შესავალი

შეწყალების უფლებამოსილება მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ბერკეტია, რომელსაც, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფოს მეთაური ფლობს. შეწყალების სოციალური დატვირთვა და მსჯავრდებულებისთვის მისი ღირებულება, ამ მექანიზმის სამართლიანად გამოყენების პერსპექტივებს განსაკუთრებით აქტუალურს ხდის.

წინამდებარე ტექსტის მიზანია, შეწყალების უფლებამოსილების ისტორიული საფუძვლების მიმოხილვით, მისი კონსტიტუციური საზღვრების გამოკვეთითა და ქართული კონტექსტის გაანალიზებით, წარმოაჩინოს შეწყალების როლი და ფუნქცია. სტატიაში განვითარებული მსჯელობები არის მცდელობა, რომ შეწყალების აქტის, როგორც პოლიტიკური ფენომენის გააზრება, ფართო კონსტიტუციურ-სამართლებრივი პერსპექტივიდან მოხდეს.

შეწყალების უფლებამოსილების ფუნქციური დატვირთვის შესახებ დამკვიდრებული აზრი, როგორც წესი, მის პოლიტიკურ შინაარს ნაკლებად მიემართება. მას, როგორც „ძღვენს“ თუ „წყალობას,“ ისე განიხილავენ. ცხადია, პრობლემა თავისთავად ასეთი მიმართების არსებობაში არ მდგომარეობს, რადგან შეწყალების ერთ-ერთი მიზანი სწორედ ის არის, რომ გარკვეული გარემოებების მხედველობაში მიღებით, პირს ჩადენილი დანაშაული ეპატიოს.

თუმცა, მცდარია შეწყალების უფლებამოსილების გააზრება მარტოოდენ ჰუმანურობის ჭრილში. შეწყალება, როგორც ისტორიული პერსპექტივებიდან, ისე თანამედროვე კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკიდან, უფრო მეტად პოლიტიკური და ძალაუფლებრივი პარადიგმების მიხედვით უნდა განიმარტოს. შეწყალება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხელისუფლების შტოების შესაძლებლობებისა და მათი ურთიერთმიმართების განსაზღვრაში, აღჭურავს რა სახელმწიფოს მეთაურს სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ბერკეტით.

შეწყალების უფლებამოსილების ფარგლებისა და ლიმიტაციების შესახებ საქართველოში ბოლო დროს არსებული დისკუსიების ფონზე, სტატიაში განხილული საკითხები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ამ მხრივ, აუცილებელია ისეთი მსჯელობებისთვის ნიადაგის მომზადება, რომელიც შეწყალების უფლებამოსილების სოციალურ და პოლიტიკურ დატვირთვას უფრო ცხადს გახდის და ამდენად, მას სამართლიანობის, ჩაგრული ჯგუფების მხარდაჭერისა და ჰუმანური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის სამსახურში ჩააყენებს.

 

ისტორიული საფუძვლები

შეწყალების, მაშასადამე, დანაშაულის პატიების ფენომენის საფუძვლები სხვადასხვა კულტურაში მოიძებნება. არსებითად, ის მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული, ყოველგვარი პოლიტიკური, სამართლებრივი თუ რელიგიური განსხვავებულობების მიუხედავად.[1] შეწყალების უფლებამოსილების არსებობის ნიშნებს შეიძლება მივაკვლიოთ ბიბლიაში, ბერძნულ და რომაულ სამართალში,[2] თუმცა, ის, როგორც პოლიტიკური ხელისუფალის კანონით გარანტირებული პრეროგატივა, ბრიტანეთის მონარქიული ტრადიციებიდან იღებს სათავეს.[3] ამ გაგებით, შეწყალების უფლებამოსილების პირველი ნორმატიული გამოხატულება მე-8 საუკუნიდან ფიქსირდება.[4] ვესექსის მეფის[5] კანონებში აღნიშნულია, რომ „თუ ვინმე იბრძოლებს მეფის სამყოფელში, მთელი თავისი საკუთრებით აგებს პასუხს, ხოლო იცოცხლებს თუ არა ის - მეფისავე ნებით გადაწყდება.“[6] შესაბამისად, შეწყალება წარმოადგენდა მონარქის ერთგვარ საჩუქარს.

მონარქებმა მომდევნო საუკუნეებშიც განამტკიცეს და გააფართოვეს ეს უფლებამოსილება, აღიარებდნენ რა, რომ „ვინც გულწრფელად ცდილობს უკანონობიდან კანონის განუხრელი დაცვისკენ იბრუნოს პირი, მეფე მათთვის მოწყალების ყველა შესაძლო ზომას მიიღებს.“[7]

შეწყალება არასდროს ყოფილა უბრალოდ ჰუმანისტური პრინციპებით განპირობებული აქტი. მეფეები მას ძირითადად პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო მიზნებისთვის იყენებდნენ.[8] ბრიტანეთის პარლამენტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა შეწყალების უფლების რეგულირებასა და ლიმიტირებას, თუმცა ამ მხრივ რაიმე გარდამტეხი ცვლილება არ მომხდარა.[9] 1535 წელს, პარლამენტმა მკაფიო გახადა მონარქის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების ექსკლუზიურობა და ყველა სხვა სუბიექტი ამ უფლებით სარგებლობისგან გამორიცხა.[10] ამგვარად, მე-17 საუკუნემდე, ბრიტანეთის მონარქები ფლობდნენ შეწყალების აბსოლუტურ უფლებას. ეს უფლება მეფისთვის ისეთივე წმინდა და ხელშეუხებელი იყო, როგორც „ინგლისელი კაცის უფლებები“ ცალკეული პირებისთვის.[11] მე-17 საუკუნის ბოლოს, პარლამენტის ძალაუფლების მკვეთრი ზრდისა და, საპირისპიროდ, მეფის ძალაუფლების შემცირების ფონზე, შეწყალების უფლების გამოყენებაზე მკვეთრი შეზღუდვები დაწესდა.[12]

შეწყალების უფლების ისტორია ბრიტანული მონარქიის მაგალითზე, შეიძლება წავიკითხოთ, როგორც ზოგადად მეფის ძალაუფლების განმტკიცებისა და შემცირების ისტორიის თანმდევი პროცესი. ამ უფლების არსებობასა და გამოყენებას გააჩნდა საკუთარი პოლიტიკური კონტექსტი და ლოგიკა. ამავე ლოგიკის ნაწილია ის, რომ დღესდღეობით, ბრიტანეთში მონარქი ამ შესაძლებლობას ფაქტობრივად არ იყენებს.[13]

სწორედ ამგვარი პოლიტიკური და სამართლებრივი მდგენელებით უნდა ამოვიცნოთ ისტორიის იმ ხაზის განვითარება, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციაში პრეზიდენტისთვის შეწყალების თითქმის შეუზღუდავი უფლების მინიჭებაში გამოიხატა. ძალაუფლების ხისტი გამიჯვნის დოქტრინა და მისი პოლიტიკურ-სამართლებრივი ლოგიკა მოითხოვდა, რომ ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლება მაქსიმალურად „თანაბრად“ გადანაწილებულიყო. ამ გაგებით, არც შეწყალების უფლება იყო გამონაკლისი. მისი კონცეფცია შეუძლებელია დამოუკიდებლად კონსტრუირდეს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ამ უფლების მიმართებას საკანონმდებლო ორგანოს ნორმატიულ პრეროგატივებთან. ეს კავშირი კარგად არის ასახული ჰამილტონის ფედერალისტურ წერილში: „ჰუმანიზმისა და კარგი პოლიტიკის ინტერესები გვკარნახობენ, რომ რაც შეიძლება უმნიშვნელოდ იზღუდებოდეს ან ფერხდებოდეს შეწყალების უფლებამოსილების განხორციელება. ყოველი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსი დაჟინებით მოითხოვს, რომ კანონმდებლობა მკაცრი იყოს. ასე რომ, მცირე გამონაკლისის გარდა, როცა მართლმსაჯულება დიდი დავიდარაბის შემდეგ მოწყალებას იჩენს იმ პირთა მიმართ, რომელთაც დანაშაული წინასწარი განზრახვით არ ჩაუდენიათ, იგი ჩვენ წინაშე პირსისხლიან და მძვინვარე უწყებად წარმოდგება.“[14]

შემთხვევითი არც ის არის, რომ 1927 წელს, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, საქმეში “Biddle v Perovich” აღნიშნა, რომ შეწყალება განცალკევებულად და იზოლირებულად არსებული კერძო აქტი არ არის, „ის კონსტიტუციური სქემის ნაწილია.“[15] ამიტომაც, შეწყალება, როგორც კონსტიტუციური აქტი, არა უბრალოდ ჰუმანური ქმედება, არამედ სახელმწიფოს მეთაურის მიერ პოლიტიკის განსაზღვრის ერთ-ერთი მექანიზმია. სწორედ პოლიტიკურობა ქმნის შეწყალების უფლებამოსილების რეალურ შინაარსს.

 

როგორ შეიძლება წავიკითხოთ შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციაში?

შეწყალების უფლებამოსილება საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის საწყის რედაქციაშივე გაჩნდა. კონსტიტუცია ამ უფლებამოსილების რეგულირებისას საკმაოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა და მხოლოდ ის მიუთითა, რომ პრეზიდენტი „შეიწყალებს მსჯავრდებულთ.“[16] ეს ჩანაწერი იმ იშვიათ დებულებათა ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც კონსტიტუციის მრავალჯერადი და მასშტაბური ცვლილებების მიუხედავად, დღემდე უცვლელი სახით მოვიდა.[17]

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 1995 წლის კონსტიტუციამ საქართველოში მმართველობის ფორმად საპრეზიდენტო რესპუბლიკა დაადგინა. მართალია, ის ზუსტად არ იმეორებდა აშშ-ის კონსტიტუციით პრეზიდენტისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და მის მიმართებას ხელისუფლების სხვა შტოებთან, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული მოწესრიგება და ძლიერი პრეზიდენტის იდეა კონსტიტუციის შემუშავების პროცესში დომინანტურ მიდგომას წარმოადგენდა. 1995 წლის 29 მაისს, ედუარდ შევარდნაძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერდა მოდელს, სადაც „ძლიერი საპარლამენტო ხელისუფლება შეხამებულია ძლიერ საპრეზიდენტო ხელისუფლებასთან.“[18]

ამ პირობებში, შეწყალების უფლებამოსილება, პრეზიდენტისთვის მისი ექსკლუზიური მიკუთვნებულობისა და მინიმალური შეზღუდვების კუთხით, აშშ-ს კონსტიტუციასთან საკმაო მსგავსებას ავლენს. მართალია, ამ უკანაკსკნელში მითითებულია, რომ შეწყალება ვრცელდება მხოლოდ ფედერალური, და არა შტატის კანონმდებლობის დარღვევით ჩადენილ დანაშაულებზე (Pardons for Offences against the United States), ხოლო ამ უფლების გამოყენება ასევე შეზღუდულია იმპიჩმენტის შემთხვევაში,[19] თუმცა, აშშ-ის კონსტიტუციური მოწესრიგების ლოგიკა მაინც დგას ამ უფლების პრეზიდენტისთვის ექსკლუზიური მიკუთვნებულობის იდეაზე. ბუნებრივია, ქართული და ამერიკული მოწესრიგება იდენტური არ არის (რაც განსხვავებული კონტექსტებით, სხვადასხვა ისტორიული გამოცდილებით, ტერიტორიული მოწყობითა და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული), თუმცა, ორივე მათგანი მიისწრაფვის სახელმწიფოს მეთაურისთვის შეწყალების უფლებამოსილების ერთპიროვნული გამოყენების მინიჭებისა და მისი განხორციელებისას სხვა ინსტიტუტების ჩარევის შესაძლებლობების შემცირებისკენ. აშშ-ის უზენაეს სასამართლოს შეწყალების უფლებამოსილების ექსკლუზიურობის იდეის მაღალი სტანდარტი აქვს და გამორიცხავს მასში საკანონმდებლო ორგანოს მიერ იმგვარი ინტერვენციების შესაძლებლობას, რაც თავად კონსტიტუციური მოწესრიგების ლოგიკას შეეწინააღმდეგება.[20]

ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის პირველადი ტექსტის ლოგიკით, შეწყალება წარმოდგენილია სახელმწიფოს მეთაურის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფალის, ძლიერ პოლიტიკურ ბერკეტად. ამ მხრივ, ეს უფლებამოსილება საკანონმდებლო და აღმასრულებელი შტოების გამმიჯნავი ერთ-ერთი კომპონენტია.[21]

1995 წლიდან დღემდე, კონსტიტუცია რამდენჯერმე ფუნდამენტურად გადაისინჯა. ამ ცვლილებების შედეგად, ქართულ რეალობაში ფაქტობრივად ყველა მმართველობის ფორმა „მოისინჯა“ - საპრეზიდენტო, ნახევრად-საპრეზიდენტო მოდელის სხვადასხვა ვარიაცია, ხოლო 2024 წელს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა, საბოლოოდ დამკვიდრდება კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა. ამ პერიოდებში, სწორედ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებების ცვლილება განსაზღვრავდა მის როლს და ადგილს ხელისუფლების დანაწილების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი მასშტაბური გადასინჯვის (2010 და 2018 წლების) კონსტიტუციური ლოგიკა მიმართული იყო პრეზიდენტისთვის აღმასრულებელი ფუნქციების მაქსიმალური შეკვეცისკენ, შეწყალების უფლებამოსილება დღემდე უცვლელი სახითაა წარმოდგენილი.

ხშირად მიუთითებენ, რომ ეს უცვლელობა, პრეზიდენტის მიერ ამ მექანიზმის ფლობის ექსკლუზიურობითაა განპირობებული, თითქოსდა, ეს უნივერსალური მიდგომა იყოს. მართალია, შეწყალების უფლებამოსილებას უმეტესად სახელმწიფოს მეთაურები ფლობენ, თუმცა არსებობს მაგალითები, როცა ის სხვა ინსტიტუტის ხელშია (მაგალითად, ურუგვაისა და შვეიცარიაში მას საკანონმდებლო ორგანო ახორციელებს, ამერიკის ბევრ შტატში კი - უშუალოდ შეწყალების კომისია).[22] მაშასადამე, ექსკლუზიურობა აქ გაგებული უნდა იყოს არა იმგვარად, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კონსტიტუციურ ლოგიკას აცდენილია ამ უფლებამოსილების სხვა სუბიექტის ხელში არსებობა, არამედ შეწყალების უფლებამოსილება პრეზიდენტისთვის ექსკლუზიურია იმდენად, რამდენადაც კონკრეტული სახელმწიფოს კონსტიტუციურ მოწესრიგებაში გარკვეულ როლს თამაშობს და პრეზიდენტის ფუნქციურ დატვირთვაზე მეტყველებს. ნებისმიერი უფლებამოსილების ექსკლუზიურობა კონსტიტუციური მიზნების რეალურ შინაარსში ამოიცნობა და არა მის ფორმალურ გაგებაში. შეწყალების აქტი პრეზიდენტისთვის ერთ-ერთი ის ბერკეტია, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების განაწილებაში მის ადგილს განსაზღვრავს და სისხლისსამართლებრივ პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მქონე სუბიექტად აქცევს. ამ შინაარსით, კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკა გამორიცხავს პოლიტიკური პროცესებისგან სახელმწიფოს მეთაურის დისტანცირებას. იმის გაცნობიერებით, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა და მართლმსაჯულება განსაკუთრებით მკაცრია, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების უფლებამოსილება ჰუმანურობისა და სამართლიანობის პოლიტიკის შემოსატანად გამოიყენოს.

ის ფაქტი, რომ საპარლამენტო მმართველობისკენ სვლის პირობებშიც კი, პრეზიდენტს შეწყალების უფლება იმ ფორმით შეუნარჩუნდა, როგორც ეს 1995 წელს დამკვიდრდა, ააშკარავებს კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკას, პრეზიდენტს დარჩეს ეს ბერკეტი პოლიტიკის წარმოებისთვის. მიუხედავად იმისა, თუ რა დოზით ჩამოშორდება პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, მისი სტატუსი (მით უფრო სახალხო ლეგიტიმაციის არსებობის პირობებში) გარდაუვლად გულისხმობს პოლიტიკური პროცესების შექმნასა და განხორციელებაში საკუთარი, ავტონომიური კონტრიბუციის შეტანის შესაძლებლობას.

უფრო კონკრეტულად, როგორც უკვე ითქვა, ეს ბერკეტი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრისა და მასზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას მიემართება. აღნიშნული, შესაძლოა, განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ ეთანხმება კონკრეტული ქმედების კრიმინალიზებას ან განსაკუთრებით მკაცრი სასჯელის დაწესებას.[23] ამ უკანასკნელი მოტივით, მაგალითად, პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ შეიწყალა 1956 წლის „ნარკოტიკების აქტის“ საფუძველზე მსჯავრდებული პირები.[24] მსგავსი პოლიტიკური აქტი განახორციელა ბარაკ ობამამ, როდესაც გარკვეული სახის ნარკოტიკების ათასობით მომხმარებლებს სასჯელი შეუმსუბუქა.[25] 2018 წელს, ეგვიპტის პრეზიდენტმა 300-მდე პირი შეიწყალა, რომლებიც მთავრობის საწინააღმდეგო „არაკანონიერ პროტესტებში“ მონაწილეობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.[26] შეწყალების, როგორც პოლიტიკური აქტის მაგალითად შეიძლება დასახელდეს ისიც, რომ საქართველოში 2013-2015 წლებში შეწყალებულ პირთა 62% ნარკოტიკული დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.[27]

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ბოლო დროს, 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე პერიოდში მიღებულ შეწყალების აქტებიდან, „პოლიტიკურობის“ ელემენტის ამოცნობა რთულია.[28] კიდევ უფრო პრობლემურია შეწყალების თაობაზე მორატორიუმის გამოცხადების ფაქტი,[29] რაც იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მეთაურს სათანადოდ არ აქვს გაცნობიერებული შეწყალების უფლებამოსილების მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმ მსჯავრდებულებისთვის, ვისთვისაც ეს მექანიზმი რეპრესიული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისგან თავის დაღწევის უკანასკნელი შესაძლებლობა შეიძლება იყოს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ საკუთარ კონსტიტუციურ როლზე კი არ ამბობს უარს, არამედ საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის იდეას აუბრალოებს.

ზემოაღნიშნულიდან ნათლად ჩანს, რომ შეწყალება პრეზიდენტის მიერ წარმატებით შეიძლება გამოიყენებოდეს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის არსებული მიდგომების მიმართ კრიტიკული პოზიციონირებისთვის და ახალი, ჰუმანური და სამართლიანი ხედვების დღის წესრიგში შემოსატანად (იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, თუ რა ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მას, ხშირად უსამართლო და დრაკონული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის შედეგად დაზარალებული პირებისთვის). შეწყალების მექანიზმი სახელმწიფოს მეთაურს შესაძლებლობას აძლევს, ამხილოს რეპრესიული კანონმდებლობა, გამოამჟღავნოს საზოგადოების ჩაგრული და მოწყვლადი ჯგუფებისადმი მისი წილი ინსტიტუციური და სოციალური პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, შეწყალების უფლებამოსილება არ არის ერთადერთი მექანიზმი ამ მიზნების მისაღწევად, თუმცა ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მმართველობის არსებულ მოდელში იძენს, როცა პრეზიდენტს არ გააჩნია საკანონმდებლო ბერკეტები და აღმასრულებელი ძალაუფლებისგან ჩამოცილებულია.

 

შეწყალების უფლებამოსილება, როგორც საფრთხე და მისი შეზღუდულობის მასშტაბები

როგორც აღინიშნა, უმთავრესი საფუძვლები, რომელიც შეწყალების აქტს მიზნად შეიძლება ედოს, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრა ან ჰუმანიზმია (იმ პირის შეწყალება, რომელიც იაზრებს ჩადენილ ქმედებას, იმსახურებს დამატებით შანსს ან მისი შეწყალება სხვადასხვა სოციალური მოტივებით არის განპირობებული). თუმცა, ცხადია, სახელმწიფოს მეთაურმა ის შეიძლება ბოროტად, პირადი მიზნებისთვის ან სარგებლის მისაღებად გამოიყენოს. იმ ქვეყნებში, სადაც შეწყალების უფლებამოსილების ლიმიტაციებს კონსტიტუცია მინიმალურად ან საერთოდ არ ადგენს და პრეზიდენტს ფართო დისკრეციას ანიჭებს, ეს საფრთხეები განსაკუთრებით დიდია და ამდენად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა ფარგლებში შეუძლია იმოქმედოს პრეზიდენტმა - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი.

სახელმწიფოს მეთაურის მიერ უფლებამოსილების უკანონოდ თუ კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით განხორციელებაზე პოლიტიკურ-სამართლებრივი პასუხი საკანონმდებლო ორგანოს ხელშია, იმპიჩმენტის მექანიზმის სახით (რომელშიც, საქართველოს შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოცაა ჩართული).[30] თუმცა აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქმედება, რომელიც თავისი შინაარსით პოლიტიკურია და სამართლებრივი პრინციპების ან ნორმების ხელყოფა არ იკვეთება, არ შეიძლება გახდეს იმპიჩმენტის საფუძველი. თუ პრეზიდენტი, შეწყალების აქტის განხორციელებისას კანონის მოთხოვნების დაცვით მოქმედებს, მისი ქმედება პოლიტიკური ტვირთის მატარებელია, რომელზე პასუხიც არ შეიძლება რაიმე ფორმით სამართლებრივიც იყოს.

როგორც ითქვა, შეწყალების უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური, რადგან ასეთი რამ კონსტიტუციური წესრიგის ლოგიკასთან წინააღმდეგობაში იქნებოდა. ამ მხრივ, საინტერესოა აშშ-ის მაგალითის მოხმობა, სადაც შეწყალების უფლებამოსილების ლიმიტაციების საკითხი ბოლო დროსაც საკმაოდ აქტუალური იყო. 2019 წლის მარტში, პროფესორმა ენდრიუ კენტმა (Andrew Kent) წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთ კომიტეტში ისაუბრა შეწყალების უფლებამოსილების კონსტიტუციურ საზღვრებზე. საკითხი რამდენიმე მიმართულებით იყო დასმული, მათ შორის, როგორ შეიძლება შეფასდეს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ოჯახის წევრების ან სხვა მასთან დაკავშირებული პირების შეწყალება; ასევე, შეიძლება თუ არა, შეწყალების აქტი გახდეს პრეზიდენტის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ენდრიუ კენტი სამართლიანად მიუთითებს, რომ შეწყალების უფლებამოსილების ერთი შეხედვით შეუზღუდავი ბუნება, პრეზიდენტს მაინც ვერ დააყენებს კონსტიტუციურ პრინციპებზე მაღლა.[31]

თუ სახელმწიფოს მეთაურის ქმედება მოტივირებულია პირადი ან პერსონალური სარგებლის მიღების სურვილითა და ინტერესებით, ხოლო ამ პროცესში სრულად უგულებელყოფილია საჯარო ინტერესები, კონსტიტუციური პრინციპები, დემოკრატიული ანგარიშვალდებულების იდეა და უფლებამოსილების სამართლიანობის საფუძველზე განხორციელების მიზანი, ლოგიკურია, რომ ის შეიძლება იმპიჩმენტის დაყენების საფუძველი გახდეს, რადგან იმპიჩმენტის განხორციელების ერთ-ერთი წინაპირობა კონსტიტუციის დარღვევაა.[32] საკითხი ბევრად უფრო მარტივად გადასაწყვეტია, როცა საქმე სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევას ეხება, როგორიცაა, მაგალითად, შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღება ან კორუფციული გარიგება.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის პირი არ შეიძლება მიიჩნეოდეს კანონზე და კონსტიტუციურ წესრიგზე მაღლა მდგომად. ეს უპირველესად იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის სხვა ფუძემდებლურ პრინციპებს. დაუშვებელია, პრეზიდენტმა შეწყალების უფლებამოსილება იმგვარად გამოიყენოს, რომ ამ პრინციპების იდეა სრულად ნიველირდეს და გაუფასურდეს, სახელმწიფოს მეთაური კი თავად იქცეს კონსტიტუციური სტანდარტის დამდგენად.

 

შეწყალების ქართული მოდელის გაუმჯობესებისთვის

როცა საკითხი სახელმწიფოს მეთაურის (ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის) ქმედებას ეხება, აუცილებელია არსებობდეს წესები, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქმედების განჭვრეტადობას და ღიაობას. დემოკრატიული წესრიგის აუცილებლი კომპონენტია, რომ [პოლიტიკური] გადაწყვეტილება არ იყოს თვითნებური, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების ნიშნებს ამჟღავნებდეს. ამ მხრივ, არც შეწყალების უფლებამოსილებაა გამონაკლისი.

საქართველოს კონსტიტუცია შეწყალების აქტის განხორციელებისას ექსპლიციტურად არ აწესებს რაიმე დამატებით მოთხოვნებს. კონსტიტუციური მოწესრიგების ენობრივი სიმწირე ბოლომდე მკაფიოს არ ხდის შეწყალების უფლებამოსილების კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს და საკანონმდებლო დონეზე მისი მოწესრიგების პერსპექტივებს. ამ გაგებით, მარტოოდენ კონსტიტუციური ფორმულირების მხედველობაში მიღება, სისტემური, მიზნობრივი და ისტორიული განმარტებების მოშველიების გარეშე, შესაძლოა ართულებდეს შეწყალების უფლებამოსილების ადგილის განსაზღვრას კონსტიტუციურ წესრიგში.

თუმცა, როგორც ითქვა, შეწყალების უფლებამოსილების კონსტიტუციური შინაარსი და დანიშნულება მისი მიზნების შესახებ საკმაო წარმოდგენას იძლევა. შეწყალება, როგორც პრეზიდენტის პოლიტიკური ძალაუფლების შემქნელი ერთ-ერთი მექანიზმი, მისი ექსკლუზიურობის იდეის ეჭვქვეშ დაყენებას გამორიცხავს. ამასთანავე, არც ის არის დასავიწყებელი, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თვითნებობის საფრთხეების დასაზღვევად, კანონის უზენაესობის, დემოკრატიულობის, სამართლიანობის, ანგარიშვალდებულებისა და სხვა პრინციპებიდან გამომდინარე, ნორმატიულად იყოს მოწესრიგებული შეწყალების უფლებამოსილების განხორციელების ზოგადი წესები და სტანდარტები. ამ მხრივ, აღსანიშნავია პრეზიდენტის თვითშეზღუდვის პრინციპიც, რომელიც ნორმატიულ დონეზე სისხლის სამართლის კოდექსში ბოლოს შესული ცვლილებებით დამკვიდრდა. კერძოდ, კოდექსის შესაბამის ნორმაში ჩაიწერა, რომ შეწყალებას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, „პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ახორციელებს.“[33] მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ამ ბრძანებულებით გამოამჟღავნოს შეწყალების უფლებამოსილების განხორცილების ისეთი სტანდარტის დადგენის ნება, რომელიც სამართლიანობისა და კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპების მოტივებით იქნება ნასაზრდოები.

რა თქმა უნდა, კონსტიტუციური პრინციპები ისედაც ბოჭავს პრეზიდენტს შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას, მაგრამ მისი უფრო მკაფიო ნორმატიული რეგულირება გადაწყვეტილების მიღების გამართულობას უზრუნველყოფს და პრეზიდენტის მხრიდან თვითნებობის რისკებს შეამცირებს. საქართველოს კონტექსტში, ეს შეიძლება გულისხმობდეს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას (მაგალითად, აშშ-ის ზოგიერთ შტატში, სხვადასხვა ფორმით დამკვიდრებულია შეწყალების აქტის დასაბუთების ვალდებულება)[34] და გასაჯაროვებას (მაგალითად, ხორვატიაში, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება ხორვატიის რესპუბლიკის ოფიციალურ გამოცემაში).[35] მიუხედავად იმისა, რომ დასაბუთება კონსტიტუციით სავალდებულო არაა, ეს გააუმჯობესებს შეწყალების სისტემას და გააძლიერებს საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების ხარისხს. გასაჯაროვების კონტექსტში კი, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მხედველობაში იყოს მიღებული პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტები. შეწყალების თაობაზე ინფორმაცია იმ მოცულობითა და ფორმით უნდა გამოქვეყნდეს, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონთან.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ შეწყალების კომისიის შემადგენლობა და საქმიანობა უფრო მეტად იყოს დემოკრატიულობის და ინკლუზიურობის პრინციპებზე აგებული. შეწყალების უფლებამოსილების სახელმწიფოს მეთაურისთვის ცალსახა მიკუთვნებულობიდან გამომდინარე, მართალია, შეწყალების კომისიის დასკვნები ვერ იქნება პრეზიდენტისთვის შესასრულებლად სავალდებულო ძალის მქონე, თუმცა მას შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ამ მხრივ, მიზანშეწონილია, შეწყალების კომისიის საქმიანობის ნორმატიული მოწესრიგება.

 

დასკვნა

შეწყალების უფლებამოსილებაზე მსჯელობისას ხშირად მხედველობის არედან იკარგება ამ მექანიზმის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტი, რაც აუბრალოებს მის როლს ძალაუფლების დანაწილების სისტემაში.

შეწყალება, ქართულ კონტექსტში, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის განსაზღვრაზე გავლენის მოხდენის ძლიერ ბერკეტად შეიძლება დავინახოთ, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს პოლიტიკური პროცესების აქტიურ მონაწილედ აქცევს. გარდა ამისა, შეწყალება შეიძლება წარმოჩინდეს სახელმწიფოს მეთაურის სოციალური და ინსტიტუციური პასუხიმგებლობის ძლიერ გამოვლინებად, თუ ის საზოგადოების ჩაგრული ჯგუფების მხარდასაჭერად და რეპრესიული კანონმდებლობის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

საქართველოს კონსტიტუციური განვითარების ლოგიკა, სახელმწიფოს მეთაურს შეწყალების უფლებამოსილების „გაპოლიტიკურებას“ და მის აქტიურ გამოყენებას კარნახობს. ამ გაგებით, შეწყალების აქტებით უნდა მჟღავნდებოდეს სახელმწიფოს მეთაურის მკაფიო დამოკიდებულებები არსებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის, სხვადასხვა სოციალური ჯგუფების მდგომარეობისა და დანაშაულთან/სასჯელთან მიმართებების შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტს შეუძლია ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის არსებითი ცვლილებებისა და გაჰუმანურების გზაზე.

შესაბამისად, საფუძველშივე მცდარია ისეთი თვალსაზრისების განვითარება, რომელიც მიმართული იქნება შეწყალების უფლებამოსილების ექსკლუზიურობის იდეის მთლიანად გაუფასურებისკენ. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდეს წესები, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების იდეა და შეწყალების პოლიტიკური შინაარსი მოითხოვს, რომ ეს პროცესი ჩაკეტილი, თვითნებური და საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა მდგომი არ იყოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

  • Anne McMillan, The pardon: politics or mercy?, 2019;
  • William F. Duker, The President's Power to Pardon: A Constitutional History, 1977;
  • Richard M. Thompson, The President’s Pardon Power and Legal Effects on Collateral Consequences, 2016;
  • Brandon Sample, The History of the Presidential Pardon, 2018;
  • James P. Pfiffner, The Scope of the President’s Pardon Power, 2019;
  • ILONA MÁRIA SZILÁGYI, Presidential versus parliamentary systems, 2009;
  • Statement by Prof. Andrew Kent, Fordham Law School, Examining the Constitutional Role of the Pardon Power: Hearing before the House Judiciary Committee Subcommittee on the Constitution, Civil Rights, and Civil Liberties, 2019;
  • Andrew Novak, Transparency and Comparative Executive Clemency: Global Lessons for Pardon Reform in the United States, 2016;
  • James P. Pfiffner, The Scope of the President’s Pardon Power, 2019;
  • თამარ ავალიანი, გიორგი ჩიტიძე, შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2016;
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • http://www.nplg.gov.ge
  • http://www.federalistpapers.ge
  • https://emc.org.ge
  • https://www.interpressnews.ge

[1] Anne McMillan, The pardon: politics or mercy?, 2019, ხელმისაწვდომია: https://www.ibanet.org/Article/NewDetail.aspx?ArticleUid=465431e6-8846-4a89-ba0a-6a8b85e5ed1d

[2] William F. Duker, The President's Power to Pardon: A Constitutional History, 1977, p. 476, ხელმისაწვდომია: https://scholarship.law.wm.edu/cgi/viewcontent.cgi?article=2444&context=wmlr

[3] იქვე.

[4] Richard M. Thompson, The President’s Pardon Power and Legal Effects on Collateral Consequences, 2016, p. 1, ხელმისაწვდომია: https://fas.org/sgp/crs/misc/R44571.pdf

[5] King Ine of Wessex (668-725 A.D.).

[6] William F. Duker, The President's Power to Pardon: A Constitutional History, 1977, p. 476.

[7] იქვე, p. 477.

[8] Brandon Sample, The History of the Presidential Pardon, 2018, ხელმისაწვდომია: https://clemency.com/history-presidential-pardon

[9] James P. Pfiffner, The Scope of the President’s Pardon Power, 2019, p. 1, ხელმისაწვდომია: https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3363187

[10] William F. Duker, The President's Power to Pardon: A Constitutional History, 1977, p. 486.

[11] იქვე, p. 487.

[12] იქვე.

[13] Brandon Sample, The History of the Presidential Pardon, 2018.

[14] ფედერალისტი #74 : ჰამილტონი, ხელმისაწვდომია: http://www.federalistpapers.ge/federali74.php

[15] Anne McMillan, The pardon: politics or mercy?, 2019.

[16] საქართველოს კონსტიტუცია, 1995 წლის 24 აგვისტოს რედაქცია, 73-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი, ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=0

[17] იხ.: საქართველოს კონსტიტუცია, 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35

[18] კონსტიტუციის პროექტის შესახებ: ედუარდ შევარდნაძის გამოსვლა საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე 1995 წლის 29 მაისს, ხელმისაწვდომია: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0preziden--00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.8&d=HASH01d18f2ffeb9abab6e37c392

[19] The Constitution of the United States, art. II, sec. 2 (1).

[20] იხ.: James P. Pfiffner, The Scope of the President’s Pardon Power, 2019, p. 3, ხელმისაწვდომია: https://papers.ssrn.com/sol3/papers.cfm?abstract_id=3363187&download=yes

[21] ILONA MÁRIA SZILÁGYI, Presidential versus parliamentary systems, 2009, p. 309, ხელმისაწვდომია: https://pdfs.semanticscholar.org/e150/ea84376a5646c8a204486073515e3bf38e28.pdf

[22] თამარ ავალიანი, გიორგი ჩიტიძე, შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2016, გვ. 21, 26, ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/files/shetskalebis_uflebamosileba_24022016.pdf

[23] იქვე, გვ. 11.

[24] Brandon Sample, The History of the Presidential Pardon, 2018.

[25] იქვე.

[26] Anne McMillan, The pardon: politics or mercy?, 2019.

[27] თამარ ავალიანი, გიორგი ჩიტიძე, შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2016, გვ. 17.

[28] ამ პერიოდში განხორციელებული შეწყალებები ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/emc-prezidentis-mier-shetsqalebaze-moratoriumis-gamotskhadebas-ekhmianeba-1

[29] იხ.: https://www.interpressnews.ge/ka/article/564208-salome-zurabishvili-patimrebis-shecqalebaze-moratoriums-acxadebs/

[30] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლი.

[31] Statement by Prof. Andrew Kent, Fordham Law School, Examining the Constitutional Role of the Pardon Power: Hearing before the House Judiciary Committee Subcommittee on the Constitution, Civil Rights, and Civil Liberties, 2019, p. 10, ხელმისაწვდომია: https://docs.house.gov/meetings/JU/JU10/20190327/109162/HHRG-116-JU10-Wstate-KentA-20190327.pdf

[32] საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის 1-ლი პუნქტი.

[33] ხელმისაწვდომია: https://www.interpressnews.ge/ka/article/566265-patimarta-shecqalebis-sakitxze-sisxlis-samartlis-kodeksshi-cvlileba-ganxorcielda

[34] Andrew Novak, Transparency and Comparative Executive Clemency: Global Lessons for Pardon Reform in the United States, 2016, p. 842, ხელმისაწვდომია: https://repository.law.umich.edu/cgi/viewcontent.cgi?article=1162&context=mjlr

[35] თამარ ავალიანი, გიორგი ჩიტიძე, შეწყალების უფლებამოსილება ქართული მოდელი და საერთაშორისო გამოცდილება, თბილისი, 2016, გვ. 33.