მშენებლობაზე გარდაცვლილი მუშის უსახლკაროდ დარჩენილ უმუშევარ ცოლსა და მცირეწლოვან შვილს კომპანიის მფლობელი რამდენიმე ათას დოლარს აძლევს და ამატებს: “აწი, თუ მექნება ფოჩიანი კანფეტები, შვილო, ფოჩიან კანფეტებს მოგცემ.” ანუ, თუ რამე ჩამივარდა ხელში, მომავალშიც ვეცდები, დაგეხმაროო. ახალგაზრდა ქალი იმერეთის იმ სოფლიდანაა, საიდანაც სამშენებლო კომპანიის მდიდარი მფლობელი. მეზობელი, მამაო, ჟურნალისტი, ადგილობრივი კაი ბიჭი თუ ხელისუფალი ამ კაცის სიკარგეს ჰყვება; როგორ უდგას გვერდში ნაცნობსაც და უცნობსაც, ერისკაცსაცს და ბერისკაცსაც. მაგრამ მუშის ქვრივი თავისას არ იშლის და სოციალური გარიყვის რისკის ხარჯზე, აგრძელებს ვალდებულებების ენაზე საუბარს; ითხოვს იმას, რაც მის შვილს კანონით სრულწლოვნებამდე ეკუთვნის და დამცირებად იღებს ქველმოქმედებას. ეს ბრძოლა რთულია და მარტოობისთვის განწირული, რადგან მუშის ქვრივი ამ ქვეყნის იდეალურ მოქალაქეს უპირისპირდება.

უკვე მრავალი ათწლელულია, საქართველოს იდეალური მოქალაქეა ის, ვინც გზა „უღრან ტყეში“ გაიკვალა, ათასი ჯურის კორუმპირებული მთავრობა, მტაცებელი კონკურენტი და კრიმინალური ერთეული მოინელა და იმდენი მოიხვეჭა, რომ სხვებსაც ხელს უმართავს. ეს არის განსაკუთრებული შესაძლებლობის მამაკაცი; უნარიანი, ვინც, მარტომ, შუბლით გაიტანა ცხოვრება და დღეს დამსახურებული ძალაუფლების ხილს გარშემომყოფთაც უნაწილებს.

ამგვარი მოქალაქის განდიდებას მერიტოკრატიის რწმენა არ ასაზრდოებს, თუ მერიტოკრატიაში განჭვრეტად, სტაბილურ, წინასწარ დადგენილ, მიუკერძოებელ სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემას ვიგულისხმებთ, რომელიც საზოგადოების ყველაზე „ღირსეულ“ წევრებს ავლენს და აფასებს. თუ მერიტოკრატია არსებული სისტემის სამართლიანობას ვარაუდობს, ჩვენებური მოქალაქის მიერ დასაძლევი ბარიერები თავიდანვე უსამართლოა; და თუ მერიტოკრატია ადამიანების მიერ შექმნილ სისტემას გულისხმობს, რომელიც ადამიანების ხელითვე შეიძლება, გარდაიქმნას, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ბარიერები, დიდწილად, ბუნებრივია და საზოგადოებრივ კონტროლს მიღმა არსებული.

იდეალური მოქალაქის მახასიათებელი სწორედ ამგვარი ბარიერების დაძლევის უნარია, რაც, თავის მხრივ, პირადი პასუხისმგებლობის აბსოლუტიზაციის საფუძველი ხდება. სხვა ენით რომ ვთქვათ, „ვისაც სწავლა უნდა, ისწავლის“, „ვისაც მუშაობა უნდა, სამსახურს იშოვის“, „სახლს რომ ბანკში დებდა, მაშინ ეფიქრა“ და მსგავსი ფორმულების სიცოცხლისუნარიანობის გარანტი იმ იმერელი კაცის წარმატებაა.
ამიტომ გამოდის ასე, რომ თუ სწავლა უნდა, ის სტუდენტი გოგოც ისწავლის, სუპერმარკეტში სრულ განაკვეთზე კონსულტანტად რომ მუშაობს, უკანონოდ ხანგრძლივი, არანორმირებული სამუშაო დღით/ღამით, თან მიზერულ ხელფასზე, რომელიც არსებობისთვის საკმარისი არაა და შემოსავლის დამატებითი წყაროს მოძიებას აიძულებს.

ამიტომ გამოდის, რომ, ალბათ, ტვინი არ ქონდა მას, ვინც ოჯახის წევრისთვის საჭირო ოპერაციის გამო, ან სოკოებივით მოდებული და მტაცებლური სარეკლამო კამპანიით შეიარაღებული, თამაშით დაავადებულებზე მონადირე სათამაშო ბიზნესის გამო მევახშეებსა და ბანკებს სახლი ჩააბარა.

ან სათანადოდ არ ინდომებს სამსახურის შოვნას ქალი, ვინც მოხუცებზე და ბავშვებზე ზრუნვის ერთპიროვნულად მისთვის განკუთვნილ ტრადიციულ ვალდებულებას მთელ დროს უთმობს.
ასე გამოდის, რომ შრომის კანონმდებლობისა და პოლიტიკის ხარვეზიანობა განათლების მიღების გზაზე პოლიტიკურად უმნიშვნელო ბარიერია, ხოლო ათიათასობით სწავლაშეჩერებული სტუდენტი - რექტორისთვის ყავასთან ერთად მირთმეული ცარიელი სტატისტიკა. არც უსახლკარობის გამომწვევი ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა თუ აზარტული თამაშების დაურეგულირებლობაა ყურადღების ღირსი და არც სოციალური სერვისების არარსებობა, როგორც ქალთა დასაქმების ბარიერი.

სწორედ აბსოლუტური პირადი პასუხისმგებლობის იდეოლოგიით ინიღბება სისტემის ნაკლოვანება, უსამართლო ბარიერების ხელოვნურობა და მათი აღმოფხვრის პოლიტიკური საჭიროება.

მაგრამ ის, რომ სოციალურად და კულტურულად იზოლირებული, არასრულყოფილ მოქალაქეებად მონიშნული, სახელმწიფოსგან მიტოვებული და სისტემურად გარიყული შშმ პირების შემთხვევაში, ბარიერების ერთპიროვნულად დაძლევის შეზღუდული შესაძლებლობა ბევრისთვის თვალნათელია, გვიბიძგებს, რომ თვალები მოვიფშვნიტოთ, მივიხედ-მოვიხედოთ, სისტემური ბარიერების დანახვაში გავიწაფოთ და ამ სისტემებზე ჩვენს კონტროლში დავრწმუნდეთ.

საჭიროება, რომ კოლექტიური ქმედებით გამოვაცალოთ წინაღობები და გავაძლიეროთ შშმ პირები, ძალაუნებურად გვაფიქრებს მოქალაქეობის იდეაზე, მოქალაქეობრივი ერთობის არსზე, პრინციპებსა და მიზნებზე. რატომ ვმოქმედებთ შშმ პირებისთვის? ეს ჩვენი, როგორც საზოგადოების ვალია თანამოქალაქეების მიმართ თუ ქველმოქმედებაა, “ერთგვარი საჩუქარი” სახელმწიფოს მიერ გაღებული, როგორც ბენდუქიძის დროინდელ “სოციალური დახმარების შესახებ” კანონის განმარტებით ბარათში ეწერა? ანუ, ვალდებულებაა თუ ფოჩიანი კანფეტები?“

ჩუქების ბუნებიდან გამომდინარე, მჩუქებელს არ აქვს გაჩუქების ვალდებულება, ხოლო საჩუქრის მიმღებს - საჩუქრის მოთხოვნის. სოციალური მოქალაქეობა - მოდელი, რომელიც მოქალაქეობაში კლასიკურ ლიბერალურ უფლებებთან ერთად, სოციალურ უფლებებსაც მოიაზრებს - პოლიტიკური ერთობის წევრებს შორის ორმხრივობას გულისხმობს. რაც ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს მოთხოვნის უფლება, თუ ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობებს პირნათლად ვასრულებ. ამიტომ ლოგიკურად, სახელმწიფოსგან დახმარებას საჩუქრის, და არა უფლების, სახით იღებს ის, ვინც, საუკეთესო შემთხვევაში, არასრულყოფილი მოქალაქეა. ამიტომ დღეს, შშმ პირების მიმართ არსებულ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც დიდ წილად ქველმოქმედების მოდელს ეფუძნება, შშმ პირების უფლებების დამცველი აქტივისტები სრულყოფილი მოქალაქეობის იდეას უპირისპირებენ.

არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებების რეალიზებაში სახელმწიფოს ჩაურევლობას ყველაზე „უღირსი“ მოქალაქეც იმსახურებს. აი, სოციალური უფლებების მოთხოვნას რომ პოლიტიკური წონა ჰქონდეს, მათ ბენეფიციარად მხოლოდ „ღირსეული“, სრულყოფილი მოქალაქის მოაზრება გვიწევს; ის, ვისაც უფლება აქვს, დახმარება მოითხოვოს. მაგრამ როგორც ვნახეთ, ის, ვინც დღეს ჩვენთან ღირსეულ მოქალაქედ ითვლება, ანუ, ვისაც დახმარების უფლება აქვს - დახმარებას არ საჭიროებს.

სწორედ აქ გვეძლევა შესაძლებლობა, გადავიაზროთ ჩვენი ერთობის არსი, მოქალაქის უფლებები და ის, თუ საჯარო სიკეთისთვის გაწეული კონტრიბუციის რა ფორმას ვაღიარებთ ღირებულად და ვუთვლით ადამიანს მოქალაქეობრივი მოვალეობის მოხდაში. პირველ რიგში, შშმ პირები გვახსენებენ, რომ მონეტარული კონტრიბუცია კარგი მოქალაქის კონტრიბუციის მხოლოდ ერთი ფორმაა და რომ, საბოლოო ჯამში, ერთგანზომილებიანი და ღარიბია ამ პრიზმიდან დანახული საზოგადოება, თუ გამოგვეპარება კარგი მშობლობით, კარგი მეზობლობით, დემოკარტიულ პროცესში აქტიური მონაწილეობით, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანების მიერ, მათი მხარდამჭერების გულისხმიერ და სოლიდარულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებით უკეთესი საზოგადოების ფორმირებაში შეტანილი წვლილი. ამასთან, სოციალური მოქალაქეობა და მოქალაქეობის ორმხრივი ბუნება გულისხმობს, რომ თუ მოქალაქეს საჯარო სიკეთეზე ზრუნვის მოვალეობა აქვს, მას ამ მოვალეობის მოხდის შესაძლებლობაც უნდა მიეცეს. (აბა, როგორ უნდა შეიტანოს დემოკრატიულ პროცესში წვლილი ეტლით მოსარგებლე მოქალაქემ, რომლის ადგილობრივი საკრებულოს შენობას პანდუსი არ აქვს?!) და თუ მაინცდამაინც კონტირბუციის მონეტიზირება გვსურს, ჩვენც სხვა ქვეყნებივით დავითვალოთ, რამდენ მილიონ ლარს კარგავს სახელმწიფო, შშმ პირებს დასაქმებაში რომ არ უწყობს ხელს.

და ბოლოს, უფრო ფუნდამენტურად, შშმ პირების ბრძოლა უფლებებისთვის ჩვენს საერთო მოწყვლადობას ფარდას ხდის; იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველა მოწყვლადები ვართ ბუნებრივი გარემოს და სხვა ადამინების მიმართ ჩვენი მოკვდავი სხეულის გამო, თუნდაც ძალაუფლებრივი სისტემები ამ მოწყვლადობას სოციალურ ჯგუფებს შორის არათანაბრად ანაწილებდნენ; რომ ჩვენც ვყოფილვართ ახალშობილები, ვიქნებით მოხუცები და ნებისმიერ წამს შეიძლება შესაძლებლობები შეგვეზღუდოს; რომ ჩვენ რადიკალურად ურთიერთდამოკიდებულები ვართ ჩვენი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის და თვითკმარობის შეუძლებლობა კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენს მოწყვლადობას.

ამიტომ პასუხად პოზიტიური აზროვნების და ‘შენ ეს შეგიძლიას“ შესახებ პოპულარული ტრეინინგებისა, პასუხად გამუდმებული იდეოლოგიური წნეხისა, პრივილეგირებულების მოწყვლადობა შეინიღბოს და ყველა დანარჩენის მოწყვლადობა მათი არასრულყოფილი ადამიანობისა თუ მოქალაქეობის აღმნიშვნელად იქცეს, პოლიტიკური აქტი ჩვენი ყველას მოწყვლადობის აღიარება იქნება, რომელზეც შემდეგ ურთიერთზრუნვისა და სოლიდარობის სისტემები აიგება.

დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. ეს დღე უსამართლო სისტემების გამო არათანაბრად გადანაწილებული საერთო მოწყვლადობის და ამ მოწყვლადობის შესამსუბუქებლად, ერთობლივი სოლიდარული ქმედების აუცილებლობის შეხსენებაა.