10 დეკემბერს EMC-მ გამოაქვეყნა 2019 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://bit.ly/2P4xmyt.გთავაზობთ, დოკუმენტიდან ნაწყვეტს, რომელიც შრომის პოლიტიკას შეეხება:

სამუშაო ადგილზე დასაქმებულების გარდაცვალების გახმაურებული ფაქტების გამო, შრომის უსაფრთხოების საკითხი შრომის პოლიტიკის ყველაზე პოლიტიზერებული ასპექტი იყო 2019 წელსაც. 2018 წელს მიღებულმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ (აწ უკვე ორგანულმა) კანონმა და ამ წლის სექტემბერში აღნიშნული კანონის მნიშვნელოვანი მუხლების ამოქმედებამ, შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკის, განსაკუთრებით, ეფექტიანი შრომის ინსპექციის, საკანონმდებლო ბაზა შექმნა. ამასთან, მუშების დაღუპვით საზოგადოების სამართლიანი აღშფოთების პასუხად, მაისში, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოს პარლამენტში თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, აგვისტოდან კი, თბილისის მერიის, შრომის ინსპექციისა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული, ინტეგრირებული მონიტორინგისა და ინსპექტირების ჯგუფები ამოქმედდა, რომელმაც 200-ზე მეტი სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და უმეტეს შემთხვევაში დარღვევები აღმოაჩინა.

თუმცა, ბოლო მონაცემებით, საკანონმდებლო ცვლილებებსა და მონიტორინგის სისტემების გააქტიურებას საწარმოო შემთხვევებით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა სტატისტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა იმ პირობებში, როცა ტყიბულში, სადაც მხოლოდ 2018 წელს 12 ადამიანი დაიღუპა და 9 მძიმედ დაშავდა, ნახშირმოპოვების პროცესი პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასრულებამდე, 2018 წლის ივლისიდანაა შეჩერებული.

გამოწვევად რჩება შრომის ინსპექციის პროაქტიურობა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და გაძლიერება, ინსპექტორთა შესაბამისი რაოდენობა და კვალიფიკაცია, რეგიონალური წარმომადგენლობა, სამშენებლო უსაფრთხოების სფეროში თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტების დონეზე სანქციების ადეკვატური მექანიზმის შემუშავება, უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის წესებისა და პოლიტიკის განჭვრეტადობა და გამოძიების გამართულობა, შრომის უსაფრთხოების ცნების ვიწრო გაგება (მასში არ მოიაზრება სამუშაო ადგილზე ფსიქოსოციალური საფრთხეები და რისკები) და სხვა.

კვლავ არსებითი პრობლემაა ის ფაქტი, რომ შრომის ინსპექციის მანდატი შრომითი უფლებების სფეროზე არ ვრცელდება, რაც განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში მომსახურების სექტორში დასაქმებულებს ამყოფებს, რომლებიც სისტემატიური ექსპლუატაციის მსხვრეპლები არიან.

მშრომელების უფლებების დაცვის კუთხით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, როგორიც სამუშაო დროის დარეგულირება, დისკრიმინაციის თუ დეკრეტული შვებულების წესების დახვეწაა, შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი რეფორმების ფარგლებში, შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდა და მისი ინსტიტუციონალური გაძლიერებაც იგეგმებოდა. თუმცა ოქტომბერ-ნოემბერში გამართული ოთხი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ქვეყანაში დაწყებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კანონპოექტების პაკეტის ინიცირება და შესაბამისად, მშრომელთათვის ცივილური შრომის გარანტირების შესაძლებლობა, გაურკვეველი ვადით გადადო.

გასული ერთი წლის განმავლობაში, მშრომელების წინააღმდეგობის რამდენიმე მნიშვნელოვანი შემთხვევა მოხდა, რომელიც გაფიცულების პრინციპულობით, კონკრეტული მოთხოვნების ეფექტური არტიკულირებითა და სოლიდარობის აქტებით ხასიათდებოდა. ამ მხრივ აღსანიშნავია ჭიათურაში მომხდარი გაფიცვა, რომელსაც სოლიდარობა ქალაქის დიდმა ნაწილმა გამოუცხადა და რომელიც, საბოლოოდ, ‘ჯორჯიან მანგანეზის’ თანამშრომელთა მოთხოვნების, მათ შორის, ხელფასების 35%-იანი ზრდის დაპირებით დასრულდა. ბრძოლის ველი იყო ტყიბულიც, სადაც მეშახტეები ხელფასების შახტის დატოვებაზე უარს აცხადებდნენ. მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართვის შემდე წარმატებით დასრულდა. მალევე გაირკვა, რომ ტყიბულის საწარმოს ახალი კომპანია გადაიბარებს და პასუხისმგებლობას ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაზე ის აიღებს.

თუმცა ყველაზე გამორჩეული მაინც სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სოციალური მუშაკების, სოციალური მომსახურების სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით გაფიცვა გამოდგა. სოციალური მუშაკების წინააღმდეგობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ, საბოლოო ჯამში, ის სოციალური მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებების და სოციალური დაცვის უფრო სამართლიანი, ქმედითი და ჰუმანური მექანიზმების და პოლიტიკის შექმნას ემსახურებოდა. სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სოციალური მუშაკების და შესაბამისად, მათი ბენეფიციარების - საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების - ბევრი პრობლემა დღემდე მოუგვარებელია.