რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატის მქონე ინსტიტუციები, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებობენ და ლაბილური მანდატის მიუხედავად, რეალურად რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის ფუნქციას ასრულებენ. იმ ევროპული ქვეყნების (გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის) გამოცდილების ანალიზი, რომელსაც სააგენტო თავისი როლისა და მნიშვნელობის დასაბუთებისთვის იყენებს, აჩვენებს, რომ მისი მანდატი, კომპეტენცია და საქმიანობის სტრატეგია არსებითად განსხვავდება მათგან. აღნიშნული ქვეყნების რელიგიის თავისუფლებაზე მომუშავე უწყებებისგან განსხვავებით, სააგენტოს გარე ლეგიტიმურობის, დამოუკიდებლობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესის ჰორიზონტალურობის პრობლემა აქვს. ამასთან, სააგენტო ნაკლებად არის ორიენტირებული რელიგიის თავისუფლების, პლურალიზმის, რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვისა და რელიგიური ჯგუფების ინტეგრაციის მიზნებზე;

მიუხედავად იმისა, რომ სააგენტო პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში ოპერირებს და პროცესებზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზეგავლენის რესურსი უნდა ჰქონდეს, უწყებამ ვერ შეძლო რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დავებისა და პრობლემების გადაწყვეტა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობაზე უნდა მიუთითებდეს;

სააგენტოს მიდგომა რელიგიის თავისუფლების საკითხების მიმართ, როგორც წესი, არაპროგრესულია და მის მიერ მომზადებული ანალიტიკური და სტრატეგიის დოკუმენტები თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის. მათ შორის, უწყების საქმიანობაში იკვეთება რელიგიური ორგანიზაციების იერარქიზების, უსაფრთხოებასა და კონტროლზე დაფუძნებული მიდგომის გაძლიერების მცდელობა;

მანდატში კვლევითი ფუნქციების დომინირების მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო არ ეწევა რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის სრულყოფილ დოკუმენტირებასა და კვლევას. მეტიც, სააგენტომ სათანადოდ არ შეაფასა რელიგიის თავისუფლების მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევები და რელიგიური შეუწყნარებლობისა და სოციალური გაუცხოების კონტექსტების იდენტიფიცირება არ მოახდინა. იგნორირების პოლიტიკის გამო, რელიგიის თავისუფლების დარღვევის სერიოზული შემთხვევები ამ დრომდე არ არის გადაწყვეტილი;

სააგენტოს საქმიანობაში იკვეთება მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში სახელმწიფოს ჩარევისა და კონტროლის მცდელობები, რაც ხელს უწყობს მუსლიმ თემსა და ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოების ზრდას და აღრმავებს თემის მარგინალიზაციას;

ოთხი რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსების, ასევე საკულტო ნაგებობის მშენებლობისა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დავის გადაწყვეტის პოლიტიკას სააგენტო არაეფექტიანად, სეკულარიზმისა და ადამიანის უფლებების სტანდარტების დარღვევით ახორციელებს, რაც რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიაში ინტერვენციისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიზების რისკს შეიცავს;

რელიგიისა და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობის გაძლიერების დეკლარირების მიუხედავად, სააგენტოს რეალურად არ გააჩნია რელიგიური ექსტრემიზმის პრევენციის სტრატეგია და გეგმა. მეტიც, რელიგიური ორგანიზაციების, განსაკუთრებით კი მუსლიმური ორგანიზაციების უხეში კონტროლის, ცალკეული რელიგიური ჯგუფების არაღიარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის უგულებელყოფის სახელმწიფო პოლიტიკა ხელს უწყობს რელიგიური ჯგუფების ექსკლუზიას, გაუცხოებასა და შესაძლო რადიკალიზებას.

გაეცანით სტატიის სრულ ვერსიას ⇓

მიმოხილვა მომზადებულია კვლევის მიხედვით: EMC-ის მომზადებული კვლევა რელიგიის თავისუფლება – სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის კრიტიკა.

ნახვა

გადმოწერა

რელიგიის-საკითხთა-სახელმწიფო-სააგენტოს-საქმიანობა.pdf