სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. ხაზგასასმელია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია დაჯარიმდა არა როგორც მაუწყებელი, არამედ როგორც დამსაქმებელი. დასაქმებულების ინტერესებს EMC იცავდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის მიერ, ამავე ორგანიზაციის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერში, გადაცემა „მთავარში“ გასული ვიდეომასალა, რომელიც თანამშრომლებს შორის დაპირისპირებას ასახავდა და რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება, კანონდარღვევით გადაეცა. ვიდეომასალა გადაღებული იყო მაუწყებლის შენობის შიდა პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერით.

სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა მაუწყებლის მიერ განმცხადებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით,, დაარღვიეს პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება. ინსპექტორმა მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-ე მუხლის დარღვევისათვის. როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეო-მასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეო-მასალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდემასალის გასაჯაროვების გარეშეც. სამსახურმა მიიჩნია, რომ განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდა კანონიერი მიზნისათვის შეუსაბამო მოცულობით და არ იყო მიზნის შესაბამისი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა ითვალისწინებდა გაფრთხილების ან ჯარიმის გამოყენების შესაძლებლობას, სახელმწიფო ინსპექტორმა გაითვალისწინა სამართალდარღვევის ხასიათი, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული გარემოებები და მაუწყებელს ჯარიმის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მურვანიძე და ბაჩო გურაბანიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახლადშექმნილი პროფესიული კავშირის - ა(ა)იპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირის“ აქტიური წევრები და მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლები არიან. განმცხადებლები აქტიურად უპირისპირდებიან და აკრიტიკებენ მაუწყებელის ახალი დირექტორის გიორგი კოხრეიძის უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს, მაუწყებელში თანამშრომლების მასობრივი დევნისა და შევიწროვების ფაქტებს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.