Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა: 198

გამოცემის წელი: 2020

ISBN: 978-9941-8-2220-9

ავტორები:  ქეთევან კუკავა, მარიამ გობრონიძე, სალომე ჩხაიძე

ნახვა

გადმოწერა

GEO_WEB_1591598416.pdf

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად აქვეყნებს ჩრდილოვან ანგარიშს „სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა“.

წარმოდგენილი ჩრდილოვანი ანგარიში რიგით მეორეა და მიზნად ისახავს 2018 წლის ნოემბრიდან 2020 წლის თებერვლის ჩათვლით, 2017-2021 წლების სასამართლო სისტემის სტრატეგიის შესრულების პროცესის შეფასებას. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ აქვს დამტკიცებული, ასევე არ არის გამოქვეყნებული 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მეორე წლის პროგრესის ანგარიში. შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიში კვლავ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იმ აქტივობების შესრულების მდგომარეობას აფასებს, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდში არ შესრულდა, ან ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტში, მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და დღემდე არსებულ გამოწვევებზე ერთიანი სურათის შექმნის მიზნით, ასევე თემატურადაა განხილული სასამართლო სისტემის რეფორმის ოთხი ტალღა.

ანგარიშში შეფასებულია შემდეგი ხუთი საკვანძო მიმართულებით განხორციელებული აქტივობები: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა; (2) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნისა და დაწინაურების სისტემა; (3) მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემა; (4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინსტიტუციური მოწყობა და საქმიანობის რეგულირება; (5) სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

მონიტორინგის ანგარიშმა გამოკვეთა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სათანადო ყურადღებას არ უთმობს სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის სრულყოფილად იმპლემენტაციას და ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ ტექნიკურად სრულდება კონკრეტული აქტივობები, ხოლო მათი შინაარსობრივი შედეგი, მართლმსაჯულების ხარისხობრივი გაუმჯობესება, სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყებების ინტერესს მიღმა რჩება. კერძოდ, ანგარიშზე მუშაობის პროცესში შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

  • საანგარიშო პერიოდში განხილული 68 აქტივობიდან, ჯამში შესრულებულია - 11, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26, ხოლო 2017 წლიდან 2020 წლის თებერვლის მონაცემებით, ორივე საანგარიშო პერიოდში, ჯამში განხილული 92 აქტივობიდან, შესრულებულია - 35, ნაწილობრივ შესრულებულია - 31, შეუსრულებელია - 26.
  • 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა და მეორე პროგრესის ანგარიში დღემდე არ არის დამტკიცებული/გამოქვეყნებული;
  • მეორე პროგრესის ანგარიშის პროექტი, ისევე როგორც წინა საანგარიშო პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში, მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და სრულყოფილ ინფორმაციას, აქტივობების შესრულების მდგომარეობის შესახებ, არ შეიცავს;
  • უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში სამუშაო ჯგუფების ღია შეხვედრები საკმარისი ინტენსივობით არ იმართებოდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში მხოლოდ 3 ღია სამუშაო შეხვედრა ჩატარდა;
  • სამუშაო ჯგუფების შიდა საორგანიზაციო შეხვედრები დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა;
  • საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილი წესი სამუშაო ჯგუფს კენჭისყრის საფუძველზე სხდომების თვითნებურად დახურვის შესაძლებლობას აძლევს.

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

ნახვა

გადმოწერა

GEO_WEB_1591598416.pdf