საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის საფუძველზე, 2017 წლის 29 მაისს, დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგია და მისი იმპლემენტაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ორივე საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის პროცესის შედეგად გამოვლინდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად თუ სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება, რითიც ამ ფორმატის არსებობას და ქმედითობას, მნიშვნელოვანი ჩრდილი ადგება.

სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და მისი აღსრულების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესზე დაკვირვებამ შემდეგი გამოწვევები გამოავლინა:

  • 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მეორე პროგრესის ანგარიში დღემდე არ არის დამტკიცებული/გამოქვეყნებული;
  • მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტი, ისევე როგორც წინა საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში, მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და სრულყოფილ ინფორმაციას, აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, არ შეიცავს;
  • უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების ღია შეხვედრები საკმარისი ინტენსივობით არ იმართებოდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 3 ღია სამუშაო შეხვედრა ჩატარდა;
  • სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

ნახვა

გადმოწერა

სამოქმედო_გეგმა_1596171411.pdf