ფოტოს წყარო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში (EUMM)

შესავალი

კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული კრიზისების მართვის მნიშვნელობა, ბოლო წლებია, კიდევ უფრო თვალნათელი გახდა. უფლებების სისტემურ დარღვევებზე რეაგირების შესაბამისი მექანიზმების არარსებობის პირობებში ინდივიდუალური ტრაგედიები ჩვენს საზოგადოებას უიმედობის განცდას უჩენს და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკასაც რეაქციულ რეჟიმში ამყოფებს. უფლების დარღვევის მძიმე საქმეები, მათ შორის არჩილ ტატუნაშვილის წამება და მკვლელობა, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ირაკლი კვარაცხელიას და დავით ბაშარულის ბუნდოვანებით მოცული სიცოცხლის ხელყოფის საქმეები, თამარ მეარაყიშვილის სამწლიანი დევნა და იზოლაცია, ცხინვალის ციხეში უფლებების დარღვევის მძიმე პრაქტიკები, ჟურნალისტი ირინა ქელეხსაევას დევნა, და სხვა მსგავსი მძიმე შემთხვევები, ერთი მხრივ, უმოქმედობის და უიმედობის აღქმას აძლიერებს, მეორე მხრივ კი არსებული პოლიტიკის გადახედვის და რადიკალური ცვლილებების საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ამის მიუხედავად, პოლიტიკურ წრეებში ახალი პოლიტიკური ალტერნატივებისა და დისკურსების შესახებ მსჯელობა არ მიმდინარეობს და კონფლიქტის ტრანფორმაციისა და იქ მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის საკითხები ქართული პოლიტიკის პრიორიტეტებში თითქოს არ ექცევა. ეს საკითხები ნაკლებად პრიორიტეტული ჩანს ხელისუფლების ყოველდღიურ მუშაობასა და პოლიტიკაშიც.

იზოლაცია და ჰუმანიტარული კრიზისები, გატაცებების და უკანონო დაკავებების გახშირებული შემთხვევები, de facto საზღვრების ჩაკეტვა და მიმოსვლის ხანგრძლივი შეზღუდვა, განათლების და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმიუწვდომლობა - ეს დღეს კონფლიქტის რეგიონებში მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის მოკლე და არასრული აღწერაა. უფლებრივი მდგომარეობის დამძიმების კვალდაკვალ მეტი კითხვა ჩნდება იმის შესახებ, თუ რატომ აღმოვჩნდით მოუმზადებელი ჰუმანიტარული კრიზისებისთვის, რა გეგმა არსებობს მათზე რეაგირებისთვის, რატომ არ მუშაობს უფლებების დაცვის მონიტორინგის და რეაგირების ადეკვატური მექანიზმები, რა პოლიტიკური საშუალებები იქმნებოდა და მოქმედებდა ამ დრომდე და რა გახდა მათი გაუქმების მიზეზი.

მძიმე დარღვევებზე, იზოლაციასა და კრიზისზე საპასუხოდ ხელისუფლების ერთადერთ ბერკეტს დღეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან განგაშის შექმნა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი წარმოადგენს. ცხადია, რომ ეს მექანიზმები არაეფექტიანია და შექმნილი ვითარების ცვლილებისა და კრიზისების მოგვარების ქმედით გზას არ წარმოადგენს.

წარმოადგენილი სტატიის მიზანია, ახსნას, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში ადამიანის უფლებების დაცვის, ასევე ჰუმანიტარული დახმარების დისკურსები და პრაქტიკები, რა ინიციატივები არსებობდა კონფლიქტის შემდგომ პერიოდში მოლაპარაკებების პროცესში და დღეს სად არის ეს პროცესი გაჩერებული. სტატიის მიზანია ვაჩვენოთ სამშვიდობო პოლიტიკაში არსებული ხარვეზები და ის გარდუვალობებიც, რომლებიც კონფლიქტის ტრანსფორმაციის და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის პროცესს ასუსტებდა.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის ფარგლებში: “კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მხარდაჭერა საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ ადამიანის უფლებების დისკურსის გაძლიერებით.“ პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

ნახვა

გადმოწერა

სამშვიდობო_პოლიტიკა_1603957990-1-17_1606223200.pdf