ხელმომწერი ორგანიზაციები და შშმ აქტივისტები ვეხმიანებით 14 ივლისს, პარლამენტის მიერ “შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონის მიღებას. მიუხედავად რიგი პოზიტიური ცვლილებებისა, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონი, მისი დეკლარაციული ხასიათისა და შინაარსობრივი გამოწვევების გათვალისწინებით, ხელისუფლების მხრიდან შშმ პირთა რეალური გაძლიერების კიდევ ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ქვეყანაში დგას გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და მისი ეფექტური აღსრულების მექანიზმების შემუშავების აუცილებლობა. ,,შშმ პირთა უფლებების შესახებ” კანონი უნდა გამხდარიყო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ქვეყანაში შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კანონმა ცალკეული პოზიტიური ცვლილებები შემოგვთავაზა, მათ შორის, შშმ პირთა ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის გარანტირება, სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი, მართლმსაჯულების სისტემასთან შშმ პირთა წვდომის მხარდაჭერა, მან ვერ გამოიყენა თავისი პოტენციალი, რადიკალურად გარდაექმნა შშმ პირებთან მიმართებით არსებული სამართლებრივი ჩარჩო და პოლიტიკა. მეტიც, უნდა აღვნიშნოთ, რომ კანონის შემუშავებისა და მიღების პროცესი არ იყო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი, ხოლო მისი შინაარსის მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემურია.

კანონისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესი როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე პარლამენტში, მნიშვნელოვანი გამოწვევებით წარიმართა. კანონპროექტის შემუშავების პროცესში, წლების განმავლობაში, იუსტიციის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო შშმ პირებისა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა. ცხადია, რომ უწყების მიერ მათთვის წერილობითი და ზეპირი შენიშვნების წარდგენისათვის ერთჯერადი საშუალების მიცემა და ყოველგვარი უკუკავშირის გარეშე მათი უმეტესი ნაწილის გაუთვალისწინებლობა, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აწესებს სახელმწიფოს მიერ შშმ პირებისა და მათი ორგანიზაციების ეფექტიანი და რეალური ჩართულობის ვალდებულებას მათთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კანონპროექტის პარლამენტში ინიცირების შემდგომ შშმ პირებსა და ორგანიზაციებს ჰქონდათ დოკუმენტის განხილვისა და მიღების პროცესში აქტიური ჩართულობის ლეგიტიმური მოლოდინი. საჯაროდ გავრცელებული და პარლამენტისთვის მიწოდებული არაერთი განცხადებისა და შეფასების მიუხედავად, ინკლუზიური პროცესის შექმნა ამ ეტაპზეც ვერ მოხერხდა. ამ მიმართულებით, შშმ პირებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნიდა როგორც ინფორმაციული, ისე ფიზიკური ბარიერები.

ზემოაღნიშნულ ბარიერებთან ერთად, პარლამენტმა მხედველობაში არ მიიღო ქვეყანაში COVID-19 - ის გავრცელების რისკები და შშმ თემის მნიშვნელოვანი ნაწილის მოწყვლადობა, ასევე, მათი შუამდგომლობები, არ მომხდარიყო კანონპროექტის ფორსირებულ რეჟიმში მიღება და შექმნილიყო განხილვის ინკლუზიური პროცესი, სადაც მათ ექნებოდათ შესაძლებლობა, კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალურად წარმოედგინათ მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები. სამწუხაროდ, ჩართულობის ფორმატების შექმნის სანაცვლოდ, პარლამენტმა მოკლე ვადაშივე, მეორე მოსმენით, მიიღო კანონპროექტი და დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ ორი შეხვედრა გამართა. ერთ-ერთი შეხვედრა პრაქტიკულად კანონპროექტით გათვალისწინებული შენიშვნების შესახებ შშმ თემის წარმომადგენლების ინფორმირებას ისახავდა მიზნად, მაშინ, როდესაც დოკუმენტში რაიმე არსებითი ცვლილების განხორციელების შესაძლებლობა უკვე აღარ არსებობდა.

კანონის შემუშავების პროცედურულ გამოწვევებთან ერთად, აუცილებელია, აღინიშნოს მნიშვნელოვანი შინაარსობრივი ხარვეზები. მიუხედავად განცხადებაში აღნიშნული ცალკეული პოზიტიური ასპექტებისა და ცალკეული რეკომენდაციების გათვალისწინებისა, კანონი, თავისი შინაარსით, დეკლარაციული და აბსტრაქტულია, არ ადგენს კონკრეტულ უფლებრივ სტანდარტებს და, შესაბამისად, არსებითად ვერ აუმჯობესებს შშმ პირების უფლებრივ მდგომარეობას. მიუხედავად შშმ თემისა და ორგანიზაციების არაერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციისა, მათი უდიდესი ნაწილი არ ან არასრულად აისახა დოკუმენტში, რაც კანონმდებლობასა თუ პრაქტიკაში შშმ პირთა მთელი რიგი უფლებების დაცვის ეფექტიან საფუძველს ვერ შექმნის.

დეკლარაციულ ხასიათთან ერთად, მიუხედავად შშმ პირებისა და ორგანიზაციების არაერთი რეკომენდაციისა, კანონმა არ გაითვალისწინა და არ დაადგინა უფლებრივი სტანდარტები გაეროს კონვენციით რეგულირებულ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორისაა, სამართლებრივი ქმედუნარიანობა, სახელმწიფოს ვალდებულებები ფსიქიკური ჯანმრთელობისა და დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით, გადაადგილების, აზრისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა. ამასთან, კანონი უგულებელყოფს ან/და მტკიცებით ფორმაში არ მოიცავს პოზიტიურ ზომებს, რაც სახელმწიფომ უნდა მიიღოს შშმ პირების მთელი სოციალურ-ეკონომიკური უფლებების - შრომის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის უფლებების - უზრუნველყოფისას. დამატებით, მაშინ როდესაც, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები შშმ პირთა სერვისების დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, კანონი მხოლოდ ერთი კონკრეტული სერვისისთვის - პერსონალური ასისტენტი - ქმნის სამართლებრივ ბაზისს, ხოლო სხვა კონკრეტულ მნიშვნელოვან სერვისებს ხედვის არეალის გარეთ აქცევს.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კანონის გარდამავალი დებულებები ცალკეული მნიშვნელოვანი სტანდარტების შემუშავებას ითვალისწინებს, მათი მიღებისა და შესრულებისათვის გამოყოფილი დიდი დროითი ინტერვალის გათვალისწინებით, ნათელია, რომ კონვენციით ნაკისრი რელევანტური ვალდებულებების შესრულება კიდევ რამდენიმე წლით გადავადდება. საყურადღებოა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არ გაითვალისწინა არაერთი ორგანიზაციისა თუ შშმ პირის რეკომენდაციები ვადის შემცირებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ წუხილს “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის შემუშავებისა და დამტკიცების პროცესში შშმ თემისა და ორგანიზაციების ეფექტიანი ჩართულობის არარსებობის, ასევე, კანონის შინაარსობრივი გამოწვევების გამო. ამ პრობლემების თავიდან აცილების შემთხვევაში, ერთი მხრივ, შემუშავდებოდა ძლიერი სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფდა შშმ პირების უფლებების დაცვას, და, მეორე მხრივ, შეიქმნებოდა სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ თემის წარმომადგენელთა ფართო ჩართულობის პრეცედენტი. სამწუხაროდ, კანონის ამგვარი ფორმით მიღების შედეგად, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ორივე ზემოხსენებული შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები და აქტივისტები:

  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (MAEE)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის (PNO)
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD)
  • კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“
  • საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  • მშობელთა საინფორმაციო ცენტრი (PIC)
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ქსელი
  • კავშირი ქალი და რეალობა
  • ფონდი აურეს
  • ვოლფრამის სინდრომი - საქართველო
  • პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისთვის - პსკ
  • საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი
  • თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის (PER)
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  • გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი (GIP - Tbilisi)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ვიმეგობროთ"
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოველი მეათე ჩვენგანი"
  • საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
  • ლეილა ხაჭაპურიძე
  • ნათია გოგოლაშვილი
  • გელა ბერაძე
  • დავით ბიბილეიშვილი
  • ოლღა კალინა
  • მარიკო კობახიძე
  • ნელი აკობია
  • გია ჯვარშეიშვილი
  • ქეთევან ფილაური