11 მარტს ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა. გთავაზობთ EMC-ს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ მიმოხილვას

სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტება

ანგარიშში მითითებულია რამდენიმე შემთხვევა, სადაც იკვეთებოდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თუ ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები. ანგარიშში სპეციალური ადგილი აქვს დათმობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს, რომელიც თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და მოულოდნელად აღმოჩნდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. აღნიშნულ საქმეზე წარმართული არაეფექტური გამოძიება არაერთხელ გახდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთების საგანი. ამავდროულად, ამ საქმეზე მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებამ (მაგალითად ვახტანგ გომელაურის ნათქვამმა, რომ „ზოგიერთ გამოძიებას არასდროს მოაქვს შედეგი“) უფრო მეტად გაამძაფრა ეჭვი ამ საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობის თაობაზე.

ამ საკითხთან დაკავშირებით დოკუმენტი ასევე ეყრდნობა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშს და მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის ოფისმა 92 წერილი მიიღო პოლიციელებისა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების შესახებ, საიდანაც 19-ზე წარიმართა გამოძიება (18 - უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება; 1 - შესაძლო არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა), თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა არც ერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა. სახალხო დამცველის ოფისის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, თითქმის გაორმაგდა ინდივიდებისთვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა დროებით მოთავსების იზოლატორებში, ან ადმინისტრაციული დაკავებისას ან მას შემდეგ.

რაც შეეხება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა შეისწავლა 367 შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს. შედეგად, ბრალი წაუყენეს 3 პირს, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მოტივით.

ანგარიშში ასევე მითითებულია პენიტენციურ დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რაც დაკავშირებულია არასაკმარის ვენტილაციას, ბუნებრივი შუქის არარსებობას, არაადეკვატურ სივრცესა და ჯანმრთელობის დაცვისათვის აუცილებელი სერვისების სიმცირეს. ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული თვითნებური დაკავებების, ან დაპატიმრების რისკები და ამის მაგალითად მოყვანილია 20-21 ივნისის მოვლენები, რა დროსაც ზოგიერთი პირის დაკავება იყო პოლიტიკურად მოტივირებული.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებას უკავშირდება, პირის მოწმის სტატუსით დაბარებას უკავშირდება. რა დროსაც, მოქალაქე არ სარგებლობს ადეკვატური სამართლებრივი დაცვის გარანტიებით და ასე ხდება მისგან ჩვენების მიღება, ხოლო ამის შემდეგ ხდება მისი დაპატიმრება. ასევე ანგარიშში ნახსენებია პოლიციის მიერ მოწმისგან ჩვენების იძულებით მიღება პოლიციის განყოფილებაში, ან პოლიციის მანქანაში. აგრეთვე პრობლემურია მოქალაქესთან სამართალდამცავის კომუნიკაციის ადეკვატური დაოქმება.

მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

ანგარიშში ყურადღება დათმობილი აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის საკითხს და აღნიშნულია, რომ არსებობს კითხვები სასამართლოს მიუკერძოებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის კუთხით. აგრეთვე სათანადოდ არაა დაზღვეული, რომ მოსამართლეები იყვნენ მოწყვლადები პოლიტიკური ზეწოლის მიმართ, როგორც სასამართლო სისტემის შიგნიდან ისევე მის მიღმა. ანგარიშში ნახსენებია სახალხო დამცველის, კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და საერთაშორისოს საზოგადოების შეფასებები, სადაც ისინი მიუთითებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. მათ შორის, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის (რომელთა შორისაც სავარაუდოდ არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და სასამართლოების თავმჯდომარეები) მიერ კრიტიკული აზრის ჩახშობა და სასამართლოს გაძლიერების კუთხით წამოსული ინიციატივების დაბლოკვა; სხვა პრობლემებს შორის სახელდება უმაღლესი საბჭოს შესაძლებლობები, გავლენა მოახდინოს ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, ასევე საქმეთა განაწილების ელექტრონულ სისტემაზე კანონგარეშე მანიპულაციების შესაძლებლობა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის არაგამჭვირვალობა.

ანგარიშში სპეციალურად არის ყურადღება გამახვილებული გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს პროცესი შეფასდა როგორც მკვეთრად არაპროფესიონალური. ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროცესში ტრანსფარენტულობის კუთხით გამოვლენილ ხარვეზებს შესაძლოა დაერღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით).

სამართლიანი სასამართლო

ანგარიში ხაზს უსვამს სამართლიანი სასამართლო პროცესის კუთხით არსებულ არაერთ დარღვევას. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს. ასევე მითითებულია, რომ სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში ჩატარება ხშირად დაუსაბუთებელი იყო. ანგარიში ასევე პრობლემურად არის წარმოჩენილი ზოგიერთი სასამართლო პროცესის გაჭიანურება, რაც სამართლიანი მართლმსაჯულების განუყოფელი ნაწილია. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში არ იყო საკმარისად დასაბუთებული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული კანონმდებლობა ბრალდებულებს ანიჭებს ადვოკატებთან შეხვედრის უფლებას, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ზედამხედველობისა და არასათანადო დაბრკოლებებისგან. ამავდროულად, საკმარისი სახსრების არმქონე პირებისთვის გათვალისწინებულია სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის შესაძლებლობა, თუმცა ამის მიუხედავად დაცვის მხარეს არ ეძლევა ხოლმე საკმარისი დრო და შესაძლებლობები სათანადო დაცვის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, სახაზინო ადვოკატები ხშირად არ ერთვებიან საქმეში ბრალდების წარდგენამდე ან საპროცესო მოლაპარაკებების დაწყებამდე, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებს დაცვის მხარის ინტერესებს.

მნიშვნელოვანია საპროცესო შეთანხმების პროცედურებთან დაკავშირებული ხარვეზებიც. კერძოდ, კანონმდებლობა მოითხოვს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მტკიცებულებითი სტანდარტი იყოს საკმარისი ბრალდებულის დამნაშავეობის დასასაბუთებლად, საქმის სრულად განხილვის გარეშე. ანგარიში მიუთითებს, რომ სასამართლოები სათანადოდ არ იკვლევდნენ ნაბაყოფლობითობის საკითხს საპროცესო შეთანხმებას.

პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ან დაპატიმრებული პირები

სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ გაიზარდა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივი გამოძიებისა და ბრალდების შემთხვევები. ანგარიში ასახელებს რამდენიმე შემთხვევას, კერძოდ: თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის, ტელეკომპანია პირველის მფლობელის მამის და ივნისის პროტესტის მონაწილეების დაკავების (მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის) საქმეები.

ამ კონტექსტში ასევე აღსანიშნავია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვები. კერძოდ, აქციებსა და მანიფესტაციებზე დაკავებული პირების მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება და მათთვის შეფარდებული სანქციები. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მოქმედი სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს სათანადო გარანტიებს.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევები

სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე. მაგალითად, ანგარიში ასახელებს სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების თვალთვალის (monitoring) შემთხვევას. ასევე, დეპარტამენტი მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფარული მეთვალყურეობის სისტემის გამოყენების პრობლემურობაზე, მისი პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ზედამხედველობის ნაკლებობაზე.

ამ ნაწილში ანგარიში გამოარჩევს პარლამენტის დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევას, რომელიც ააშკარავებს ამგვარი ფარული ზომების გამოყენების პოლიტიკურად მოტივირებულ ბუნებას. უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების კონტექსტში კიდევ ერთ გამოწვევას წარმოადგენს აღნიშნულ შემთხვევებზე არაეფექტური გამოძიების წარმოება და მათი პირველწყაროს იდენტიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ წლის ბოლოსთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების განხილვა ფარული ელექტრონული მიყურადების საკითხებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის თანახმად, კანონით კვლავაც არ არის განმტკიცებული საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა არსებობდეს ფარული ელექტრონული თვალთვალის მაკონტროლებელი დამოუკიდებელი ორგანო.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. როგორც ანგარიში მიუთითებს, პირველი ტური იყო კონკურენტული და პროფესიონალურად დაგეგმილი. თუმცა მაინც ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, არათანაბარი პირობები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, უხეში რიტორიკა და ნეგატიური კამპანია, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც გაზარდა მმართველი ძალის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ დონეებზე და სხვა. მსგავსი ტიპის დარღვევებმა უფრო მკვეთრი სახე მიიღო არჩევნების მეორე ტურში.