ავტორი: გია ნოდია

ქამრან მამედოვი ეპაექრება ჩემს სტატიას „ქართული ეროვნული იდეის კომპონენტები: ზოგადი მონახაზი“, რომელიც 2009 წელს გამოქვეყნდა (ის მას ზუსტად არ ასახელებს, თუმცა ტექსტიდან ასე ჩანს). პირველ რიგში, ხაზს გავუსვამ ამ სტატიის ჟანრს, რომელსაც, როგორც ჩანს, ჩემი პატივცემული ოპონენტი ანგარიშს არ უწევს. ეს არის აკადემიური ნაშრომი და არა ე.წ. „ფოლისი ფეიპერი“, ანუ პოლიტიკის ნარკვევი; ქამრან მამედოვი კი მას ისე ეკამათება, თითქოს ეს „ფოლისი ფეიფერი“ იყოს.

ამ ორი ჟანრის ტექსტებს არსებითად განსხვავებული მიზნები აქვთ. აკადემიური სტატიის მიზანია რაღაც მოვლენის აღწერა, ანალიზი, თუ შესაძლებელია. მიზეზ-შედეგობრივი კავშირების აღმოჩენა. მაგრამ ის არ გულისხმობს ავტორის მიერ მოვლენათა მორალურ თუ პოლიტიკურ შეფასებას. ცხადია, აკადემიურ სტატიაშიც შეიძლება გამოჩნდეს ავტორის ღირებულებითი პოზიცია, მოვლენების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ როგორც წესი, მან ამას თავი უნდა აარიდოს, რადგან ასეთი შეფასებები შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მეცნიერული ობიექტურობის მოთხოვნებთან.

ამის საპირისპიროდ, „ფოლისი ფეიფერი“ მოითხოვს სწორედ რომ შეფასებით დამოკიდებულებას, ნორმატული იდეების ჭიდილში შესვლას, გარკვეული პოლიტიკური მიზნის დასახვას და მისკენ მიმავალი გზების გააზრებას. ცხადია, ამ დროს რეალობის ანალიზიც გჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის პრაქტიკულ-პოლიტიკური ნაბიჯების გამართლებას ემსახურება.

მოკლედ რომ ვთქვათ, პირველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს დესკრიფციული (აღწერითი) და ანალიტიკური მსჯელობა, მეორეში - პრესკრიფციული, ნორმატული. აკადემიური მსჯელობა ადგენს, რა და როგორ არის, პოლიტიკური (policy-ს, ანუ მართვის სტრატეგიის აზრით) - რა და როგორ უნდა იყოს და როგორ მივაღწიოთ სასურველ მდგომარეობას.

დასახელებულ სტატიაში მაქსიმალურად ვცდილობდი, დესკრიფციულ-ანალიტიკური მიდგომის ფარგლებში დავრჩენილიყავი და პირადი შეფასებებისგან თავი შემეკავებინა. ვემყარებოდი თანამედროვე მეცნიერებაში მიღებულ ე.წ. „კონსტრუქტივისტულ“ მიდგომას, რომლის თანახმადაც ერი არ არის თავისთავადი მოცემულობა, ის ადამიანური ძალისხმევის შედეგია, რომელსაც, ჩვეულებრივ, „ერის მშენებლობას“ (nation-building) უწოდებენ. „მშენებლების“ როლში შეიძლება მოგვევლინოს ხელისუფლება, პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტები და ა.შ. ოღონდ ერი ცარიელ ადგილზე არ შენდება, ის ემყარება გარკვეულ წინაპირობებს, პოლიტიკურ, კულტურულ და ისტორიულ მოცემულობებს, რაც „მშენებლებს“ გარკვეულ ეპოქაში ხვდებათ; პროცესზე დიდ გავლენას ახდენს საერთაშორისო კონტექსტი, მათ შორის ის იდეოლოგიები თუ ღირებულები, რომლებიც კაცობრიობის თუ რეგიონის დღის წესრიგს გასაზღვრავს. ეს ზოგადი მეთოდოლოგია ქართულ შემთხვევას მივუყენე და ვეცადე იმის მოკლე აღწერას, თუ რეალურად როგორ მოხდა ქართველი ერის მშენებლობა მე-19 და მე-20 საუკუნეებში.

ცხადია, ამ დროს ვსაუბრობ იდეებზე, პრინციპებზე, წარმოდგენებზე, რადგან „ერის მშენებლობა“ სწორედ მათ ეყრდნობა. მაგრამ ეს ჩემი პირადი იდეები კი არ არის, არამედ ის, რაც, ჩემი აზრით, ქართველი ერის მშენებლობის (ჯერ დაუსრულებელ) პროცესს რეალურად დაედო საფუძვლად. იმის განსჯა, რამდენად სწორი თუ მორალურად მისაღებია ეს იდეები და შეხედულებები, ჩემი ამოცანა არ ყოფილა.

არ ვიცი, რამდენად კარგად გამომივიდა ის, რაც განვიზრახე, მაგრამ ქამრან მამედოვს ამის შეფასება თავის პასუხში არც უცდია. მისი კრიტიკა მთლიანად იმ არასწორ დაშვებაზეა აგებული, რომ ის, რასაც მე აღვწერ, სინამდვილეში ჩემი ნორმატული დამოკიდებულებაა. ამის გამო, მისი კრიტიკული შენიშვნები ჩემი ნაშრომის შინაარსს ფაქტიურად აცდენილია: ის სხვა თემაზე საუბრობს, მე - სხვაზე.

მაგრამ არც ის მინდა, მისი მოსაზრებები უყურადღებოდ დავტოვო. თუმცა მეცნიერები ვალდებულნი ვართ, მიჯნა გავავლოთ ნორმატულ და ანალიტიკურ მსჯელობებს შორის, მთლად ჩინურ კედელსაც მათ შორის ვერ ავაგებთ. ნორმატული პოზიციები რაღაც ზომით ემყარება ჩვენს წარმოდგენებს იმაზე, როგორაა აგებული სამყარო, საზოგადოება, ადამიანი; მეორეს მხრივ, ერთი შეხედვით ობიექტურ აღწერებში შეიძლება ფარული შეფასებები ამოვიკითხოთ. მაგალითად, მესმის, რომ ქამრანს ცუდად მოხვდა ყურზე ეთნიკური უმცირესობების არსებობის, როგორც „გამოწვევის“, „პრობლემის“ ხსენება - რაც თითქოს გულისხმობს, რომ მათი არსებობა (პირადად ჩემი აზრითაც) ნეგატიურია, რომ მათ რაღაც უნდა „მოვუხერხოთ“. ამიტომ მაინც შევჩერდები იმ ნორმატულ და პოლიტიკურ საკითხებზე, რაც ქამრანის „პასუხშია“ წამოჭრილი.

მისი კრიტიკის ნორმატული საფუძველია განსხვავება სამოქალაქო და ეთნიკურ ნაციონალიზმებს შორის, მისი აზრით მე, ზედაპირულად, სამოქალაქო ვარიანტის მომხრე ვარ, სინამდვილეში კი ეთნიკური ნაციონალიზმის მარწუხებიდან ვერ გავთავისუფლებულვარ.

ეს დიქოტომია ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა ნაციონალიზმის კვლევებში. ერთი შეხედვით ის მარტივია, სინამდვილეში კი ძალიან რთული და პრობლემური; ქამრანი, ჩემი აზრით, ამ ობიექტურ სირთულეს ანგარიშს არ უწევს.

წმინდა ნორმატულ დონეზე საკითხი მარტივი ჩანს. ეთნიკური ნაციონალიზმი გულისხმობს ეროვნული იდენტობის დაყვანას ეთნიკურ კუთვნილებაზე, რაც თავის მხრივ ნიშნავს, ერთი მხრივ, წარმომავლობას („სისხლსა და გენს“), მეორე მხრივ კი - კულტურას (ენას, ტრადიციებს, სარწმუნოებას). როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ეთნოსები ცხოვრობენ, ასეთი განწყობა არადომინანტი, უმცირესობის ეთნოსების მარგინალიზაციას, გარიყვას იწვევს. უკიდურეს, ზღვრულ შემთხვევებში ეს ეთნიკურ წმენდასა და გენოციდში შეიძლება გამოიხატოს; შედარებით „რბილი“, თუმცა ლიბერალისთვის მაინც მიუღებელი ვარიანტია უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმა.

ამისგან განსხვავებით, სამოქალაქო ნაციონალიზმი (მას შეიძლება „პატრიოტიზმიც“ ვუწოდოთ), პოლიტიკურ და ტერიტორიულ პრინციპებს ემყარება; ერი შედგება მოქალაქეებისგან, მოქალაქეობა კი, თავის მხრივ, ტერიტორიული პრინციპით განისაზღვრება. ადამიანის ეთნიკურობას (ამ შემთხვევაში, წარმომავლობას) შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ - მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ერთგულებას ქვეყნის, სამოქალაქო წესრიგის ძირეული პრინციპების და ღირებულებების მიმართ.

ლიბერალური პოზიციიდან თუ შევხედავთ, ეთნიკური ნაციონალიზმი ცუდია, სამოქალაქო კი - კარგი. პრინციპის დონეზე, მე და ქამრანი ამაში ერთ აზრზე ვართ. ჩემი სურვილიც ისაა, რომ ქართულმა ეროვნულმა იდენტობამ, რომელიც აქამდე ძირითადად ეთნიკური კუთვნილების განცდას ემყარება, სულ უფრო შეიძინოს სამოქალაქო ერის ნიშნები.

მაგრამ ამ სიმარტივემ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. ადამიანები და მათი საზოგადოებები მეტად რთული ფენომენებია და ხისტ ნორმატულ სქემებში ადვილად ვერ თავსდება. ამიტომ ბევრი მკვლევარი სამოქალაქო და ეთნიკური ნაციონალიზმის გამიჯვნას ეჭვის თვალით უყურებს. ზოგი მას ნორმატულად არ ეთანხმება, ბევრი კი თვლის, რომ ის ვერ გვეხმარება რეალურად არსებულ ეროვნულ იდენტობათა გაგებაში.

დავიწყოთ ნორმატიული კრიტიკით (აქ მხოლოდ ლიბერალური პოზიციიდან კრიტიკას ვიგულისხმებ). თუმცა სამოქალაქო ნაციონალიზმი ინკლუზიურია მოცემული ქვეყნის შიგნით, ის მაინც ექსკლუზიურია სხვა ქვეყნის მოქალაქეების მიმართ: „უცხო“ მაინც მტრად შეიძლება მივიჩნიოთ. მისი კლასიკური სიმბოლო - დროშა - მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებს, მაგრამ ამ დროშის ქვეშ მდგომებს დანარჩენი კაცობრიობისგან გვმიჯნავს. ამიტომ ბევრი ლიბერალი ყოველგვარ, მათ შორის სამოქალაქო ნაციონალიზმს ნეგატიურად უყურებს; მათი აზრით, თავისთავად ერი-სახელმწიფოს პრინციპი (თუნდაც მის შიგნით სამოქალაქო თანასწორობის პრინციპები იყოს გაბატონებული) მავნე და დასაძლევია. მე არ ვემხრობი ამ პოზიციას - ახლა არ ჩავუღრმავდები, რატომ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ნორმატულ დონეზეც ლიბერალებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი არ არსებობს.

მთავარი პრობლემა ნორმატული იდეების და ადამიანური რეალობის გადაკვეთაზეა. გავიმეოროთ, რომ მიზანზე ვთანხმდებით: გვინდა ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეაფასებენ არა ეთნიკური წარმომავლობის, არამედ პიროვნული ღირსების, ღირებულებითი წარმოდგენების და ა. შ. მიხედვით. ოღონდ როგორ მივაღწიოთ ამას? საკმარისია, ხშირად ვიმეოროთ, რომ ადამიანთა ეთნიკური (ან რაიმე სხვა ნიშნით) დისკრიმინაცია ცუდია? კი, ესეც ვიმეოროთ, იდეების ბრძოლაში მონაწილეობა მივიღოთ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მთავარია, რეალურად შევქმნათ ისეთი პოლიტიკური და სოციალური წესრიგი, რომელიც სამოქალაქო თანასწორობის პრინციპს მაქსიმალურად დაუხლოვდება, ხოლო ეთნიკურ დისკრიმინაციას გამორიცხავს.

თუ სამოქალაქო და ეთნიკური ნაციონალიზმის მოდელებს სხვადასხვა ქვეყნის რეალობებს გამოვიყენებთ, დავინახავთ, რომ ეს მოდელები, საუკეთესო შემთხვევაში, იდეალური ტიპებია, ჩვენს თავში არსებული კონსტრუქციებია. ყველა ეროვნულ იდენტობაში ორივე ეს მოდელი ერთმანეთშია გადახლართული, ყველა ნაციონალიზმი რაღაც ზომით ეთნიკურიცაა და სამოქალაქოც. თუმცა, ზოგან ეთნიკური კომპონენტი ჭარბობს, სხვაგან კი სამოქალაქო პრინციპი უფრო ძლიერია. როგორ მივაღწიოთ იმას, რომ სამოქალაქო ნაციონალიზმის პრინციპები მოქალაქეთა დიდმა უმრავლესობამ გაითავისოს?

სამოქალაქო ნაციონალიზმის კლასიკურ მაგალითებად ხშირად მოყავთ ამერიკის შეერთებული შტატები და საფრანგეთი (თუმცა ორივე ეს შემთხვევა ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება). მართლაც, ცნებები „ამერიკელი“ ან „ფრანგი“ გულისხმობს ამერიკის და საფრანგეთის მოქალაქეს და არა გარკვეული „ჯიშის და გენის“ მატარებელ ადამიანს. მიუხედავად ამისა, ბევრი მკვლევარი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ეროვნული იდენტობების წმინდა „სამოქალაქო“ ხასიათს. ისტორიულად, ისინი გარკვეული ეთნიკური „ბირთვის“ გარშემო ყალიბდებოდა; ეს ბირთვი ღია იყო „უცხოთა“ მისაღებად, ოღონდ გარკვეულ ფასად, რასაც კულტურულ ასიმილაციას უწოდებენ (ამერიკაში ასიმილაციას „სადნობი ქვაბის“ მეტაფორით აღწერდნენ). ამერიკის შემთხვევაში „ბირთვს“ შეადგენდა ანგლო-საქსური პროტესტანტული კულტურა, ფრანგების შემთხვევაში - ფრანგული კულტურა. ორივეს ეთნიკური საფუძველი აქვს. ორივე შემთხვევაში, ასიმილაციის პროცესი მხოლოდ ნაწილობრივ აღმოჩნდა წარმატებული. ამერიკის „სადნობი ქვაბი“ შესანიშნავად „აამერიკელებს“ ევროპული წარმოშობის, თეთრკანიან მიგრანტებს; საბოლოოდ, ის საკმაოდ წარმატებული გამოდგა შორეული აღმოსავლეთის მიგრანტების მიმართაც. მაგრამ მას დიდი პრობლემები აღმოაჩნდა მკვიდრ ამერიკელებთან („ინდიელებთან“), შავკანიანებთან, ბოლო ხანებში - ე.წ. „ლათინოსებთან“ და, ნაწილობრივ, მუსლიმებთან. საფრანგეთს ძალიან გაუჭირდა ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსულ მიგრანტების ასიმილაცია. გარდა ამისა, თუნდაც მკვიდრი თეთრკანიანი და ქრისტიანი მოსახლეობის, მაგალითად, ბრეტონელებისა და პროვანსალელების ძალდატანებითი ასიმილაცია სამოქალაქო ერის შექმნის დროშით დღევანდელი გადასახედიდან მთლად „ლიბერალური“ არ ჩანს.

ასე რომ, ერთია, ჩამოყალიბებული ზოგადი ნორმატული ხედვა, რა არის „კარგი“, სულ სხვა - მისი რეალური განხორციელება. პრაქტიკულად როგორ უნდა მივაღწიოთ ეთნიკურად მრავალფეროვან ქვეყანაში ერთიანი სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებას? ასეთ ვითარებაში მთავარი ის კი არ არის, რომ ადამიანები „ობიექტურად“ მიეკუთვნებიან სხვადასხვა ეთნოსს, არამედ ის, რომ მათ სხვადასხვანაირი განწყობები აქვთ ერის მშენებლობის მოცემული პროექტის მიმართ, არ თანხმდებიან, რა პირობით უნდა შევიდნენ ან არ შევიდნენ ამ სამოქალაქო ერში სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები. შეიძლება, ამაზე ვერ თანხმდებოდნენ არა მხოლოდ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, არამედ ლიბერალები და კონსერვატორები, ან ლიბერალიზმის სხვადასხვა ნაირსახეობის მომხრეები. კონკრეტულად როგორ შევახამოთ ეს წინააღმდეგობები? ეს პრობლემაა აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სადაც ეთნიკური მრავალფეროვნების პირობებში ერთიანი სამოქალაქო-ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება უცდიათ; ამას „პრობლემას“ თუ ვუწოდებთ, რეალობას თვალს ვუსწორებთ და არავის (არც უმცირებობას და არც უმრავლესობას) შეურაცხყოფას არ ვაყენებთ.

მაგალითის სახით დავსვამ ორ საკონტროლო შეკითხვას:

„საქართველოს ეთნიკურად ქართველ მოქალაქეთა უმრავლესობა განიხილავს თუ არა ეთნიკურ უმცირესობებს (აზერბაიჯანელებს, სომხებს, ქურთებს და ა.შ.) ისეთივე „ქართველებად“, როგორც თვითონაა?“

„საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეთა უმრავლესობას აქვს თუ არა განცდა, რომ ქართველი ერის ჩვეულებრივი ნაწილია?“

ადვილად შევთანხმდებით, რომ ორივე შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. ალბათ არც იმაზე ვიკამათებთ, რომ უმრავლესობის უმრავლესობა უმცირესობების თვით არსებობას და მათ განწყობებს ამ ეტაპზე პრობლემად ხედავს, ხოლო უმცირესობის უმრავლესობისთვის, პირიქით, უმრავლესობის განწყობებია პრობლემა. ეს საზოგადოებრივი რეალობის ფაქტებია, მოგვწონს ეს თუ არა.

ლიბერალები არც ამ პრობლემების გადაწყვეტის სასურველ მოდელზე არიან შეთანხმებულები (დროებით დავივიწყოთ, რომ ყველა ლიბერალი არ არის). ერთი პრინციპია უკვე ნახსენები ასიმილაცია: ეროვნული „ბირთვი“ იღებს „უცხოებს“, ოღონდ მათ მიერ „ბირთვის“ კულტურის ძირითადი პარამეტრების შეთვისების პირობით. შედეგის თვალსაზრისით, ეს, შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი იყოს: „ჯიში და გენი“ აღარავის აინტერესებს, მთავარია კულტურის და ღირებულებების გარშემო ერთიანობა. მაგრამ რა ვუყოთ, თუ უმცირესობას განსხვავებული კულტურის შენარჩუნებაც უნდა და სრულფასოვანი მოქალაქეობაც? ამ პრობლემის პასუხად შეიქმნა ალტერნატული ლიბერალური კონცეფცია, ე.წ. „მულტიკულტურალიზმი“, რაც სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან კულტურული მრავალფეროვნების წახალისებას გულისხმობს. მაგრამ მასაც დიდი კრიტიკა ხვდება ლიბერალური პოზიციებიდან. რეალურად, სამოქალაქო ერთიანობა გარკვეულ კულტურულ ერთობასაც საჭიროებს. გარდა ამისა, როდესაც სისტემა უბიძგებს უმცირესობას, თავის კულტურულ განსაკუთრებულობას გაუსვას ხაზი, ეს გარდუვალად ასტიმულირებს უმრავლესობის მხრიდან ექსკლუზივისტურ ნაციონალისტურ განწყობებს - ამას დღევანდელ დასავლეთში ვხედავთ. ალბათ, სამოქალაქო ინტეგრაციის „სწორი“ პოლიტიკა ასიმილაციის და მრავალფეროვნების დაცვის გარკვეულ შეხამებას უნდა დაეყრდნოს. მაგრამ კონკრეტულად როგორი უნდა იყოს ეს შეხამება? ამის რეცეპტი მე ჯერ არსად მინახავს.

დაბოლოს, მინდა რეაგირება მოვახდინო „პასუხის“ ორ დებულებაზე. პირველი შეეხება იმას, თითქოს ეროვნული მოძრაობის პერიოდის შემდეგ აგრესიული ეთნიკური ნაციონალიზმი ჩვენში კი არ შესუსტდა, არამედ, პირიქით, გაძლიერდა, რისი ნიშანიცაა ღიად ნაცისტური ან მონაცისტო ჯგუფების შექმნა. ჩემი აზრით, ეს ძალიან არასწორი დაკვირვებაა. ეროვნული მოძრაობის პერიოდში (პირადად ზვიად გამსახურდიას ნუ გადავატეხავთ ჯოხს) ეროვნულობის სამოქალაქო და ეთნიკურ გაგებებს შორის განსხვავება გააზრებული თითქმის არ ყოფილა, ანუ ერის სამოქალაქო გაგებაზე თითქმის არავის საუბრობდა. ბევრჯერ ახსენებდნენ ქართველთა ენდემურ ტოლერანტობას, მაგრამ უმცირესობები (არა მხოლოდ აფხაზები და ოსები) ღიად განიხილებოდნენ, როგორც საფრთხე. მათი გასახლებისკენ მოწოდებები მაინცდამაინც არავის უკვირდა. იყო ლოკალური ეთნიკური წმენდებიც (აზერბაიჯანელებისა ბოლნისში, ოსებისა ბორჯომის რაიონში და სხვაგან, ლეკებისა ყვარლის რაიონში). ინტელიგენციის საყვარელ გაზეთში „ლიტერატურული საქართველო“ ქვეყნდებოდა აზრები, რომელთაც თამამად შეგვიძლია „ნაცისტური“ვუწოდოთ.

დღეს ვითარება არსებითად შეიცვალა. ვერ ვიტყვით, რომ ეროვნული იდენტობის სამოქალაქო გაგება ნორმად იქცა საზოგადოების მასშტაბით - აქამდე შორია. მაგრამ საზოგადოების გავლენიან, ელიტურ ნაწილში ისინი ნორმის სტატუსს მიუახლოვდა. ექსტრემისტული ჯგუფების შექმნა ამ ვითარებაზე ერთგვარ რეაქციად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ უნივერსალისტურ-ლიბერალური დისკურსი საქართველოში ზედმეტად გაძლიერდა და საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას (იმედია, არავინ დამაბრალებს, რომ მეც ასე ვთვლი - ამ ჯგუფების წევრთა აღქმის აღწერას ვცდილობ). ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი ჯგუფების აგრესია ძირითადად უცხო (ძირითადად მუსლიმური) ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებზე და ბიზნესებზეა მიმართული და გაცილებით ნაკლებად - ქვეყნის „საკუთარ“ უმცირესობებზე. ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვიყოთ. ან არსებული საფრთხეები არ დავინახოთ, მაგრამ რეალური ტენდენციებიც სწორად უნდა შევაფასოთ.

ქამრან მამედოვი ასევე ვარაუდობს, რომ როდესაც ჩემს სტატიაში საუბარია ეთნიკური უმცირესობების არასაკმარის ლოიალობაზე ერი-სახელმწიფოს მიმართ, მხოლოდ აფხაზებსა და ოსებს ვგულისხმობ. აქ მეორდება ზოგადი შეცდომა, რომელზეც უკვე ვილაპარაკე: ის პირადად მე მომაწერს წარმოდგენას უმცირესობათა თანმდევ „არალოიალობაზე“, მაშინ როდესაც მე ამ შემთხვევაში ეთნიკური ნაციონალიზმის ცნობიერებას აღვწერ. მაგრამ მისი ინტერპრეტაცია სხვა მხრივაცაა არასწორი: არ არის აუცილებელი ღია სეპარატისტული ჯანყი, რომ ეთნიკურმა ნაციონალისტმა რომელიმე ჯგუფი „არალოიალურად“ ჩათვალოს. ასეთი ცნობიერება ავტომატურად არ ენდობა ნებისმიერ ეთნიკურ უმცირესობას, რაც, მისი პოზიციიდან, სრულიად ლოგიკურია: თუ ქვეყნის ერთგულება ეთნიკურ წარმომომავლობიდან მომდინარეობს, მას „უცხოტომელებისგან“ არ უნდა ელოდო. სხვათა შორის, უნდობლობა რელიგიურ უმცირესობაზეც შეიძლება გავრცელდეს: მაგალითად, ბევრს დღესაც ეჭვი შეაქვს ეთნიკურად ქართველი მუსლიმი აჭარლების პატრიოტიზმში მხოლოდ მათი რელიგიის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ქამრან მამედოვმა სრულიად არასწორად გაიგო ჩემი სტატია, მაინც მადლობას ვუხდი მას ინტერესისა და მნიშვნელოვანი საკითხების წამოჭრისთვის.

ქმარან მამედოვის პუბლიკაცია: "ვინ არის ქართველი: პასუხი გია ნოდიას" - https://bit.ly/356Ss5n