1992 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 3 დეკემბერი შშმ პირთა საერთაშორისო დღედ დააწესა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შშმ პირების უფლებების დაცვის, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი კეთილდღეობის, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.[1] შშმ პირთა საერთაშორისო დღე სიმბოლურად კიდევ ერთხელ ახსენებს მსოფლიოს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა უფლებების იმ მძიმე დარღვევებისა და მასობრივი გარიყვის შესახებ, რასაც ისინი მუდმივ რეჟიმში დღემდე განიცდიან.

შშმ პირთა საერთაშორისო დღის წლევანდელი თემატიკა მათი ჩართულობის ხელშეწყობას უკავშირდება.  კერძოდ, აქცენტი კეთდება ამ ჯგუფის წარმომადგენელთა გაძლიერებაზე ინკლუზიური, თანაბარი და მდგრადი განვითარების მისაღწევად, მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2030-ის შესაბამისად.[2] ნათელია, რომ ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია შშმ პირთა ღირსეული ცხოვრების, ავტონომიის, ინკლუზიის, თანასწორობისა და მრავალფეროვნების პატივისცემის გარეშე.[3] თავისმხრივ, ყველა ეს ჩამოთვლილი ელემენტი სათანადო საცხოვრებლის უფლებასუკავშირდება. მეტიც, ეს უფლება, თავისი შემადგენელი კომპონენტებით, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი შშმ პირების დამოუკიდებლობის, საზოგადოებაში ინტეგრაციისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

წლების წინ საერთაშორისო საზოგადოება შეთანხმდა, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსი უფრო მეტია, ვიდრე ოთხი კედელი და ჭერი. იგი გულისხმობს ღირსეულ, უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ცხოვრებას და მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა, პირის იძულებითი გამოსახლებისგან დაცვა, აუცილებელი სერვისების ხელმისაწვდომობა, საცხოვრებელი გარემოს ადეკვატურობა და ა.შ. ამ უფლების განხორციელების მხრივ სახელმწიფოს უმოქმედობა თუ სხვაგვარი არაეფექტიანობა განსაკუთრებით მწვავედ მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, შშმ პირებზე, აისახება და მათ უკიდურეს მარგინალიზაციასა და მთელი რიგი უფლებების მწვავე დარღვევას იწვევს. სწორედ ამიტომ, შშმ პირებთან მიმართებით და მათი საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფოებს მთელი რიგი დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ. მათ შორისაა, ამ ჯგუფის პრიორიტეტიზაცია უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკაში და შესაბამისი სერვისების შემუშავებისას მათი საჭიროებების გათვალისწინება, საცხოვრისის სერვისებზე წვდომა-მისაწვდომობის სტანდარტების შესაბამისად და სხვა.

შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსის ანალიზისას ნათელი ხდება, რომ  სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იყოს მიმართული მხოლოდ სიღარიბეში მცხოვრები შშმ პირებისაკენ - გათვალისწინებული უნდა იყოს ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, რომელიც ნებისმიერ შშმ პირს საზოგადოების დანარჩენ წევრებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.[4] ამ ჯგუფის წარმომადგენლები, როგორც წესი, საზოგადოების სხვა წევრებთან შედარებით უფრო მეტ ხარჯს იღებენ, მაგალითად, საცხოვრებლით სარგებლობის დროს, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფისა თუ ჯანდაცვის უფლების რეალიზაციისათვის. ამ და სხვა მიმართულებებით სახელმწიფოს მიერ ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, შშმ პირების ოჯახები გვევლინებიან მათ მთავარ მხარდამჭერებად, რაც მნიშვნელოვნად აისახება შინამეურნეობის საერთო შემოსავალზე და ზრდის უსახლკარობის ან საცხოვრებლის უფლების სხვაგვარი დარღვევის რისკებს.[5]

სათანადო საცხოვრებლის უფლების შემადგენელი ელემენტების ანალიზი და მათი შშმ პირთა საჭიროებების ჭრილში დეტალური განხილვა სქელტანიანი კვლევის საგანია, თუმცა ერთ-ერთი საკითხი, რაც უმწვავესად გვევლინება საქართველოსა და მსოფლიოს მასშტაბით, შშმ პირების ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკაა. რაც იმას ნიშნავს, რომ 

მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ უზრუნველყოფს სათემო სერვისებს შშმ პირებისათვის, ისევე, როგორც ოჯახების მხარდაჭერის პროგრამებს, ინსტიტუციონალიზაციის რისკები მნიშვნელოვნად იმატებს. იმის აღნიშვნის გარდა, რომ პირთა ინსტიტუციონალიზაცია საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, გაეროს კონვენციის დებულებების, უხეში დარღვევაა და ზღუდავს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სათანადო საცხოვრებლის უფლებას, იგი მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს მათი უფლებების რეალიზებაზე მომავალში, რადგან ინსტიტუციონალიზაციის პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში გამოიხატება ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაკარგვასა თუ თემში, დამოუკიდებელი ცხოვრების მიმართ უნდობლობაში.[6]

საერთაშორისო სტანდარტების პარალელურად, მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული მდგომარეობის მოკლე მიმოხილვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ 5 წლის წინ მოახდინა გაეროს კონვენციის რატიფიცირება, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო, ინსტიტუციური თუ პრაქტიკული საკითხები ჯერ კიდევ გადაუჭრელი რჩება. სახელმწიფო პოლიტიკა მოკლებულია ერთიან, სისტემურ და კოორდინირებულ ხედვას, თუ როგორ განახორციელებს გაეროს კონვენციას და უზრუნველყოფს შშმ პირების უფლებების დაცვას. იქიდან გამომდინარე, რომ შშმ პირთა მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში სისტემური ცვლილებები ნაკლებად ხდება, შშმ პირთა საერთაშორისო თუ ეროვნული დღისადმი მიძღვნილი განცხადებებისა თუ სახელმწიფოსათვის განკუთვნილი რეკომენდაციების შინაარსიც პრაქტიკულად უცვლელი რჩება.[7]

მეორე მხრივ, ეროვნული კანონმდებლობა, ასევე, პოლიტიკის დოკუმენტები და პრაქტიკა არ ითვალისწინებს სათანადო საცხოვრებლის უფლებრივ სტანდარტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, არც შშმ პირებთან მიმართებით. საცხოვრისის სხვადასხვა სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან შეზღუდულადაა განვითარებული და ნაკლებად ითვალისწინებს ამ ჯგუფის წარმომადგენელთა საჭიროებებს. საცხოვრისის პოლიტიკის ფრაგმენტულობის გათვალისწინებით, სპეციალიზებულმა სერვისებმა  - ფსიქიატრიულმა დაწესებულებებმა და პანსიონატებმა - შშმ პირებისათვის მათი მუდმივი საცხოვრისის ფუნქცია შეიძინა. ინსტიტუციონალიზაციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საცხოვრებლისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პრაქტიკას ინარჩუნებს ქვეყანაში სათემო სერვისების განვითარების დაბალი მაჩვენებელი და სახელმწიფოს მიერ სათანადო მხარდაჭერითი მომსახურებების შეუსრულებლობა და/ან შეზღუდულად და არასათანადოდ განხორციელება - მაშინ, როდესაც დიდი ზომის დაწესებულებებში ასობით ადამიანი ღირსების შემლახველ, ინსტიტუციონალიზებულ გარემოში ცხოვრობს, შშმ პირებისათვის საოჯახო ტიპის საცხოვრისის სერვისის ბენეფიციარი მხოლოდ 25 ადამიანია. მიუხედავად სახელმწიფოს დეკლარირებული მიზნებისა, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესი კვლავ არ გვაქვს.

სად არის გამოსავალი? ამ კითხვაზე მარტივი და მოკლე პასუხის გაცემა რთულია. საერთაშორისო საზოგადოების მიერ 13 წლის წინ მიღებული გაეროს კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია მსოფლიოს ბევრ ნაწილში წარმოადგენს პრობლემას, იმდენად, რამდენადაც ამ დოკუმენტით განსაზღვრული სახელმწიფო ვალდებულებები საკმაოდ კომპლექსურია და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და სამართლებრივი სტატუსის ხელახალ, ძირფესვიან გააზრებას მოითხოვს. მეტიც, გაეროს კონვენციით გათვალისწინებული უფლებების ურთიერთგადაჯაჭვულობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, სახელმწიფომ ეფექტიანი რეფორმა გაატაროს შშმ პირთა რომელიმე ერთი უფლების განსახორციელებლად, ისე, რომ სხვა მიმართულებებით არ გადადგას ნაბიჯები. შესაბამისად, რელევანტური სახელმწიფო პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს იმის გააზრებას, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლება არ არის ცალკე მდგომი ელემენტი და იგი ვერ იქნება რეალიზებული იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სხვა უფლებებთან მიმართებით არ გაატარებს პოლიტიკას და არ დაინახავს მას  საცხოვრებლის უფლების დარღვევის რისკის შემცირების პერსპექტივიდან.

საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააანალიზოს სათანადო საცხოვრებლის უფლება და მისი შემადგენელი ელემენტები შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებით. კონკრეტული გამოწვევების იდენტიფიცირებას უნდა მოჰყვეს საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები საცხოვრებლის უფლების გარანტირებისა და უსახლკარობის აღმოფხვრის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლიდან საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავების სახელმწიფო დონეზე დაწყებული პროცესი სათანადოდ ხედავდეს შშმ პირთა საჭიროებებს და ასახოს იგი ამ ინსტრუმენტსა თუ საცხოვრისის არსებულ და სამომავლოდ განსავითარებელ სერვისებში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, ინსტიტუციონალიზაცია ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა  საქართველოს რეალობაში. მნიშვნელოვანია, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი  წარიმართოს მკაცრად გაწერილ, გონივრულ ვადებში, ადეკვატური დაფინანსების, შესაბამისი სამოქმედო გეგმის, რეგულარული მონიტორინგისა და პროცესში შშმ პირების აქტიური ჩართულობის ფონზე. ჯერ კიდევ 1960-70-იანი წლებში მძიმე საერთაშორისო გამოცდილების (რაც დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის დროს ადეკვატური და საკმარისი სერვისების არარსებობის გამო შშმ პირთა უსახლკარობის მასშტაბის მკვეთრ ზრდაში გამოიხატა) მხედველობაში მიღებით, აუცილებელია დეინსტიტუცინალიზაციის პროცესში სახელმწიფოს ჰქონეს სისტემური მიდგომა, რომლის მიხედვითაც, რეზიდენტული დაწესებულებების ტრანსფორმაცია რეფორმის მხოლოდ ერთ ელემენტად მიიჩნევა და მასთან ერთად უნდა გატარდეს მთელი რიგი ცვლილებები მულტისექტორულ პროგრამებში შშმ პირების ჩართვის მიმართულებით, მათ შორის, საცხოვრებლის, ჯანდაცვის, რეაბლიტაცია – აბილიტაციისა და სხვა ტიპის მხარდამჭერ სერვისებთან დაკავშირებით, ასევე, განათლებისა და დასაქმების, სტიგმის აღმოფხვრის სფეროებში.

ნათელია, რომ მხოლოდ შშმ პირთა სათანადო საცხოვრებლის უფლების  ნაწილში სახელმწიფოს მიერ ბაზისურად გადასადგმელი ნაბიჯები დიდი მოცულობისაა და საკმაოდ კომპლექსურია. კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დამკვიდრების, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განხორციელებისა და საცხოვრისისა და დამხმარე სერვისებით არასათანადო უზრუნველყოფის გარეშე, არსებული გამოწვევები დიდი ხნის განმავლობაში უცვლელად, ისევ ბაზისურ დონეზე იქნება და შშმ პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის მიზანი ისევ მიუღწეველი იქნება.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] https://www.un.org/en/observances/day-of-persons-with-disabilities.

[2] შშმ პირები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების სხვადასხვა ნაწილი უთითებს შშმ პირებზე, განსაკუთრებით, განათლების, დასაქმების, მისაწვდომობის, თანასწორობის, მონაცემთა შეგროვებისა და ამ მიზნების მონიტორინგის მიმართულებით.

[3] A/72/128, Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the Right to Non-discrimination in this Context, Annual Report, Para. 1 (2017).

[4] Concluding Observations on the Initial Report of Costa Rica, Committee on the Rights of Persons with Disabilities, para. 57 (2014)

[5] A/72/128, Report of the Special Rapporteur on Adequate Housing as a Component of the Right to an Adequate Standard of Living, and on the Right to Non-discrimination in this Context, Annual Report, Para. 52 (2017).

[6] იქვე, para. 18.                                                                                                                                       

[7] https://emc.org.ge/ka/products/saerto-sasamartloebis-mnishvnelovani-pretsedenti-shshm-pirta-mimart-adgilobrivi-munitsipalitetis-sotsialur-valdebulebebze; https://emc.org.ge/ka/products/gantskhadeba-sakartveloshi-shshm-pirta-datsvis-dghestan-dakavshirebit.