Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა: 84

გამოცემის წელი: 2020

ავტორები: 

CRRC-EMC-IDFI_report_20.05.2020_1590146372.pdf

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) ერთად, აქვეყნებს ანგარიშს „სასამართლოს ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.“ ანგარიში სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით საქართველოს ქართულენოვანი, სრულწლოვანი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს აჯამებს. იგი მოკლედ მიმოიხილავს სასამართლოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტსა და მოსახლეობის განწყობებს.

წარმოდგენილი ანგარიში მოიცავს 2020 წლის 19 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდს. მთლიანობაში გამოიკითხა 2,290 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს (CAPI - Computer Assisted Personal Interviewing) მეთოდით. კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოვლინდა:

  • 2020 წელს საქართველოს მოსახლეობის მესამედი (33%) ამბობს, რომ დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდება საქართველოს სასამართლოებში, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი 2018 წელს 13%-ით მეტი იყო;
  • საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი საშუალოდ აფასებს საქართველოს სასამართლო სისტემის მუშაობას, თითქმის მესამედი კი ამბობს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემა არ შეცვლილა;
  • მოსახლეობის უმრავლესობა ნაწილობრივ ენდობა, ნაწილობრივ კი არ ენდობა სასამართლოს, ასევე ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი არ არის; „საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (51%) ამბობს, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლო სისტემა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელმისაწვდომია. 41%-ის აზრით, არ არის ხელმისაწვდომი, ხოლო მოსახლეობის მეათედზე ნაკლები (8%) აცხადებს, რომ არ იცის.“ სამართლებრივი დავების განხილვის ვადებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა არ იცის, საშუალოდ რამდენ ხანს გრძელდება სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის დავების განხილვა;
  • საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯები ხელს უშლის საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომ მიმართონ სასამართლოს. სასამართლოსთან დაკავშირებული ხარჯების გარდა, მოსახლეობის უმრავლესობა თვლის, რომ საქმის განხილვის ხანგრძლივობა, სასამართლოსადმი უნდობლობა, დამნაშავის მიერ მომავალში დაზარალებულზე შურისძიების საფრთხე და სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების მომზადება ხელშემშლელი ფაქტორებია საქართველოში მცხოვრები ადამიანისთვის, რომ სასამართლოს მიმართოს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, დამნაშავის მიმართ თანაგრძნობას მოსალოდნელი სასჯელის გამო და ასევე კულტურული ფაქტორების გათვალისწინებით, მიუღებლად მიიჩნევს სასამართლოს გზით დავას;
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა;
  • მოსახლეობის ნახევარზე მეტი ამბობს, რომ სმენია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის (24%), არბიტრაჟის (35%) ან განრიდების შესახებ მაინც (35%);
  • საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სმენია სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ, ხოლო ნახევარზე მცირედით მეტს არასახელმწიფო/არასამთავრობო იურიდიული დახმარების ცენტრების შესახებ. რაც შეეხება ნდობის საკითხს სახელმწიფო და არასახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურების მიმართ, მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ამბობს, რომ ენდობა სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურს, თითქმის მეოთხედი კი - არასახელმწიფო იურიდიული დახმარების ცენტრებს;
  • მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს ჰქონია სურვილი მიემართა სასამართლოსთვის, თუმცა არ მიუმართავს, მიზეზად კი ყველაზე ხშირად საქმის განხილვის ხანგრძლივობასა და სასამართლოს ხარჯებს ასახელებენ;
  • საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 6% აცხადებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მიუმართავს სასამართლოსთვის. მათი ძირითადი ნაწილი თვლის, რომ საქმის განხილვის ვადები და სასამართლოს ხარჯები ხელს უშლის სასამართლოს ხელმისაწვდომობას;
  • მათი უმრავლესობა, ვისაც ბოლო ექვსი წლის მანძილზე მიუმართავს სასამართლოსთვის, სამართალწარმოების გამოცდილებას დადებითად აფასებს.

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

CRRC-EMC-IDFI_report_20.05.2020_1590146372.pdf