შესავალი

თანამედროვე მსოფლიოში მზარდი სოციალური კონფლიქტების, უთანასწორობის, სიღარიბის, ბუნებრივი რესურსების მასობრივი ექსპლუატაციისა და მისი ვიწრო ჯგუფების ხელში კონცენტრირების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს განვითარების ისეთ მოდელებზე ფიქრი, რომელიც მიმართული იქნება საერთო სიკეთეების შექმნის, ჩაგრული ჯგუფების ინტერესების დაცვისა და სოციალური მშვიდობის მიღწევისკენ. ამ კონტექსტში, მიწით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები, როგორც მრავალი ადგილობრივი ჯგუფის თვითმყოფადი არსებობისა და გადარჩენის მთავარი წყარო, ცენტრალურ ადგილს იკავებს. მიწისა და მისი რესურსების ფლობის, მოხმარებისა და კონტროლის უსამართლო გადანაწილებასთან ბრძოლას გადამწყვეტი გავლენა აქვს უთანასწორობისა და სიღარიბის აღმოფხვრის გზაზე.[1]

მიწით სარგებლობა გულისხმობს წესების, ინსტიტუტების, უფლებებისა და ნორმების ერთობლიობას, რომლითაც რეგულირდება მიწის და მასთან დაკავშირებული რესურსების მოხმარება და კონტროლი.[2] ის სამართლებრივად ან ადათობრივად (ფორმალურად ან არაფორმალურად) შეიძლება იყოს განსაზღვრული.[3] მიწით სარგებლობის კატეგორიზება შეიძლება მოხდეს როგორც კერძო, სათემო, ღია წვდომისა და სახელმწიფო.[4]

სათემო მიწათსარგებლობა (communal land tenure) თავისი შინაარსით კოლექტიური ბუნებისაა, სადაც ადგილობრივი ჩვეულებებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით წინა პლანზეა წამოწეული კოლექტიური ინტერესები. ამასთან, ის, როგორც წესი, უფრო კომპლექსური, ინკლუზიური და სოციალურად ჩაჭედილი ფენომენია. ასეთ პირობებში, მიწის ფლობა და მოხმარება გადაჯაჭვულია სხვადასხვა ადამიანებისა და ჯგუფებისა ინტერესებთან და უფლებებთან კონკრეტულ არეალში მოთავსებულ მიწის რესურსებზე.[5]

ამგვარი პრაქტიკები, მიწის მფლობელობის სხვა რეჟიმებისგან განსხვავებით, ადგილობრივი პრაქტიკებიდან და ტრადიციებიდან მომდინარეობს და არა სახელმწიფოს ნორმატიული მოწესრიგებიდან.[6] ამის მიუხედავად, ეს პრაქტიკები მიწით სარგებლობის ისეთსავე მყარ სოციალურ სისტემას ქმნიან, როგორც ეს სახელმწიფოს მიერ სამართლებრივი გზებით ხორციელდება.[7] სწორედ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტერიტორიებითა და რესურსებით სარგებლობის ტრადიციული ფორმები ქმნიან ადგილობრივი თემებისა და მკვიდრი მოსახლეობებისთვის მიწის უფლებებით (land rights) სარგებლობის საფუძველს.[8]

ყველაზე ზოგადი დაყოფით, მიწაზე უფლებები მოიცავს ინდივიდებისა და ჯგუფების, ადგილობრივი თემებისა და მკვიდრი მოსახლეობების ჩათვლით, მიწაზე დაშვების, მისით სარგებლობის, მართვის, უფლებების გადაცემის (გასხვისება, იჯარა) და სხვების მიერ მისით სარგებლობისგან გამორიცხვის შესაძლებლობებს.[9] უმთავრესად, ეს უკანასკნელი ელემენტი განარჩევს სათემო მიწათსარგებლობას მიწაზე ღია წვდომისგან, სადაც მიწითა და მისი რესურსებით სარგებლობა ნებისმიერ ადამიანს ან ჯგუფს შეუძლია.[10] სათემო მიწათსარგებლობის კონტექსტში მიწაზე უფლებების კომპონენტები შესაძლოა განსხვავებული მნიშვნელობისა და დატვირთვის იყოს, ზოგიერთ მათგანთან მიმართებით კი სპეციფიკური რეჟიმები მოქმედებდეს.

წინამდებარე ტექსტი მიმოიხილავს საერთაშორისო და სახელმწიფოს შიდა დონეებზე სათემო მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული უფლებების კომპონენტებს და იმ მიდგომებს, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი აღიარება და დაცვა. მასში გაანალიზებულია სათემო მიწათსარგებლობის სხვადასხვა სამართლებრივი რეჟიმები და მათი პოტენციური გავლენები ადგილობრივი თემის ინტერესებისა და უფლებების დაცვის კონტექსტში. ტექსტში წარმოდგენილი მსჯელობები არის მცდელობა, სათემო მიწათსარგებლობის აღიარებისა და დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენით ნათელი გახდეს მისი პრინციპული დაპირისპირება განვითარების იმ პარადიგმებთან, რომლებიც მიმართულნი არიან რესურსების მაქსიმალური ათვისების გზით გარემოსთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების, ადგილობრივი კულტურის, ცხოვრების წესისა და ტრადიციების გაქრობის, უთანასწორობის კვლავწარმოებისა და კერძო კაპიტალის ხელში რესურსებისა და ძალაუფლების თავმოყრისკენ.

სტატია სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

სათემო_მიწათსარგებლობა__1606210962.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Eduardo von Bennewitz, Land Tenure in Latin America: from Land Reforms to Counter‑Movement to Neoliberalism, 2017, p. 1797, ხელმისაწვდომია: https://acta.mendelu.cz/65/5/1793/

[2] Indigenous peoples’ collective rights to lands, territories and natural resources, Lessons from IFAD-supported projects, International Fund for Agricultural Development, 2018, p. 3, ხელმისაწვდომია: https://www.ifad.org/en/web/knowledge/publication/asset/40272596

[3] Land tenure and rural development, FAO, 2002, p. 7, ხელმისაწვდომია: http://www.fao.org/3/a-y4307e.pdf

[4] იქვე, p. 8.

[5] Michael Clark and Nolundi Luwaya, Communal Land Tenure 1994-2017: Commissioned Report for High Level Panel on the Assessment of Key Legislation and the Acceleration of Fundamental Change, an initiative of the Parliament of South Africa, 2017, p. 6, ხელმისაწვდომია: https://www.parliament.gov.za/storage/app/media/Pages/2017/october/High_Level_Panel/Commissioned_Report_land/Commisioned_Report_on_Tenure_Reform_LARC.pdf

[6] Liz Alden Wily, Customary Land Tenure in the Modern World Rights to Resources in Crisis: Reviewing the Fate of Customary Tenure in Africa - Brief #1 of 5, 2012, p. 1, ხელმისაწვდომია: https://dlc.dlib.indiana.edu/dlc/bitstream/handle/10535/7713/customary%20land%20tenure%20in%20the%20modern%20world.pdf?sequence=1 

[7] იქვე.

[8] Indigenous peoples’ collective rights to lands, territories and natural resources, Lessons from IFAD-supported projects, p. 4.

[9] იქვე.

[10] Land tenure and rural development, FAO, p. 8.