ფულდენ ერგენი,

ციფრული მედიისა და საზოგადოების პროგრამის მაგისტრი

უფსალას უნივერსიტეტი

აბსტრაქტი

1982 წელს, Barnard College-ში გამართულმა კონფერენციამ „სექსუალობის პოლიტიკისაკენ“ სხვადასხვა ფემინისტური განშტოების დიდი ყურადღება მიიქცია. ფაქტობრივად, ამ კონფერენციამ გააღვივა ფემინისტურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული და ხანგრძლივი პოლემიკა, რომელსაც „სექსთან დაკავშირებული ომები“ ეწოდა. ზოგიერთმა ფემინისტმა, როგორც მათ ხშირად უწოდებენ ხოლმე, ანტი-პორნო ფემინისტებმა, კონფერენციას ბრალი დასდეს ანტი-ფემინისტური სექსუალობის პოპულარიზებაში. მტკიცებით „პორნოგრაფია თეორიაა, პრაქტიკა კი გაუპატიურებაა“ ანტი-პორნო ფემინისტები პორნოგრაფიის სრულ აკრძალვას უჭერდნენ მხარს. ამ არგუმენტების საწინააღმდეგოდ კი, სხვები, რომელთაც პრო-პორნო, პრო-სექს ან ცენზურის მოწინააღმდეგე ფემინისტებად მოიხსენიებენ ხოლმე, ფუკოს კვალდაკვალ ამტკიცებდნენ, რომ პორნოგრაფია „სიამოვნების ცოდნის“ მატარებელია. შესაბამისად, ეს უკანასკნელნი მათ წინამორბედებს აკრიტიკებდნენ, რომ ისინი ქალურ სექსუალობას ესენციალისტურად უყურებდნენ. როგორც მოსალოდნელი იყო, კონფლიქტი აკადემიურ სფეროზე გავრცელდა და სექსთან დაკავშირებული ომები პორნოგრაფიის კვლევების ზოგად ჩარჩოდ იქცა. სფეროზე ანტი-პორნო რიტორიკის გავლენას მათი პრო-პორნო კოლეგები აკრიტიკებდნენ, რათა იმ კვლევების ლეგიტიმიზება მოეხდინათ, რომლებიც სუბიექტური წაკითხვებითა და ემპირიული მონაცემების სიმცირით ხასიათდებიან. მეორე მხრივ, პრო-პორნო ფემინისტური დისკურსი დაცენზურდა იმგვარად, რომ მან ალტერნატიული პორნოგრაფიის დაფასება დაიწყო მეინსტრიმული პორნოს ვიწროდ შესწავლისა და მისი ნაკლოვანებების მხედველობის არედან გამორჩენის ხარჯზე. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან, განსაკუთრებით კი Web 2.0-ის აღმოცენებასთან ერთად, რამაც ალტერნატიული პორნო სცენის გამრავალფეროვნებას გაუხსნა გზა, პორნოგრაფიის კვლევებს როგორც სფეროს ბრალი დასდეს ალტერნატიულ პორნო ინდუსტრიასთან მოკავშირეობაში, ანტი-პორნო ფემინიზმთან ასოცირების შიშით. შედეგად, დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სექსმუშაკების აგენტობა, წარმოების საშუალებები და შრომა პორნოგრაფიაში ამ ღრმა პოლარიზაციის გარეშე არ ჩაუვლია. ინდუსტრიაში, სადაც სექსმუშაკები არიან ხმაწართმეულები, დემონიზებულები და ხშირად ექსპლუატირებულები, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, აღმოვაჩინოთ პორნოგრაფიის ფორმები, რომლებიც ქალთა და ქვიარ ადამიანთა ემანსიპაციის შესაძლებლობებს იძლევა. თუმცა, არანაკლებ ფუნდამენტური საკითხია, რომ ასეთ შესაძლებლობებს არ შევხედოთ მხოლოდ ოპტიმისტური თვალით და აგენტობის ცნებას გავცდეთ. სექსმუშაკების, ფემინისტური და ქვიარ თემის გაძლიერებაში წვლილის შეტანისას, აგენტობის ზრდა ზოგადად პორნოგრაფიის წარმოების ემანსიპაციის გარანტიას სულაც არ იძლევა, მათ შორის არც იმათი, ვინც ცდილობს, რომ კაპიტალისტური წარმოების წესს გაექცეს.


შესავალი

პორნოგრაფიის ჩვენთვის ცნობილი ფორმები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნით თარიღდება (Williams 2014). თუმცა, მისმა პოპულარობამ პიკს 21-ე საუკუნეში მიაღწია, უმეტესწილად, ციფრული კომუნიკაციის ტექნოლოგიების დამსახურებით. პორნოგრაფიული გამოხატვის სხვადასხვა ფორმა გამუდმებით ცვლის იმას თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ განვიცდით ჩვენს სექსუალობას და როგორ ვაიდენტიფიცირებთ ჩვენს თავებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ შევისწავლოთ პორნოგრაფია იმ მასშტაბით, რასაც იმსახურებს მისი ეს გავლენა და სხვადასხვა დონეზე, რაც მის კომპლექსურ მახასიათებლებს კარგად ასახავს. რამდენადაც ადვილია საერთო ენის გამონახვა პორნოს შესახებ ყოვლისმომცველი დისკუსიის საჭიროებაზე, იმდენად რთულია შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა ვილაპარაკოთ პორნოგრაფიაზე.

უკვე ათეულობით წელია, რაც პორნოგრაფია ფემინისტების ინტერესის საგანია. მიმდინარე დებატი პორნოგრაფიის შესახებ ორ დაპირისპირებულ ფემინისტურ ბანაკს შორის, ან როგორც მას ხშირად მოიხსენიებენ ხოლმე, სექსთან დაკავშირებული ომები, ამ დრომდე ფუნქციონირებდა როგორც პორნოგრაფიის შესახებ დასავლური ნარატივების ზოგადი ჩარჩო (McNair 2014, Ryberg 2015). დაპირისპირება მომდინარეობს 1982 წელს, Barnard College-ში გამართული კონფერენციიდან „სექსუალობის პოლიტიკისაკენ,“ რომელსაც ანტი-პორნო ფემინისტებმა ბრალი დასდეს ანტი-ფემინისტური სექსუალობის წახალისებაში (Ryberg 2015). ისინი ამტკიცებდნენ, რომ პორნოგრაფია წარმოშობს მიზოგინიას და განამტკიცებს პატრიარქატს (McNair 2014) და შესაბამისად, მოითხოვდნენ ყველანაირი პორნოგრაფიული პროდუქციის აკრძალვას. დებატის მეორე მხარე, ცნობილი, როგორც პრო-პორნო, პრო-სექს ან ცენზურის მოწინააღმდეგე ფემინისტები, ეწინააღმდეგებოდა ზემოთ მოყვანილ პრეტენზიებს, ვინაიდან მათ სწამდათ, რომ პორნოგრაფიული კონტენტის დაცენზურება საფრთხეს შეუქმნიდა სექსუალურ თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებით სარგებლობას (Lipton 2012). თუმცა, ვიდრე უფრო ღრმად გამოვიკვლევთ სექსთან დაკავშირებულ ომებს და მის გავლენას, აუცილებელია დავაზუსტოთ, როგორ განსაზღვრავს პორნოგრაფიას ეს სტატია.

ტრადიციულად, პორნოს კონცეპტუალიზება ხდება განსხვავების გაკეთებით რეალურსა და რეპრეზენტაციულს შორის (Attwood 2009). ეს გამიჯვნა, შესაძლოა, დავინახოთ პირადი vs საჯაროს შორის განსხვავებაშიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსის აქტი შეესაბამება პირად სფეროს, ხოლო მისი რეპრეზენტაცია უკვე საჯარო საკითხია (ibid). გრებოვიჩი პორნოგრაფიას განმარტავს როგორც „მასტურბაციისთვის შექმნილ სპეციფიკურ დამხმარე მასალას“ (2013, 4). ეს განმარტება მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ იმ თავისებურებაზე, რომელიც პორნოგრაფიას ავიწროებს პირად სფერომდე, რამდენადაც აქცენტს აკეთებს მასტურბაციაზე.

არქივებზე მუშაობა კი ცხადყოფს, რომ პორნოგრაფია მუდმივად გადაადგილდება საჯარო და პირად სივრცეებს შორის და მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის ფარგლებში არ ჯდება. მაგალითად, მე-19 საუკუნეში, პორნოგრაფიის ადრეული ფორმები ხელმისაწვდომი იყო საჯარო სივრცეებში, თუმცა, შეზღუდულად, მხოლოდ და მხოლოდ „ჯენტლმენებისთვის“ (Williams 2014). მოგვიანებით, მე-20 საუკუნეში, პორნოგრაფიამ გადაინაცვლა კინოეკრანებზე, ტექსტის ფორმით პორნომ ადგილი მონახა ბეჭდურ ჟურნალებში, ხოლო ეროტიკული შინაარსის წიგნების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამგვარად, პორნოგრაფიის მოხმარებამ გადაინაცვლა საჯარო სფეროში (Attwood 2010). თუკი, 1990-იანებში DVD დისკების მეშვეობით პორნოგრაფია პირად სივრცეებში დაბრუნდა, ონლაინ გარემოში გადასვლით პორნოგრაფია მოთავსდა „პირად სივრცეში საჯარო სივრცის ფარგლებში“ (Patterson 2004, 120). დღესდღეობით კი,  მედია ტექნოლოგიებმა შეცვალეს სექსუალობების განსხეულებები (Attwood 2009), ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და მისი გავრცელების სისწრაფის დამსახურებით კი, პორნოგრაფიული წარმოების ნამდვილი ბუმია (Grebowicz 2013). 

ეტვუდი ამტკიცებს, რომ პორნოგრაფიის მეინსტრიმულად ქცევა ვერ იქნება გაგებული როგორც მხოლოდ კომერციული მედიის საქმიანობის უფრო ფართო აუდიტორიაზე გავრცელების შედეგი. იგი ასევე მიუთითებს, რომ „სექსი და ტექნოლოგიები ერთმანეთზე არიან გადაკერებულები“ (2009 xiv). ამ გადაკერებულობამ შექმნა ახალი ტიპის სექსუალური ქცევები, მაგალითად, კიბერსექსი, რომელიც ცირკულირებს არა მხოლოდ მოგების, არამედ სიამოვნებისთვისაც (ibid). დონა ჰარავეი (1990) თავის საყოველთაოდ ცნობილ „კიბორგ მანიფესტში“ ამბობდა, რომ საზღვრები სხეულებსა და ტექნოლოგიებს შორის იშლება და ადამიანები „კიბორგებად“ ვიქცევით. ამის მსგავსად, ეტვუდსაც სწამს, რომ ტექნოლოგიურმა განვითარებამ შეცვალა სექსი, გენდერი და სურვილები და ჩვენ „სექსუალურ კიბორგებად“ ვიქცევით (2010). როგორც კიბორგები, „კომერციულად ხელმისაწვდომ ინტიმურ კავშირებს“ სულ უფრო ხშირად ვამყარებთ, პორნო იქცევა ჩვეულებრივ მოვლენად, ხოლო დისტანცია პორნოს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის ქრება.

ამ მსჯელობის გათვალისწინებით, ეს სტატია დაეყრდნობა ლინდა უილიამსის განსაზღვრებას, რომელიც პორნოგრაფიის მოხმარების „უმთავრეს სურვილად ვნების აღძვრას“ ასახელებს (1999, 29) და ამგვარად, არ ავიწროებს მას რაიმე კონკრეტულ აქტამდე, სივრცემდე თუ ტექნოლოგიამდე. მართალია, 21-ე საუკუნეში, პორნოგრაფიის შესახებ დებატებისთვის აუცილებელი აღარაა მკაცრი გამიჯვნა „ნამდვილ“ და „რეპრეზენტაციულ“ სექსს, ან სექსსა და ტექნოლოგიას შორის, მაგრამ ეს ასე არ იყო 1980-იანებში, როდესაც სექსთან დაკავშირებულმა ომებმა იფეთქა.

ანტი-პორნო ფემინიზმი: „პორნოგრაფია თეორიაა, გაუპატიურება - პრაქტიკა“

რობინ მორგანი, ერთ-ერთი ფემინისტი, რომელიც თავის თანამოაზრეებთან, ანდრეა დვორკინთან, კატერინ მაკკინონთან, სიუზან გრიფინთან და სიუზან კაპელერთან ერთად სათავეში ედგა ანტი-პორნო ბანაკს და ამბობდა, რომ „პორნოგრაფია თეორიაა, გაუპატიურება - პრაქტიკა“ (1980, 139) ამტკიცებდა, რომ პორნოგრაფია პატრიარქატს უმაგრებს ზურგს (McNair 2014). დვორკინის მიხედვით (2000), სექსუალური აქტი, რომელიც პორნოში ხდება, განამტკიცებს მამაკაცების დომინანტ პოზიციას, მაშინ, როდესაც ქალების გასაგნებასა და დეჰუმანიზებას ახდენს, წარმოჩენილნი არიან რა ისინი როგორც მორჩილები. ქალები პორნოგრაფიაში, ხშირად, დანახულები არიან როგორც თვითგადარჩენისათვის მამაკაცებისადმი მორჩილების ამტანები (ibid). ამგვარად, სისტემური სექსუალური ძალადობის რეპრეზენტაცია პორნოში მისაღებ ფენომენად წარმოგვიდგება - თითქოს ქალებს, თავიანთი სექსუალური ბუნებიდან გამომდინარე, სურთ, რომ დომინირებულები იყვნენ  (Dworkin 2000, Kurylo 2017). დვორკინის მსგავსად, ქეთრინ მაკკინონიც განპირობებაზე კონცენტრირდება პორნოგრაფიის კონცეპტუალიზაციისას. მაკკინონი პორნოს პავლოვის ძაღლის პრიმიტიული განპირობების ცნობილი ანალოგით ხსნის. ის განმარტავს, რომ ქალების სექსუალობა პორნოგრაფიაში მონიშნულია მხოლოდ სუბორდინაციით, ხოლო სექსუალური რეფლექსია განპირობებულია ძალადობრივი სიტუაციებით (MacKinnon 1993).

თუმცა, ანტი-პორნო ფემინისტებს პორნოგრაფია მხოლოდ კაცთა დომინაციის სასარგებლოდ მუშაობაში არ დაუდანაშაულებიათ. ამას გარდა, თავად პორნოს წარმოება განიხილებოდა როგორც გაუპატიურების აქტი. მორგანის ლოგიკას რომ გავყვეთ: შეუძლებელია, რომ ქალებს პორნოგრაფიაში მონაწილეობის სურვილი ჰქონდეთ, ამგვარად, მათ აძალებენ, რომ ასე მოიქცნენ (1980). ანტი-პორნო ფემინისტების რიტორიკის გაგება შესაძლებელია დასავლურ ფემინისტურ თეორიასთან კავშირშიც, სადაც ფემინიზმი გაგებულია როგორ პროგრესული და ათწლეულების მიხედვით სპეციფიკურად გააზრებული (Ryberg 2015). ამ მიმდინარე დისკუსიის თესლები ჯერ კიდევ ადრიან 1980-იან წლებში ჩაიყარა, როდესაც ჯერ კიდევ კარგად იგრძნობოდა 1970-იანი წლების სექსუალური განთავისუფლების ტალღის შედეგები. ამიტომაც, რიბერგის მიხედვით, ანტი-პორნო ფემინისტები ჩამოყალიბდნენ როგორც სექსუალური თავისუფლების მოძრაობის მოწინააღმდეგეები. ანტი-პორნო ფემინისტებს სჯერათ, რომ სექსუალური გათავისუფლების სახელით, მოძრაობა ემსახურებოდა მამაკაცთა დომინაციას და ქალების მიმართ ძალადობის ნორმალიზებას ახდენდა (ibid).

სახელწოდება, ანტი-პორნო, მხოლოდ და მხოლოდ მორალური პოზიცია არ არის. ეს ფემინისტები ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისაგან, ფაქტობრივად, მოითხოვდნენ, რომ გადაედგა ნაბიჯები პორნოგრაფიის ასაკრძალად (Ryberg 2015). გავლენიანი კამპანიის შედეგად, აშშ-ის მთავრობა მაშინდელი პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეთაურობით,  დათანხმდა, რომ გაეტარებინა საკანონმდებლო ზომები პორნოგრაფიის წინააღმდეგ. 1986 წელს, მისეს კომისიამ, რომელიც მთავარი პროკურორის ედვინ მისეს სახელს ატარებდა, მოამზადა პორნოგრაფიის რეპორტი, რათა დაეწყოთ პორნო პროდუქციის ცენზურა (Williams 1999). აშშ-ის ამჟამინდელი საკანონმდებლო ჩარჩო პორნოსთან დაკავშირებით არ არის იგივე, რაც იყო 1980-იან წლებში. მიუხედავად ამისა, მსგავს მცდელობებს ადგილი აქვს სხვა მთავრობებს მხრიდან 21-ე საუკუნეშიც, პორნოგრაფიის კრიმინალიზების პირველი საკანონმდებლო დოკუმენტების მიღებიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგაც. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, 2014 წელს, აიკრძალა სადო-მაზოხიზმის (BDSM) ან რომელიმე სხვა ქმედების ნებისმიერი გამოვლინება, რასაც შესაძლოა სხეულის დაზიანება მოჰყვეს, მიუხედავად იმისა, იგი თანხმობის შედეგად სრულდება თუ არა (Lee and Sullivan 2016).

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, რადიკალურად შეიცვალა პორნოს საჯარო და პირად სივრცესთან მიმართება, ტექნოლოგიების მეშვეობით გავრცელება და პორნოგრაფიისა და საზოგადოების ურთიერთმიმართება. ანტი-პორნო რიტორიკამ საფუძვლიანი გავლენა იქონია მედიაზე, მთავრობებსა და საზოგადოებრივ აზრზე. თუმცა, ანტი-პორნო დისკურსს გამუდმებით გამოწვევების წინაშე აყენებდნენ პრო-სექს ფემინისტები.

პრო-პორნო / პრო-სექს / ცენზურის მოწინააღმდეგე ფემინისტები

ფემინისტები, რომელთა ეპონიმიც არის პრო-პორნო, პრო-სექს ან ცენზურის მოწინააღმდეგეები, ანტი-პორნო თანამოაზრეებს სამ ძირითად ასპექტში ეწინააღმდეგებოდნენ: 1) პორნოგრაფიის მნიშვნელობა; 2) შედეგები, რომლებიც დადგება, თუკი პორნოგრაფია აიკრძალება; და 3) სექსუალობის, კონკრეტულად კი ქალური სექსუალობის გაგება.

დასაწყისისთვის უნდა ითქვას, რომ პრო-პორნო ფემინისტები, ძირითადად, ძალაუფლებისა და ცოდნის მიშელ ფუკოსეულ თეორეტიზირებისკენ იხრებიან, როდესაც საუბარია პორნოგრაფიის კულტურულ მნიშვნელობაზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აკადემიკოსი, რომელიც პორნოს სწავლობს და რომელსაც პრო-პორნო ფემინისტებიდან ბევრი დიდ პატივს სცემს არის ლინდა უილიამსი, რომელიც პორნოგრაფიის კონცეპტუალიზებას ახდენს სექსუალობის ისტორიის ფუკოსეულ (1978) ანალიზზე დაყრდნობით. ფუკოს ცნების „სიამოვნების ცოდნის“ მოშველიებით, უილიამსი აღნიშნავს, რომ პორნოგრაფია უბრალოდ სიამოვნების მიღების საშუალება კი არ არის, არამედ, ის მომხმარებელს აძლევს სიამოვნების ცოდნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიამოვნება მიიღწევა მაშინ, როდესაც შეგიძლია იცოდე თუ როგორ გამოიყურება ეს სიამოვნება. ამგვარად, პორნოგრაფია უნიკალურ ადგილს იკავებს სექსის შესახებ ცოდნის ფლობისა და გადაცემის თვალსაზრისით (Williams 1999), რომელსაც შეუძლია, რომ სექსის შესახებ ჭეშმარიტების კონსტრუირებაში წვლილი შეიტანოს (Kurylo 2017). გარკვეული თვალსაზრისით, ფუკო ანტი-პორნო ფემინისტებთან თანხმობაშია, როდესაც საუბარი შეეხება პორნოგრაფიის მიერ „სექსუალური ჭეშმარტიების“ წარმოებას. როგორც შაუერი პორნოგრაფიის ფუკოდიანური ძალაუფლების ანალიზის ლოგიკაზე საუბრისას აღნიშნავს:

„აქტები, რომლებიც ნაჩვენებია (როგორიცაა ლესბოსური სექსი) ან არ არის ნაჩვენები (როგორიცაა ჰომოსექსუალ მამაკაცთა ინტერაქცია) აწარმოებენ ან ვერ აწარმოებენ სექსუალური სიამოვნების წესებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტები, რომლებსაც პორნოგრაფია სასიამოვნოდ წარმოაჩენს, დაჟინებული გამეორების მეშვეობით, სასიამოვნოდ იქცევიან. ხოლო აქტები, რომლებიც არ არის ნაჩვენები, ამის საპირისპიროდ, „გამოუყენებლებად“ იქცევიან და  შედეგად, შესაძლოა, კულტურულ ტაბუდ იქცნენ“ (2005,46).

ფუკო პორნოგრაფიის მხოლოდ მრავალფეროვნების რეპრეზენტაციისა და გამოხატვის თავისუფლების გამო განდიდების წინააღმდეგია. მას სწამს, რომ ასეთი ვიწრო ფოკუსი გადაფარავს არსებულ ძალთა ურთიერთმიმართებებს და თვალთახედვიდან გამოტოვებს იმ ფაქტს, რომ პორნოგრაფია ფლობს ცოდნას სექსუალურ ჭეშმარიტებაზე (Kurylo 2017, Schauer 2005). მიუხედავად ამისა, იგი მაინც შორდება ანტი-პორნო რიტორიკას, რამდენადაც მთავრობისგან არ მოითხოვს პორნოგრაფიის კონტროლს ან/და აკრძალვას (Schauer 2005). პორნოგრაფიის კრიმინალიზება ფუკოსთვის დასრულდება იმით, რომ სექსუალობა იქცევა საფრთხედ ყველა სხვა სოციალური ურთიერთობისათვის (Kurylo 2017). ფუკოზე დაყრდნობით, პრო-სექს ფემინისტი გაილ რუბინი ადვოკატირებდა, რომ თუკი სახელმწიფო დაიწყებდა სექსუალობების პოლიცირებას პორნოგრაფიის აკრძალვით, ეს გამოიწვევდა იერარქიული სექსუალური ღირებულებათა სისტემის შექმნას და იმის განსაზღვრას თუ რა არის მისაღები ან მიუღებელი სექსუალურ გამოცდილებაში. „კარგი“ სექსუალობა, რომელიც არის ჰეტეროსექსუალური, მონოგამიური, ე.წ. ვანილა სექსი,[1] დაჯაბნიდა „ცუდ“ სექსუალობებს, რომლებიც გადახრილია ნორმატიული სექსუალობებიდან (Rubin 1991).

სექსთან დაკავშირებულ ომებში ფუკოს ცენტრალურ ფიგურად აქცევს სექსუალობის მისეული კონცეპტუალიზაციაც. ფუკოსათვის სექსუალობა ფარული სურვილების აღმოჩენით კი არ ფორმირდება, არამედ იწარმოება დისკურსულად, მისი განხორციელებისას და მგრძნობიარეა სივრცისა და ძალთა ურთიერთმიმართებებისადმი (Foucault, 1997). შესაბამისად, ის არც ფიქსირებულია და არც ბუნებრივი (Williams1999). აქედან გამომდინარე, პრო-სექს ფემინისტები არ ახდენენ ქალური სექსუალობის რეპრეზენტაციის პრობლემატიზებას ანტი-პორნო ფემინისტების მსგავსად. ეს უკანასკნელნი განასხვავებენ „hard” სექსს „soft” სექსისაგან, როდესაც აღწერენ მამაკაცურ სექსუალობას ქალური სექსუალობის საპირისპიროდ და სჯერათ, რომ პორნო ქალური სექსუალობის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. ამ განსხვავების შედეგი კი შეიძლება გაგებული იყოს ისე, რომ კაცური სექსუალობა „პორნოგრაფიულია“ მაშინ, როდესაც ქალური სექსუალობა არ ტოვებს „ეროტიციზმის“ საზღვრებს (Williams1999). დაპირისპირება ქალური სექსუალობის არსთან დაკავშირებით (Schauer 2005), ასევე მიანიშნებს განსვლაზე 1970-იანების ესენციალისტური და სექს-ნეგატიური ფემინიზმისაგან (Ryberg 2015).

ლინდა უილიამსისთვის ესენციალიზმი არის ერთ-ერთი ორი პრობლემიდან, რის გამოც პრო-პორნო ფემინისტებისათვის ანტი-პორნო ფემინიზმი პრობლემატურია ქალური სექსუალობის გააზრებისას. პირველ რიგში, უილიამსს სჯერა, რომ სექსუალობის აპრიორი კულტურაში, ძალაუფლებასა და ისტორიაში მოთავსებით იქმნება სექსუალობის ილუზია და ილუზია სექსუალობის შესახებ, თითქოს ის ბუნებაში განყენებულად არსებობს (1999). შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც უილიამსი უსვამს ხაზს, ფემინისტურ ლიტერატურაში უფრო ფართო დებატის საგანს ეხმიანება - კერძოდ, მატერიაა პირველადი თუ  კულტურა.

ამათგან პირველი პოზიციის მომხრე სიმონ დე ბოვუარია, რომლის თეორეტიზირებებიც დიდი ხნის მანძილზე იყო გენდერის კვლევების საფუძველი. იგი ამტკიცებდა, რომ გენდერი არის სოციალური არტეფაქტი, რომელიც დაფუძნებულია მატერიალურ სქესზე (Beauvoir and Parshley 1963). რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ჯუდიტ ბატლერმა, თავდაყირა დააყენა დე ბოვუარის თეორეტიზირებები, ამტკიცებდა რა, რომ ორივე, „მატერიალური“ სქესიც და „კულტურული“ გენდერიც დისკურსულები არიან და მგრძნობიარენი არიან კულტურის მიმართ (Butler 1999). თავისთავად ცხადია, რომ დებატი ანტი-პორნო და პრო-პორნო ფემინიზმს შორის აუცილებლად სულაც არ შეესაბამება ბოვუარის მატერიალურ სქესსა და ბატლერის დისკურსულ სქესს (ან/და გენდერს). თუმცა, მაინც უნდა ჩავთვალოთ, რომ დე ბოვუარისა და ბატლერის ურთიერთდაპირისპირებული თეორიული მიდგომები ასაზრდოებდა სექსთან დაკავშირებული ომების ორივე მხარეს.

მეორე რიგში, უილიამსი კრიტიკულადაა განწყობილი ანტი-პორნო ფემინისტების დაჟინებული მცდელობისა, ქალური „soft” სექსუალობის პოზიციონირება მოახდინონ, კაცური „hard” სექსუალობის საპირისპიროდ, ვინაიდან იგი არ ტოვებს სივრცეს არაჰეტეროსექსუალური სექსუალობებისთვის. იგი აღნიშნავს, რომ ანტი-პორნო ფემინისტები ქალურ სექსუალობას აღიქვამენ როგორც მხოლოდ კაცური სექსუალობის ნეგაციას (1999). რომ მოვიხმოთ ბატლერის ცნება „ჰეტეროსექსუალური მატრიცა“ (1999) - კონცეპტი, რომელიც სექსუალობის ჰეტეროსექსუალური მზერის მეშვეობით გააზრებას გულისხმობს, პრო-პორნო ფემინისტებს სჯერათ, რომ ანტი-პორნო დისკურსები ჰეტეროსექსუალური მატრიცის ფარგლებში ოპერირებენ. საინტერესოა, რომ ანდრეა დვორკინი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანტი-პორნო ფემინისტი, ქალებს, რომლებიც ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისგან სიამოვნებას იღებენ, ბრალს სდებს ფალიკურ მტერთან კოლაბორაციაში  (Williams 1999). ეს არგუმენტი, რომელიც 1970-იანი წლების რადიკალური ფემინიზმის ტიპური რეპრეზენტაციაა, გულისხმობდა, რომ ქალური სექსუალობა მკრთალ ლესბოსურ ელემენტებს მოიცავდა (Butler 1999). მიუხედავად ამისა, ბატლერისთვის ანტი-პორნო რიტორიკა მაინც ჰეტეროსექსუალურ მატრიცას აძლიერებს, ვინაიდან იგი ესენციალისტურ სექსუალობასთან სრულ თანხმობაში მოდის (1997). როგორც შაუერი ამბობს, ანტი-პორნო ფემინისტები „ქალური სექსუალობის უტოპიური გაგებისთვის კი არ მსჯელობენ, არამედ უტოპიური გაგებიდან მსჯელობენ“ (2005,45).

ცენზურის მოწინააღმდეგე ფემინისტები მკაცრად აკრიტიკებენ ანტი-პორნო ფემინისტებს, ქალების ზოგადი ვიქტიმიზაციის გამო (Williams 1999). ლიპტონის აზრით (2012), სწორედ ამას მიჰყავს პრო-პორნო ფემინისტები არამეინსტრიმული პორნო-პროდუქციის განდიდებასთან, მაგალითად, როგორიცაა ლესბოსური, dyke, ფემინისტური და ქვიარ პორნო. პრო-სექს ფემინისტები მიესალმნენ ასეთ პროდუქციას, ანტი-პორნო რიტორიკის, სადავო ესთეტიკისა და მეინსტრიმული პორნოგრაფიის მიერ ნაწარმოები მესიჯების გამოწვევის წინაშე დაყენების გამო. პრო-სექს ფემინისტების ალტერნატიული პორნოსადმი, ან როგორც მას მოკლედ მოიხსენიებენ ხოლმე ალტპორნოსადმი, დადებითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამყარდა Web 2.0-თან ერთად, რომელმაც მის გამრავალფეროვნებას შეუწყო ხელი (Maddison 2013). არსებობს ზოგადი რწმენა, რომ ალტპორნომ გარდაქმნა პორნოგრაფიის ესთეტიკა, წარმოების წესი და კულტურული მნიშვნელობა (ibid). მართალია ორივე, ანტი და პრო-პორნო ფემინისტები კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მეინსტრიმული პორნოსადმი, თუმცა სხვადასხვა მიზეზით. ამათგან უკანასკნელებს ანტი-პორნო ფემინისტები ბრალს სდებდნენ, რომ ისინი ალტპორნოს ზედმეტად ჩაეჭიდნენ (Lipton 2012, Maddison 2013). მეინსტრიმული პორნოგრაფიის ალტერნატიულმა მაგალითებმა, ბევრი პრო-პორნო ფემინისტისთვის დაამტკიცა, რომ პორნო არ არის ქალების ჩაგვრის მთავარი მიზეზთაგანი (Ziv 2014). მოკლედ რომ ვთქვათ, პრო-პორნო ფემინისტები არა მხოლოდ ეწინააღმდეგებოდნენ ანტი-პორნო ფემინისტების მოთხოვნას პორნოგრაფიის აკრძალვასთან დაკავშირებით, არამედ, ზოგადად, აქტიურად უჭერდნენ მხარს ისეთ პორნო სცენას, რომელიც მეინსტრიმულისაგან განსხვავდებოდა.

სექსთან დაკავშირებული ომების ფასი

სექსთან დაკავშირებული ომების მიმოხილვა სავალდებულოდაც შეიძლება მივიჩნიოთ პორნოგრაფიის სფეროზე მსჯელობისას. ამ პროცესებს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პორნოგრაფიის შესწავლის, გააზრებისა და მისთვის მნიშვნელობის მინიჭების საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ სექსთან დაკავშირებული ომები ასრულებს მაგნიტის როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მრავალშრიან თეორიულ დისკუსიებს პორნოგრაფიის, საზოგადოებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობების შესახებ. თუმცა, ეს მთელი სფეროს ორ დაპირისპირებულ პოლუსად დაყოფის ხარჯზე მოხდა. უილიამსი ამტკიცებს, რომ სექსთან დაკავშირებული ომების პორნოგრაფიის შესწავლის ზოგად ჩარჩოდ ქცევის შედეგად, თეორიული დისკუსიები „არასდროს სცდებოდა სექსიზმის შესახებ ზედაპირულ მსჯელობას“ (2014, 27). მსგავსად ამისა, მაკნაირსაც (2014) მიაჩნია, რომ სექსთან დაკავშირებული ომების მაპოლარიზებელი ეფექტი საფრთხეს უქმნის პორნოგრაფიის შესახებ კვლევების სანდოობას, ვინაიდან ისინი მიდრეკილნი არიან სუბიექტურობისაკენ და/ან გვერდს უვლიან ემპირიულ მონაცემებს. მიუხედავად იმისა, რომ ანტი-პორნო ბანაკიც და მეინსტრიმული მედიაც პორნოგრაფიას ძალადობრივი ქმედებების წამახალისებლად ხედავენ, მაკნაირი ხაზს უსვამს იმას, რომ თითქმის არ არსებობს ამ ბრალდებების დამადასტურებელი კვლევები. პორნოს შესახებ არსებული დამოკიდებულებები, მაკნაირისთვის, ეყრდნობა არა ჩატარებულ კვლევებს, არამედ, ძირითადად, პირად ისტორიებსა და მეორად წყაროებს (2014).

პორნოგრაფიის კვლევების მაპოლარიზებელი ბუნება მკვლევრებს აიძულებს, რომ ან ერთი პოლუსისკენ გადაიხარონ ან მეორე. პრო-სექს ბანაკი, როგორც უკვე ვახსენეთ, ხშირად ასოცირდება ალტპორნო სცენასთან. ბოლო ხანებში, პორნოგრაფიის კვლევები უფრო მეტად პრო-სექს ფემინიზმის რიტორიკისკენ გადაიხარა, ამდენად, დაკარგა კრიტიკული დისტანცია პორნო ინდუსტრიისაგან (Williams 2014). იმის შიშით, რომ ანტი-პორნო ფემინისტებად არ მიეჩნიათ, ეს სფერო უფრო და უფრო დაუახლოვდა პორნო ინდუსტრიას და მას საერთოდ გამორჩა მხედველობიდან კომერციული ურთიერთობები (ibid). გარდა ამისა, თავს მოხვეულმა ოპტიმისტურმა მიდგომამ ალტპორნო სცენისადმი, ხელი შეუწყო  არამეინსტრიმულ პორნო სცენასთან დაკავშირებით გადაჭარბებულად დიდი ოდენობის კვლევების ჩატარებას; მაშინ, როდესაც მეინსტრიმული პორნოგრაფიისათვის ამხელა ყურადღება არავის დაუთმია (Maddison 2013, Williams 2014). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სექსთან დაკავშირებული ომების მაპოლარიზებელი ეფექტი შეიცავს რისკებს, რომ ჰქონდეს ანდა სავარაუდოდ ჰქონდეს ფარული დღის წესრიგი პორნოგრაფიასთან დაკავშირებით, აკადემიური კვლევების მიღმა.

მიუხედავად მნიშვნელოვანი გავლენისა პორნოგრაფიის კვლევებზე, სექსთან დაკავშირებული ომები როგორც ზოგადი ჩარჩო უფრო და უფრო სუსტდება რამდენადაც მთლიანად სფერო იზრდება და ის უფრო და უფრო კომპლექსური ხდება (Lee and Sullivan 2016). სექსთან დაკავშირებულმა ომებმა დიდი ხნის მანძილზე აიძულა სფერო, რომ კონცენტრირებულიყო იმაზე თუ როგორ არის სექსუალობა რეპრეზენტირებული და მოხმარებული. შედეგად, ისეთი ფუნდამენტური საკითხები როგორიცაა შრომა პორნოგრაფიაში და მისი წარმოების წესი, სრულიად იგნორირებული იქნა (ibid). სექსთან დაკავშირებული ომების წონის დაკარგვასთან და Web 2.0 ტექნოლოგიების მეშვეობით, ფემინისტური და ქვიარ პროდუქციისა და პერფორმერებისათვის ასპარეზის მიცემის შედეგად, აგენტობის, წარმოების წესისა და შრომის საკითხები კვლავაც მთავარ ფოკუსში მოექცა.

რას გვთავაზობს პორნო ფემინისტი და ქვიარი თემისა და სექსმუშაკების ემანსიპაციისთვის?

დღესდღეობით, პორნო ინდუსტრიის შემოსავლის მთავარი წყარო ონლაინ პროდუქციაა (Zecca2017). შესაბამისად, პორნოგრაფიის მოხმარება დამოკიდებულია ონლაინ პროდუქციაზე, რამდენადაც იგი იოლად და სწრაფად ხელმისაწვდომია. აქედან გამომდინარე, ონლაინ პორნოგრაფიის როგორც წარმოება, ისე მოხმარება სწრაფად გავრცელდა (Grebowicz 2013). Web 2.0-ის გამოჩენა კი პორნო ინდუსტრიისათვის შემობრუნების ახალი წერტილი იყო. Web 2.0-ის კვალდაკვალ, ონლაინ სცენა მალევე აღმოჩნდა „porn tube”-ების გავლენის ქვეშ (Slayden 2010). ე.წ. tube საიტები, რომლებიც პლათფორმა Youtube-ის მსგავსად, ვიდეო კონტენტის ჰოსტინგსა და სტრიმინგს სთავაზობენ მომხმარებლებს, ონლიან პორნოგრაფიაზე მონოპოლიას ფლობენ (ibid). ისინი ავრცელებენ კონტენტს უფასოდ, რადგან პირატულად ახდენენ მის კოპირებას. შედეგად, მწარმოებლების შემოსავლები იკლებს და ისინი ან ამცირებენ თავიანთ შესაძლებლობებს ან საერთოდ ქრებიან ბიზნესიდან (Edelman 2009, Lee 2015, Ruberg, 2016).

ფემინისტური და ქვიარ ფოტოგრაფიის აღმოცენებით შეიქმნა მოლოდინი, რომ გაჩნდებოდა უსაფრთხო სივრცე სექსმუშაკებისათვის და მიზოგინური მეინსტრიმული ნარატივის ალტერნატივა (Wilkinson 2017). გარდა ამისა, ალტერნატიული პორნოს მწარმოებლების უდიდესი ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ეთიკური წარმოებისა და დისტრიბუციის წესებს მისდევენ. ეს წესები თანხმობაშია სამართლიანი ვაჭრობის ბიზნეს მოდელთან, რომელსაც ორი მთავარი წინაპირობა აქვს. პირველი, ასეთი პროდუქცია მიზნად ისახავს მდგრადი ბიზნესის შექმნას, სადაც სექსმუშაკების უფლებები გარანტირებულია, მათი აგენტობა კი რეალიზებული. მეორე, ისინი ამტკიცებენ, რომ ისინი თავიანთ თემს რეპრეზენტირებენ, სათანადო ესთეტიკის მეშვეობით (Maina 2014, Mondin 2014).

პორნოგრაფიის ეთიკური ფორმა ასევე გულისხმობს, რომ მომხმარებლებმა უნდა გადაიხადონ ფული პორნოში. სანაცვლოდ, ისინი დაზღვეულები არიან, რომ პორნოგრაფიულ მასალაში პერფორმერები საკუთარი სურვილით მონაწილეობენ და მათი უფლებები, უსაფრთხოება და ჯანმრთელობა დაცულია (Lee 2015). ზოგადად, პორნოგრაფიის და სექს სამუშაოს მიმართ არსებული სტიგმა მათთვის არახელსაყრელად არ მუშაობს. გარდა სტიგმისა, ინდუსტრიისთვის დამახასიათებელია ინტენსიური ფიზიკური შრომა, პერფორმერების მიერ პროდუქციაზე კონტროლის ნაკლებობა, კასტინგის დისკრიმინაციული სისტემა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები და ა.შ. (Scott2016). პორნო ინდუსტრიის მჩაგვრელი და დისკრიმინაციული კლიმატის გათვალისწინებით, აღნიშვნის ღირსია რასაც ალტპორნო სცენა და განსაკუთრებით, ფემინისტური და ქვიარ პორნო პროდუქცია გვთავაზობს. არა მხოლოდ სექსუალობების რეპრეზენტაციის მხრივ, არამედ სამუშაო პირობებსა და თანხმობაზე ორიენტირება განაპირობებს ჩართული მხარეების გაძლიერებას დარგში, რომლისთვისაც ადამიანთა ტრეფიკინგი ხშირად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ნაკლებად რეპრეზენტირებულთათვის სცენის დათმობის გარდა, ალტპორნოს ასევე აქვს პრეტენზია, რომ იგი აძლიერებს პერფორმერთა აგენტობას. აგენტობის ცნება, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ფემინისტური და ქვიარ ანალიზისთვის, რამდენადაც იგი ხელმისაწვდომს ხდის ქალებისა და ქვიარ ადამიანების მიერ მოპოვებულ უფლებებს, უმეტესწილად, „უფლებათა პრივატიზებულ ზონებთან“ მიმართებაში მოიაზრებოდა (Maddison 2013). მედისონის თანახმად, თუკი აგენტობა დარჩება პირადი უფლების საკითხად, ეს შეზღუდავს აგენტობის საზღვრებს და იგი საერთოდ ხელუხლებელს დატოვებს ნეოლიბერალურ პირობებს (ibid). არაერთი ეთიკური პორნოს მწარმოებელი ამტკიცებს, რომ პერფორმერებს საშუალება აქვთ, აკონტროლონ პროდუქციის პროცესი (Lee and Sullivan 2016), მაგალითად, სცენარებში ჩარევის ან საერთოდ მათზე უარის თქმის გზით ან იმის არჩევით თუ ვისთან იმუშავებენ ისინი და ვისთან არა (Mondin 2014). როგორც ამ მაგალითებიდან ჩანს, აგენტობა ხშირად გაგებულია პირად არჩევანთან და ტექნოლოგიურ დემოკრატიზაციასთან კავშირში. ამიტომაც, იგი ქმნის „შეზღუდულ ოპტიმიზმს“ (Maddison 2013). საბსეი სამართლიანად აღნიშნავს, რომ თვით-მპყრობელობა და არჩევანის თავისუფლება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ არგუმენტად ჩამოყალიბდა სექს სამუშაოზე მსჯელობისას, სრულ ჰარმონიაშია ნეოლიბერალურ ექპლუატაციასთან და იგნორს უკეთებს გლობალურ ეკონომიას (2015)

მიუხედავად იმისა, რომ აგენტობის ცნება ეთიკური პორნოს დისკურსში, ძირითადად, ინდივიდუალობამდეა დაყვანილი, იგი ჯაბნის წარმოების წესს, ხოლო ეს უკანასკნელი მთლიანად ფოკუსს მიღმა არ არის დარჩენილი. უილკინსონი დადებითად აფასებს Web 2.0  ტექნოლოგიებს, რამდენადაც ის პოსტ-კაპიტალისტური, არა-კაპიტალისტური, ანტი კაპიტალისტური ან „ოდნავ კაპიტალისტური პორნოგრაფიების“ არსებობის საშუალებას იძლევა (2017). Web 2.0-სადმი უილკინსონის მიდგომის საპირისპიროდ, რუბერგი გვაფრთხილებს, რომ არ მოვახდინოთ ონლაინ პორნოს კონცეპტუალიზაცია როგორც კაპიტალიზმისაგან თავისუფალი უტოპიის, რამდენადაც ონლაინ სექს კულტურამ კიდევ უფრო გაართულა თამაშის შრომისაგან გამოცალკევება (Ruberg 2016). ფაქტობრივად, ზოგიერთ სცენის-მიღმა კადრებში, რომელიც, ძირითადად, პერფორმერებთან ჩაწერილი ინტერვიუებისგან შედგება და რომელიც, სავარაუდოდ, პორნოგრაფიაში შრომის შესახებ უნდა საუბრობდეს, ხშირად, კონტრაქტებით არის რეგულირებული, რომელიც პერფორმერებს იძულებულს ხდის, რომ პოზიტიურად ისაუბრონ თავიანთ გამოცდილებებზე (Scott 2016). მართალია, ეს არ ნიშნავს, რომ სცენის მიღმა კადრებიდან ყველა გამრუდებულ წარმოდგენას იძლევა რეალურ შრომით გამოცდილებაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასალებიც იმ დისკურსის ნაწილად განვიხილოთ, რომელიც დაკავშირებულია ეთიკური პორნო პროდუქციის შრომასთან (ibid).

საბოლოო ჯამში, პორნოგრაფია ძალიან დინამიკური სფეროა შესასწავლად და მასთან კომპლექსურად დაკავშირებული საკითხები პირდაპირ თუ ირიბად აისახება უამრავი ადამიანის სიცოცხლეზე. ანტი-პორნო რიტორიკა, როგორც მოსალოდნელია, პორნოგრაფიის თანამედროვე კლიმატს მიესალმება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სექსმუშაკების მზარდი კრიმინალიზება, ქალთა, ქვიარ ადამიანებისა და სექსუალობების დემონიზება. ამიტომაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ აღმოვაჩინოთ პორნოგრაფიის ფორმები, რომლებიც იძლევა შესაძლებლობას ქვიარ ადამიანებისა და ქალების ემანსიპაციისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ განვავითაროთ კრიტიკული პერსპექტივა, რომელიც არ გაიჭედება ემანსიპაციასთან დაკავშირებულ ნეოლიბერალურ წინაპირობებში და გასცდება სექსთან დაკავშირებული ომებისთვის დამახასიათებელ დიქოტომიურ დინამიკას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Attwood, Feona. 2010. “Introduction”. porn.com Making Sense of Online Pornography, edited by Feona Attwood, 1-16. New York: Peter Lang.

 

Attwood, Feona. 2009. Mainstreaming Sex: The Sexualization of Western Culture . London:

I.B. Taurus.

 

Beauvoir, Simone de, and H. M Parshley. 1963. Nature Of The Second Sex . London: New

English Library.

 

Butler, J. (1997). Excitable speech. New York: Routledge.

 

Butler, Judith. 1999. Gender trouble . New York: Routledge.

 

Dworkin, Andrea. 2000. “Pornography and grief”. Feminism and pornography, edited by

 

Drucilla Cornell, 39-44. Oxford: Oxford University Press.

 

Foucault, Michel. 1978. History of Sexuality. Vol 1: An Introduction. Translated by Robert

Hurley. New York: Pantheon Books.

 

Foucault, Michel and Paul Rabinow. 1997. Ethics: Subjectivity and truth . New York: New

Press.

 

Grebowicz, Margret. 2013. Why Internet Porn Matters . Stanford, California: Stanford Briefs,

an imprint of Stanford University Press.

 

Haraway, Donna Jeanne. 1990. “A manifesto for cyborgs ”. Feminism/postmodernism , edited

by Linda Nicholson, 190-233. New York: Routledge.

 

Kurylo, Bohdana. 2017. "Pornography And Power In Michel Foucault’S Thought". Journal

Of Political Power 10 (1): 71-84. doi:10.1080/2158379x.2017.1284157.

11

 

Lee, Jiz (2015, January 21). “Ethical Porn” Starts When We Pay for It. Retrieved 23 March

2018, from

https://medium.com/@jizlee/ethical-porn-starts-when-we-pay-for-it-8a6f266ab473#.fxwwd2

v3l.

 

Lee, Jiz and Rebecca Sullivan. 2016. "Porn And Labour: The Labour Of Porn Studies". Porn

Studies 3 (2): 104-106. doi:10.1080/23268743.2016.1184474.

 

Lipton, Shawna. 2012. "Trouble Ahead: Pleasure, Possibility And The Future Of Queer

Porn". New Cinemas: Journal Of Contemporary Film 10 (2): 197-207.

doi:10.1386/ncin.10.2-3.197_1.

 

MacKinnon, Catharine A. 1993. Only Words . Cambridge (Mass.): Harvard Univ. Press.

 

Maddison, Stephen. 2013. "Beyond The Entrepreneurial Voyeur? Sex, Porn And Cultural

Politics". New Formations 80 (80): 102-118. doi:10.3898/newf.80/81.06.2013.

 

Maina, Giovanna. 2014. "Afterthe Feminist Porn Book: Further Questions About Feminist

Porn". Porn Studies 1 (1-2): 182-185. doi:10.1080/17503132.2014.888248.

 

McNair, Brian. 2014. "Rethinking The Effects Paradigm In Porn Studies". Porn Studies 1

(1-2): 161-171. doi:10.1080/23268743.2013.870306.

 

Mondin, Alessandra. 2014. "Fair-Trade Porn + Niche Markets + Feminist Audience". Porn

Studies 1 (1-2): 189-192. doi:10.1080/23268743.2014.888251.

 

Morgan, Robin. 1980. “Theory and Practice: Pornography and Rape”. Take Back the Night:

Women on Pornography, edited by Laura Lederer, 134-140. New York: William Morrow &

Co

 

Patterson, Zabet. 2004. "Going on-line: Consuming Pornography in the Digital Era". Porn

Studies , edited by Linda Williams, 105-123. Durham, NC: Duke University Press.

 

Ruberg, Bonnie. 2016. "Doing It For Free: Digital Labour And The Fantasy Of Amateur

Online Pornography". Porn Studies 3 (2): 147-159. doi:10.1080/23268743.2016.1184477.

 

Rubin, Gayle. 1991. “Thinking sex: notes for a radical theory of the politics of sexuality”

Culture, society and sexuality: a reader, edited by Richard Parker and Peter Aggleton,

143-178. London: UCL Press.

12

 

Ryberg, Ingrid. 2015. "The Ethics Of Shared Embodiment In Queer, Feminist And Lesbian

Pornography". Studies In European Cinema 12 (3): 261-274.

doi:10.1080/17411548.2015.1094946.

 

Sabsay, Leticia. 2015. “The ruse of sexual freedom: neoliberalism, self-ownership and

commercial sex” Global Desire and Justice Queering Economies edited by Nikita Dhawan,

Antke Engel, Christoph Holzhey and Volker Woltersdorff, 180-194. New York: Routledge.

 

Schauer, Terrie. 2005. "Women’S Porno: The Heterosexual Female Gaze In Porn Sites “For

Women”". Sexuality And Culture 9 (2): 42-64. doi:10.1007/s12119-005-1007-8.

 

Scott, Karly-Lynne. 2016. "Performing Labour: Ethical Spectatorship And The

Communication Of Labour Conditions In Pornography". Porn Studies 3 (2): 120-132.

doi:10.1080/23268743.2016.1184475.

 

Slayden, David. 2010. “Debbie Does Dallas Again and Again: Pornography, Technology and

Market Innovation” porn.com Making Sense of Online Pornography, edited by Feona

Attwood, 54-68, New York, NY: Peter Lang Publishing.

 

Wilkinson, Eleanor. 2017. "The Diverse Economies Of Online Pornography: From Paranoid

Readings To Post-Capitalist Futures". Sexualities 20 (8): 981-998.

doi:10.1177/1363460716675141.

 

Williams, Linda. 1999. Hard core Power, Pleasure, and the “Frenzy of the Visible”. London:

University of California Press.

 

Williams, Linda. 2014. "Pornography, Porno, Porn: Thoughts On A Weedy Field". Porn

Studies 1 (1-2): 24-40. doi:10.1080/23268743.2013.863662.

 

Zecca, Federico. 2017. “Ways of Showing It Feature and gonzo in mainstream pornography”

The Routledge companion to media, sex and sexuality, edited by Feona Attwood, Brian

 

McNair and Clarissa Smith, 141-150. Abingdon: Routledge. Retrieved from

https://www-routledgehandbooks-com.ezproxy.its.uu.se/doi/10.4324/9781315168302

 

Ziv, Amalia. 2014. "Girl Meets Boy: Cross-Gender Queer Sex And The Promise Of

Pornography". Sexualities 17 (7): 885-905. doi:10.1177/1363460714532937.

 

 

[1] Vanilla Sex - იგივე კონვენციური სექსი - სექსის ისეთი ფორმა, სადაც პარტნიორები არაფერს ახალს არ ცდიან და ძირითადად, ტრადიციული სექსუალური როლებითა და პოზებით შემოიფარგლებიან.