1

2015 წლის 1 მარტისთვის, საქართველოში, სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია რეგისტრირებული, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 %-ს შეადგენს.[1]  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანახმად, ეს ციფრი არ ასახავს სრულ სურათს, ვინაიდან ამ მონაცემებში შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ის პირები იგულისხმებიან, რომლებიც სახელმწიფოს ბენეფიციარებს წარმოადგენენ. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს“. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შშმ პირთა რაოდენობა ქვეყნების უმრავლესობაში, საშუალოდ 10%-ია. ამ სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოში, სავარაუდოდ, ორჯერ უფრო მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არა მხოლოდ საჯარო სივრცეში, არამედ ქაღალდზეც კი უხილავია.

IDFI-ის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ „საჯარო სამსახურის ბიუროს 2013/2014 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში, საჯარო სექტორში, 100 000–ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის, სულ, 24 შშმ პირია დასაქმებული, რომელთაგან 5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახელმწიფო დაწესებულებაშია დასაქმებული“.[2]

შშმ პირთა დასაქმება, კვალიფიკაციის მოპოვება, განათლება, ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომელთაც  სოციალურ–ეკონომიკური ფონისა და მავნე სტერეოტიპული ცრურწმენების გარდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გარემოც აკავშირებს. სწორედაც რომ შესაძლებლობის მქონე, რადგანაც დღევანდელ მოდერნულ საზოგადოებაში გარემო აღარ არის ნეიტრალური, ობიექტური მოცემულობა, რომელიც თავისთავად არსებობს. დღეს გარემო ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც მოძრავი დისკურსები და ამ დისკურსების წარმოქმნაში მონაწილე აქტიური, გადაწყვეტილების მიმღები აგენტები და მისი პასიურად გამზიარებელი „მორჩილი სხეულები“ თანაბრად ქმნიან; თუმცა, ბუნებრივია განსხვავებული ძალაუფლებრივი ეფექტებით. შეზღუდული შესაძლებლობის ქონა მხოლოდ ეტლით სარგებლობას არ ნიშნავს, თუმცა უდავოა რომ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გარემო კიდევ უფრო შეზღუდულია და ბუტაფორიული „ადაპტირება“ არაფერს ცვლის. იმ  დასაქმებული „ბედნიერი“ გამონაკლისის მცირერიცხოვანი ჯგუფიდან, შშმ პირთა უფლებების დამცველი და აქტივისტი ნინო ბაიდაური თავის ბლოგში იმ ორ ადამიანს ახმოვანებს, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გარემოში დასაქმება მოახერხეს: ეტლით მოსარგებლე სალომე მიქაძის თქმით, „ფრაზას „მე ვმუშაობ“, როგორც წესი, ორგვარი რეაქცია მოსდევს: ერთია „ვა, ამდენი უმუშევარია გარშემო, შენ კიდევ დასაქმება მოახერხე“, და მეორე - „ჰო, სახლში ჯდომას ხომ მაინც სჯობს?!“. ხოლო როგორც ივეტა წითაშვილი წერს, „მათ ჰგონიათ, რომ ჯერ „ჯანმრთელები“ არ არიან დასაქმებულები და რადგან ეტლში ვარ, მეათეხარისხოვან სამსახურზე უნდა დავთანხმდე და ამისთვის მადლიერების მეტანიები უნდა ვაკეთო. მათ არ იციან, რომ მე თავისუფალი ვარ (მეტანიებისგანაც).“

ჩემი ფოტო-პროექტის მიზანი არ არის პრობლემატიკის განხილვა თეორიულ თუ პრაქტიკულ ჭრილში და, მითუმეტეს, მონაცემთა ბაზაში შეზღუდული შესაძლებლობის პირების სტატუსით დარეგისტრირებულ ადამიანთა ნაცვლად საუბარი. ეს უბრალოდ დაკვირვებაა ეტლით მოსარგებლე 21 წლის დავით ალიხანაშვილის ერთ რიგით დღეზე, იმ „მინიმალური“ დაბრკოლებების საილუსტრაციოდ, რომელთა წინააღმდეგ შეჯახებაც მას, მიუხედავად იმისა, რომ „ბედნიერ გამონაკლისი“, ანუ დასაქმებულ შშმ პირია, ყოველდღიურად უხდება შეზღუდული შესაძლებლობს მქონე გარემოში.

„ჩემი მეგობარი დამიკავშირდა... ვაკანსია ნახა და შემომთავაზა წადიო. რათქმა უნდა, დავთანმხდი და წავედი. ტაქსების კომპანიაა 200–200, ოპერატორის პოზიცია."

2 3

„გარემო ადაპტირებული დამხვდა. სპეციალურად არის აღებული შშმ პირებისთვის ადაპტირებული ფართი."

  1. 4

„ტრანსპორტირების ხარჯებს კომპანია სრულიად ანაზღაურებს. სამსახურის გარდა, სწავლის დაწყებას ვაპირებ.“ [ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომპიუტერული დიზაინის განხრით]

5 6 7

„[ხელნაკეთი მექანიკური ლიფტი] ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების იდეა იყო. სამსახურის დაწყებიდან მალევე გავაკეთეთ...

8

...მანამდე სულ ძმაკაცებს გავყავდი გარეთ.“

9

„ყოველწლიურად, კოალიცია [კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის] შშმ პირებისთვის ატარებს ბანაკს, სადაც დამოუკიდებელ ცხოვრებას გასწავლიან... ბანაკში მშვილდოსნობაში მედლები ავიღე.“ 10

“ცუგა მყავს როი.. ჩემმა ძმაკაცებმა მომიყვანეს, მაგრამ დღესაც არ ვიცი, ვინც მაჩუქა, იმ პიროვნების სახელი... 5 თვემდე მე ვასეირნებდი. ეხლა უკვე როი მარბენინებს. გაიზარდა უკვე დიდი ბიჭი, ყოველ საღამოს გარეთ ვართ ხოლმე. ჩაბმული მყავს ეტლის შუა ნაწილზე და დავძუნძულებთ.“

11 12

 

„გარემო და ხალხის რეაქციაა ცოტა მიუღებელი. ელემენტარულად, ქუჩაში გასვლა... არაადაპტირებულია ქალაქი დამოუკიდებლად სამოძრაოდ და ხალხის დამოკიდებულებაც გამაღიზიანებელია შშმ პირების მიმართ. ყოველ გასვლაზე, სულ ყურადღების ცენტრში ვარ... თითქოს ტალახიანი ვიყო“

13

„რამდენიმეჯერ ჩემ ძმაკაცებთან ერთდ ქუჩაში ყოფნის დროსაც მოსულა სრულიად უცხო და ხურდები გამოუწვდია, აჰა გეხმარებიო... და ამას რა პასუხი მოჰყვა ჩემი მხრიდან, აღარ დავკონკრეტდეთ.“

14

 

P.S. როდესაც ვიშლებოდით, მე და ჩემი მეგობარი გაჩერებაზე ვიდექით დათოსთან ერთად და ტაქსის ველოდებოდით. მსუბუქი მოძრაობა იყო, მანქანები იშვიათად დადიოდნენ.  საპირისპირო მიმართულებით მომავალ ტაქსის ხელი რომ ავუქნიეთ, დათომ თქვა: „მაინც არ გააჩერებდა, რახან ეტლიანი დამინახა“. მოულოდნელად ტაქსისტმა მანქანა მოატრიალა და გაგვიჩერა. ასე უბრალოდ და ელემენტარულად.

 

---------------------------------------------------------

პუბლიკაცია მომზადებულიაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმისფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში მოტანილი მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] IDFI - შშმ პირთა სტატისტიკა საქართველოში (2015)  https://idfi.ge/ge/statistics-of-persons-with-disabilities

[2] წყარო - იგივე