ილია ზოსიმოვი ამჟამად დასაქმებულია პროექტში „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“

მე ვარ ილია ზოსიმოვი 22 წლის, ამჟამად თბილისში ვცხოვრობ. 2016 წლის შემოდგომის დასაწყისში, ნერვიულობის ფონზე დამიდგინდა ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი, რის გამოც იძულებული გავხდი უნივერსიტეტში სწავლა დროებით შემეწყვიტა. 2017 წლის დასაწყისში, აკადემიური შვებულების დროს, საქმის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი, ჩემ მიერ დაზოგილი თანხით გავიარე კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსები და შევედი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. ორივე სასწავლებელი წარმატებით დავასრულე და ავიღე სერტიფიკატი. 2017 წელს კვლავ მივუბრუნდი სწავლას უნივერსიტეტში, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ავადმყოფობის სიმპტომებმა კვლავ იჩინა თავი, რის გამოც მომიწია სტანციონარში ჰოსპიტალიზაცია და სწავლის ხელმეორედ შეწყვეტა.

ერთი წლიდან ვიზრდებოდი ორგანიზაცია ,,SOS” ბავშვთა სოფელში“, 18 წლის მიღწევის შემდეგ კი გავხდი მისი მომდევნო პროგრამის ,,SOS ახალგაზრდული სახლის“ ბენეფიციარი, სადაც ორგანიზაცია გაჩვევს და გასწავლის დამოუკიდებლად ცხოვრების წესებს. ზემოხსენებული ორგანიზაცია ბენეფიციარს ყოველთვიურად უზრუნველყოფს ბიუჯეტით, რომელიც უნდა მოახმაროს საკუთარ თავზე ზრუნვას, კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებს, ჩაცმას, განათლებას და ტრანსპორტირებას. იმ ბენეფიციარების ბიუჯეტი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში ან კოლეჯში სწავლობენ, ბევრად აღემატება იმ ბენეფიციარისას, რომელიც არ იღებს განათლებას. რაც შემეხება მე, უნივერსიტეტში სწავლის შეჩერების გამო შემიმცირდა ბიუჯეტური თანხა, რის გამოც არ მქონდა საკმარისი ფინანსები, რომ რაიმე ღირებული შემეძინა, რითაც საკუთარ თავს წავახალისებდი, გარდა ამისა, ამ თანხით ჩემი კვების რუტინა ძალიან ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი იყო.

2018 წელს ჩემი მწირი შემოსავლის გამო, მიზნად დავისახე მეშოვა სამსახური და ამიტომ აქტიურად ვათვალიერებდი ვაკანსიების და დასაქმების ვებ გვერდებს ინტერნეტის მეშვეობით. და სწორედ მაშინ დაიწყო ბარიერების და წარუმატებლობის დაუსრულებელი ჯაჭვი. დასაქმების მხრივ ჩემი არაერთი მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, რისი მიზეზიც ჩემი ჯანმრთელობა, უფრო ზუსტად კი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი გახლდათ. ვიყავი არაერთ გასაუბრებაზე, მათ შორის სწრაფი კვების ობიექტების მზარეულის და ფანჯრების მწმენდავის პოზიციებზე.

გასაუბრებებზე სხვა ბევრ შეკითხვასთან ერთად, მეკითხებოდნენ, თუ რას ვსაქმიანობდი იმ პერიოდში, რაზეც ვპასუხობდი, რომ ვიყავი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. საბოლოოდ, ყველა გასაუბრებაზე იძულებული გავხდი, მეთქვა სტატუსის შეჩერების რეალური მიზეზი - ჩემი ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზი. როგორც კი ჩემს დიაგნოზსს ვახსენებდი, ვამჩნევდი როგორ ეცვლებოდათ გამომეტყველება გამსაუბრებლებს, თითქოს, მათ ჩემ მიმართ ინტერესი და ნდობა ეკარგებოდათ.

ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა, მე ვთხოვდი მათ, რომ გამოსაცდელი ვადით მაინც ავეყვანე, როგორც სტაჟიორი. მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი დიაგნოზის მიუხედავად, სამუშაოს მაინც გავართმევდი თავს. ჩემმა თხოვნამ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა. დამსაქმებლები მონდომებით მარწმუნებდნენ, რომ მუშაობა იყო ძალიან სტრესული და ჯანმთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სრულფასოვნად თავს ვერ გავართმევდი. დასაქმების კუთხით ამ და სხვა ბევრი წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, იმედი დავკარგე, რომ ოდესმე დავსაქმდებოდი და დროებით შევწყვიტე სამსახურის ძებნა.

ამ ბლოგის წერისას, გადავწვიტე, რომ სხვა შშმ პირებისთვისაც მეკითხა მათი გამოცდილების შესახებ. გავესაუბრე მცირე საოჯახო ტიპის ორგანიზაცია ,,ხელი-ხელს“ რამდენიმე ბენეფიციარს და აღმოჩნდა, რომ სამსახურის ძიებაში მათაც თითქმის იგივე გზა აქვთ გავლილი, რაც მე. ერთ-ერთი ბენეფიციარი, მარიამი მიყვება, რომ არაერთ რესტორანში იყო ჭურჭლის მრეცხავის ვაკანსიის გასაუბრებაზე. ერთ-ერთ რესტორანში მისი სამსახურში არაყვანის მიზეზი ერთი მხრივ გამოცდილების არქონა, მეორე მხრივ კი დამსაქმებლის უცნაური შიში იყო - ის ფიქრობდა, რომ მარიამს, რეცხვის დროს, შესაძლოა ჭურჭელი გაეტეხა და ხელი გაეჭრა.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში დამსაქმებლების დიდ ნაწილს არ აქვს ნდობა სამსახურის მაძიებელი შშმ პირების მიმართ. ასეთი თანამშრომელი მათთვის პოტენციურ საფრთხეთ და „ზედმეტ თავის ტკივილად“ აღიქმება.

ბლოგპოსტი მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).ბლოგპოსტში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ ასახავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.