8 ივლისს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჯგუფმა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში ალტერნატიული კოალიციური ანგარიში წარადგინა, რომელშიც ბოლო ხუთი წლის პერიოდში საქართველოში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობაა შეფასებული.

კოალიციური ანგარიშის პირველი ნაწილი ეთნიკური უმცირესობების მიმართ სამართლიანი პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარემოს შექმნისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს ეთმობა. ანგარიშში მათ შორის მიმოხილულია ეთნიკური უმცირესობების დაბალი პოლიტიკურ მონაწილეობისა და ხელისუფლების ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე სუსტი ჩართულობის, ენის პოლიტიკის, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიმართ განათლების ხელმიუწვდომლობისა და უთანასწორობის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში უსაფრთხოების პერსპექტივისა და უწყებების დომინირების საკითხები. ამ კუთხით, ანგარიში მსჯელობს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე, პანკისის ხეობაში ჰესებთან დაკავშირებით ორგანიზებულ მასშტაბურ საპოლიციო ღონისძიებაზე, ბოლო პერიოდში მარნეულში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული პრობლემური გამოძიების პრაქტიკაზე. ამას გარდა, ანგარიშში საუბარია უმცირესობებით კომპაქტურად რეგიონებში ბაზისური სოციალური ინფრასტრუქტურის (წყალი, გზები, საბავშვო ბაღები, მიწის რესურსებზე წვდომა და ა.შ.) განუვითარებლობის, მზარდი მიგრაციის, უმცირესობების სოციალურ მოწყვლადობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, მათ შორის, პანდემიის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ კრიზისებზე.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობას, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეულ სოციალურ კრიზისებს და უფლებების დარღვევის მძიმე პრაქტიკას. გარდა ამისა, კოალიციური ანგარიში ეხება ოკუპირებული ტერიტორიების de facto საზღვრებთან ჟურნალისტების დაუშვებლობის პრობლემასაც, რითაც მათ ეზღუდებათ შესაძლებლობა თავისუფლად გააშუქონ ადგილზე არსებული პრობლემები. ანგარიში ასევე შეეხება კონფლიქტისპირა სოფლებში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ მძიმე სოციალურ მდგომარეობასაც.

კოალიციური ანგარიშის ბოლო თავი მიმოიხილავს რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას საქართველოში. ანგარიშში გაკრიტიკებულია რესტიტუციის და ფინანსური რესურსების გადაცემის უთანასწორო და პოლიტიზირებული პრაქტიკა, მათ შორის ნახსენებია 2020 წელს მიღებული ტყის კოდექსი, რომელიც აშკარად დისკრიმინაციულ ჩანაწერებს შეიცავს. ანგარიშში ასევე საუბარია უფლებადარღვევის ცალკეულ შემთხვევებზე, რომელსაც სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია საქართველოში, მათ შორის, ქობულეთის პანსიონატის, მოხის ისტორიული მეჩეთის, თანდოიანცის ეკლესიის საქმეები. ანგარიშში ასევე საუბარია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის დისკრიმინაციულ უარზე და მიმდინარე სასამართლო დავაზე. კოალიციურ ანგარიშში მკაცრად არის გაკრიტიკებული სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მანდატი და მისი მხრიდან რელიგიური ორგანიზაციების კონტროლის პრაქტიკა, ასევე საჯარო სკოლებში პროზელიტიზმის და ინდოქტრინაციის შემთხვევები და აქ არსებული არამულტიკულტურული გარემო.

თითოეულ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ალტერნატიულ კოალიციურ ანგარიშში წარმოდგენილია ჯამში 41 რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ წარვუდგენთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, იმისათვის რომ ეს რეკომენდაციები უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შემდეგი ციკლის ფარგლებში საქართველომ მიიღოს და აღასრულოს.

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის გაეროს ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია, სადაც სახელმწიფოები ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ ეროვნულ ანგარიშებს მათ ქვეყანაში არსებულ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანგარიშვალდებულების ამ პროცესში ადამიანის უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ალტერნატიული ანგარიშების წარდგენისა და ლობირების შესაძლებლობა აქვთ. გაეროს წევრი ქვეყნები სახელმწიფო და ალტერნატიული ანგარიშების საფუძველზე შესაბამის სახელმწიფოს კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევენ, რომელზეც მოპასუხე სახელმწიფო მისი მიღების შემთხვევაში, შესრულების ვალდებულებას იღებს.

ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც ანგარიშზე მუშაობდა 9 ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციას და 3 რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციური ანგარიში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კოორდინირებით, შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. დოკუმენტის შინაარსი მხოლოდ კოალიციის პასუხისმგებლობაა და არც ერთ შემთხვევაში არ ასახავს შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის პოზიციებს.

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • პლატფორმა სალამი
  • პანკისის ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი
  • სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  • კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF)
  • მშვიდობის ფონდი
  • ახალგაზრდები დიპლომატიური ჩართულობისთვის
  • ქართველ მუსლიმთა კავშირი
  • საქართველოს ევანგელურ-ბაბტისტური ეკლესია
  • სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო