ფოტო: რადიო თავისუფლება

10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt. გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც შეკრებებს, მანიფესტაციებს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს შეეხება:

2019 წელს ქვეყანაში შექმნილი დინამიკური და ხშირ შემთხვევაში აგრესიული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ხშირი იყო მასშტაბური შეკრებები და მანიფესტაციები. განსაკუთრებით გამოსარჩევია 20-21 ივნისის მოვლენები, რა დროსაც სპონტანურად შეკრებილი დემონსტრანტები აპროტესტებდნენ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოსვლას საქართველოს პარლამენტის შენობაში და მისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობას. აღნიშნულ დემონსტრაციას საბოლოოდ მასშტაბური დაპირისპირება მოჰყვა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, რა დროსაც სახელმწიფომ აშკარად არათანაზომიერი ძალა გამოიყენა დემონსტრანტების მიმართ და შედეგად, არაერთმა მშვიდობიანმა მოქალაქემ მიიღო სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება.

შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების განმუხტვის მიზნით, თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ხოლო მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საჯარო დაპირება გააკეთა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე. აღნიშნულმა ნაბიჯებმა პოზიტიური როლი ითამაშეს პოლიტიკური ვითარების დასტაბილურებისათვის. თუმცა, მიმდინარე წლის ნოემბერში, პროპორციული საარჩევნო სისტემის თაობაზე შემუშავებული კონსტიტუციური ცვლილებები მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩააგდო, რასაც კიდევ ერთხელ მოჰყვა ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები საქართველოს პარლამენტთან. ამ შემთხვევაში დემონსტრანტების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის შენობის პიკეტირება და ამ გზით ხელისუფლების იძულება, შეესრულებინა რამდენიმე თვით ადრე გაკეთებული დაპირება.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ნოემბრის თვეში მიმდინარე აქციების დროსაც ხდებოდა ძალის არაპროპორციულად გამოყენება, რაც ხშირ შემთხვევაში ემსახურებოდა ძალის დემონსტრირებას. ამავდროულად, ზოგად ტენდენციად ჩამოყალიბდა შეკრება-მანიფესტაციების დროს, აქციის მონაწილეთა მასობრივი დაკავება. ამ ფონზე, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა საქმეების განხილვა, როგორც წესი, ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური დარღვევებით მიმდინარეობდა. კიდევ ერთი ტენდენცია, რაც 2019 წელს კიდევ უფრო გამძაფრდა, შეეხება ე.წ. კონტრ-აქციებს. რა დროსაც, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართული დემონსტრაციების დროს, ჩნდებიან ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც უპირისპირდებიან აქციის მონაწილეებს და როგორც წესი, გამოირჩევიან აგრესიული, ძალადობრივი რიტორიკითა და ქმედებით. სამწუხაროდ, აღნიშნული ჯგუფების მიმართ სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ეფექტური ზომების გატარებას, რაც ტოვებს მათი პოლიტიზირების შთაბეჭდილებას.

პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილ დისპროპორციულ ძალას, ამის საპირისპიროდ კი - კონტრდემონსტრანტების აგრესიულ ქმედებებზე ფაქტობრივად ნულოვან რეაგირებას, აგრეთვე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ სასამართლო განხილვების ხარვეზიანად წარმართვას, შესაძლოა მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს შეკრება-მანიფესტაციის და ზოგადად, გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე.