ფოტო: ნეტგაზეთი

EMC და საია ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო ღონისძიების შეფარდებას კრიტიკულად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება აჩვენებს შერჩევითი, პოლიტიკურად ნაკარნახევი მართლმსაჯულების ნიშნებს. ორგანიზაციები მოუწოდებენ პოლიტიკურ ლიდერებს, დაიწყონ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად და თავიდან აიცილონ საზოგადოების პოლარიზაცია, ვითარების კიდევ უფრო რადიკალიზება და ძალადობრივ რეჟიმში გადაყვანა.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე (ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის) პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის გამოყენების მთავარი არგუმენტი იყო მელიას მიერ მანამდე მისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პირობების დაუმორჩილებლობა და გირაოს გაზრდილი თანხის გადაუხდელობა, რითიც შესაძლოა საფრთხე შექმნოდა აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას სახელმწიფომ გამოიყენა ბოლო წლებისათვის უპრეცედენტო მასშტაბის საპოლიციო ძალა, რომლის შედეგადაც 275-მა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დაზიანება, მათ შორის - 187 სამოქალაქო პირი და 40-მდე ჟურნალისტი. დაზიანებები მიიღო პოლიციის ათეულობით თანამშრომელმაც. მიყენებული დაზიანებების გამო, ქირურგიული ჩარევა 28 პირს დასჭირდა. ასევე დადასტურებულია, რომ პოლიციის მხრიდან რეზინის ტყვიით გამოწვეული ტრავმის შედეგად, ორმა დემონსტრანტმა დაკარგა ცალი თვალი, რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

სამწუხაროდ, 20-21 ივნისის მოვლენები დღემდე არ არის სახელმწიფოს მიერ ეფექტიანად გამოძიებული და არ არის დადგენილი სამართალდამცავების, მათ შორის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა მანიფესტანტების წინააღმდეგ დისპროპორციული, დაუსაბუთებელი ძალის გამოყენებისთვის. ამ მოვლენებიდან თითქმის 20 თვის გასვლის მიუხედავად, დღემდე არ არის გამოკვეთილი, ვინ იღებდა გადაწყვეტილებებს საპოლიციო შენაერთების მართვასა და კონკრეტული იძულების ღონისძიებების გატარების თაობაზე. პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია შსს-ს მხოლოდ 3 თანამშრომლის მიმართ. სამწუხაროდ, დაშავებულ პირთა უმრავლესობას პროკურატურა ამ დრომდე დაუსაბუთებლად არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 27 დაზარალებულიდან (აქედან 11 ჟურნალისტია) ამ დროისთვის სტატუსი მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული.

ნიკა მელიას მიმართ მიმდინარე საქმის ქრონოლოგია და განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ გადაწყვეტილებები საქმეზე მიიღება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, რაც პროკურატურისა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების კიდევ ერთი გამოცდილებაა.

აგრეთვე ჩნდება კითხვები, ზოგადად რამდენად დასაბუთებული იყო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება. 17 თებერვალს გამართულ პროცესზე, საქმის პროკურორის მთავარი არგუმენტი, თუ რატომ უნდა იყოს გამოყენებული ბრალდების მიმართ პატიმრობა, იყო ნიკა მელიას დემონსტრაციული დაუმორჩილებლობა მანამდე მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების პირობებისადმი. თუმცა, პროკურორს არ წარმოუდგენია კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც დააკმაყოფილებდა ქართული კანონმდებლობით პატიმრობის გამოყენების წინაპირობებს. კერძოდ, პროკურორს არ უჩვენებია, რომ

  1. არსებობს ბრალდებულის მიმალვის და ამ გზით მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლის;
  2. მის მიერ მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელის შეშლის,
  3. ან ახალი დანაშაულის ჩადენის რისკები.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების პირობების დარღვევა მოქმედი კანონმდებლობით მისი უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის საფუძველია, თუმცა პატიმრობის ღონისძიების გამოყენება, რომელიც ადამიანის თავისუფლების ხელშეუხებლობაში ჩარევის მძიმე და უკანასკნელი მექანიზმია, მის კონსტიტუციურ გამართლებასა და სწორედ კონსტიტუციით დადგენილი ლეგიტიმური მიზნებისა და პირობების ზედმიწევნით შემოწმებას მოითხოვს. სათანადო საფუძვლების არსებობის გარეშე, მხოლოდ გირაოს გამოყენების პირობების დარღვევის საკითხი არ შეიძლება გახდეს პატიმრობის გამოყენების წინაპირობა. ამ საქმის კონტექსტის და ბრალდებული პირის ფიგურის გათვალისწინებით, აგრეთვე იმ გარემოებით, რომ გამოძიების დაწყებიდან თითქმის 20 თვეა გასული, ზემოთ ნახსენები საკანონმდებლო საფუძვლები კი ფაქტობრივად არ გვაქვს სახეზე, პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი ჩანს.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ მხარეს - სამწუხაროდ, საქმე კიდევ ერთხელ აჩვენებს წამყვანი პოლიტიკური ძალების უუნარობას, შექმნან დემოკრატიული, კონსტრუქციული დიალოგი. დარღვევებით ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდგომაც, ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება არსებული პოლიტიკური უკმაყოფილება და პოლარიზება რეალურად განემუხტა და პოლიტიკური ოპოზიციისთვის ძალაუფლების განაწილების, საზოგადოებისთვის კი დემოკრატიული რეფორმების ეფექტიანი გეგმა შემოეთავაზებინა. მეტიც, საერთაშორისო აქტორების მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში, ხელისუფლებამ კვლავ განაახლა პოლიტიკური ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული სხვა ფიგურების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებები. ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების მიერ არჩეული ბოიკოტის გზამ, და მათ შორის, ნიკა მელიას მხრიდან პოლიტიკურმა დაუმორჩილებლობამ, პოლიტიკური გარემოს რადიკალიზებას ასევე შეუწყო ხელი. ამ საქმეშიც, ქართულმა ოცნებამ ვერ შექმნა მოლოდინი და გარანტიები, რომ ვითარება კონსტიტუციურ-პოლიტიკური გზებით განემუხტა და ის ერთადერთ პოლიტიკურ ინსტრუმენტად კვლავაც სამართალდაცვით და სადამსჯელო ბერკეტს იყენებს. ხელისუფლების მხრიდან პოლიციის/პროკურატურის და სასამართლოს ინსტრუმენტალიზება პოლიტიკური კრიზისების საპასუხოდ, გარდა იმისა, რომ აჩვენებს ამ ინსტიტუტების პოლიტიზირების მძიმე შედეგებს, ის ავლენს ხელისუფლების უუნარობას, პოლიტიკური დიალოგის გზით დაძლიოს ქვეყანაში არსებული გამოწვევები. განგრძობადი პოლიტიკური კრიზისი არ ტოვებს სივრცეს იმ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ გამოწვევებზე მსჯელობისთვის რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რაც კიდევ უფრო აშორებს პოლიტიკის შინაარსს საზოგადოების არსებით საჭიროებებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ფონზე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:

საქართველოს ხელისუფლებას:

  • გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოიყენოს ყველა ზომა პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკების გზით გადაჭრისა და პროცესების დეესკალაციის მიზნით;
  • უზრუნველყოს 2019 წლის 20 ივნისს ადამიანის უფლებათა დარღვევის უმძიმესი შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება და შესაბამისი პირების, მათ შორის, აქციის დაშლაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირების დასჯა.

პოლიტიკურ პარტიებს:

  • გაიაზრონ პოლიტიკური გარემოს დერადიკალიზების და დეესკალაციის მნიშვნელობა და საზოგადოებაში არსებული მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური სტრატეგიები გამოიყენონ.

სამართალდამცავ უწყებებს:

  • არ გამოიყენონ ძალისმიერი მეთოდები ამ საქმეზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს შექმნილ სიტუაციას და მათ მიმართ საზოგადოებრივ ნდობას შეამცირებს.