ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალის ნ.ხ.-ს ინტერესებს ეროვნულ სასამართლოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინააღმდეგ. საქმის მთავარ არსს წარმოადგენდა მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის შინ მოვლის მომსახურების განხორციელება, თუმცა ამგვარი პროგრამა მუნიციპალიტეტს არ გააჩნდა რის გამოც, მოპასუხე მხარე უარს ეუბნებოდა განმცხადებელს მომსახურების მიწოდებაზე. სარჩელით EMC ითხოვდა ეტლით მოსარგებლე, მარტოხელა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის მხრიდან შესაბამისი საჭიროების შესწავლის შემდგომ ფინანსური რესურსის გამოყოფას შინ მოვლის საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის დამხმარის დაქირავების მიზნით.

მოსარჩელე მოთხოვნის დასაბუთებისას ეყრდნობოდა ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციას და მიიჩნევდა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რამდენადაც ნ.ხ. დამოუკიდებლად ვერ ახერხებდა მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებასაც კი, როგორიცაა საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვება, საკვები პროდუქტის შეძენა, კომუნალური გადასახადების გადახდა და სხვა. შესაბამისი სერვისის არარსებობა შეუძლებელს ხდიდა მისი სასიცოცხლო საჭიროებების დაკმაყოფილებას და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასა და სეგრეგაციას განაპირობებდა.

საქმისწარმოების განმავლობაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა აპელირებდა მუნიციპალიტეტში ამგვარი პროგრამის („შინ მოვლის პროგრამა“) არარსებობაზე და ამის საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობაზე. შესაბამისად, საქმეში არსებითად მნიშვნელოვანი იყო, სასამართლოს ემსჯელა და დაედგინა უფლების რეალიზების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებების ფარგლები და ემსჯელა ამგვარი ტიპის მოთხოვნების საფუძვლიანობაზე, იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში წინასწარ არ იყო გათვალისწინებული შესაბამისი სახსრები.

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც EMC-ის მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის მოთხოვნა, გააუქმა როგორც ქვემდგომი სასამართლოს, ისე მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებები და საქმის თავიდან განხილვა დაავალა. სასამართლომ არ მიიჩნია დამაკმაყოფილებლად ადმინისტრაციული ორგანოს უარი და მითითება, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველი შესაძლოა იყოს მხოლოდ ამგვარი პროგრამის არარსებობა. სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას, კერძოდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას და დაადგინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები არიან აღჭურვილნი იმგვარი უფლებამოსილებებით, რაც აძლევს მათ საშუალებას მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

მნიშვნელოვანია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პოზიცია, რომ აღნიშნულ განცხადებაში დასმულ საკითხებზე მსჯელობა სცდებოდა თვითმმართველობის ორგანოს კომპეტენციას. მეტიც, სასამართლომ საკუთარ მსჯელობაში შემოიტანა პროგრესული რეალიზების პრინციპი და მიუთითა, რომ მსგავს საკითხებზე მსჯელობისას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებმა საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უნდა გამოარკვიოს განმცხადებლის საჭიროებები და ბიუჯეტი შესაბამისი საჭიროებების დაკმაყოფილების მიხედვით დაგეგმონ. სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს მიუთითა, რომ განცხადებაში დასმული საკითხის გარმოკვევისას მან უნდა გააანალიზოს სხვა მუნიციპალიტეტების მიდგომა შშმ პირთა მსგავსი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის, რომლებიც არიან მარტოხელები, ეტლით მოსარგებლეები და ყოფით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავების შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ კონვენციითა თუ ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებათა რეალიზაციაში სახელმწიფოს როლი ფუნდამენტურია, სწორედ ის უზრუნველყოფს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ამ პირებისათვის ხელსაყრელი გარემოსა თუ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. სასამართლო მიუთითებს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელებაზე უარი არ უნდა იყოს დამყარებული მხოლოდ თვითმმართველ ერთეულში შესაბამისი პროგრამების არარსებობის მტკიცებით. ასეთი უარი უნდა იყოს მყარი არგუმენტებით დასაბუთებული, რომელიც სარწმუნოს გახდის თვითმმართველი ერთეულის მხრიდან ასეთი პროგრამების განხორციელების შეუძლებლობას და მათი განუხორციელებლობის მიზეზებს.

მნიშვნელოვანია, რომ საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული სოციალური მხარდაჭერის პროგრამის არარსებობა არ შეიძლება გახდეს შშმ პირის კონკრკეტულ სოციალურ საჭიროების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც მნიშვნელოვანი განმარტებაა იმ პირობებში, როდესაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ხშირად დაუსაბუთებელ უარს ეუბნებიან ბენეფიციარებს მათ სოციალურ საჭიროებებზე ზოგადად ფინანსური რესურსების სიმწირის ან კონკრეტული პოლიტიკის არარსებობის გამო. როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას განავითარა მსჯელობა, რომლის თანახმადაც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე სოციალური პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა სოციალური პროგრამების შექმნას და ამოქმედებას გულისხმობს, მხოლოდ ამ პროგრამების შინაარსით არ ამოიწურება, ხოლო მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლების საჭიროების გაჩენისა და მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტს გააჩნია ვალდებულება შეისწავლოს იგი, განსაზღვროს მისი მასშტაბი და ისე დაგეგმოს საკუთარი ბიუჯეტი.

EMC-იმ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ახალი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა მოითხოვა, რაც ვიმედოვნებთ სრულად დაეფუძნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური უფლებების რეალიზებაზე სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს.