შესავალი

წინამდებარე დოკუმენტში შესწავლილია შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო დასაქმებულთა სამუშაო ადგილზე დაღუპვის შემთხვევებზე მიმდინარე გამოძიების პროცესი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2018 წლიდან ამ დრომდე, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ოთხი საქმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში იცავს დასაქმების ადგილზე გარდაცვლილი ხუთი მუშის ოჯახის ინტერესებს. შესაბამისად, წინამდებარე დოკუმენტი ეფუძნება მხოლოდ EMC-ის პრაქტიკაში არსებულ კონკრეტულ სისხლისსამართლებრივ საქმეებზე ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა ანალიზს და არ გულისხმობს ამ დოკუმენტში გამოკვეთილი პრობლემების განზოგადებას სხვა მსგავსი ტიპის საქმეებზე.

EMC-ის წარმოებაში არსებული ოთხი სისხლის სამართლის საქმის შემთხვევაში გამოძიება,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) და 170-ე მუხლებით (შრომის დაცვის წესის დარღვევა) მიმდინარეობს.  

სახელმწიფო უწყებებიდან მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, იქმნება წარმოდგენა, რომ გამოძიების დაწყების მაჩვენებელთან შედარებით დაბალია ამ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი[1]. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2019 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის 244 ფაქტზე იქნა გამოძიება დაწყებული, ხოლო 2020 წლის მხოლოდ იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 185 ფაქტზე. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამ დანაშაულის ჩადენის 25 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება 2019 წელს, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 23 შემთხვევაზე.[2] საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის  თანახმად კი, 2019 წელს სსკ-ის 240-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 36 შემთხვევაში დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 20 შემთხვევაში. 2019 წელს სსკ-ის 170-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის 1 შემთხვევაში იქნა დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო 2020 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში – 4 შემთხვევაში.

შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მიუხედავად, მსგავსი ტიპის საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ვლინდება ცალკეული სამართლებრივი ხარვეზები, რომელთა იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომისა და მსგავსი ტიპის დანაშაულის პრევენციისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს შემუშავებული შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის  შემთხვევების გამოძიების მეთოდოლოგია; მეთოდოლოგიის არარსებობის გამო ცალკეული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარება არათანმიმდევრულად და არასრულყოფილად ხორციელდება; გამოძიების პროცესში დანიშნული საექსპერტო კვლევები უმეტესად ჭიანურდება; უმეტეს შემთხვევებში არ იკვეთება დამსაქმებელი ორგანიზაციის მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო რეგულირების გათვალისწინებით  არ დგება იურიდიული პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაშიც, უმეტესად,  ფორმდება საპროცესო შეთანხმება და არ ხდება რეალური სასჯელის  (თავისუფლების აღკვეთა) გამოყენება.[3]

წინამდებარე დოკუმენტში შევაფასებთ ამ ხარვეზებს და კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებში წარმოქმნილ სამართლებრივ პრობლემებს.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

ნახვა

გადმოწერა

შრომის_უსაფრთხოება_1609312748.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] დანაშაულებრივ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არსებითად უკავშირდება კონკრეტული პირის/პირების ბრალდებულად ცნობას და საქმის სასამართლოში განსახილველად წარმართვას.

[2] საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  2019 წლის 17 ოქტომბრის წერილი, 2020 წლის 12 ნოემბრის  წერილი, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 29 ოქტომბრის წერილი, 2020 წლის 4 ნოემბრის წერილი

[3] საქართველოს სახალხო დამცველის  ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ  2018 წელი, გვ. 188.