შესავალი

 

ამ სტატიის მიზანი სექს-სამუშაოს ირგვლივ არსებული ფემინისტური დებატის კრიტიკაა. სექს-სამუშაო ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან გახდა ფემინისტთა დაპირისპირების ერთ-ერთი საფუძველი. ამ დაპირისპირებას, ხშირად, ფემინისტურ სექს-ომებსაც უწოდებენ, რადგან სექსუალობა და მისი, ერთი მხრივ, პატრიარქალურ წესრიგთან კავშირი და, მეორე მხრივ, მისი ტრანსფორმაციული და განმათავისუფლებელი პოტენციალი სექს-სამუშაოს ფემინისტური ანალიზის ცენტრალურ საკითხად იქცა. სექს-ომებმა ერთგვარი პოლარული თეორიული ჩარჩო შექმნა სექს-სამუშაოს კონცეპტუალიზებითვის, სადაც სექს-სამუშაო ან ქალთა ჩაგვრის ყველაზე თვალსაჩინო ფორმად მიიჩნევა, ან კიდევ, ქალთა მიერ საკუთარი სხეულისა და სექსუალობის კონტროლისა და პატრიარქალური ნორმების წინააღმდეგობის მაგალითად (Beran, 2017).

 

მიუხედავად იმისა, რომ  ეს პოლარიზებული ჩარჩო არც სექს-მუშაკთა მრავალფეროვან გამოცდილებას ასახავს ადეკვატურად და არც იმგვარი პოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავებას ემსახურება, რომელიც სექს-ინდუსტრიაში ჩართული ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული, ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, სექს-ომები მეტ-ნაკლები სიმძლავრით ისევ გრძელდება და პერიოდულად განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სექს-სამუშაოს კონცეპტუალიზების ამგვარი პოლარიზებული ჩარჩო ყურადღებას სექს-სამუშაოს შრომითი ასპექტის ნაცვლად  სექსუალობის ასპექტზე ამახვილებს და ამით, სექს-მუშაკთა შრომითი და სოციალური უფლებებისთვის ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაძლიერებულ ბრძოლას უკანა პლანზე გადასწევს.

 

ამ სტატიის მიზანიც სწორედ სექს-ომების პოლარული ჩარჩოს არაადეკვატურობის წარმოჩენაა. მთავარი არგუმენტი კი ის არის, რომ სექს-სამუშაოს თეორიზებისას, ან ისეთი პრაქტიკული, საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ნაბიჯების დაგეგმვისას, რომლებსაც სექს-მუშაკთა სამუშაო თუ ცხოვრების პირობებზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, პირველ რიგში, სწორედ სექს-მუშაკთა სხვადასხვა ორგანიზებული თუ არაორგანიზებული ჯგუფის მოსმენაა საჭირო და ამას გარდა, სექს-სამუშაოს შრომით საკითხად გადააზრება. შრომის პირობების, სამუშაო სტიგმის, სამუშაო უსაფრთხოების ნაცვლად, პატრიარქატისა თუ არჩევანის თავისუფლების განყენებული და ზოგადი ანალიზი სექს-სამუშაოს შესახებ დამახინჯებულ და რეალობასთან მოშორებულ სურათს ხატავს. არგუმენტის დასასაბუთებლად, სტატიის ფარგლებში, პირველ რიგში, სექს-სამუშაოს მიმართ ორ ურთიერთდაპირისპირებულ ფემინისტურ პოზიციას შევაჯამებ. შემდეგ კი, ამ დაპირისპირების რამდენიმე ცენტრალურ ასპექტს გავაანალიზებ. ესენია: თავისუფალი არჩევანის, პატრიარქალური ძალადობისა და სექსისა და სამუშაოს ურთიერთმიმართების საკითხები.

 

შესავლის ბოლოს, ასევე მინდა აღვნიშნო რომ, მიუხედავად იმისა, რომ სექს-სამუშაო ფართო სფეროა და მრავალ სექსუალობასთან დაკავშირებულ მომსახურებას მოიცავს, სატელეფონო თუ ინტერნეტ-მომსახურებას, ეგზოტიკურ ცეკვასა თუ ესკორტის სერვისს, ამ სტატიაში, ანალიზის ძირითადი ნაწილი ეგრეთ წოდებულ „პროსტიტუციას“ - თანხის სანაცვლოდ შესრულებულ უშუალო სექსუალურ კონტაქტს დაეთმობა, რადგად სწორედ „პროსტიტუციაა“ სახელმწიფოს მკაცრი სამართლებრივი რეგულაციისა თუ საკანონმდებლო დებატის წყარო.  „პროსტიტუციის“ ცნებას ბრჭყალებში იმიტომ ვსვამ, რომ ეს ცნება, ერთი მხრივ, სექს-სამუშაოს მიმართ არსებულ სტიგმას აირეკლავს, და მეორე მხრივ, სექს-სამუშაოს შრომით ნაწილს ჩრდილავს (Parent, Bruckert, Corriveau, Mensah, & Toupin, 2013). გარდა ამისა, ვინაიდან მოცემული ნაშრომი სხვადასხვა ფემინისტური თეორიული ანალიზის სინთეზია, წყაროთა უმეტესი ნაწილი კი სექს-სამუშაოში ჩართული ქალების მდგომარეობას აანალიზებს, ნაშრომიც, ძირითადად, სწორედ ქალებს ეთმობა. მიუხედავად ამისა, ცხადია სექს-სამუშაოში ჩართული ჯგუფები ბევრად ფართოა. ვფიქრობ, სექს-სამუშაოს შრომითი პერსპექტივიდან ანალიზი სხვა ჯგუფებისთვისაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ტრანსი სექს-მუშაკებისთვის, რომელთა გენდერული იდენტობაცა და ეკონომიკური საქმიანობაც განსაკუთრებით სტიგმატიზირებულია.

 

 

სექს-ომები გუშინ და დღეს

 

80-იანი წლების სექს-ომები სექს-სამუშაოს მიმართ ორ განსხვავებულ პოზიციას ასახავს. პირველი სექს-სამუშაოს[1] ქალთა პატრიარქალური ჩაგვრის ემბლემად მიიჩნევს. ამ ბანაკში ძირითადად იმ დროის რადიკალი ფემინისტები ერთიანდებიან. სექს-სამუშაო, რადიკალი ფემინისტებისთვის ჩაგვრასა და ექსპლუატაციასთან ასოცირდება, რადგან, მათი აზრით, ქალთა სექსუალური დამორჩილება პატრიარქატის ერთ-ერთი ცენტრალური ამოცანაა. რადიკალი ფემინისტების აზრით, „პროსტიტუცია“ სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობის შედეგია და მასში არცერთი ქალი საკუთარი ნებით არ მონაწილეობს. ამის დასტურად რადიკალ ფემინისტებს სექს-სამუშაოში ჩართულ ქალთა სიღარიბე და დაბალი სოციალური სტატუსი მოჰყავთ. ამასთან ერთად, სფეროს ძალადობრიობის დასამტკიცებლად, ისინი სექს-მუშაკთა მიერ განცდილი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს ციტირებენ. რადიკალ ფემინისტთა ლოგიკით, სექს-ინდუსტრია საფუძველშივე ძალადობრივი და სექსისტური ინსტიტუციაა და შესაბამისად, მათი მიზანი სექს-სამუშაოს აღმოფხვრაა. სწორედ ამიტომ, ფემინისტთა ამ ჯგუფს, ხშირად აბოლიციონისტებსაც[2] უწოდებენ (Sutherland, 2004). თუ 80-იან წლებში აბოლიციონისტი და რადიკალი ფემინისტები ერთი და იმავე ჯგუფის წევრები იყვნენ, დღეს, ყველა აბოლიციონისტი ფემინისტი რადიკალი ფემინისტი სულაც არ არის. პირიქით, დღევანდელი აბოლიციონისტები უფრო ახლოს ლიბერალურ ფემინიზმთან დგანან. მიუხედავად ამისა, პოზიცია, რომ სექს-სამუშაო ქალთა ჩაგვრის ძირითადი ინსტიტუტია და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს, მათთვისაც ცენტრალური არგუმენტია.

 

პოლიტიკისა და სამართლის დონეზე, რადიკალი თუ აბოლიციონისტი ფემინისტები სექს-სამუშაოს სამუშაოდ განსაზღვრას მკაცრად ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, ეს ექსპლუატაციის ლეგიტიმაციას და დაკანონებას ახდენს. ამასთან ერთად, ისინი სექს-სამუშაოს აღმოფხვრისათვის პასუხისმგებლობას  სახელმწიფოსა თუ საერთაშორისო ინსიტიტუტებს ანიჭებენ და მათ სექს-ინდუსტრიასთან ბრძოლისკენ მოუწოდებენ. პრაქტიკაში, ეს „ბრძოლა“ სექს-სამუშაოს სხვადასხვა ფორმით კრიმინალიზებას გულისხმობს (Brock, 2012; Mathieson, Branam, & Noble, 2016).

 

მეორე ფემინისტური ჯგუფი, რომელიც 80-იან წლებში ლიბერალურ ფემინიზმთან ასოცირდებოდა, სექს-მუშაკების მიერ მათი სექსუალობისა და სხეულის სურვილისამებრ გამოყენების უფლებაზე ამახვილებს ყურადღებას. მათი აზრით, სექსუალობის, ინტიმურობისა და სექსის ცალსახად პატრიარქალურ პროცესად დანახვა თავად არის პატრიარქალური ხედვა. ფემინისტთა ამ ჯგუფს ხშირად სექს-პოზიტიურ ან სექს-რადიკალ ფემინისტებსაც უწოდებენ. სექს-პოზიტიური ფემინისტებისათვის, სექს-მუშაკთა ისეთ მსხვერპლად წარმოჩენა, რომლებსაც არც არჩევანი აქვთ და არც საკმარისი ცნობიერება იმისათვის, რომ საკუთარი ჩაგვრა გააცნობიერონ, ავტორიტარული მიდგომაა. ამის ნაცვლად, ისინი სექსუალობის ტრანსფორმაციულ პოტენციალს უსვამენ ხაზს. სექს-სამუშაო, ამ შემთხვევაში, შეიძლება პატრიარქატთან წინააღმდეგობადაც დავინახოთ, რადგან სექსუალური მომსახურებისთვის ანაზღაურებას ექსპლიციტურად მოითხოვს, მაშინ, როდესაც ხშირად ქალთა სექსუალური ჩაგვრის ისეთი ფორმები, როგორიც ქორწინება ან სამუშაოზე სექსუალური შევიწროებაა შეუმჩეველი რჩება (Beran, 2017; Gerassi, 2015; Sutherland, 2004).

 

არჩევანის თავისუფლებისა და ქალთა გაძლიერების საკითხი თანამედროვე სექს-პოზიტიური ფემინიზმისთვისაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 80-იანი წლების ლიბერალური ფემინისტებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, საკითხის ასე გააზრება (რომ, სექს-სამუშაო თავისუფალი არჩევანია, რომ ყველას აქვს საკუთარი სხეულის მართვის უფლება) ლიბერალურ თუ ნეოლიბერალურ ჩარჩოს თანხვდება, როგორც ადრეული, ისე თანამედროვე სექს-პოზიტიური ფემინიზმი სექს-სამუშაოს ლეგიტიმურ შრომად ხედავს და შესაბამისად, სექს-მუშაკთა უფლებების სხვა მშრომელთა უფლებების მსგავსად დაცვისთვის იბრძვის. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე, სექს-პოზიტიური ფემინიზმი სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზაციასა და სექს-მუშაკთა შრომით საკანონმდებლო სივრცეში ინკლუზიას მოითხოვს (Phipps, 2017).  სექს-პოზიტიური ფემინიზმის პერსპექტივა, ამ შემთხვევაში, სექს-მუშაკთა ორგანიზებული ჯგუფების უმეტესობის პოზიციას თანხვდება, თუმცა, არჩევანსა და სხეულის ავტონომიურობაზე აპელაცია სექს-მუშაკთა ბრძოლისთვის, ხშირად, უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე სიკეთის. თუმცა, ამაზე შემდგომში ვისაუბრებთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს, აკადემიურ ფემინისტურ სივრცეში აბოლიციონისტურ პოზიციას იშვიათად თუ მოისმენ, სექს-ომების ჩარჩოს კრიტიკა დღესაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც 40 წლის წინ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ მსოფლიოს უმეტეს ნაწილში სექს-სამუშაო ან კვლავაც ნაწილობრივ თუ სრულად კრიმინალიზებულია, ან ლეგალიზებული და მკაცრად რეგულირებული (ამგვარ ლეგალიზაციას ხშირად არაპირდაპირ კრიმინალიზაციასაც უწოდებენ). „პროსტიტუციის“ სრული დეკრიმინალიზაციის მაგალითები კი, მიუხედავად იმისა, რომ სექს-მუშაკთა უფლებების დამცველი და თავად სექს-მუშაკებით დაკომპლექტებული ორგანიზაციების უმეტესობა წლებია დეკრიმინალიზაციისთვის იბრძვის, ჯერ კიდევ ერთეულია (მაგალითად, ახალი ზელანდია).

 

გარდა ამისა, ბოლო წლებში, სექს-მუშაკთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების თუ მათი მხარდამჭერების მიერ, სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზაციის, სექს-მუშაკთა შრომითი უფლებების დაცვისა და სექს-სამუშაოს მიმართ სტიგმის შემცირების მოთხოვნების ხილვადობის გაზრდამ დებატების სიმწვავე და აბოლიციონისტური მიდგომის პოპულარობა ისევ ზედაპირზე ამოიტანა. ამის კარგი მაგალითი Amnesty International-ის მიერ, 2016 წელს გამოქვეყნებულ პოლიტიკის დოკუმენტზე პოპულარული და ორგანიზაციული ფემინისტების პასუხია. ანგარიშს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სექს-მუშაკთა სამუშაო პირობებისა და მოთხოვნების ანალიზს ეფუძნებოდა და სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზაციას წარმოადგენდა მათ მიერ განცდილი ძალადობის, უთანასწორობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის ეფექტურ გამოსავლად, წარმოუდგენელი წინააღმდეგობა შეხვდა. სხვადასხვა აბოლიციონისტი ფემინისტური ჯგუფი ანგარიშს სექს-ინდუსტრიის ბარონების, ეგრეთ წოდებული „მამაშების“ და კლიენტების მხარდამჭერ დოკუმენტად წარმოაჩენდა და Amnesty International-ს ქალთა უფლებების ბიზნეს ინტერესებში გაცვლაში ადანაშაულებდა. ბრძოლაში ე.წ. პოპ-ფემინისტური ჯგუფებიც ჩაერთვნენ. Amnesty International-ის ანგარიშის საწინააღმდეგო პეტიციას მერილ სტრიპი, კეიტ უინსლეტი თუ ენი ჰეთევეი აწერდნენ ხელს, ქალთა უფლებადამცველ თუ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციასთან ერთად (Phipps, 2017).

 

ამ ჯგუფთა ნაწილი ე.წ. ნეო-აბოლიციონისტები არიან, რომლებიც ნაწილობრივ თანხმდებიან სრული კრიმინალიზაციის ნეგატიურ შედეგებს, თუმცა, გამოსავლად ე.წ. ნორდიკულ ან შვედურ მოდელს ხედავენ, სადაც სექს-სამუშაოს გაყიდვის ნაცვლად, სექსუალური სერვისის შეძენაა კრიმინალიზებული. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვლევა ადასტურებს შვედური მოდელის არაეფექტურობას, რადგან ის სექს-მუშაკების სამუშაო პირობებს არ აუმჯობესებს, კლიენტების მიერ იდენტობის გამჟღავნების შიში, ხშირად, სექს-მუშაკების მიერ სარისკო გადაწვეტილებების მიღებას ახალისებს და სექს-სამუშაოს კვლავ კრიმინალურ და სტიგმატიზებულ სფეროში ტოვებს (Bettio, Giusta, & Tommaso, 2017: 8; Beran, 2017: 51-52), აბოლიციონისტი ფემინისტებისათვის სექს-მუშაკთა უფლებები ქალთა უფლებებისა და პატრიარქატთან ბრძოლის საზოგადო საქმეში უკანა პლანზე გადაიწევს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მიუხედავად მრავალწლიანი დისკუსიისა, სექს-სამუშაოს ირგვლივ ფემინისტური დებატი სექს-სამუშაოს კვლავ კონტექსტისგან განყენებულ ჩარჩოში განიხილავს და სექს-მუშაკთა მოთხოვნებსა და რეალურ ცხოვრებისეულ გამოწვევებს გაძლიერებისა თუ ჩაგვრის ზოგადი და სპეციფიკისგან დაცლილი პოლარული ცნებებით აანალიზებს.

 

სტატიის შემდეგი ნაწილი სწორედ ამ პოლარიზებული დებატის ძირითად ასპექტებს დაეთმობა.

 

 

თავისუფალი არჩევანი თუ იძულება

 

ფემინისტური სექს-ომების ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არჩევანის თავისუფლებაა. რადიკალი ფემინისტების აზრით, სექს-სამუშაო არ შეიძლება ვინმეს თავისუფალ არჩევნად დავინახოთ, რადგან „პროსტიტუციაში“ მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფები და ეკონომიკურად შეჭირვებული ჯგუფები ერთვებიან. რადიკალი ფემინისტებისთვის წარმოუდგენელია, ამ სახის ექსპლუატაციას ვინმე მოხალისეობრივად დათანხმდეს. პატრიარქალური ჩაგვრის მთავარი მექანიზმი რადიკალური ფემინიზმის მიხედვით, სწორედ ქალების საკუთარ ჩაგვრაში მონაწილეობის ნორმალიზებაა. ფემინისტური ცნობიერების ამაღლება, მათი აზრით, ქალებს ცრუ ცნობიერებისგან გაათავისუფლებს და ჩაგვრისგან თავის დაღწევაში დაეხმარება. საპირისპირო, ლიბერალური ფემინისტური ლოგიკა კი, რადიკალურ ფემინიზმს პატერნალისტურ მიდგომაში ადანაშაულებს. მათი აზრით, მტკიცება, რომ ქალებს საკუთარ სხეულსა და სექსუალობაზე არჩევანის გაკეთება არ შეუძლიათ, მათ უმწეო ბავშვებად წარმოაჩენს და კიდევ უფრო ხელს უწყობს გენდერულ ჩაგვრას. ამ ლოგიკით, ქალი საკუთარი სხეულის ბატონ-პატრონია და თავად გადაწყვეტს როგორ მოიხმაროს ის (Lux, 2009; Sutherland, 2004).

 

სექს-ომების ასეთი პოლარიზმი, ბროკის (2012) მიხედვით, არა მხოლოდ არაკონსტრუქციულია, რადგან გამოსავლის პოვნის შესაძლებლობას არ ტოვებს, არამედ, ის რეალობის ზედმეტად გამარტივებულ სურათს წარმოადგენს. არჩევანი, როგორც სექს-მუშაკებისთვის, ისე ყველა სხვისთვის, ყოველთვის კონტექსტზეა დამოკიდებული და ყოველთვის შეზღუდულია. ზოგი ადამიანის არჩევანთა სპექტრი უფრო შეზღუდულია, ვიდრე სხვების. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ სექს-მუშაკთა არჩევანი მაინცდამაინც  „საკუთარი სხეულის თავისუფალი მართვის“ შედეგია, თუმცა, როგორც სექს-მუშაკი აქტივისტი კარა ჯილისი აღნიშნავს: „ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი არჩევანთა შეზღუდულ შესაძლებლობებს შორის იღებს გადაწყვეტილებას, მათი გადაწყვეტილების ვალიდურობას სულაც არ აკნინებს“ (ციტირებული Brock, 2012: 246). პირიქით, სექს-მუშაკებისათვის სწორედ ამ რთული გადაწყვეტილების აღიარება და ვალიდაციაა მნიშვნელოვანი. ჯილისისთვის ირონიულია, რომ ქალთა უფლებებისთვის მებრძოლები, უკვე ისედაც მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ქალების მიერ შემოსავლის ქონის შესაძლებლობის შეზღუდვას და მათ კრიმინალიზაციას უჭერენ მხარს.

 

ჯეფრისა და მაკდონალდის კვლევის მიხედვით, სექს-სამუშაოში ჩართვის გადაწყვეტილება სულაც არ განსხვავდება სხვა სამუშაო სფეროებში მიღებული ეკონომიკური თუ შრომითი გადაწყვეტილებებისაგან. მათი მტკიცებით, სექს-სამუშაოში ჩართული ადამიანები, ხშირად რთულ, თუმცა კარგად გათვლილ გადაწყვეტილებას იღებენ მათთვის ხელმისაწვდომი სხვადასხვა ეკონომიკური ალტერნატივის ანალიზისა და გადახარისხების შედეგად (მაგალითად, მინიმალურად ანაზღაურებადი მძიმე ფიზიკური სამუშაო) (ციტირებული Benoit & Shaver, 2006). სექს-მუშაკები, ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანები, მინიმალური სახსრების მოპოვებისთვის იბრძვიან, მათთვის ხელმისაწვდომ ალტერნატივებს შორის და მათ ირგვლივ არსებულ ეკონომიკურ კონტექსტში. „პროსტიტუციისა“ და სტიგმის ურთიერთმიმართების კვლევის მიხედვით, არჩევანის თავისუფლებისა თუ იძულების ჩარჩო სექს-სამუშაოს ანალიზისათვის ვერ გამოდგება, სექს-სამუშაო სხვა პროფესიებთან ერთად უნდა გავაანალიზოთ, როგორც ერთ-ერთი ეკონომიკური/პროფესიული არჩევანი (Benoit, Jansson, Smith, & Flagg, 2018). სხვა პროფესიების მსგავსად, სექს-სამუშაოსაც უამრავი გამოწვევა ახასიათებს, თუმცა, ამ გამოწვევათა გასაანალიზებლად და გადასაჭრელად იდეალისტური და პოლარული აზროვნება ვერ გამოგვადგება. რომ შევაჯამოთ, სექს-ომების პარადიგმასა და რადიკალი ფემინისტების მიერ სექს-პოზიტიური ფემინისტების წინააღმდეგობას „სექს-მუშაკების შრომითი უფლებების კომპლექსური საკითხები, ალტერნატიული სამუშაოების ნაკლებობა, კაპიტალისტური ექსპლუატაციის უნივერსალობა და კრიმინალური მოდელების მიერ სოციალური სამართლიანობის მიღწევის შეუძლებლობა ზრდასრულ ადამიანების შორის თავისუფალ არჩევნამდე დაჰყავს“ (Phipps, 2017: 310-11). სექს-სამუშაოს სამუშაოდ გადააზრების მნიშვნელოვნება იმ მარტივ ლიბერალურ არგუმენტს კი არ ეფუძნება, რომ ზრდასრულ ადამიანს როგორც უნდა, ისე შეუძლია თავისი სხეულის გამოყენება, არამედ იმ პრაქტიკულ გამოწვევებს, რომლებიც სექს-მუშაკებს უდგათ.

 

 

გაძლიერება თუ ჩაგვრა

 

ასევე, მნიშვნელოვანი დებატის საკითხია ჩაგვრისა და გაძლიერების თემა. რადიკალი ფემინისტებისათვის სექს-სამუშაო ძალადობრივი ინსტიტუციაა და მათში ჩართული ყველა პირი, შესაბამისად - ჩაგვრისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი. როგორც აღვნიშნე, რადიკალი ფემინისტებისათვის ის ფაქტი, რომ სექს-მუშაკთა უმრავლესობა ქალია, ხოლო კლიენტთა უმეტესობა კაცი, პროსტიტუციის პატრიარქალურ სექსუალურ წესრიგთან კავშირს ადასტურებს, სადაც კაცებს ქალების ობიექტივაციისა და ყიდვის უფლება აქვთ. ამის საპირისპიროდ, ლიბერალურ ფემინიზმთან ასოცირდება სექსუალურად თავისუფალი ქალის ხატი. ასეთი ქალი სექსს თავისთავად პატრიარქალურ ჩაგვრად არ აღიქვამს. მას შეუძლია დომინირება, შეუძლია საკუთარი სექსუალობა საკუთარი ბენეფიტისთვის გამოიყენოს (Sutherland, 2004). როგორც არჩევანის შემთხვევაში, ეს ჩაგრული თუ გაძლიერებული სექს-მუშაკის დიქოტომიაც პრობლემურია. ის არც რეალობას ასახავს ადეკვატურად და არც შედეგიან ანალიტიკურ ჩარჩოს გვთავაზობს.

 

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ რადიკალი ფემინისტების მიერ სექს-სამუშაოს აპრიორი ძალადობად წარმოდგენა სექს-მუშაკების მიერ განცდილი რეალური ძალადობის გამოცდილებას აუფასურებს, რეალური ძალადობისგან აქცენტი თეორიულ ძალადობაზე გადააქვს. დისკუსიაში, სადაც სექს-სამუშაო უკვე და ყოველთვის ძალადობრივ სფეროდ არის მიჩნეული, სადაც ყველა ჩართული ადამიანი უკვე ექსპლუატაციის მსხვერპლია, სექს-მუშაკების მიერ კლიენტებისა თუ დამსაქმებლის მხრიდან განცდილ, კონკრეტულ ძლადობრივ ფაქტებს, ძალადობის ნიუანსებს მნიშვნელობა ეკარგება. ამ დისკუსიაში, რეალურად განცდილი და ე.წ. პატრიარქალური ძალადობა გაიგივებულია, თუმცა, აქცენტი პატრიარქალურ ძალადობაზეა გადატანილი.

 

აბოლიციონისტთა არგუმენტიც ამ ყალბ გაიგივებას ეფუძნება და სწორედ ამ გაიგივების შედეგად შეუძლია, გამოიტანოს დასკვნა, რომ პატრიარქალურ ჩაგვრასთან გამკლავების ერთადერთი შესაძლებლობა სექს-სამუშაოს „აღმოფხვრაა“.  ის, რომ ეს „გამოსავალი“ სექს-მუშაკთა მეტ კრიმინალიზაციას, მეტ სტიგმატიზაციას და შესაბამისად, ძალადობის მიმართ მეტ მოწყვლადობას გამოიწვევს, აბოლიციონისტური ლოგიკიდან იკარგება. რადგან მთავარი სიმბოლური პატრიარქალური ძალადობის ანალიზია, ფაქტობრივი ძალადობის ანალიზი მეორეხარისხოვანი ხდება. აბოლიციონისტურ დისკურსში, ძალადობის დეტალები მხოლოდ მაშინ ხდება რელევანტური, როცა „პროსტიტუციის პრობლემურობის“ ფაქტობრივი დასაბუთებაა საჭირო. თუმცა, გამოსავლის ძიებისას, ის უკანა პლანზე გადაიწევს. ამის გარდა, სექს-სამუშაოს არსებითად ძალადობრივი ხასიათის მტკიცება ერთგვარად ხელს უწყობს სექს-მუშაკების მიერ განცდილი ძალადობის ნატურალიზებას, თითქოს, ძალადობა სექს-სამუშაოს განუყრელი ნაწილი იყოს. სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებული დანაშაულის გამოუძიებლობის, მათ მიმართ დაბალი სოლიდარობისა და ინტერესის მიზეზი, ხშირად, სწორედ ეს ლოგიკაა. როგორც ფიპსი აღნიშნავს, თუ სექს-სამუშაო არსებითად გაუპატიურების ტოლფასია, მაშინ სექს-მუშაკის გაუპატიურება, როგორც მოვლენა, შინაარსს კარგავს (Phipps, 2017).

 

მეორე მხრივ, ძალადობის პოლარიზებულ დისკურსში, ლიბერალურ თუ სექს-პოზიტიურ ფემინიზმთან ან სექს-მუშაკთა აქტივიზმთან ე.წ. „ბედნიერი მეძავის“ ხატი ასოციერდება (Phipps, 2017). ეს გაძლიერებული სექს-მუშაკის მითია, რომელიც საკუთარ არჩევანზე პასუხს აგებს, საკუთარ სამუშაო პირობებს აკონტროლებს და საკუთარი ცხოვრებით ბედნიერია. აქ, მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ ეს ხატი თავად სექს-პოზიტიური ფემინისტების უმეტესობის პოზიციას კი არ ასახავს, არამედ სექს-ომების პოლარობის დისკურსში, ჩაგრული და ექსპლუატირებული სექს-მუშაკის საპირისპიროდ იქმნება (მედიის, რადიკალი ფემინისტების და ზოგჯერ სექს-პოზიტიური ფემინისტების მიერ).

 

სექსუალობის განმათავისუფლებელი ხასიათის და პოტენციალის მტკიცება ერთგვარად ასეთი, ბედნიერი და ემანსიპირებული სექს-მუშაკის წარმოსახვას ქმნის. ეს ხატი, პირველ რიგში, იმიტომ არის პრობლემური, რომ ის ნამდვილად არ წარმოადგენს ყველა სექს-მუშაკის გამოცდილებას. ამის გარდა, ბედნიერი მეძავის სექს-პოზიტიურ ფემინიზმთან ასოცირება შეუძლებელს ხდის სექს-პოზიტიურ ფემინიზმში სექს-მუშაკის მიერ გამოცდილი ძალადობისა და დისკრიმინაციის ანალიზს. სექს-ომების ასეთ პოლარობაში წარმოუდგენელი ხდება, რომ ის, ვისაც ნეგატიური სექს-მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, სექს-სამუშაოს დეკრიმინალიზაციას ემხრობოდეს და სექს-ინდუსტრიას უჭერდეს მხარს (Phipps, 2017). სინამდვილეში, ცხადია სექს-მუშაკ აქტივისტთა დიდი ნაწილი, სწორედაც რომ, ძალადობის გამოცდილებისა და მისი მიზეზების საფუძვლიანი ცოდნის გამო იბრძვის დეკრიმინალიზაციისა და სექს-მუშაკთა სამუშაო და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისათვის.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ამ ანალიზში, ის არის, რომ სექს-მუშაკთა ჩაგრულობისა თუ გაძლიერებულობის სექს-სამუშაოს არსებით და შინაგან მჩაგვრელ თუ გამათავისუფლებელ პოტენციალთან დაკავშირება ყოველთვის არაადეკვატურ დასკვნებამდე მიგვიყვანს. სწორედ ამიტომ, სექს-მუშაკთა შრომითი დისკურსი ყურადღების სექს-მუშაკთა უსაფრთხოებასა და ჯანსაღ შრომის პირობებზე გადატანას გვირჩევს. სწორედ ამიტომ ხდება დეკრიმინალიზაცია და სტიგმის შემცირება მნიშვნელოვანი, რადგან ეს პროცესები სწორედ სექს-მუშაკების მიერ განცდილი რეალური და პრაქტიკული პრობლემების მოგვარებას ემსახურება (Brock, 2012).

 

თუ სექს-მუშაკთა ცხოვრება რთული და ძალადობის შემცველია, ამის მიზეზი, პირველ რიგში, სწორედ სტიგმატიზირებულ და კრიმინალურ სფეროში მოღვაწეობაა. გარდა ამისა, როგორც სექს-სამუშაოს ცნობილი მკვლევარი ვენდი ჩაპკისი ( 2011) თავის ინტერვიუში აღნიშნავს, სექს-სამუშაოს კვლევის დასაწყისში აღმოაჩინა, რომ სექს-მუშაკის ორივე რეპრეზენტაცია (დაჩაგრული და ღარიბი ქალი ან ძლიერი და ამაყი სექს-მუშაკი) ნამდვილია, მაგრამ არცერთი არ არის ადეკვატური სექს-მუშაკთა მრავალფეროვნების აღსაწერად. ჩაპკისის მიხედვით, არცერთი ქალის ცხოვრება არ არის სრულფასოვანი გაძლიერების ან სრულფასოვანი ჩაგვრის იდეალური მაგალითი და სექს-მუშაკები, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენენ. მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში, ისევ და ისევ სხვადასხვა პოზიციაში მყოფი, უფრო პრივილეგირებული თუ უფრო მეტად ჩაგრული სექს-მუშაკების უსაფრთხოებაზე, ჯანმრთელობასა და დაცულობაზე ზრუნვაა.

 

 

სექსი თუ სამუშაო

 

სექს-ომების დებატებში ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ მაშინ, როდესაც რადიკალური ფემინიზმი მარქსისტულ სკოლასთან ბევრად უფრო მჭიდრო კავშირშია, ვიდრე სექს-პოზიტიური თუ ლიბერალური ფემინიზმი, სექს-სამუშაოს ანალიზისას, რადიკალი ფემინისტები მის სამუშაო ნაწილს აბსოლუტურად ივიწყებენ და ყურადღებას მხოლოდ სექსუალობის ნაწილზე ამახვილებენ. რადიკალური ფემინიზმის მიერ, სექს-სამუშაოს მარქსისტული ანალიზი „პროსტიტუციას“ ისეთ პროცესად აღწერს, რომელიც „სექსუალობას ადამიანის არსებისგან მისი მარკეტირებით აცალკევებს“ და რადგან სექსუალობა ადამიანის ყოფის არსებითი და შინაგანი ნაწილია, მისი გაცალკევება, მისი ობიექტივაცია არა მხოლოდ ადამიანის უფლებებს არღვევს, არამედ, შეურაცხყოფს მის ღირსებას.  ამ ანალიზში, „პროსტიტუციის“ ცნებიდან სამუშაოს ნაწილი სრულად იშლება. რჩება მხოლოდ სექსუალობა, რომელიც პატრიარქალური წყობის მიერ ბოროტად გამოყენებული და ექსპლუატირებულია (Sutherland, 2004).

 

ხოლო ლიბერალური თუ სექს-პოზიტიური ფემინიზმი, მიუხედავად მისი, ხშირად, ცალსახად ლიბერალური და ბოლო დროს, ნეოლიბერალური არგუმენტებისა („ჩემია და გავყიდი“, „ვისაც რა უნდა, იმას შეიძენს“, „თავისუფალი არჩევანი“ და ა.შ.) სექს-სამუშაოს შრომით ნაწილს ნაწილობრივ მაინც  ეფუძნება. აქ, მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ სექსუალობის ანალიზი სექს-პოზიტიური ფემინიზმისთვისაც მნიშვნელოვანია და რადიკალური ფემინიზმისგან განსხვავებით, აქ, სექსი არა მხოლოდ ჩაგვრის, არამედ ზოგჯერ სიამოვნების, ტრანსგრესიის, ნორმებთან წინააღმდეგობისა და ტაბუების დაძლევის საშუალებადაცაა წარმოდგენილი (Sutherland, 2004). და ცხადია, სექსუალობის ასეთი კონცეპტუალიზაცია, როგორც ბერნსტეინი (2011) აღნიშნავს, სექს-მუშაკთა მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის არის მისაღები, თუმცა, მრავალი სექს-მუშაკის გამოცდილებას სულაც არ შეესაბამება.

 

თუმცა, მიუხედავად სექსუალურ გაძლიერებაზე ფოკუსისა, სექს-პოზიტიური ფემინისტები სექსუალობისა და შრომის ნაწილს ერთმანეთისგან სრულად არ აცალკევებენ. ამის მთავარი მიზეზი, ალბათ, მათ მიერ სექს-სამუშაოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში სექს-მუშაკების ხმის, არგუმენტებისა და პოზიციების ცენტრალურობის აღიარებაა, რომელიც სექს-მუშაკთა შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და სექს-სამუშაოს კრიმინალური კანონმდებლობიდან შრომითი კანონმდებლობის სფეროში გადანაცვლებისთვის იბრძვის. რადიკალი ფემინისტების დისკურსში კი, სექს-მუშაკი ჯერ კიდევ ინფანტილურ ფიგურად რჩება, რომელსაც ნამდვილმა ფემინისტმა უნდა ასწავლოს პატრიარქატის შესახებ და ცრუ ცნობიერებისგან გაათავისუფლოს (Phipps, 2017).

 

თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სექს-ომების პოლარობაში სექს-სამუშაოს შრომითი ნაწილის სრული თუ ნაწილობრივი მიჩუმათება და დისკუსიის სექსუალობის ნაწილზე კონცენტრირება (ჩაგვრა თუ გაძლიერება? არჩევანი თუ იძულება? სიამოვნება თუ ზიზღი?), ხშირად, სექს-მუშაკთა შრომითი უფლებებისთვის ბრძოლას უკანა პლანზე გადაწევს.  „პროსტიტუცია“ ამ პოლარობაში სექსუალობამდე დადის და სექს-მუშაკები ან უმწეო მსხვერპლებად ან სექს-ინდუსტრიის ბრმა მხარდამჭერებად წარმოჩნდებიან. სექს-მუშაკთა მრავალფეროვან გამოცდილებასა და გრძნობებს ვერც სექს-პოზიტიური პოზიცია ასახავს ადეკვატურად და ვერც რადიკალური.  სექს-მუშაკთა მრავალფეროვნების ანალიზი სწორედ სექს-სამუშაოს შრომით კონტექსტში, სხვა პროფესიებთან მიმართებაში განხილვის დროს არის შესაძლებელი. მაგალითად, ვენდი ჩაპკისის (2011) მიხედვით, სექს-სამუშაო, მომსახურების სფეროში არსებული სხვა  პროფესიების მსგავსად, დიდწილად, ემოციურ და ინტიმურ სამუშაოს მოიცავს. სხვა პროფესიების მსგავსად, სექს-სამუშაოს შემთხვევაშიც, ზოგიერთი ადამიანი უკეთ უმკლავდება ემოციური სამუშაოს გამოწვევებს, უკეთ ახერხებს პირადი საზღვრების დაცვას, ზოგი - ნაკლებად. სხვა პროფესიების მსგავსად, სამუშაო გამოცდილება, ხშირად, კლიენტის ქცევაზეა დამოკიდებული. სხვა პროფესიების მსგავსად, სამუშაო საათების რაოდენობა თუ ანაზღაურება მშრომელთა სტრესის ხარისხს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექს-მუშაკთა სტრესის ძირითადი წყარო, სწორედ, სამუშაო პირობებია და არა სამუშაოს ხასიათი (Sutherland, 2004: 153).

 

ასეთი ანალიზი ჩაპკისს (2011), ისევე როგორც ბროკს  (2011), საშუალებას აძლევს დაასკვნან, რომ სექს-სამუშაოს გამოწვევათა ანალიზისას, მნიშვნელოვანია ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს გამოწვევები „პროსტიტუციისათვის“ უნიკალური სულაც არაა. ისინი მრავალ სხვა პროფესიაშიც გვხვდება, განსაკუთრებით კი, სტიგმატიზირებულ და დაბალი-სტატუსის მქონე პროფესიებში, რომლებიც ფიზიკურ და ემოციურ შრომას მოითხოვენ. სექს-ომების მრავალწლიანმა ჩარჩომ სექს-სამუშაო ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ფორმის ნაცვლად, ერთგვარ იდენტობად აქცია (Benoit & Shaver, 2006: 250). ბენოიტის და შავერის (2006) აზრით,  სხვა შრომით სფეროებთან შედარებითი ანალიზი სექს-მუშაკების მსხვერპლებად ან გმირებად დაყოფის რისკს აიცილებდა და სექს-მუშაკთა მრავალფეროვნების ასახვის, სექს-სამუშაოს გამოწვევების ანალიზის ადეკვატურ შესაძლებლობას მოგვცემდა.

 

 

დასკვნა

 

სტატიის მიზანი სექს-სამუშაოს ანალიზისას დამკვიდრებული სექს-პოზიტიური თუ რადიკალური ფემინისტური პოზიციების კრიტიკა იყო. სექს-ომების დიქოტომია და მისი პატრიარქალურ ჩაგვრასა თუ არჩევანის თავისუფლებაზე, ისევე როგორც სექსუალობაზე ფოკუსი, როგორც გამოჩნდა, სექს-მუშაკთა მდგომარეობის ანალიზის, მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა თუ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლისთვის არაადეკვატური ჩარჩოა.

 

სექს-ომების პოლარულობის საპირისპიროდ, ბოლო წლების განმავლობაში, უფრო და უფრო ძლიერდება სექს-მუშაკთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვითი ორგანზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირები. ამ მოძრაობის მიზანი სექს-სამუშაოს სექს-ომების პოლარობის მიღმა ანალიზია. სექს-მუშაკთა სხვადასხვა კავშირთა ძირითადი დამხასიათებელი თვისებები კი პოლიტიკისა და სამართლებრივი ჩარჩროს შემუშავებაში თვით სექს-მუშაკების ხმისა და როლის გაძლიერებაა. ეს ჯგუფები, სექს-მუშაკთა გამოცდილებაზე დაყრდნობით, „პროსტიტუციის“ დეკრიმინალიზაციისა და სექს-მუშაკთა შრომითი უფლებების დაცვისთვის იბრძვიან. სექს-სამუშაოს პატრიარქატის შესახებ დებატიდან შრომით დებატში გადანაცვლება ამ ჯგუფთა ცენტრალური ამოცანაცაა და უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღწევაც.

 

სექს-მუშაკების უფლებები, სექს-მუშაკთა სამუშაო პირობები, სექს-სამუშაოს მრავალფეროვანი ფორმები და მათი ინდივიდუალური გამოწვევები, თვით სექს-სამუშაოში ჩართული ადამიანების მრავალფეროვნება, სექს-მუშაკთა მოძრაობები და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის მაგალითები კვლევის ის ახალი და მნიშვნელოვანი მიმართულებებია, რომლებიც სექს-ომების პოლარობას სცდება და სექს-მუშაკთა პირობების გაუმჯობესებისკენ და სექს-სამუშაოს მიმართ სტიგმის შემცირებისკენ არის მიმართული (Benoit & Shaver, 2006).

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Benoit, C., Jansson, S. M., Smith, M., & Flagg, J. (2018). Prostitution Stigma and Its Effect on the Working Conditions, Personal Lives, and Health of Sex Workers. Journal of Sex Research, 55(4–5), 457–471. https://doi.org/10.1080/00224499.2017.1393652

Benoit, C., & Shaver, F. M. (2006). Critical Issues and New Directions in Sex Work Research*. Canadian Review of Sociology/Revue Canadienne de Sociologie, 43(3), 243–252. https://doi.org/10.1111/j.1755-618X.2006.tb02222.x

Beran, K. (2017). Revisiting the Prostitution Debate: Uniting Liberal and Radical Feminism in Pursuit of Policy Reform. Law & Inequality: A Journal of Theory and Practice, 30(1), 19.

Bernard College. (2011). The Political Economy of Sexual labour: Interview with Elizabeth Bernstein. In S. Seidman, N. L. Fischer, & C. Meeks (Eds.), Introducing the New Sexuality Studies: 2nd Edition , pp. 313–319. Abingdon, Oxon ; New York: Routledge.

Bettio, F., Giusta, M. D., & Tommaso, M. L. D. (2017). Sex Work and Trafficking: Moving beyond Dichotomies. Feminist Economics, 23(3), 1–22. https://doi.org/10.1080/13545701.2017.1330547

Brock, D. (2012). Reframing Prostitution as Work. In M. FitzGerald & S. Rayter, Queerly Canadian: An Introductory Reader in Sexuality Studies (pp. 243–253). Canadian Scholars’ Press.

Gerassi, L. (2015). A Heated Debate: Theoretical Perspectives of Sexual Exploitation and Sex Work. Journal of Sociology and Social Welfare, 42(4), 79–100.

Lux, K. (2009). Work, Violence, or Both? Framing the Sex Trade and Setting an Agenda for Justice. Presented at the Advocates’ Forum, University of Chicago - SSA. Retrieved from https://www.ssa.uchicago.edu/work-violence-or-both-framing-sex-trade-and-setting-agenda-justice

Parent, C., Bruckert, C., Corriveau, P., Mensah, M. N., & Toupin, L. (2013). Sex Work: Rethinking the Job, Respecting the Workers. UBC Press.

Phipps, A. (2017). Sex Wars Revisited: A Rhetorical Economy of Sex Industry Opposition. Journal of International Women’s Studies, 18(4), 306–320.

Sutherland, K. (2004). Work, Sex, and Sex-Work: Competing Feminist Discourses on the International Sex Trade. Osgoode Hall Law Journal, 42(1), 139–167.

University of Southern Maine. (2011). Sex Workers: Interview with Wendy Chapkis. In S. Seidman, N. L. Fischer, & C. Meeks (Eds.), Introducing the New Sexuality Studies: 2nd Edition, pp. 327–333. Abingdon, Oxon ; New York: Routledge.

 

[1] ისევე როგორც პორნოგრაფიას, თუმცა ეს ამ სტატიის ფარგლებს სცდება

[2] Abolishion - ინგლისური სიტყვიდან, ნიშნავს გაუქმებას