წლების განმავლობაში მოქმედი არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის სფეროში გარდამტეხი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა განაპირობა. 2015 წლიდან მოყოლებული დღემდე, ნარკოტიკულ დანაშაულებზე დაწესებულ სასჯელთა ჰუმანიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარებული პრაქტიკის, მარიხუანის/კანაფის თუ სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და ფლობის თაობაზე მანამდე არსებული საკანონმდებლო მიდგომების ძირეული შეცვლის შედეგია.

ნარკოდანაშაულთა დასჯადობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა საერთო სასამართლოებიც დააყენა ნორმათა კონსტიტუციურ უფლებებთან შესაბამისი განმარტებების წინაშე. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბექა წიქარიშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, რომლითაც გაუქმდა თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობისთვის, გახშირდა საერთო სასამართლოების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის შემთხვევები. ამის მიუხედავად, საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციურ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და კონკრეტულ საქმეზე გამოსაყენებელი ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის პრაქტიკა მწირია.

სტატისტიკური მონაცემებით, საერთო სასამართლოების კონსტიტუციურ წარდგინებათა რიცხვი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინდივიდუალურ კონსტიტუციურ სარჩელთა მაჩვენებლებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლოს 959 სარჩელი და 70-მდე კონსტიტუციური წარდგინება აქვს დარეგისტრირებული. ამავე მონაცემების თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს საძიებო სისტემაში საერთო სასამართლოების 40-მდე წარდგინება იძებნება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამწუხაროდ, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული წარდგინებების უმეტესობა არ მიემართება ფუნდამენტურად ახალ საკითხებზე ნორმათა კონსტიტუციურობის შეფასებას, არამედ, მათი უმრავლესობა, საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე არსებული გადაწყვეტილებების თანმდევია და ამ გადაწყვეტილებებში მოყვანილი მიდგომების ტექნიკურ დაზუსტებას ემსახურება.

წინამდებარე სტატიის მიზანია, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების მაგალითზე, სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულად თუ მსჯავრდებულად ცნობილ პირთა პერსპექტივიდან წარმოაჩინოს საერთო სასამართლოების მიერ კონსტიტუციური წარდგინების ინსტიტუტის გამოყენების ხელშემშლელი ფაქტორები და საკანონმდებლო ხარვეზები, რაც შესაძლოა, ხსნიდეს საერთო სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების დროს კონსტიტუციური წარდგინების უმნიშვნელო როლს და სამართლებრივი დიალოგის არარსებობას საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის.

გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას⇓

ნახვა

გადმოწერა

ნარკოდანაშაულების_ანალიზი_1597398414.pdf