ავტორი: ჰომა ჰუდფარი

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ჩუბინიძემ

 

მუსლიმი ქალები, ზოგადად, და ახლოაღმოსავლელი და ჩრდილოაფრიკელი ქალები, კერძოდ, უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში რჩებოდნენ.  ასევე უყოყმანოდ შემიძლია აღვნიშნო, რომ საბურველი და მუსლიმი ქალების ჩაგვრა იყო ის საკითხი, რომელზე საუბარი და მსჯელობა, ბევრჯერ უნებლიეთ, დასავლურ სამყაროში (უმეტესად დიდ ბრიტანეთსა და კანადაში) ჩემი ცხოვრების ოცი წლის განმავლობაში, ყველაზე ხშირად მიწევდა. როდესაც თეთრ/ევროპული წარმოშობის ადამიანს ვხვდები, რეგულარულად აღმოვაჩენ ხოლმე, რომ როგორც კი ისინი ჩემი მუსლიმობის/ახლოაღმოსავლელობის/ირანელობის შესახებ იგებენ, საბურველი ძალიან სწრაფად იქცევა ხოლმე საუბრის მთავარ თემად. ეს სცენარი ყველგან მეორდება: მატარებლებში, საყიდლებზე, სამრეცხაოებში, უნივერსიტეტის კამპუსებსა და წვეულებებზე. ამ დაინტერესებული თანამოსაუბრეების ცოდნის სპექტრი ცვალებადია: ზოგი გულწრფელად აღიარებს ისლამის და ისლამური კულტურების ან ახლოაღმოსავლური საზოგადოებების შესახებ თავიანთ სრულ უმეცრებას; სხვები თავიანთ მტკიცებებსა და მოსაზრებებს ახლო აღმოსავლეთში მყოფ კოლონიურ არმიებში მსახურობის გამოცდილებებზე ან 1960-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის გავლით ინდოეთში მოგზაურობებზე აფუძნებენ;  ზოგი კი ფილმებსა და რომანებზე მიუთითებს. რაც განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება, ისაა, რომ მიუხედავად საკითხში ჩაუხედაობის აღიარებისა, თითქმის ყველა, ვისაც შევხვდი, მტკიცე თავდაჯერებულობით აღნიშნავს, რომ ქალებს განსაკუთრებულად რთული ცხოვრება აქვთ მუსლიმურ კულტურებში. ხანდახან დასავლელი არამუსლიმი ქალები მეუბნებიან, რომ ბედნიერები არიან, მათ საზოგადოებაში რომ ვცხოვრობ და არა ჩემსაში, რადგან, რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების წესი მათი მსგავსია, შესაბამისად, მას მერე, რაც დასავლურ წესს შევეჩვიე, ჰარამხანაში ვეღარასოდეს დავბრუნდები!

წლების განმავლობაში, მრავალი ტკივილისა და იმედგაცრუების ფონზე, ვცდილობდი  ახსნას, რომ მუსლიმი ქალების შესახებ ბევრი დაშვება მცდარი იყო და კოლონიალურ ძალთა რასიზმსა და მიკერძოებულობას ეფუძნებოდა. ამას ვაკეთებდი მუსლიმი ქალების (ისევე როგორც სხვა მრავალი ქვეყნის, მათ შორის, დასავლელი ქალების) წინააღმდეგ აღმართული პატრიარქალური წინაღობების დაცვის ან უარყოფის გარეშე. დიდი ძალისხმევის გაღება დამჭირდა, რათა მაგალითებით მეჩვენებინა ის მრავალი არასწორი დასავლური წარმოდგენა, რომელიც არადასავლური კულტურების წინააღმდეგ არსებობს. მაგალითად, კვლევისას აღმოვაჩინე, რომ სოციალური მეცნიერები ხშირად ვერ ახერხებენ სწორი შედარებების გაკეთებას. სამხრეთელი, წერა-კითხვის უცოდინარი, ღარიბი, გლეხი ქალის გამოცდილებას, ღიად თუ ფარულად, დასავლური საზოგადოებების განათლებული საშუალო და მაღალი კლასის ქალებისას ადარებენ.[i] ვერ ახერხებს რა არადასავლური საზოგადოებების კონტექსტის გააზრებას, მრავალი მკვლევარი უბრალოდ უშვებს, რომ ის, რაც კარგია დასავლელი საშუალო კლასის ქალისთვის, კარგია ყველა სხვა ქალისთვისაც.[ii] სამწუხაროა, რომ უმრავლეს შემთხვევაში, თანამოსაუბრეები მისმენენ, მაგრამ ჩემი არ ესმით. ხოლო საუბრის ბოლოს, ისევ თავდაპირველ წარმოდგენებს იმეორებენ, თითქოს მსჯელობა სრულიად უმნიშვნელოიყო. ბოლო დროს კი ისინი ახალ ხერხს მიმართავენ ჩემს დასადუმებლად და მე ისლამის დამცველად განმიხილავენ, ეს კი, არგუმენტირებულ მსჯელობას ხშირად წინასწარვე გამორიცხავს.

ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილებები უნიკალური იყო და იმ წრეებში ტრიალით გამოწვეული, რომლებსაც მუსლიმურ საზოგადოებებსა და კულტურებთან მცირე შეხება ან მათ შესახებ მწირი ცოდნა ჰქონდათ. თუმცა, კანადის საგანმანათლებლო ინსტიტუტებსა და სამუშაო ბაზარში მუსლიმ ქალთა ინტეგრაციის საკითხის კვლევისას, რომელმაც მრავალ ახალგაზრდა მუსლიმ ქალთან დამაკავშირა, აღმოვაჩინე, რომ დომინანტური ჯგუფისგან წამოსული ეს რეაქციები უფრო ფართოდ ყოფილა გავრცელებული, ვიდრე მეგონა. მეტიც, მუსლიმი თემი, კერძოდ, საბურველის მატარებელი ქალები, იწვნევენ ამ წარმოდგენების ფსიქოლოგიურ და სოციო-ეკონომიკურ შედეგებს. ამ გარემოებამ კანადაში ბრაზისა და იმედგაცრუების მაღალი ხარისხი წარმოშვა, როგორც პასუხი მუსლიმი ქალების წინააღმდეგ მიზანმიმართულ რასიზმსა და იმ სურვილის არქონაზე, რომ  მიუხედავად მრავალი მაგალითისა, უკან მოეტოვებინათ პასიური მუსლიმი ქალების შესახებ არსებული კოლონიური წარმოდგენები. საბურველის ტარების გაიგივება უმეცრებასა და ჩაგვრასთან, ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა მუსლიმმა ქალებმა განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გასწიონ, რათა თავი დაიმკვიდრონ მოაზროვნე, გონიერ, განათლებულ სტუდენტებად/ინდივიდებად, როგორც სასწავლო სივრცეებში, ისე მათ მიღმა.

ამ ესეში, მე ვეყრდნობი ისტორიულ წყაროებს, კანადაში მცხოვრებ ახალგაზრდა მუსლიმ ქალებთან ჩატარებული ჩემი კვლევის მონაცემებს, ასევე, საკუთარ, როგორც ირანული წარმოშობის თავდაუფარავი მუსლიმი ქალის გამოცდილებას. ვამტკიცებ, რომ საბურველი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, დასავლეთისთვის მუსლიმური კულტურების დაბალი განვითარების სიმბოლოს წარმოადგენდა, კვლავ მძლავრ სიმბოლოდ რჩება როგორც დასავლეთისთვის, ისე მუსლიმური საზოგადოებებისთვის. მაშინ როცა დასავლელებისთვის მისი მნიშვნელობა სტატიკური და უცვლელი რჩება, მუსლიმურ კულტურებში საბურველის ფუნქცია და სოციალური მნიშვნელობა რადიკალურად იცვლებოდა, განსაკუთრებით, სწრაფი სოციალური ცვლილებების პერიოდში. საბურველით შემოსვა ცოცხალი გამოცდილებაა, სავსე წინააღმდეგობებითა და მრავალგვარი მნიშვნელობით. მიუხედავად იმისა, რომ ის ცალსახად წარმოადგენდა პატრიარქატის მსახურ მექანიზმს, ქალთა ცხოვრების რეგულირებისა და კონტროლის საშუალებას, ქალები იმავე სოციალურ ინსტიტუტებს პატრიარქალური ვალდებულებებისაგან გასათავისუფლებლად იყენებდნენ. მუსლიმი ქალები, ისევე როგორც სხვა ქალები, სოციალური აქტორები არიან; ისინი იყენებენ, გარდაქმნიან და ცვლიან არსებულ სოციალურ ინსტიტუტებს, ხშირად – შემოქმედებითად, თავიანთი მიზნების სასარგებლოდ. ამგვარად, დაჩაგრული, საბურველიანი მუსლიმი ქალის სტატიკური კოლონიური წარმოდგენა, ხშირად, საბურველის ტარების რეალური გამოცდილების სრულიად საპირისპიროა. ამის უარყოფა მუსლიმი ქალების აგენტობის უარყოფაა.

საბურველსა და მის მატარებელ ქალებზე მცდარი წარმოდგენებისა და არასწორი ინტერპრეტაციების შენარჩუნებას რამდენიმე შედეგი აქვს არა მხოლოდ მუსლიმი, არამედ დასავლელი ქალებისთვისაც. აღმოსავლელ მუსლიმ ქალებზე, უმეტესად კაცების მიერ, შექმნილი წარმოდგენები იმ მექანიზმის ფუნქციას ასრულებენ, რომლითაც დომინანტური დასავლური კულტურები თავიანთი აღმატებულობის შესახებ რწმენას კვლავაწარმოებენ და ამყარებენ. მუსლიმური თემებისა და საზოგადოებებისთვის კოლონიური და რასისტული გამოხმაურებები ნიშნავს იმას, რომ მუსლიმებმა ყოველთვის უნდა გააგრძელონ ბრძოლა თავიანთი კულტურული და პოლიტიკური იდენტობების დასაცავად.  ამ გარემოებაში, მრავალი მუსლიმი ქალისთვის, რომლებიც თავიანთი თემებისა და საზოგადოებების იმედგაცრუებებს იზიარებენ, კიდევ უფრო რთული ხდება, თავიანთ თემებში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ საბურველის არსი და მისი გამოყენება. ამავდროულად, მუსლიმ ქალებზე არსებული უარყოფითი წარმოდგენები მუდმივად მოწოდებულია ისეთ ფაქტად, რომელიც ევროპელ და ჩრდილოამერიკელ ქალებს თავიანთ შედარებით უკეთეს ბედს შეახსენებს, – ამაში ჩადებულია გაფრთხილება, მოზომონ სოციალური და სამართლებრივი თანასწორობის „ზედმეტი“ მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, ძალიან ხშირად, დასავლელი ფემინისტები უკრიტიკოდ იზიარებენ გაბატონებულ კაცზესწორებულ მიდგომებს სხვა კულტურების მიმართ და ვერ ახერხებენ დაინახონ,  რომ, საბოლოო ანგარიშით, ამით პატრიარქატს ემსახურებიან.[iii] რაც მთავარია, დასავლელი ფემინისტების მარცხი, კრიტიკულად გაიზრონ კოლონიური, რასისტული და კაცზესწორებული წარმოდგენები არადასავლურ კულტურებს მიკუთვნებული ქალების შესახებ,  მუსლიმ ქალებს სექსიზმთან და რასიზმთან ბრძოლებს შორის არჩევანის გაკეთებას აიძულებს. როგორც მუსლიმი ქალები ხშირად კითხულობენ, შეიძლება კი რასიზმის გამოყენება სექსიზმთან ბრძოლაში?

კოლონიურ პრაქტიკებსა და დისკურსებში საბურველის სოციალური და იდეოლოგიური კონსტრუქტის უცვლელობის  და მისგან განსხვავებული  რეალური გამოცდილების საჩვენებლად, პირველ რიგში, მოკლედ მიმოვიხილავ საბურველის ისტორიას და მის რეპრეზენტაციას დასავლეთში. შემდეგ, ირანში საბურველისგან განმოსვისა და ხელახალი შემოსვის ზოგიერთი შედეგის განხილვით, ვაჩვენებ იმ ფასს, რომლის გადახდა მოუწიათ ირანელ ქალებს იმ განზოგადებული და დაუსაბუთებელი წარმოდგენების გამო, რაც საბურველს არსებითად მჩაგვრელა პრაქტიკად სახავს, ხოლო მის მოხსნას – თავისთავად განმათავისუფლებელ მოვლენად. შემდგომ, განვიხილავ ჩემს რამდენიმე მიგნებას, კანადური საზოგადოების კონტექსტში, საბურველის რეპრეზენტაციასა და მის გამოყენებაზე, მისი შედეგების გავლენას ახალგაზრდა მუსლიმი ქალების ცხოვრებაზე მათსავე თემებში და ურთიერთობებზე სხვა ქალებთან, კერძოდ, ფემინისტებთან. ვაჩვენებ, თუ როგორ უშლის ხელს დასავლელ და აღმოსავლელ ქალებზე არსებული კაცზესწორებული წარმოდგენები და სტერეოტიპები ქალებს, მეტი ისწავლონ ერთმანეთის შესახებ და ერთმანეთისგან, რაც ასევე ასუსტებს ჩვენს ბრძოლას პატრიარქატისა და დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

 

სრულად თარგმანს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ნახვა

გადმოწერა

ჰომა_ჰუდფარი_1583655108.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] წაიკითხეთ: M. Lazreg, "Feminism and Difference: The Perils of Writing as a Woman on Women in Algeria," Feminist Studies 14, no. I (1988): 81-107.

[ii] Judy Mabro, Veiled Half-Truths: Western Travellers' Perceptions of Middle Eastern Women (London: I. B. Tauris, 1991); Rana Kabbani, Europe's Myths of the Orient (Bloomington: Indiana University Press, 1986); Malek Alloula, The Colonial Harem (Minneapolis: University of Minnesota Press, 1986).

[iii] Sherene Razack, "What Is to Be Gained by Looking White People in the Eye? Culture, Race, and Gender in Cases of Sexual Violence," Signs 19, no. 4 (1994): 894-92 3.