წლების განმავლობაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად სასამართლოში საქმეთა განხილვის სტატისტიკა გამოიყენებოდა. 2013 წლამდე, მედიისთვის დახურული სასამართლო პროცესების ფონზე, საქმეთა განხილვის მაჩვენებლები, ქმნიდა ზოგად წარმოდგენას რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო სისტემა ხელისუფლების სხვა შტოების გავლენებისგან. სასამართლოზე გავლენების შეფასებისას, განსაკუთრებული ყურადღება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის მაჩვენებლებზე, მიღებულ გამამართლებელ და გამამტყუნებელ განაჩენებზე, მახვილდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული გამამართლებელი/გამამტყუნებელი განაჩენების რიცხვი მართლმსაჯულების სისტემის შეფასებისთვის, არასაკმარის და არასანდო მონაცემს წარმოადგენს, უკიდურესად დაბალი გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა, სისტემის სხვა გამოწვევებთან ერთად, თავისთავად ქმნიდა ავთენტურ სურათს სასამართლოს სისტემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევების ხასიათი, მასშტაბები და ბუნება არსებითად შეცვლილია, სასამართლოს დამოუკიდებლობის დემონსტრირებისთვის ხშირად მიუთითებენ გამამართლებელი განაჩენების რიცხვის ზრდაზე. გამამართლებელი განაჩენების მკვეთრ ზრდას, ადასტურებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემებიც, რომლებიც ვებგვერდზე ყოველწლიურად ქვეყნდება. 2010 წელთან შედარებით (8 გამართლებული), 2017 წელს დაახლოებით 30-ჯერ მეტი პირი გამართლდა (235 პირი).

სტატისტიკური მაჩვენებლების ცვლილებაზე განგრძობადი დაკვირვება მნიშვნელოვანია, თუმცა საჭიროა სტატისტიკა გააზრებული იყოს სხვა მონაცემებთან ერთად, რომლებიც კიდევ უფრო გამართული ინსტრუმენტების გამოყენებით არის დოკუმენტირებული. სხვა შემთხვევაში, სტატისტიკა გახდება შეცდომაში შემყვანი, როგორც თავად სასამართლო სისტემისთვის, ისე სასამართლოს რეფორმაზე მომუშავე ჯგუფებისა და ფართო საზოგადოებისთვის.

გამამრთლებელი განაჩენების სტატისტიკასთან ერთად, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროს შეფასებისას, საჭიროა ერთობლიობაში გაანალიზდეს:

  • სისხლის სამართლის საქმეთა ზოგადი რაოდენობა, ზრდის/კლების მაჩვენებლები;
  • აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების სტატისტიკა;
  • საგამოძიებო მოქმედებების “დაკანონების” პროცესი;
  • საპროცესო შეთანხმებების გამოყენების სტატისტიკა;
  • დაკავებულთა და პატიმართა მდგომარეობა საპატიმრო დაწესებულებებში;
  • მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლებები, რაც გავლენას ახდენს სისხლის სამართლის საქემთა განხილვის პროცესზე და შესაბამისად, სტატისტიკაზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქმეთა გამოძიების და პროკურატურის მიერ სასამართლოში გაგზავნილი საქმეების დასაბუთებულობის შესწავლა. გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკის გაანალიზებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შეფასებას, რამდენად შედის პროკურატურა სასამართლოში დასაბუთებული შუამდგომლობებით და საკმარისი მტკიცებულებებით.

იზოლირებულად, მხოლოდ გამამრთლებელი განაჩენების რიცხვზე დაყრდნობით სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის შეფასება, მართლმსაჯულების ორგანოებს აძლევს შესაძლებლობას და ქმნის დაინტერესების რისკს, რომ სტატისტიკით მანიპულირება მოხდეს. დღეს, როდესაც სასამართლოს მიმართ მთავარი კრიტიკა უკავშირდება სისტემის შიგნით არსებულ გავლენიან ჯგუფებს, კორუფციულ რისკებსა და შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს, ცხადია სტატისტიკურ მონაცემებს კიდევ უფრო მეტად სჭირდება გადამოწმება. შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში, სტატისტიკური მონაცემები განსაკუთრებით არასანდო ხდება, ვინაიდან სურათი არ არის ერთგვაროვანი, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი არათანმიმდევრული და არასტაბილურია, რაც შესაბამისად აისახება სტატისტიკურ მაჩვენებლებზეც.

ანალიტიკური დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ⇓

ნახვა

გადმოწერა

გამამართლებელი_განაჩენების_სტატისტიკა_1525103391.pdf