დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მართლმსაჯულების სისტემამ ვერ მოიპოვა საკმარისი ავტონომია პოლიტიკური გავლნებისგან, რაც აისახება კიდეც სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ხარისხზე.[1] არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია უთითებს სასამართლო სისტემაში არსებული „გავლენიანი ჯგუფის“ ე.წ. „კლანის“ არსებობის შესახებ, რომელიც უკონტროლო ძალაუფლებით სარგებლობს.[2] იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელება ნაკლებად ტოვებს დემოკრატიულობის, საჯაროობისა და სამართლიანობის განცდას, ხოლო ცალკეული მოსამართლეები უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან პოლიტიკურ კონიუქტურაზე, რა დროსაც უკანა პლანზე გადადის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ძირითადი სტანდარტების დაცვა.[3] მართლმსაჯულების სისტემის ძირითადი გამოწვევებია:

  • სასამართლო სისტემის კლანური მმართველობა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ხარვეზიანი წესი, რომელიც ვერ აბალანსებს სასამართლოს შიგნით, სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების თანაბრად წარმოდგენას;
  • მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ხარვეზიანი წესი და პრაქტიკა;
  • მართლმსაჯულების სისტემის გაუმჭვირვალობა.

დოკუმენტში გაანალიზებულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების (სუბიექტების) ხედვები სასამართლო სისტემის რეფორმირების მიმართულებით მათ მიერ წარმოდგენილი საარჩევნო პროგრამების (ასეთის არსებობს შემთხვევაში) ან/და მათ მიერ საჯაროდ გაცხადებული პოზიციების შესაბამისად.

ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველო", „ნაციონალური მოძრაობა“,  „გირჩი“ „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „სამოქალაქო მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ ერთობლივი შეთანხმება „კლანურ მმართველობას“ და ხალხში არსებულ უნდობლობას ასახელებს მართლმსაჯულების უმთავრეს გამოწვევებად. პარტიები ამ პრობლემების მოგვარების გზად, არსებული იერარქიის მოშლასა და დეცენტრალიზაციას ხედავენ. შესაბამისად, ისინი აანონსებენ შემდეგ რეფორმებს: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა; სასამართლოს დეცენტრალიზაცია და მისი დაკომპლექტების უფლებამოსილების ხალხისათვის გადაცემა; მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2017 წლიდან გაფორმებული ყველა აქტის გაუქმება; სასამართლო მარშალის ინსტიტუტის შექმნა; უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება; სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების კოლეგიების უმრავლესობის ამერიკის და ბრიტანეთის სასამართლო სისტემის მიერ არჩეული მოსამართლეებით დაკომპლექტება; გარკვეული ტიპის საქმეებზე აშშ-ს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებების სამართლებრივ პრეცენდენტებად აღიარება; ადმინისტრაციული არბიტრაჟის დანერგვა; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება და მისი ყველა საპატიმრო საქმეზე გავრცელება; სამოქალაქო დავების განხილვის ვადების შემცირება; მოწმეთა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესის სრულად ამოქმედება; პირველ ინსტანციაში მოსამართლის საკუთარი სურვილით (ბრალდებულის/მოსარჩელის მიერ) არჩევის წესის შემოღება;  ქალთა, განსაკუთრებით კი, ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მათთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.[4]

ზემოაღნიშნული ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა და მრავალ ძირეულ ცვლილებასთანაა დაკავშირებული, თუმცა პოლიტიკური პარტიები არ აკონკრეტებენ, თუ რა სამართლებრივი ინსტრუმენტები და ფინანსური რესურსები იქნება გამოყენებული ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, ან რა დრო დაჭირდება აღნიშნული გეგმის განხორციელებას; როგორი იქნება საკითხების პრიორიტეტულობა და შესაბამისად, მათი განხორციელების თანმიმდევრულობა. კითხვის ნიშნებს აჩენს უცხოეული მოსამართლეების დანიშვნაზე განაცხადი, რადგან ამ საკითხს თან ახლავს როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრირების თვალსაზრისით არსებული არაერთი გამოწვევა: რამდენად სწორია, სახელმწიფომ მართლმსაჯულების განხორციელება გადაანდოს სხვა სამართლებრივ სისტემაში აღზრდილ იურისტებს; როგორ გაველნას იქონიებს ეს გადაწყვეტილება ქართული სამართლის და სამართლებრივი კულტურის განვითარებაზე; როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩნენ ასეთი უცხოელი მოსამართლეები; რა ვადაში შეძლებენ ისინი ქართულ სამართალწარმოებასთან ადაპტირებას და რა მექანიზმებით იქნება დაზღვეული უკვე უცხოელ მოსამართლეებზე პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენების მოხდენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხების გაცემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არც ერთი პარტია არ საუბრობს დეტალურად, როგორ აპირებენ დასახული გეგმის შესრულებას.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია - მოსამართლეების არჩევითობის საკითხია. ეს მოდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის ამერიკის რამდენიმე შტატში. თუმცა, მოსამართლეების არჩევითობა ამ ქვეყნებში დაბალანსებულია არჩევითი მოსამართლეების ძალიან მკაცრად შემოზღუდული განსჯადობით, მათი განსახილველი საქმეების ადმინისტრაციული ბუნებით და სხვა მექანიზმებით. ჩვენს შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები არ აკონკრეტებენ, როგორი საქმეების განმხილველი მოსამართლეების არჩევითობას გვთავაზობენ; საერთოდ რა პრობლემის მოგვარებას ისახავენ მიზნად ამ სიახლის დანერგვით; ამ პროცესში როგორ იქნება დაზღვეული, რომ თანამდებობაზე არ იქნეს არჩეული პოპულისტი მოსამართლე, რომელიც ადამიანის უფლებების განუხრელად დაცვის ნაცვლად, პოლიტიკური კონიუქტურის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.

სასამართლო სისტემის რეფორმირებას ყურადღებას უთმობს პოლიტიკური პარტია „ლელოც”.[5] პარტიის „მარშალის გეგმა” რამდენიმე მიმართულებით აანონსებს რეფორმებს: სასამართლოს მართვის გამჭვირვალე და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული სისტემის დანერგვა; პოლიტიკური და კლანური გავლენისგან დაცული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შექმნა; საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „მინი სტრასბურგის” ფუნქციის დამატება; სასამართლო გადაწყვეტილებების დროულობა და ახალი 400 სანდო მოსამართლით სისტემის დაკომპლექტება. აღნიშნული ჩამონათვალი მეტად ზოგადია და სამწუხაროდ, პარტიის პროგრამა არ შეიცავს უფრო დეტალიზებულ ინფორმაციას გასატარებელ ღონისძიებათა თაობაზე. კერძოდ, როგორ უზრუნველყოფს „ლელო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გათავისუფლებას კლანური მმართველობისგან; რა გზებით და პროცედურით ინიშნება ახალი 400 მოსამართლე თანამდებობებზე; რას გულისხმობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის „მინი სტრასბურგის“ ფუნქციის დამატება და ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან გასათავისუფლებლად როგორი ხედვა აქვს პარტიას.

“ეკა ბესელია - სამართლიანობისთვის” ასევე საუბრობს სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. პარტიის გეგმა შედარებით დეტალურია და რამდენიმე ნაბიჯს მოიცავს: კონსტიტუციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების წესის ახლებურად დარეგულირება; საბჭოს ხელახალი დაკომპლექტება; საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების როლის გაზრდა; მოსამართლეთა უვადო არჩევის წესის დროებით შეჩერება; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესის დახვეწა; იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა და მინიმუმ 100 ახალი მოსამართლის დანიშვნა; მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმის იუსტიციის საბჭოსგან დისტანცირება.[6]

სამწუხაროდ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მართლმსაჯულების საკითზეც უკიდურესად ფრაგმენტული პოზიციები აქვს და ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე, კერძოდ, სამართალწარმოების ვადების შემცირებაზე, ან სასამართლო სისტემაში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებზე.[7] „ქართული ოცნება“ კვლავაც არ აღიარებს მართლმსაჯულებაში არსებულ ფუნდამენტურ პრობლემებს და არაფერს ამბობს სისტემის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფაზე, კლანური მმართველობისგან გათავისუფლებაზე, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებაზე თუ სხვა ფუნდამენტურ საკითხებზე.

პარტიების საარჩევნო ხედვების შეფასება ცხადყოფს, რომ ძირითადი ოპოზიციური სუბიექტები თანხმდებიან სასამართლოში „კლანური მმართველობის“ არსებობაზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანდნენ ოპოზიციური პარტიების ნაწილი, თუმცა მათი ხედვა მეტ კონკრეტიკას და განხორციელების დეტალიზებულ გეგმებს საჭიროებს. როგორც აღინიშნა, „ქართული ოცნება“ სრულ იგნორირებას უკეთებს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობას და მხოლოდ ფრაგმენტულ და უკიდურესად ზედაპირულად ხედვებს გვთავაზობს ამ მიმართულებით განსახორციელებელ რეფორმებზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავკასიის კვლევითი რესურს ცენტრი (CRRC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და დამოკიდებულება სასამართლო სისტემის მიმართ, 2018, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3jb7Mns .

[2] Abashidze A., Arganashvili A., Beraia G., Verdzeuli S., Kukava K., Shermadini O., Tsimakuridze E.,The Judicial System Past Reforms And Future Perpectives, Coalition for an Independent and Transparent Judiciary, Tbilisi 2017, გვ.: 12, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/3b468A4; კლანურ მმართველობასთან დაკავშირებით ასევე იხ.: Coalition for an Independent and Transparent Judiciary, „The Coalition is Starting “Make Courts Trustworthy” Campaign“, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/33sRNKY.

[3] Coalition for an Independent and Transparent Judiciary,’’Assessment of the Hearings of Supreme Court Judicial Candidates at the Parliament Legal Committee, Coalition for an Independent and Transparent Judiciary“, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2Qu56po; Office for Democratic Institutions and Human Rights, ODIHR Report, Second Report on the Nomination and Appointment of Supreme Court Judges in Georgia, June – December 2019, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/33tmwYx; ასევე, Europian Commision, “Joint staff working Document Implementation Report on Georgia”, par.2.3 Justice, freedom and security, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2UeDzJC, ვრცლად იხ. : სახალხო დამცველი, Monitoring Report on the Selection of Supreme Court Judicial Candidates, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Y6UHmz.

[4] ვრცლად ოპოზიციური პარტიების შეთანხმების შესახებ, იხ. ბმული: https://bit.ly/359vGe3; ასევე, იხ: პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3lSlVYp; პარტიის - „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური  გეგმის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2SVpUH7; პარტია „გირჩი“, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3dH2izt; პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი,“ საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3o2pfBU.

[5] პოლიტიკური პარტია „ლელო,“ „მარშალის გეგმა“ - საქართველოს რეკონსტრუციის პროგრამა, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3k4cgNZ.

[6] პარტია ,,სამართლიანობისთვის " ლიდერის, ეკა ბესელიას ინიციატივა სასამართლო რეფორმის შესახებ, ხელმისაწვდომია:  https://bit.ly/3kadxTJ; ვრცლად პარტიის „სამართლიანობისთვის“ პოლიტიკური გეგმის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/2SSLKet.

[7] ვრცლად პარტიის პოლიტიკური გეგმის შესახებ იხილეთ, „დემოკრატიული მმართველობა - ანგარიში და სამომავლო გეგმა“: https://bit.ly/31c7Pt0.