მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორი (1929-1968) იყო ბაპტისტი მღვდელი და ამერიკული სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი 1955 წლიდან 1968 წლამდე. 1968 წელს იგი მოკლეს. 1964 წელს მარტინ ლუთერ კინგს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში რასობრივი თანასწორობისთვის არაძალადობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო.

 

სამი ბოროტება

მთარგმნელი: მარიამ შალვაშვილი

 

სამი მთავარი ბოროტება - რასიზმი, სიღარიბე და ომი. ეს არის ის სამი საკითხი, რის შესახებაც დღეს ვისაუბრებ. მოდით, დავიწყოთ სამიდან ერთ-ერთი ბოროტებით - რასიზმით. მგონი, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ რასიზმი ჯერ კიდევ ცოცხლობს მთელი ამერიკის მასშტაბით. რასობრივი უსამართლობები ზანგების[1] სატარებელი ტვირთი და ამერიკის სირცხვილია. ჩვენ გვიწევს, თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ ბევრ ამერიკელს სურს, ჰქონდეს დემოკრატიული სახელმწიფო თეთრკანიანი ამერიკელებისთვის, მაგრამ ამავდროულად უნდა დიქტატურის დამყარება შავკანიან ამერიკელებზე. ჩვენ გვიწევს, თვალი გავუსწოროთ იმ რეალობას, რომ რასობრივი ურთიერთობების სფეროში კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი.

რა თქმა უნდა, პროგრესი სახეზეა. არ შეიძლება ეს არ აღინიშნოს. ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს ვხედავთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრესი სამართლებრივ დონეზე სეგრეგაციის მოშლაა - სამხრეთში არსებულმა მოძრაობამ სეგრეგაციის მთლიანი სტრუქტურა შეარყია. მე მტკიცედ მჯერა, რომ სამართლებრივ დონეზე სეგრეგაცია საბოლოოდ დასრულებულია, ერთადერთი ისაა გაურკვეველი, კიდევ რამდენ ხანს გასტანს მისი დაკრძალვის პროცესია, რადგან ჯერ კიდევ დაძრწის ერთი-ორი სეგრეგაციის მომხრე. ხაზს ვუსვამ, რომ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ პროგრესის მიღწევის გამო ყალბ და საშიშ ოპტიმიზმს არ უნდა მივეცეთ. თავისუფლების ნერგს ჯერ მხოლოდ კვირტი გამოუღია და არა ყვავილი. ჩვენს შორის ძმობის გამყარებაში სუფთა ხელებით ჩვენი ქვეყნის ვერცერთი რეგიონი დაიკვეხნის. ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში რასიზმის პრობლემის წინაშე ვდგავართ.

არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სამოქალაქო მოძრაობა მკვდარია. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ის ისეთივე ცოცხალია დღეს, როგორც არასდროს. რასაც სკეპტიკოსები ვერ ხვდებიან ისაა, რომ ახლა ჩვენ გარდამავალ ეპოქაში ვიმყოფებით და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ. 12 წლის მანძილზე ბრძოლა ეხებოდა სამართლებრივ დონეზე სეგრეგაციის დასრულებას. რაღაც თვალსაზრისით, ეს ღირსებისთვის ბრძოლა იყო. ეს იყო ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლებრივი სეგრეგაციის გამო არსებული დამცირებისგან და ძარცვისგან თავი დაგვეღწია. მგონი ყველას გვახსოვს ეს დიდებული დღეები: არ შეიძლება „მონტგომერის დღეების“ დავიწყება, როცა თხუთმეტი ათასმა ზანგმა გადაწყვიტა, რომ უფრო ღირსეული იქნებოდა იქნებოდა ქუჩებში გამოსვლა, ვიდრე სეგრეგაციის უპირობოდ მიღება. არასდროს დავივიწყებთ 1960 წლის ჯდომით პროტესტს, როდესაც ათასობით სტუდენტმა გადაწყვიტა სასადილო დახლებთან „მჯდომარე პროტესტით“ სეგრეგაციისა და დამცირების გაპროტესტება. სინამდვილეში, დახლებთან ჯდომით, ისინი ზურგს უმაგრებდნენ ამერიკული ოცნების უმთავრეს პრინციპებს და სურდათ სახელმწიფოს მიბრუნება დემოკრატიის იმ დიდებულ ჭაბურღილებთან, რომლებიც გათხრილი იყო დამაარსებელი მამების მიერ კონსტიტუციისა და დამოუკიდებლობის დეკლარაციის შემუშავებით. არაფრის დიდებით არ დავივიწყებთ ათას ცხრაას სამოცდაერთი წლის პროტესტს „მგზავრობა თავისუფლებისთვის“[2] და სამოცდასამი წლის „ბირმინგემის მოძრაობას.“[3] სწორედ ამ მოძრაობამ წარადგინა მორალური სამსჯავროს წინაშე ამერიკის მოსახლეობის ცნობიერება, რათა მათ გაეაზრებინათ სამოქალაქო მოძრაობის მორალურობის მნიშვნელობა. არც „სელმას მარშს“ დავივიწყებთ, როდესაც ათასობით ადამიანი ქალაქ სელმადან ქალაქ მონტგომერამდე მიმავალ მსვლელობაში მონაწილეობდა, ამით ისინი ცდილობდნენ ყურადღება მიეპყროთ იმ პრობლემისკენ, რომ ზანგებს ხმის მიცემა არ შეეძლოთ. ეს ნამდვილად საკვირველი დრო იყო, მაგრამ ეგ დღეები უკან მოვიტოვეთ და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ.

რადგანაც ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავდივართ, ზოგიერთს ჰგონია, რომ სამოქალაქო მოძრაობა მკვდარია. სინამდვილეში, ახალი ეტაპი ჭეშმარიტი თანასწორობის ბრძოლაა. ახლა მხოლოდ ღირსებისთვის კი არ ვიბრძვით, მხოლოდ ბულ კონორისა[4] და ჯიმ კლარკის[5] სისასტიკეს კი არ ვუპირისპირდებით, არამედ ყველა საფეხურზეე ჭეშმარიტი თანასწორობის მიღწევისთვა გვინდა, ამიტომ ეს ბევრად უფრო რთული ბრძოლა იქნება. ძალაუფლების სისტემას პირველი სტადიის თუ ეპოქის მიღწევები იაფად გამოვძლიეთ - სახელმწიფოს გროშიც კი არ დაჯდომია სასადილო დახლების ინტეგრაციის პროცესი. სახელმწიფოს ფინანსურად არაფერი დაჯდომია დიდი თუ მცირე სასტუმროების ინტეგრაცია. სახელმწიფოს ერთი ცენტიც კი არ დაჯდომია ჩვენთვის ხმის მიცემის გარანტიის მოცემა. ახლა კი იმ ეპოქაში ვიმყოფებით, როცა სახელმწიფოს მილიარდობით დოლარი დაუჯდება სიღარიბისგან თავის დაღწევა, ბარაკებისგან გათავისუფლება, ხარისხიანი ინტეგრირებული საგანმანათლებლო სისტემის რეალობაში განხორციელება. ამჟამად ისტორიის სწორედ ამ წერტილში ვიმყოფებით. ჩვენ ბევრ მეგობარს დავკარგავთ ამ ბრძოლისას. ის მოკავშირეები, რომლებიც ქალაქ სელმაში მხარს გვიჭერდნენ, ამ ეტაპზე ჩვენს გვერდით უკვე აღარ იქნებიან. აუცილებელია გავიაზროთ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. ახლა თავიანთ წინააღმდეგობას ისინი თეთრკანიანთა უკურეაქციას დაარქმევენ... არადა ეს ხომ უბრალოდ ახალი სახელია ძველი ფენომენის აღსაწერად. სინამდვილეში კი ცხადია, რომ თეთრკანიანი ამერიკელების მხრიდან არასდროს უარსებია მყარ, შეუპოვარ თავდადებას ზანგებისთვის ჭეშმარიტი თანასწორობის მოსაპოვებლად. სინამდვილეში, მათი მხრიდან მუდმივად არსებობდა გაორება, ამბივალენტურობა...

1863 წელს მონობიდან გათავისუფლების პროკლამაციით ზანგს მონობიდან ფიზიკური თავისუფლება მიენიჭა, მაგრამ არასდროს მიუციათ მისთვის მიწა, რომ თავისუფლების შინაარსი არსებითი ყოფილიყო. სწორედ ამ დროს ჩვენმა სახელმწიფომ მილიონობით აკრი მიწა გასცა ცენტრალურ და დასავლეთ ამერიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სახელმწიფო თანახმა იყო, ევროპიდან წამოსული თეთრკანიანი გლეხებისთვის მინიმალური ეკონომიკური დონე შეექმნა, იმავდროულად კი უარს ამბობდა იმავე პირობების დაკმაყოფილებაზე აფრიკიდან ჩამოსული გლეხებისთვის, რომლებიც 240 წლის მანძილზე მონობაში იმყოფებოდნენ. ამიტომაც ამბობდა ფრედერიკ დაგლასი,[6] რომ ზანგებისთვის ემანსიპაცია ნიშნავდა უფლებას, ეშიმშილა. ეს ნიშნავდა თავისუფლებას, გადაეტანა წარღვნა და ქარიშხალი, ეს ნიშნავდა უფლებას, არ ჰქონოდა თავზე ჭერი. ეს ნიშნავდა თავისუფლებას ლუკმა-პურის გარეშე, თავისუფლებას მიწის დამუშავების გარეშე. ერთდროულად ეს იყო თავისუფლებაც და შიმშილიც და ნამდვილად სასწაულია, რომ ზანგი გადარჩა.

1875 წელს სახელმწიფომ გამოსცა სამოქალაქო უფლებების აქტი და უარი თქვა მის მოქმედებაში მოყვანაზე. 1964 წელს სახელმწიფომ გამოსცა კიდევ უფრო სუსტი სამოქალაქო უფლებების აქტი და დღემდე არ მოუყვანია სისრულეში მისი ყველა ასპექტი. 1954 წელს უზენაესმა სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საჯარო სკოლებში სეგრეგაციის აღმოფხვრის შესახებ და მაინც დღემდე სამხრეთში ზანგი ბავშვების 5%-ზე ნაკლები სწავლობს ინტეგრირებულ სკოლებში. წელს ერთი მისხალი პროგრესიც კი არ გვქონია. პროგრესი ამ ტემპით თუ გაგრძელდა, ამერიკის სამხრეთსა და მთელს სახელმწიფოში კიდევ 97 წელი დაგვჭირდება სკოლების ინტეგრაციისთვის...

მოდით, გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიმართ მუდმივი წნეხი შევინარჩუნოთ. ჩვენ აქამდე მუდმივი, დაჟინებული, სამართლებრივი და არაძალადობრივი წნეხის გარეშე სამოქალაქო უფლებების სფეროში არანაირი სარგებლისთვის არ მიგვიღწევია. არ დაუჯეროთ მათ, ვინც გეუბნებათ, რომ პრობლემა თავისთავად მოგვარდება...

მეორე ბოროტება, რომელზე საუბარიც მინდა არის სიღარიბე. მას რვაფეხა მონსტრივით გაუშლია თავისი საცეცები და დაპატრონებია ჩვენი ქვეყნის ქალაქებს, დაბებსა და სოფლებს. დაახლოებით 40 მილიონი ჩვენი და-ძმა სიღარიბეში ცხოვრობს და იმის ძალაც არ შესწევს, რომ სიცოცხლისთვის საჭირო ელემენტარული საჭიროებები მოიპოვოს. ჩვენ დავუშვით, რომ ისინი უჩინრები გამხდარიყვნენ, რადგან ჩვენი საზოგადოება იმდენად დოვლათიანია, ღარიბების დანახვა გვიჭირს. მათგან ზოგიერთი მექსიკელი ამერიკელია. ზოგიერთი ინდიელი, ზოგი - პუერტო რიკოდან, ზოგი - თეთრკანიანია აპალაჩებიდან. დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით კი უმეტესობა ზანგია... სიღარიბე ჩვენთვის სიახლე არ არის. ის საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო წლების და საუკუნეების მანძილზე. მაგრამ ჩვენ ახლა უკვე გვაქვს რესურსები, ჩვენ ამჟამად გვაქვს უნარები, ჩვენ ამჟამად გვაქვს მექანიზმები სიღარიბისგან თავის დასაღწევად. ახლა ის უნდა ვიკითხოთ, აქვს თუ არა ჩვენს სახელმწიფოს ამისი ნება.“

მესამე ბოროტება, რაზე საუბარიც მსურს, მწვავე დილემის წინაშე აყენებს ჩვენს სახელმწიფოს და მთელს მსოფლიოს - ეს ბოროტება ომია. სამივე ბოროტება ერთმანეთშია გადაჭდობილი: ერთი სხეულის მქონე სამთავიანი ბოროტებაა რასიზმი, ეკონომიკური ექსპლოატაცია და მილიტარიზმი. დღეს უდიდესი გამოწვევა კაცობრიობის წინაშე ომების სამუდამოდ შეწყვეტაა... ჩვენ ჩვენი სახელმწიფო ამ სამყაროში სხვებისგან მორალურად და პოლიტიკურად გამოვყავით. ჩვენ ამერიკაში გავაძლიერეთ წინააღმდეგობა და გავაღრმავეთ ძალადობა და სიძულვილი ჩვენივე ხალხის მიმართ. ჩვენ სამოქალაქო უფლებების გზას გადავუხვიეთ. ომის დროს, როდესაც სახელმწიფო ომებისთვის იარაღის წარმოებითაა შეპყრობილი, სოციალური პროგრამები გარდაუვალად ზარალდება და ადამიანები მათ თვალწინ არსებული ტკივილისა და აგონიის მიმართ უგრძნობები ხდებიან...

ვიცი, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ომთან დაკავშირებით გაურკვევლობაში არიან და მეც მეუბნებიან და ომის სხვა მოწინააღმდეეგებსაც: „ომზე შენ ხმას საერთოდ არ უნდა იღებდე. შენ ხომ სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელი ხარ. ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში სრულიად არ არის.“ მაგრამ ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მე ვაპირებ, ამ ორ საკითხს ერთმანეთთან კავშირში ვუყურო. ჩემო მეგობრებო, ძალიან კარგია რომ ინტეგრირებული სასადილოებისთვის თუ ინტეგრირებული სკოლებისთვის ვიბრძვით. ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ, მაგრამ დაფიქრდით, უგუნურება არ არის, ინტეგრირებულ სკოლებზე ვილაპარაკოთ და არ გვაღელვებდეს იმ სამყაროს ფიზიკური გადარჩენა, სადაც ინტეგრაცია უნდა განხორციელდეს?..

მათ გასაგონად, ვინც გაჩუმებას მთხოვს, მე ვერ გავჩუმდები. მე სასადილოების სეგრეგაციის მოწინააღმდეგე ვარ და არც ჩემი მორალური ინტერესების სეგრეგაციას ვაპირებ. უნდა ვიცოდეთ, რომ ხანდახან სიმხდალე დაგვისვამს კითხვას, „უსაფრთხო გზით მივდივართ?“ უპრინციპობა დაგვისვამს კითხვას, „კეთილგონიერი გზით მივდივართ?“ პატივმოყვარეობა დაგვისვამს კითხვას, „პოპულარული გზით მივდივართ?“ მაგრამ ნამუსი გვკითხავს, „სწორი გზით მივდივართ?“ და მოვა დრო, როდესაც არ უნდა იდგე არც უსაფრთხოების, არც კეთილგონიერების და არც პოპულარულობის მხარეს, არამედ უნდა გააკეთო ის, რაც სწორია.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მარტინ ლუთერ კინგი და სამოქალაქო მოძრაობის სხვა წევრები ამ სიტყვის ინგლისურ ექვივალენტს აქტიურად იყენებდნენ საჯარო გამოსვლებსა და წერილებში. იმის მიუხედავად, რომ ამ სიტყვას უარყოფითი კონოტაცია აქვს, თარგმანში, ავთენტურობის მიზნით, ეს სიტყვა თარგმნილია შეუცვლელად.

[2] „მგზავრობა თავისუფლებისთვის“ იყო საპროტესტო მოძრაობა სეგრეგირებულ შტატებში. პროტესტის შავკანიანი მონაწილეები სპეციალურად მგზავრობდნენ ავტობუსებით სამხრეთის სეგრეგირებულ შტატებში, რათა ეჩვენებინათ, რომ ეს შტატები არ ემორჩილებოდა ამერიკული უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სეგრეგირებული ავტობუსები არაკონსტიტუციური იყო.

[3] ბირმინგემი 1960-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე სეგრეგირებული ქალაქი იყო როგორც კანონმდებლობით, ისე კულტურულად. 1963 წელს სამოქალაქო მოძრაობამ ბოიკოტი გამოაცხადა ბიზნესის მფლობელებისთვის წნეხის შესაქმნელად, რომლებიც შავკანიანებს არ ასაქმებდნენ. პროტესტი გადაიზარდა როგორც კერძო, ასევე საჯარო ადგილების: მაღაზიების, სკოლების, რესტორნების, საჯარო დაწესებულებების დესეგრეგირების მასობრივ მოძრაობად.

[4] ბულ კონორი იყო ამერიკელი პოლიტიკოსი ალაბამაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო მოძრაობას და მხარს უჭერდა რასობრივ სეგრეგაციას საკანონმდებლო დონეზე. ის ინსტიტუციური რასიზმის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.

[5] შერიფი ჯიმ კლარკი 1955-1966 წლებში ძალადობრივად აკავებდა სამოქალაქო მოძრაობის მშვიდობიან აქტივისტებს და ის ღიად უპირისპირდებოდა რასობრივი ინტეგრაციის პროცესს.

[6] ფრედერიკ დაგლასი (1818-1895) იყო მონობას გამოქცეული შავკანიანი ინტელექტუალი, ორატორი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, რომელიც იბრძოდა შავკანიანების მონობისგან გათავისუფლების მოძრაობისთვის. მონობის გაუქმების შემდეგ კი აქტიურად მუშაობდა შავკანიანებისა და ქალების თანასწორობის მოპოვებისთვის.