ერებით გარშემორტყმულს. სარწმუნოების შეცვლის ისტორიები აჩვენებს, რომ გაქრისტიანებულმა აჭარლებმა გაითავისეს ეს ნაციონალისტური დისკურსი. ისინი აძლიერებენ  აჭარის ისტორიის ამ პოპულარულ გაგებას და იდეოლოგიურ გარემოს, რაც ხელს უწყობს ქრისტიანობის შემდგომ გავრცელებას. აშკარაა, რომ ქრისტიანობის გავრცელება არ ყოფილა ნებაყოფლობითი და უმართავი პროცესი.

ამ ნაშრომმა გამოავლინა კუთხური, ეროვნული და რელიგიური იდენტობების კავშირის სირთულე, მათი ჩამოყალიბების, განვითარების და გავრცელების პროცესი. ეროვნულობა, ეთნიკურობა და რელიგიურობა არ წარმოადგენენ უცვლელ მახასიათებლებს. ისინი ყალიბდებიან სოციალური ცვლილებების და დაპირისპირებების შედეგად. უფრო მეტიც, ისინი ერთმანეთისგან განცალკევებული არ არიან, ხშირად იხლართებიან, ეჯახებიან, ზოგჯერ კი შეერწყმებიან ერთმანეთს, როგორც ეს მოხდა აჭარაში.

. დერლუგიანი, „ორი კურორტის ზღაპარი: აფხაზეთი და აჭარა საბჭოთა კავშირის დაშლამდე და შემდგომ“, გვ. საერთაშორისო და ტერიტორიული კვლევები, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, 1995, გვ. 36.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]თქმულების თანახმად, ტრაბზონიდან ლაზიკაში გადმოსულმა ანდრია მოციქულმა ეკლესიაა დაარსა დიდ აჭარაში, რომელიც ზემო აჭარის ცენტრია. თუმცა, ადგილობრივებიდან ბევრს არ სჯერა ეს ამბავი. როგორც ერთმა ახალგაზრდამ მითხრა: „ არა მგონია რომ სოფელ დიდ აჭარაში ყოფილიყო ეკლესია. ისტორიულ წყაროებში ნახსენებია დიდი აჭარა, რომელიც მაშინ მთლიანად რეგიონის საერთო სახელი იყო.“ როცა ეს მოსაზრება ბათუმში უნივერსიტეტში გამოვთქვი, ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიუღიათ. თუმცა, მე რომ ადგილობრივი ვყოფილიყავი, ნამდვილად საკუთარი წინაპრების ღალატს დამაბრალებდნენ.

[2]ძველი ეკლესიების უმეტესობა ქალაქის ე.წ. «ოქროს ხანით“ 1878-1914 წლებით თარიღდება. ბათუმი იმ პერიოდში მნიშვნელოვანი ნავთობ გადამზიდი ნავსადგური იყო და  ქალაქში ქრისტიანი ბერძნების, სომხების, რუსების, ქართველების გვერდით ებრაელები, მუსლიმი ლაზები, ირანელები, ქურთები და აჭარლები ცხოვრობდნენ. 

[3]ქრისტიანობის შესახებ ქართველი მეცნიერები ძირითადად ლეონტი მროველის  -  მე-8 საუკუნის ქართველი ეპისკოპოსის ცნობებს ეყრდნობიან. ანდრია მოციქულის შესახებ ინფორმაციის შემცველი ეს ტექსტი, მოციქულის მოღვაწეობიდან 700 წელზე მეტი ხსნის შემდეგ არის დაწერილი. მიუხედავად ამისა, ეს მთავარ წყაროდ რჩება ქრისტიანობასთან უძველესი კავშირის დასადასტურებლად. იხ. მაგ. ი. ბიბილეიშვილი და ნ.მგელაძე  „პირველად დიდ აჭარაში“ , აჭარა, 104-105, 2000

[4]რ.ჯ. სუნი, „ერის შექმნის პროცესი“, Bloomington: Indiana  University  Press,  1994,  გვ. 47

[5]იხ. ვ. ალენი, „ქართული საზღვრები“, „გეოგრაფიული ჟურნალი“, ტ.74, 1929, გვ. 135-156;  ვ. ალენი და პ. მურატოვი „ კავკასიური ბრძოლის ველი: ომები თურქეთ-კავკასიის საზღვარზე 1828-1921 წლებში“,Nashville: Battery Press, 1953, გვ. 9

[6]ე. მეირენგ-მიქაძე  „ისლამი აჭარაში:  ისტორიის ტრაექტორია და თანამედროვე შედეგები“, „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და თურქულ-ირანული სამყაროს შესახებ“, ტ.27, 1999, გვ. 241-261.

[7]ზაქარია ჭიჭინაძის მიერ მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულებში შეგროვებული ზეპირი წყაროების თანახმად, იხ. „ქართველების გამუსლიმება ანუ ქართველების გათათრება“, თბილისი, 1915.

[8]ე. მეირენგ-მიქაძე  „ისლამი აჭარაში:  ისტორიის ტრაექტორია და თანამედროვე შედეგები“, „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და თურქულ-ირანული სამყაროს შესახებ“, ტ.27, 1999, გვ. 247.

[9]გ. ყაზბეგი, „სამი თვე თურქეთის საქართველოში“, ბათუმი, გამომცემლობა აჭარა, 1995 (პირველი გამოცემა 1875).

[10]ვ. ა. პოტო,  „სამი ძველი ლაშქრობა: საომარი მოქმედებების შესახებ ბათუმის ოლქში“, წიგნში: „ბათუმი და მისი შემოგარენი“, ბათუმი, 1912, გვ. 120, 128, 140.

[11]ვ. ა. პოტო,  „სამი ძველი ლაშქრობა: საომარი მოქმედებების შესახებ ბათუმის ოლქში“, წიგნში: „ბათუმი და მისი შემოგარენი“, ბათუმი, 1912, გვ. 166.

[12]ვ. ალენი და პ. მურატოვი „ კავკასიური ბრძოლის ველი: ომები თურქეთ-კავკასიის საზღვარზე 1828-1921 წლებში“,Nashville: Battery Press, 1953, გვ. 214.

[13]Голос,  5 თებერვალი, 1879 წელი, N36, გადაბეჭდილია: ვ. მეგრელაძე, „აჭარის წარსულიდან“ (მუჰაჯირობა 1878-1882 წლებში), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, გვ.84-87.

[14]ემიგრაციის მასშტაბები აღწერილია რუსი მოხელეების მიერ, რომელიც აჭარას აღწერდნენ როგორც თითქმის დაცარიელებულ, გაუდაბნოებულ, თუმცა ძალიან ანყოფიერ მიწას, ნ.შეილცი, „1882 წელს კავკასიური პროვინციების სტატისტიკური მიმოხილვა“, „რუსული მიმოხილვა“ N24, 1884, გვ446.

[15]Голос, 27 ივნისი, 1879 წლის N176, გადაბეჭდილია: ვ. მეგრელაძე, „აჭარის წარსულიდან“ (მუჰაჯირობა 1878-1882 წლებში), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, გვ.87-88.

[16]ვ. მეგრელიძე „აჭარის წარსულიდან“ ციტ. გვ. 81-83.  სტამბულში ცირკულარული მიგრაციით ჩადიოდნენ ოსმალეთის მრავალი რეგიონიდან, მიგრანტებს საქმიანობის განსაზღვრული ნიშა ჰქონდათ, დ. ქუიტერტი „IV ნაწილი. რეფორმების ხანა, 1812-1914 წლები: „ოსმალეთის იმპერიის სოციალური და ეკონომიკური ისტორია“, ტ.2, 1600–1914, eds Faroqhi et al., Cambridge: Cambridge University Press, 1993, გვ 787.

[17]Голос,  5 თებერვალი, 1879 წელი, N36, გადაბეჭდილია: ვ. მეგრელაძე, „აჭარის წარსულიდან“ (მუჰაჯირობა 1878-1882 წლებში), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, გვ.84-87.

[18]Голос,  21 აგვისტო, 1880 წელი, N230, გადაბეჭდილია: ვ. მეგრელაძე, „აჭარის წარსულიდან“ (მუჰაჯირობა 1878-1882 წლებში), თბილისი, გამომცემლობა მეცნიერება, გვ.91-93.

[19]ხ. ახვლედიანი, „აჭარის მოკლე ისტორიული მიმოხილვა“, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, 1941, გვ.16.

[20]ვ. ჭანტურია, „ისლამური განათლების სისტემა“, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, რუსეთის სერია, ტ.20, 1934, გვ 4

[21]იქვე, იხ. ასევე: აჭარის ცენტრალური არქივი: „მუსლიმური სასწავლებლების გახსნის შესახებ“, ფ(1)-13c/ არ.751, 1916–1917.

[22]აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დადგენის მიზეზი პირდაპირ იყო დაკავშირებული თურქულ-საბჭოურ სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგთან და არა აჭარის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობასთან.

[23]განმარტება „დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან“ 1926, ტ.1, გვ.381, გულისხმობს ამ პრინციპს: „ავტონომიურ რესპუბლიკებს ქმნიან ის ერები, რომლებიც არ არიან იმ მნიშვნელობის/ზომის, რომ შექმნან საბჭოთა რესპუბლიკები.

[24]ეს იყო საბჭოთა კავშირის ზოგადი პოლიტიკის ნაწილი. როგორც ზინკევიჩი აღნიშნავს ერების შერწყმის პროცესმა „აღიარებული ერების“ რაოდენობა დაახლოებით სამასიდან ასამდე შეამცირა, ს.ზინკევიჩი, „საბჭოთა მითოლოგიზირებული წარმოდგენები ეროვნების საკითხის შესახებ“.

[25]სავარაუდოდ აჭარისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებას ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ ქართველი კომუნისტები და ეს საკითხი გადაწყდა მხოლოდ პირადად სტალინის ჩარევის შედეგად. მურად ჩავლეიშვილი, „აჭარის ავტონომიის საკითხზე“, საბჭოთა აჭარა,21 ივლისი, 1989.

[26]აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1950-იან წლებამდე პირველი მდივნის თანამდებობაზე არც ერთი წარმოშობით აჭარელი არ დანიშნულა და მხოლოდ 1960-იანი წლებიდან გახდნენ აჭარლების ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური ელიტის ნაწილი. დ. დარჩიაშვილი, „აჭარა -  ცივილიზაციების გზაჯვარედინი, გამოუქვეყნებელი, 1996.

[27]იხ. მაგალითად ჯ. ანდერსონი, რომელიც სწორედ ამგვარად ხსნის ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შორის მეჩეთების დახურვის შესახებ გადაწყვეტილებებს შორის დიდი განსხვავებას. ის მიიჩნევს, რომ უზბეკი და ტაჯიკი ხელმძღვანელები უფრო ენთუზიაზმით ასრულებდნენ ამ ბრძანებას, ვიდრე მათი ყაზახი და ყირგიზი კოლეგები. ჯ. ანდერსონი, „ისლამი საბჭოთა არქივებში: კვლევის ჩანაწერი“, ცენტრალური აზიის კვლევები, ტ.13,  N3, 1994, გვ. 383.

[28]გ.მ. დერლუგიანი, „ორი კურორტის ზღაპარი: აფხაზეთი და აჭარა საბჭოთა კავშირის დაშლამდე და შემდგომ“, გვ. საერთაშორისო და ტერიტორიული კვლევები, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი, 1995, გვ. 33.

[29]გ. სანიკიძე, „ისლამი და მუსლიმები თანამედროვე საქართველოში“, აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობათა კვლევის საერთაშორისო ცენტრი, 1991, გვ.16-17.

[30]ე. მეირენგ-მიქაძე  „ისლამი აჭარაში:  ისტორიის ტრაექტორია და თანამედროვე შედეგები“, „აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის და თურქულ-ირანული სამყაროს შესახებ“, ტ.27, 1999, გვ. 245-246.

[31]ა. ბირინა, „საქართველოს სსრ: ეკონომიკური და გეოგრაფიული მახასიათებლები“, მოსკოვი, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1956, გვ.328. ასევე, იხ. ჟღენტი, რომელიც თავის მოცულობით ნაშრომს ამ სიტყვებით იწყებს: „თურქული დაპყრობების პერიოდი წარმოადგენს საქართველოს ისტორიის ყველაზე სისხლიან პერიოდს“. ს.ჟღენტი, „თურქული აგრესია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში,მასალები“, აჭარის სახელმწიფო მუეზუმი, რუსული სექცია, N82, 1956, გვ.1.

[32]შ. ჯაფარიძე, „თურქთა ბატონობის დროინდელი სოციალ-ეკონომიკური ცხოვრების ზოგიერთი საკითხი“, „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის კულტურის და ყოფის საკითხები“, ტ.1, 1973, გვ.101-115.

[33]ხ. ახვლედიანი, „აჭარის მოკლე ისტორიული მიმოხილვა“, აჭარის სახელმწიფო მუზეუმი, 1941, გვ.14.

[34]გაზეთი „კომუნისტი“, 22 აპრილი, 1986,  ციტირებულია ე. ფიულერი „ისლამი აჭარაში“,  რადიო თავისუფლება, ტ. 221, N. 86, 1986, გვ. 1–4.

[35]გაზეთი „საბჭოთა აჭარა“, 22 იანვარი 1986. ხალვაში აჭარის მწერალთა კავშირის დიდი ხნის თავმჯდომარეა. ისლამის შესახებ მისი შეხედულებები პროვოცირებულია, რადგან ის წარმოშობით ზემო აჭარიდანაა, სადაც კვლავ ძლიერი ისლამის გავლენა. მისი გაქრისტიანება (2000 წლის მარტი) ფართოდ გააშუქა ეროვნულმა მედიამ.

[36]ფ. ხალვაში „შეიძლება თუ არა მუსლიმი იყოს ქართველი?“ ბათუმი: გამომცემლობა აჭარა, 1994, გვ.14.

[37]ხულოს მედრესეს დაახლოებით 45 მოსწავლე ჰყავდა. მასწავლებლები სასულიერო განათლება მიიღეს თურქეთში.

[38]ამის შესახებ მიამბო აჭარის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა ყოფილმა დეპუტატმა.

[39]1992 წელს მრავალ ათასიანი აქცია მოეწყო ბათუმში აჭარის ავტონომიის სტატუსის გაუქმების წინააღმდეგ. აქციაზე შეკრებული მუსლიმები ასევე აპროტსტებდნენ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც აჭარის გაქრისტიანებისკენ იყო მიმართული. აქციის შემდეგ ასლან აბაშიძის უფლებამოსილება და ფაქტობრივი ძალაუფლება გაიზარდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ აბაშიძემ თავად მოაწყო ეს „თვითნებური“ აქციები. იხ. ჯ.ჰილი, „ადგილობრივი მბრძანებლის დაინტერესება ძალადობის შენარჩუნებით.“ნაშრომი, წარმოდგენილი იქნა საზოგადოებათა შესწავლის ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ – იორკი, 2000 წლის აპრილი , გვ.9–10.

[40]ამას მუსლიმების მხრიდან აბაშიძის მხარდაჭრის შემცირება არ გამოუწვევია. უფრო მეტიც, მუსლიმები (მათ შორის კრიტიკულად განწყობილ სასულიერო პირები) უკეთეს არჩევანი არც ჰქონდათ, რადგან სხვა პოლიტიკური პარტიები კიდევ უფრო იყვნენ გადახრილი ქრისტიანობისკენ.

[41]ხულოში ტაძრის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი შემოწირულობები გაიღო ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორმა, სავარაუდოდ ასლან აბაშიძის შუამდგომლობით. ინტერვიუ მამა მირიანთან, 26 მაისი 2000, იხ. ასევე „აჭარა“  15 აპრილი 1998.

[42]საინტერესოა, რომ საგაზეთო სტატიებში ეკლესიის წარმომადგენლები ასლან აბაშიძეს მადლობას უხდიან აჭარის ერთი რელიგიის ქვეშ გაერთიანებისთვის. „აჭარა“, 14 სექტემბერი, 1994.

[43]მონაცემები ეყრდნობა სასწავლო პროგრამას და სასწავლებლის თანამშრომლებთან ინტერვიუებს.

[44]გ.მ