ჯეიმს ბოლდუინი (1924 – 1987) იყო ამერიკელი მწერალი, აქტივისტი, პოეტი და დრამატურგი. იგი სამოქალაქო უფლებების მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო. ბოლდუინის ნაწერები ძირითადად ეხებოდა სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობების პარალელურად განვითარებულ ისტორიებს რასის, სექსუალობის, მასკულინობისა და სიღარიბის შესახებ.

 

დებატები კემბრიჯის უნივერსიტეტში[1]

ჯეიმს ბოლდუინის აღნიშნული გამოსვლა გაიმართა 1965 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც ის მეტოქეობას უწევდა ამერიკელ კონსერვატორს უილიამ ფ. ბაკლი ჯუნიორს დებატებში რასობრივი საკითხების შესახებ.

მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი

 

საღამო მშვიდობის,

დღეს, უკვე მერამდენედ, რაღაცნაირად წინასწარმეტყველის როლი მაკისრია. მისტერ ბარფორდის [2]შეხედულებას არ უარვყოფ იმის შესახებ, რომ უთანასწორობამ, რომლითაც ამერიკელი ზანგი[3] მოსახლეობა იტანჯება, ამერიკული ოცნების აღსრულება დააბრკოლა. ეს ნამდვილად ასეა. მე მასთან შეკამათებას სხვა საკითხებზე ვაპირებ. ჩემი წუხილი სხვაა, ის ბევრად უფრო ღრმა და უხერხულობის შემცველია და ეხება ადამიანების ხედვას, ადამიანების რეალობის შეგრძნებას, ადამიანების რეალობის სისტემას. ჩემი შემოთავაზება დღეს პალატის წინაშე იქნება ის, რომ კარგად გავიაზროთ, ამერიკული ოცნების მიღწევის პროცესი ამერიკელი ზანგის ხარჯზე მიმდინარეობდა თუ არა? ეს შეკითხვა საკმაოდ ბევრ ასპექტს მოიცავს, მასზე პასუხი და მასზე რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილი უკავია ადამიანს სამყაროში, როგორია მისი რეალობის შეგრძნება, როგორია მისი რეალობის სისტემა. ამ კითხვაზე პასუხი დამოკიდებულია ჩვენში ისე ღრმად გამჯდარ შეხედულებებზე, რის არსებობას ვერც კი აღვიქვამთ.

დღეს ჩემ მიერ დასმულ საკითხზე ფიქრში თეთრ სამხრეთ აფრიკელს ან მისისიპელს მოიჯარეს, ან მისისიპელ შერიფს, ან იმ ფრანგებს, რომლებიც ალჟირიდან გამოდევნეს, ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მათი რეალობის შეგრძნება სხვანაირია. რთულია წარმოიდგინო, რომ ფრანგები, ალჟირიდან გამოდევნის შემდეგ, იფიქრებენ და დაუპირისპირდებიან საფრანგეთის ამდენხნიან მმართველობას ალჟირში. წარმოიდგინეთ მისისიპის თუ ალაბამას შერიფი. მას მთელი გულით და ნამდვილად სჯერა, რომ შეურაცხადია ეს ზანგი ქალი თუ კაცი ან ბავშვი, რომელიც სწორედ იმ სისტემას უპირისპირდება, რომელსაც მთელ იდენტობას უნდა უმადლოდეს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანისთვის დღეს ჩვენი აქ განსახილველი მოსაზრება აბსურდია. მეორეს მხრივ, მე ვსაუბრობ იმ ადამიანების სახელით, რომლებსაც ყველაზე მეტად დაუპირისპირდა დასავლური თუ ევროპული რეალობის სისტემა. მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენ რასაც თეთრკანიანთა უპირატესობას ვეძახით, სათავეს ევროპიდან იღებს. ამის შემდეგ აღმოჩნდა ის ამერიკაში. ზემოთ დასახელებული ადამიანების გარდა, ჩემს კითხვაზე სხვების რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, მიაჩნიათ თუ არა, რომ ყველა ცივილიზაცია თანასწორია, თუ ჰგონიათ, რომ რომელიმე ცივილიზაციას უფლება აქვს, დაიპყროს, დაიმორჩილოს და გაანადგუროს მეორე. რა შედეგის მომტანია დაპყრობილი ცივილიზაციისთვის მორჩილება? დროებით გვერდით რომ გადავდოთ ყველა ტრაგიკული ფაქტი, ყველა გაუპატიურებისა და მკვლელობის აქტი, გვერდით რომ გადავდოთ ასე ნაცნობი სისხლიანი ჩაგვრის სერიები, ჩაგრულისთვის ყველაზე ახლობელი და სერიოზული მოვლენა ისაა, რომ მისი რეალობის შეგრძნება ინგრევა. მაგალითად, ადამიანს ეს უნადგურებს მამის ავტორიტეტს, მამამისი ახლა მას დამაჯერებელს ვეღარაფერს ეტყვის, რადგან წარსულის მნიშვნელობა გაუფასურებულია და მამამისს ახლა არანაირი ძალაუფლება აღარ გააჩნია ამ სამყაროში.

შენ, ახალდაბადებულ ამერიკელ ზანგს, რომელიც ამ „ბრწყინვალე“ რესპუბლიკაში მოევლინა ქვეყანას, დაბადების დღიდან მოყოლებული ყველგან და ყოველთვის ამერიკელის სახე თეთრკანიანის სახე გგონია და რადგან ჯერ შენ თვითონ სარკეში არ ჩაგიხედავს, შენი თავიც თეთრკანიანი გგონია. როგორც წესი, მოულოდნელია ხოლმე 5, 6 ან 7 წლის ასაკში იმის აღმოჩენა, რომ იმ დროშას, რომელსაც სხვების გვერდით მდგარი ერთგულებას ეფიცებოდი, შენთვის ერთგულება არ შემოუფიცავს. მოულოდნელია იმის აღმოჩენა, რომ გარი კუპერი[4] ინდიელებს ხოცავდა, არადა შენ ხომ გარი კუპერს ასე გულშემატკივრობდი. სინამდვილეში, კი ახლა შენ ხარ ინდიელების ადგილას. დიდი ელდაა იმის აღმოჩენა, რომ იმ ქვეყანას, რომელიც შენი დაბადების ადგილია და რომელსაც მთელს შენს სიცოცხლეს და იდენტობას უმადლი, რეალურად, შენთვის ადგილი არ გამოუყვია. სწორედ მაგ მომენტში მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერის გამო იწყება უკმაყოფილება, მორალი ირყევა და ადამიანებს შორის უფსკრული ჩნდება. ეს გრძნობები უფრო და უფრო ძლიერდება, ძლიერდება მთელი ცხოვრების მანძილზე. 30 წლის ასაკში კი გააცნობიერებ, რომ შენივე თანამემამულეების ნდობა გიჭირს. 30 წლის ასაკში უკვე მრავალი ტანჯვა გაქვს გამოვლილი, მაგრამ ყველაზე დიდი ტანჯვა ის კი არაა, რომ აურაცხელი რაოდენობის მარცხის გადატანამ მოგიწია, ის კი არ არის, რომ ოცდაოთხი საათის მანძილზე ყოველდღე ყველა ადამიანი, პოლიციელები, ტაქსის მძღოლები, მიმტანები, ბინის პატრონები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები მილიონი სხვადასხვა გზით გეუბნებიან, რომ შენ უვარგისი ადამიანი ხარ. ეს არაა ყველაზე დიდი ტანჯვა. ყველაზე დიდ ტკივილს მაშინ განიცდი, როდესაც ხედავ, რომ შენი ქალიშვილი, ვაჟიშვილი ან შენი დისშვილი ან ძმიშვილი იწყებს იმავეს გაცნობიერებას.

ახლა უკვე ოცდაათი წლის ხარ და ვერაფერი მოიმოქმედე, რომ ამ ხაფანგისგან თავი დაგეღწია, მაგრამ უარესი ისაა, რომ სინამდვილეში ვერც ვერაფერს მოიმოქმედებდი. ვერც მომავალში გააკეთებ ვერაფერს, რათა შენი ქალიშვილი ან ვაჟიშვილი იმავე უბედურებისგან იხსნა და მანაც ისევე არ დაასრულოს, როგორც შენ. მოდით, მივუბრუნდეთ საწყის დებულებას. ამერიკული ოცნების ზანგების ხარჯზე მიღწევას. ჩემი აზრით, აუცილებელია იმის განმარტება, თუ როგორ ვიყენებთ სიტყვას „ხარჯზე,“ მისი განმარტება კი რამდენიმე გზით შეგვიძლია. ეს სიტყვა პირდაპირი გაგებით რომ გამოვიყენოთ, დავინახავთ, რომ ამ ქვეყანაში ნავსადგურები და პორტები, რკინიგზის რელსები, მთელი ეკონომიკა და განსაკუთრებით, სამხრეთის შტატები სრულიად ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღესაა, დიდი ხნის მანძილზე და დღესაც რომ არ არსებულიყო იაფი მუშახელი შავკანიანების სახით. ამას მე მთელი სერიოზულობით ვამბობ და არც ვაჭარბებ. ამ ხნის მანძილზე ვიღაცის მათრახქვეშ მე ვკრეფდი ბამბას, მე დამქონდა ბაზარში, მე ვაშენე რკინიგზის რელსები და სამაგიეროდ მივიღე სრულიად არაფერი. არაფერი!

სამხრეთში არსებული ოლიგარქია, რომელსაც დღესაც უპყრია ძალაუფლება ვაშინგტონში და შესაბამისად მთელს მსოფლიოშიც, ჩემი შრომისა და ჩემი ოფლის შედეგადაა შექმნილი, ჩემი ქალების შებღალვაზე და ჩემი შვილების მკვლელობაზეა დაშენებული. ეს ხდებოდა და ხდება აქ, თავისუფლების ამ მიწაზე, მამაცთა სამშობლოში. ვერავინ უარყოფს ამ ფაქტებს, ეს ისტორიის არქივშია ჩაწერილი.

ეს ოცნება ამერიკელი ზანგის ხარჯზე არსებობს. ალბათ ღრმა სამხრეთში განვითარებულ ამბებს ადევნებდით თვალყურს, მაგრამ ეს მხოლოდ ღრმა სამხრეთში არ ხდება. ღრმა სამხრეთში თქვენ საქმე გაქვთ შერიფთან ან ბინის მეპატრონესთან ან უესტერნ იუნიონის მოლარე გოგონასთან, თვითონ აზრზე არაა, თქვენ რას წარმოადგენთ. მაგალითად, როდესაც ჩრდილოეთელი ზანგი ხარ, სამხრეთის ქალაქის ნაწილი არ ხარ, ეს ბევრ რამეში იკითხება და ამ ადამიანმა მხოლოდ ის იცის, რომ შენ უცხო ხარ, ამიტომ არც დაგელაპარაკება და იძულებული ხარ, ტელეგრამის მიღებას ელოდო. კარგი, ეს ფაქტები ყველამ ვიცით, ყველას გამოგვიცდია. ზრდასრულობას როგორც კი მივაღწევთ, ამ ყველაფერს როგორმე მარტივად გავუმკლავდებით. მაგრამ ამ საწყალი კაცს ან ქალს დარწმუნებით ჰგონია, რომ რაც არ უნდა საშინელი იყოს მისი ცხოვრება (და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ მათგანს დიდი ტანჯვა გამოუვლია), რაც არ უნდა ბედკრული ყოფა ჰქონდეთ, რა უბედურებაც არ უნდა დაატყდეთ თავზე, ის ფაქტი აძლევთ ნუგეშს და ღვთის წყალობად ის ევლინებათ, რომ სულ ცოტა, შავკანიანები მაინც არ არიან.

მე ვფიქრობ, რომ იმ უბედურებებიდან, რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს, ყველაზე უარესი სწორედ ეს არის. მე ვფიქრობ, რომ რაც თეთრკანიან სამხრეთელებს დაემართათ, რაღაც კუთხით, უარესია, ვიდრე ის, რაც იქ ზანგებს დაემართათ. მაგალითად ავიღოთ შერიფი კლარკი[5] ქალაქ სელმადან, ალაბამას შტატიდან. ჩვენ არ შეიძლება მას მხოლოდ ისე ვუყუროთ, როგორც მონსტრს. დარწმუნებული ვარ, მას თავისი ცოლიც და თავისი შვილებიც ძალიან უყვარს. დარწმუნებული ვარ, მას დალევაც ეყვარება. რომ შეხედავ, ისიც ისეთივე ადამიანია, როგორიც მე. მაგრამ თავადაც ვერ ხვდება რა ძალა აიძულებს, რომ აიღოს თავისი ხელკეტი, დაიმუქროს სასროლი იარაღით ან საქონლის წკეპლა დაიკავოს ხელში. რაღაც საშინელება უნდა მოუვიდეს ადამიანს, რომ, მაგალითად, საქონლის წკეპლა გადაარტყას ქალს მკერდზე. რასაკვირველია, საზარელია ის, რაც ქალს ემართება, მაგრამ ამის გამკეთებელ კაცს რაც ემართება, რაღაც მხრივ ბევრად, ბევრად უარესია. ახლა ასი წლის წინანდელ ფაქტებზე კი არ  ვსაუბრობ, არამედ 1965 წელს მომხდარზე და ეს იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემულობს კეთილდღეობას (ამ სიტყვის მნიშვნელობას დღეს ღრმად არ განვიხილავ), სოციალურ ერთიანობას, თავის თავს ცივილიზებულ ერს ეძახის, რომელიც ცდილობს ამ სამყაროში თავისუფლების ტიტული მიიკეროს. ამ დროს ამერიკელი ზანგი, ნებისმიერი ამერიკელი ზანგი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს ჰარლემიდან (რომელიც საშინელი ადგილია), ფიქრობს, რომ მართალია მთავრობა აცხადებს, რომ ის უძლურია, მაგრამ თეთრკანიანები რომ კვდებოდნენ მისისიპის ფერმებში, ციხეებში გადაყვანისას, თეთრკანიანი ბავშვები რომ დარბოდნენ ქუჩაში, მთავრობა რაიმე გზას იპოვიდა, რამეს შეცვლიდა. ჩვენ ახლახანს მივიღეთ სამოქალაქო უფლებების აქტი, არადა ასი წლის წინ უკვე გვქონდა კონსტიტუციის მეთხუთმეტე შესწორება. არ მინდა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველივით გამომივიდეს, მაგრამ თუ მეთხუთმეტე შესწორება მაშინ არ შესრულდა, რა მიზეზით უნდა დავიჯერო, რომ სამოქალაქო უფლებების აქტი მოვა სისრულეში? თუ ადამიანთა ჯგუფი იქამდე სახლობდა იმ მიწაზე, სანამ სხვები მივიდოდნენ, დღეს მათ ამ მიწაზე თავიანთი უფლება რატომ უნდა ამტკიცონ? განა ოთხასი წელი საკმარისი არ არის? მთელი ოთხასი წელი! მათ ზურგზე მინიმუმ სამმა ომმა გადაიარა - ამერიკული მიწა სავსეა ჩვენი წინაპრების ძვლებით. ახლა რატომ დგას ეჭვქვეშ ჩემი თავისუფლება, ჩემი მოქალაქეობა ან ჩემი უფლება რომ ამ მიწაზე ვიცხოვრო? ვიტყოდი, რომ ჭირმა, სახელად კანის ფერის გარჩევამ, ალაბამას მკვიდრი შერიფების და ალაბამას მკვიდრი ღარიბი ქალების, თეთრკანიანი ქალების, მორალი გაანადგურა და ამერიკის რეალობის შეგრძნება შებღალა.

ვიაზრებ რა რისკს, რომ უკიდურესობას დამწამებენ, მაინც ვიტყვი, რომ როდესაც ეს ქვეყანა დავტოვე და საზღვარგარეთ ვცხოვრობდი, იქ ყოფნისას ყოველთვის თვალს ვადევნებდი ამერიკელებს, ჩემს თანამემამულეებს და მე მაღელვებდა მათი ბედი. მაგრამ ეს რომ ასე არც ყოფილიყო, მაინც რაღაც უხილავი კავშირი არსებობს ჩვენს შორის - საერთო კონტექსტის აღქმის. მაგალითად, ტენესის შტატში დაბადებულ გოგოს ან ბიჭს როდესაც ვუყურებთ, ორივეს გვესმის თუ საიდან არის ის და რას ნიშნავს იყო ტენესიდან. არცერთმა ინგლისელმა ეს არ იცის, არცერთმა ფრანგმა, მსოფლიოში სხვა არავინ იცის იმ შავკანიანი კაცის გარდა, რომელიც იმავე ქვეყნიდანაა. ამ დროს კი უყურებ, როგორ ამბობენ თეთრკანიანები უარს იმ ერთადერთ ახლო ნათესავებზე, რომლებიც მათ გააჩნიათ. ჩვენ ამერიკაში ინტეგრაციაზე ისე ვსაუბრობთ, თითქოს მისი შესრულება დიდ თავსატეხს წარმოადგენდეს. არადა ამერიკაში ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ინტეგრირებულები ვართ და სწორედ ესაა ამერიკის პრობლემა. მიმაყენეთ ნებისმიერი აფრიკელის გვერდით და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ბებიაჩემს არავინ გაუპატიურებია. ამერიკელები კი თვალს არ ვუსწორებთ იმ შედეგს, რაც ჩვენმა ქმედებებმა გამოიწვია. ის ნაბიჯი, რაც ამერიკელმა ხალხმა ყველასთვის სასიკეთოდ უნდა გადადგას არის ის, რომ უბრალოდ მიიღოს მთლიანი ისტორია, როგორც ჩვენი, ყველას, ნაწილი. მე ისტორიის ნაწილი ვიყავი არა მხოლოდ როგორც მონა, არამედ როგორც მხევალი. ადამიანი ძალაუფლების მასშტაბს მაშინ შეიცნობს, როდესაც მეორე ადამიანზე აბსოლუტური ძალაუფლება აქვს.

ევროპაში მყოფ ამერიკელებს როდესაც ვაკვირდებოდი, ასე მეჩვენებოდა, რომ ჩემზეც ისევე არ ჰქონდათ წარმოდგენა, როგორც ევროპელებზე. მაგალითად, ისინი ძალით კი არ ცდილობდნენ ფრანგ გოგონასთან ცუდად მოპყრობას, ან ფრანგ მიმტანთან უხეშობას, მათ არც იცოდნენ რომ თავიანთი ქცევით გულს ვინმეს ტკენდნენ. ვერ იაზრებდნენ, რომ ეს ქალი ან ეს კაცი, იმის მიუხედავად, რომ სრულიად სხვა ენაზე საუბრობდა, სხვა მანერები და ქცევები ჰქონდა, ადამიანი იყო. ამერიკელები ფეხქვეშ თელავდნენ უცხოელების ღირსებას იმავე უცოდინრობით, ქედმაღლობით, მომხიბვლელობითა და მხიარულებით, როგორც ჩემთან მოპყრობისას: როდესაც თავზე ხელს მისვამდნენ, მანათობელს მეძახდნენ და ჩემი გაბრაზებისას ბრაზდებოდნენ. მაგრამ მნიშვნელოვანია გავიგოთ ის, რასაც ჩაგრული ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობს და რასაც არასდროს ეტყვის თავის ბატონს. 40 წლის წინ, როდესაც მე დავიბადე, ძალიან შორ პერსპექტივაშიც კი ვერ ვხედავდით ამ პრობლემების გამოსწორებას. ამაზე არავინ ფიქრობდა. ბავშვობაში ამერიკული ისტორიის წიგნები მასწავლიდა, რომ აფრიკას არ ჰქონდა ისტორია და შესაბამისად, არც მე მქონდა ისტორია. ეს წიგნები მასწავლიდა, რომ მე ვიყავი ველური. რაც უფრო ნაკლებად გამოვთქვამდი ჩემს აზრებს, მით უკეთესი. ამ წიგნებიდან ვსწავლობდი, რომ აფრიკელები ევროპელებმა გამოიხსნეს და ამერიკაში ჩამოიყვანეს და, რა თქმა უნდა, მე ამის მჯეროდა. სიმართლე ითქვას, არჩევანი არც მქონია. ეს იყო ერთადერთი სახელმძღვანელოები და ეს იყო საყოველთაოდ მიღებული აზრები.

თუ ჰარლემიდან ქალაქის ცენტრისკენ გზას გაუყვები, მარტივია დასანახია, რომ სამყარო უფრო სუფთა, თეთრი, მდიდარი და უსაფრთხო ხდება. ქუჩები ნაგვისგან გაწმენდილია, იოლი შესამჩნევია, რომ ადამიანებს ჯანმრთელობის დაზღვევის ყიდვა შეუძლიათ, ბავშვები ბედნიერები ჩანან, უსაფრთხოდ არიან. მაგრამ შენ არც ბედნიერი ხარ და არც უსაფრთხოდ ხარ. სახლში ბრუნდები და ფიქრობ, რომ ყველაფერი ასეც უნდა იყოს, ეს ღმერთის ნებაა. შენ იმ სივრცეს ეკუთვნი, სადაც თეთრკანიანმა ადამიანებმა მოგიჩინეს ადგილი.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მერე აღმოცენდა სამყაროს ალტერნატიული სურათი. ეს წარმოდგენა არ შექმნილა არც ამერიკული კანონმდებლობის და არც ამერიკული ხელისუფლების დამსახურებით. ის წარმოჩინდა მას შემდეგ, რაც აფრიკა მსოფლიო სცენაზე აღმოჩნდა და აფრიკელებთან გამკლავება საჭირო გახდა ახალი, აქამდე არნახული გზებით. ამან ამერიკელ ზანგს ისტორიაში პირველად მისცა შესაძლებლობა, თავისი თავი აღექვა არა მხოლოდ როგორც ველური ან ტაკიმასხარა. ამ პროცესებმა გამოიწვია ბევრი უთანხმოება და ალბათ კიდევ გამოიწვევს პრობლემებს. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რამ, რაც თეთრკანიანმა სამყარომ არ იცის, ჩემგან განსხვავებით ისაა, რომ შავკანიანი ადამიანები სხვების მსგავსები არიან. აქამდე მითი ზანგებისა და ფერადკანიანების შესახებ იმისთვის გამოიყენებოდა, რომ ისინი სრულიად უსაფუძვლოდ მიეჩნიათ ეგზოტიკურ, უჩვეულო არსებებად, რომლებიც, ადამიანური კანონების მიხედვით, უცხოები იყვნენ. მაგრამ, ვაი, რომ ეს სიმართლე არ არის. ჩვენც ვართ ანგარებიანები, ჩვენც ვართ დიქტატორები, მკვლელები, მატყუარები. ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ.

ჩვენ ძალიან დიდი დაბრკოლებები შეგვექმნება, სანამ არ ვაღიარებთ, რომ საჭიროა რაიმე სახის დიალოგის დაფუძნება იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ამერიკული ოცნებისთვის ხარკი გადაიხადეს და მათ შორის, ვისაც ამერიკული ოცნებისთვის ჯერაც არ მიუღწევიათ. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. ჩვენ, ახლა ამ ოთახში მსხდომებს რადგან თავი მეტნაკლებად ცივილიზებულები გვგონია და რაღაც ეტაპამდე ერთმანეთთან საუბარიც შეგვიძლია, ამ ყველაფრის გამო შეიძლება გვჯეროდეს, რომ დღეს აქედან გასვლის შემდეგ ჩვენი განათლებულობით (ან, ზრდილობით) სამყაროს შეცვლა შეგვეძლება, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერს არც არანაირი გავლენა ჰქონდეს.

მაგალითად, მახსოვს, რომ ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, მისტერ რობერტ კენედიმ აღნიშნა, რომ 40 წელიწადში ამერიკის პრეზიდენტი შესაძლოა ზანგიც გახდეს. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად ემანსიპატორული განცხადება იყო... თეთრკანიანებისთვის.  თეთრკანიანები ამ განცხადების გაჟღერების დროს ჰარლემში არ იმყოფებოდნენ, ალბათ ვერც იმ სიცილს, სიმწარეს და დაცინვას ისმენენ, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა. ჰარლემის საპარიკმახეროში მყოფი კაცისთვის ბობი კენედი მხოლოდ გუშინ გამოჩნდა არეალზე და ის უკვე პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზაზეა. ჩვენ კი აქ 400 წელია ვართ და ახლა ის ჩვენ გვეუბნება, რომ კარგად თუ მოიქცევით, 40 წელიწადში შეიძლება გაპრეზიდენტების უფლება მოგვცენ?

აქ საშიში ისაა, რომ ზოგიერთმა შავკანიანმა შეიძლება ყველაფერს, რასაც თეთრკანიანი ამერიკელი ამბობს, ზურგი აქციოს. ამ ადამიანებისთვის ყოყმანის მიზეზი, ჯონსონის[6] გამარჯვების მიუხედავად, ისაა, რომ მათ იმედს ამერიკელი პოლიტიკოსები საკმაოდ დიდი ხანია უცრუებენ. მე ზრდასრული ადამიანი ვარ და ჩემთან შეთანხმების მიღწევა ალბათ შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ შესაძლებელია. მაგრამ არც მე და არც მარტინ ლუთერ კინგმა არ ვიცით და რეალურად, არავინ ვიცით, თუ როგორ გავუმკლავდეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც თეთრკანიანი სამყარო დიდი ხანია არაფრად აგდებს. როგორ გავუმკლავდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ არაფრის, რასაც თეთრკანიანი სამყარო ამბობს და არც ჩემი ან მარტინის სიტყვების სჯერათ. მათ ამის გამო ვერავინ გაკიცხავს. ნახეთ, რა დღეში ჩაცვივდნენ ისინი 20 წელზე ნაკლებ დროში.

ჩემი ბოლო თვალსაზრისი კი ნიუ იორკს ეხება. ნიუ იორკში ზანგები ძალიან დიდი ხანია ცხოვრობენ. ნიუ იორკს აშკარად აქვს ფუნდამენტურად საკუთარი თავის გარდაქმნის უნარი.  ეს ბოლო 15 წელში ძველი შენობების ნგრევით და ახლების აშენებითაც დასტურდება, ოღონდ ეს აღმშენებლობა მხოლოდ ქალაქის ცენტრში ხდება, ფულის მოსახვეჭად. გეტოში ზანგებისთვის კი სხვადასხვა მშენებლობებითი პროექტების გარდა არაფერი გაკეთებულა. და, რა თქმა უნდა, ზანგებს ეს უსამართლობა ეზიზღებათ. ამჟამად გეტოში საკუთრება ფუჭდება, რადგან ახალგაზრდებს მისი მოვლა არ შეუძლიათ, მათ გეტოდან გაღწევა უნდათ. ამერიკის პრეტენზიები რომ უფრო თანმიმდევრულ, ცხოვრების და საკუთარი თავის კეთილსინდისიერ განსჯაზე იყოს დაფუძნებული, მაშინ „ქალაქის განახლებაში“ არ ვიგულისხმებდით ზანგების ქუჩაში გაყრას, ახლა კი სწორედ ამას ნიშნავს. ეს ღვთის ნება არ არის. ახლა ჩვენ ადამიანების შექმნილ და მართულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. ამერიკაში ზანგები რომ არ ყოფილიყვნენ, დარწმუნებული ვარ, ამერიკული შრომის დაცვის მოძრაობას ბევრად უფრო მოუსმენდნენ, ვიდრე ახლა. საშინელებაა, რომ ყველა მაცხოვრებელი იმ აზრით ცხოვრობს, რომ ქვეყნის მოსახლეობის ერთი მეათედი მისი დაქვემდებარებულია. და იმ წუთამდე, სანამ ჩვენ, ამერიკელები, ჩვენ, ამერიკელი ხალხი, არ მივიღებთ იმ ფაქტს, სანამ მეც არ მივიღებ იმ ფაქტს, რომ ჩვენი წინაპრები თეთრკანიანებიც არიან და შავკანიანებიც. სანამ არ დავიჯერებთ, რომ კონტინენტზე, რომელზეც ახალი იდენტობა უნდა შევქმნათ, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება. სანამ არ მივხვდებით, რომ მე ამერიკამ კი არ უნდა მიხსნას, მისი სამისიონერო მოწყალების ობიექტი კი არ ვარ, არამედ ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც ეს ქვეყანა ააშენა, იქამდე ამერიკული ოცნების აღსრულების იმედი ძლივს არსებობს. სანამ ადამიანების ნაწილს ეკრძალება იყოს ამერიკული ოცნების თანაბარუფლებიანი თანამონაწილე, ამერიკულ ოცნებას უბრალოდ მათი არსებობაც კი დაამტვრევს და თუ ის ნამდვილად დაიმსხვრევა, დასავლეთისთვის ძალიან მძიმე მომენტი დადგება.

გმადლობთ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] დებატების ნახვა შეგიძლიათ აქ

[2] ჯერემი ბარფორდი იყო დებატებზე დამსწრე ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც უილიამ ბაკლის გამოესარჩლა. ბოლდუინი თავის სიტყვას სწორედ ბარფორდის პასუხით იწყებს (მთარგმნ.).

[3] აფრო ამერიკელი მწერლები და აქტივისტები 1960-იან წლებში აქტიურად იყენებენ ამ სიტყვის ამერიკულ ექვივალენტს. იმის მიუხედავად რომ ამ სიტყვას ამჟამად უარყოფითი კონოტაცია აქვს, ავთენტურობის მიზნით, ის შეუცვლელად ითარგმნა (მთარგმნ.).

[4] გარი კუპერი იყო ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რომლის გმირებიც ფილმებში ხშირად ხოცავდნენ ამერიკელ ადგილობრივ მოსახლეობას, ე.წ. ამერიკელ-ინდიელებს (მთარგმნ.)

[5] შერიფი კლარკი 1955-1966 წლებში ძალადობრივად აკავებდა სამოქალაქო მოძრაობის მშვიდობიან აქტივისტებს და ის ღიად უპირისპირდებოდა რასობრივი ინტეგრაციის პროცესს (მთარგმნ.).

[6] ლინდონ ბ. ჯონსონი იყო ამერიკის პრეზიდენტი 1963-1969 წლებში. სამოქალაქო უფლებების კანონი მიღებული იყო პრეზიდენტ ჯონსონის პრეზიდენტობისას (მთარგმნ.).