გამოხმაურება თამარ ცხადაძის ლექციაზე "რატომ ფემინიზმი?"

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“

გულუბრყვილობა იქნებოდა, რუსთაველის ამ აფორიზმში თანასწორობის იდეა დაგვენახა და ტრაბახს მოვყოლოდით თუ როგორ წინ იყო ქართული ცივილიზაცია, მაშინ როცა ევროპელი ველურები ტყეებში დარბოდნენ. გენდერის და თანსწორობის მოდერნული გაგება XII საუკუნეში არ არსებობდა და არც შეეძლო რომ ეარსება. აქ მხოლოდ ლომის ლეკვებზეა საუბარი და არა კატის კნუტებზე. თანასწორნი მხოლოდ ლომის ლეკვები შეიძლება იყვნენ, რადგან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მეფეებს სქესი არა აქვთ; ისევე როგორც არაა აქვთ ეროვნება და რაიმე სახის იდენტობა. ამის დასტურად ევროპელ მეფეთა დინასტიების (ბურბონების, ჰანოვერების, ლუქსემბურგების თუ რიურიკების) წარმოშობის ადგილისა და მათ მიერვე მართული ქვეყნების შედარებაც კმარა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მეფეთა ღვთაებრივი წარმოშობა მისი რაიმე ნიშნით მიკუთვნებულობას და მათ დიფერენციაციას შეუძლებელს ხდის. მეფის მისტიკურ, ანგელოზურ სხეულს სქესი და ეროვნება არა აქვს, რამეთუ ქრისტეს ტახტზე მჯდომი, იერარქიის მწვერვალი, ყოველგვარი იერარქიულობის და სოციალური წესრიგის მიღმა იმყოფება.

იერარქიის შემდეგ საფეხურზე მდგომი არისტოკრატია აშკარად დიფერენცირებულია და გამუდმებით ცდილობს მეფის ძალაუფლების შეზღუდვას, მეფური დიდებით შემოსვას, რათა მონარქს აჩვენოს, რომ ის არის მხოლოდ „prima inter pares.“ დროის ცვლასთან ერთად, ხალხმა და ბურჟუაზიად ტრანსფორმირებულმა თავადაზნაურობამ ტრანსცენდენტალურში გასულ საფრანგეთის მეფეს თავი მოჰკვეთა; ამით მისტიკურ-რელიგიური რიტუალი აღსრულდა, რადგან მეფის სისხლი ქრისტეს სისხლიცაა - სისხლი, რომელიც მონობისაგან ათავისუფლებს და იერარქიულობის ონტოლოგიურ დაფუძნებას აუქმებს. ბურჟუაზია გრძობს, რომ „არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არც დედაკაცისა“. ამჟამად ემანსიპაცია ბურჟუაზიას და ძველ არისტოკრატიას შეეხო, nation-მა კი გამარჯვებით ვერ ისარგებლა. გლეხი ისევ ისე სასტიკად სცემდა ცოლს, მაშინ როცა არისტოკრატიაში ამგვარ მახინჯ პრაქტიკას ძნელად თუ შეხვდებოდით.

მაგრამ მეფის სისხლი ყველასთვის დაიღვარა და არა მხოლოდ პრივილეგირებული ფენებისათვის. მუშათა კლასის, გლეხების, ქალების და სხვა ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაციისათვის ბრძოლა მეფის რიტუალური დაკვლის ცერემონიალში კუთვნილი ადგილისთვის, საჯარო სივრცისთვის ბრძოლაა. ეს ჯგუფები იზოლირებულად როდი არსებობენ, ყოველგვარი ლოკალური გამარჯვება მთელი იერარქიული სისტემის მთლიანობას არღვევს და ტრადიციულ ღირებულებას - იერარქიულობას - მეფის სისხლზე დაფუძნებულ - თანასწორობას უპირისპირებს. როცა მუშები იბრძვიან ქალების უფლებებისათვის, იმას აჩვენებენ, რომ თანასწორობა იზოტოპური ფენომენია, ის განურჩეველია ადგილის, იდენტობის და დროითი ასპექტებისაგან; ამით ის პრეტენზიას აცხადებს ქვემოდან, ისტორიულად ჩამოყალიბებულის უნივერსალურობაზე და აუქმებს ყოველგვარ ონტოლოგიურს და პრემოდერნულ დისკურსს.

როცა მემარცხენე წრეებში ფემინისტური მოძრაობების უგულებელყოფა ხდება, როცა არ ხდება სოლიდარობის აქტიური გამოხატვა და ეგუებიან ქალების სამოღვაწეო სივრცის „კუხნითა და კრაოტით“ შემოზღუდვას, ამით ეჭქვეშ აყენებენ თანასწორობის, როგორც ისტორიული უნივერსალობის ღირებულებას. არისტოკრატიასა და ბურჟუაზიასაც ხომ ეს უნდოდა, რომ სხვაზე მეტად ყოფილიყვნენ თანასწორები, ანუ ამ ღირებულების ყველგანგამჭოლობისაკენ მისწრაფებას წინ აღდგომოდნენ. ასე რომ, ქალთა „მიმჯირყვნელი“ მემარცხენე, არსებითად, წვრილ ბურჟუა კაპიტალისტების ბანაკში გადასული კონფორმისტია და მეტი არაფერი.

მხოლოდ ქალები როდი უნდა იბრძოდნენ თავიანთი სოციალ-პოლიტიკური უფლებებისათვის, მათადმი სოლიდარობის გამოცხადება ყველა ჯურის მემარცხენისათვის პრინციპული საკითხია, რადგან ბრძოლა თანასწორობის დისკურსის ტოპოსად ქცევას ემსახურება. რა მნიშვნელობა აქვს ვინ საიდან და რა მანქანებით ურტყავს ბომონს, მთავარი ისაა, რომ ან ყველა გაიზიარებს ნადავლს (მეფის სისხლს) ან ყველა შეეგუება დაკანონებულ უსამართლობას.

რაკიღა ქალთა ემასნიპაციისთვის ბრძოლა ღირებულების საკითხი ყოფილა, წარმომადგენლობით ორგანოში ქალთა როდენობაზე კვოტის დაწესება „აუცილებელი და არასაკმარისი პირობა“ გამოდის რეალური ცვლილებების განსახორცილებლად. რა გარანტიაა რომ პარლამენტში, თუნდაც 50%-იანმა ქალების ფიზიკურმა არსებობამ, რაიმე სასიკეთო ცვლილება მოახდინოს? თუკი ეს ქალები, კონსერვატორულ-ფუნდამენტალისტური რწმენებით იქნებიან გადავსებული, მოულოდნელი სულაც არ იქნება, რომ თავიანთი უფლებამოსილებით ისარგებლონ და ქმრისთვის ფეხების დაბანას ერთხმად დაუჭირონ მხარი? დეპუტატი ქალები რომ ქალთა ხმა იყვენ პარლამენტში, ფემინისტური სულით და თანასწორობის ღირებულებით უნდა იყვნენ გამსჭვალულები, წინააღმდეგ შემთხვევაში პრემოდერნული დისკურსი დასაწყისშივე ჩაახშობს ყოველგვარ ემანსიპატორულ ინიციატივას. ქალების ხმა საჯარო სივრცეში ყველა მემარცხენე აქტივისტით უნდა იყოს წარმოდგენილი და არ უნდა იყოს მიბმული ისეთ საეჭვო ბიოლოგიურ კატეგორიაზე, როგორიც სქესია.

ყელგამოღადრული ლომის სისხლს მიმძღარი კატის კნუტები, ცხადია ლომებივით ვერასოდეს დაიწყებენ ბუხუნს, მაგრამ ამ სისხლს ის მაინც შეუძლია, რომ პრივილეგირებულობას ბოლო მოუღოს, განსხვავებები წაშალოს და საჯარო სივრცის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულებამდე ჩააღწიოს. აი, მხოლოდ მაშინ თუ დაწერს ვინმე ფრთიან აფორიზმს: „კატისა კნუტიც სწორია, გინდა ძუ იყოს, გინდ ხვადი“.