ერთი წლის წინ, 2012 წლის 18 სექტემბერს, მედიაში გავრცელდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის კადრები, რამაც ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების დარღვევის სიმძიმე და მასშტაბები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. 18 სექტემბერს და შემდგომში გამოქვეყნებული კადრები ადასტურებდა არასათანადო მოპყრობის იმ პრაქტიკას, რომელზეც მანამდე საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად უთითებდნენ. თუმცა, აღნიშნული შეფასებების საპასუხოდ, შიდა კონტროლის მექანიზმების, საგამოძიებო და პროკურატურის ორგანოების ლოიალურობით, პოლიტიკური ნების არაარსებობითა და უმოქმედობით დაუსჯებლობის სინდრომისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის წახალისება ხდებოდა.

„ციხის კადრების“ გავრცელების შემდეგ საზოგადოება მოითხოვდა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიების დროულ ჩატარებას არამხოლოდ გავრცელებულ კადრებზე, არამედ ყველა სხვა არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, რომელსაც შეიძლებოდა ადგილი ჰქონდა პენიტენციურ სისტემაში, თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში[1]. ამ საქმეებზე ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი სამართლიანობის აღდგენის, წარსულის გააზრების და უფლებათა დარღვევის მსხვერპლების რეაბილიტაციის აუცილებლობით იყო განპირობებული.

სამწუხაროდ, დღეს, კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ, საზოგადოებას არ აქვს სრული სურათი ადამიანის უფლებათა იმ სისტემური დარღვევის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა სასჯელაღსრულების სისტემაში. ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგები არ არის გამჭვირვალე.  საზოგადოებისთვის ცნობილია მხოლოდ გამოძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე ზოგადი ინფორმაცია, მათ შორის, ცალკეულ პირთა მიმართ არსებითი განხილვით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, 8 ბრალდებულთან დადებული საპროცესო შეთანხმება და ვლადიმერ ბედუკაძის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება “განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ” საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.[2]

მიგვაჩნია, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება და პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლება,  ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციას, რომელიც ადგენს ხელმომწერი სახელმწიფოების ვალდებულებას დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით უზრუნველყონ მისი დასჯადობა შესაბამისი სასჯელით.[3] აღნიშნულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, მისი თანამშრომლობის ხარისხის მიუხედავად, ეწინააღმდეგებოდა საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ამას გარდა, საზოგადოებაში რჩება განსაკუთრებული ინტერესი არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის, მისი მასშტაბების, ორგანიზატორი და განმახორციელებელი პირების, პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხისმგებლობისა და საქმის სხვა გარემოებების მიმართ. საზოგადოება ასევე დაინტერესებულია მიიღოს ინფორმაცია ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების პირობებისა და მათი დადების მიზანშეწონილობის/აუცილებლობის შესახებ. ამის მიუხედავად, საპროცესო შეთანხმების არც ერთი დოკუმენტი ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.ზოგადად კი მწირია ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, დადგენილი გარემოებებისა და ამჟამად არსებული შედეგების თაობაზე.

კადრების გავრცელებიდან ერთი წლის შემდეგ დროული და ეფექტური გამოძიების პირობებში ნათელი უნდა იყოს რა მასშტაბებისა და ხარისხის დანაშაულს ჰქონდა ადგილი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, რამდენ პირი დაექვემდებარა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ვინ და რა მოცულობით მონაწილეობდა აღნიშნული დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში. სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება, ისევე როგორც მისი შედეგების გასაჯაროება მნიშვნელოვანია არამხოლოდ მართლმსაჯულების განხორციელებისა და დანაშაულის შემდგომი პრევენციისთვის, არამედ საზოგადოების მიერ წარსულის გააზრებისთვის.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ შესაბამის უწყებებს საზოგადოებას წარუდგინონ დეტალური ანგარიში სასჯელაღსრულების სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე გამოძიებისა და მისი შედეგების თაობაზე. ასევე იმ პროგრამებისა და შედეგების თაობაზე, რომელიც სახელმწიფომ წამებისა და არაადამინური მოპყრობის მსხვერლების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიზნით განახორციელა. დამატებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავარ პროკურატურას გაასაჯაროოს ბრალდებულებთან დადებული საპროცესო შეთანხმების დოკუმენტები (პირადი ცხოვრების ინტერესის დაცვით).

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალური განცხადება: http://gyla.ge/geo/news?info=755

[2]თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება: http://www.tcc.gov.ge/index.php?m=443&newsid=533

[3]http://www.un.org/documents/ga/res/39/a39r046.htm