ყოფილი ბაღის შენობა ალგეთის თემში

ქვემო ქართლში, სოფელ კირიხლოში, ადგილობრივ ქალებს  სკოლამდელი განათლების საკითხებზე სასაუბროდ შევხვდით. სანამ შეხვედრის  მთავარ საკითხამდე მივიდოდით, მათ ყოველდღიურობაზე, შრომაზე და თავისუფალ დროზე ვკითხეთ.  ჩვენმა მასპინძლებმა დანანებით აღნიშნეს, რომ ქალებს სამსახური არ აქვთ და  სახლში სხედან.   ჩვენ მოვუყევით, რომ ამასწინათ თბილისში  ქალების მსვლელობა გაიმართა, რომლის მთავარი მესიჯი იყო: ,,უმუშევარი ქალი არ არსებობს''. საშინაო შრომის შესახებ მსვლელობის მონაწილეთა  შეხედულებებზეც ვუთხარით. სანამ  სათქმელს დავასრულებდი, ქალებმა გულიანად იცინეს.

,,რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა'' - თქვეს ერთხმად - ,,ყველა ქალი მუშაობს''. 

დიალოგის დასაწყისშივე მკაფიო გახდა, რომ აქაური  შრომა დაუსრულებელი და   უმძიმესია.  რთულია გამიჯნო რა არის საშინაო შრომა, და რა სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმება[1].

 ქვემოქართლის სოფლებში ყოველი დილა ისე იწყება, როგორც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა შრომის რუტინამ განსაზღვრა. ადგილობრივები ძირითადად მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას მისდევენ. ასეთ შრომაში კი ქალებს განსაკუთრებული როლი აქვთ. გათენებამდე პირუტყვის მოვლა, ველებზე მუშაობა. დაღამებამდე კი ისევ საქონლის პატრონობა და კიდევ უამრავი უჩინარი, მძიმე მოვალეობა.

კირიხლოში სასმელი წყალი რამდენიმე კილომეტრიდან უნდა მოიტანონ, ამ მოვალეობასაც ძირითადად ქალები ასრულებენ. სარწყავი სისტემა გაუმართავია და ზოგჯერ საერთოდ არ არის, ხშირად კი, არხების გაწმენდაა საჭირო.

,,ვისაც დედამთილი არ ჰყავს, ბავშვი სამუშაოზე უნდა წაიყვანოს, სათბურებშიც მიგვყავს, ველებზეც და ზოგჯერ წყლის მოსატანადაც'' - გვითხრა ფრიამ, რომლის შვილებიც ვერ იღებენ სკოლამდელ განათლებას, რადგან უახლოესი ბაღი შულავერშია, ტრანსპორტი კი ძალიან ცუდად მუშაობს. მხოლოდ მარნეულიდან დადის მიკროავტობუსი, ისიც დღეში სამჯერ.

ქალები იხსენებენ, რომ საბჭოთა კავშირის დროს სოფელში ბაღი იყო, რომელიც მთელს სოფელს ემსახურებოდა. შემდეგ ეს ძველი შენობაც გვაჩვენეს, ახლა იქ ჩაიხანაა. 

საბავშვო ბაღი აღარც სოფელ კასუმლოშია, აქ ლენას ვესაუბრეთ. მან განათლება ბაქოს პედაგოგიურ ინსტიტუტში მიიღო, ადრე მასწავლებელი იყო. ბაღი, სადაც ის ასწავლიდა, ახლა დანგრეულია.

“სკოლამდელი აღზრდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ბავშვის აღზრდაში. ამ დროს ყალიბდება ბავშვის უნარები, ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა და მეტყველება.  თუ არაა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, მაშინ ბავშვის სკოლისთვის მომზადებისთვის პასუხისმგებლობას იღებს მშობელი. მაგრამ არის ისეთი ოჯახები, სადაც არ არის ბებია ან ბაბუა, რომელიც მოუვლის და მოამზადებს ბავშვს სკოლისთვის, დედ-მამა კი იძულებულია, რომ იმუშაოს და იშოვოს ფული. ამ შემთხვევაში მშობლებს ხვდებათ ძალიან დიდი სირთულეები, ხოლო ბავშვი შეიძლება დარჩეს განათლების გარეშე და ვერ განვითარდეს თავისი თანატოლების მსგავსად’’ - გვითხრა ლენამ. მისივე თქმით, ადრე კასუმლოს ბაღი ბავშვებს აძლევდა შესაძლებლობას, მიეღოთ მნიშვნელოვანი სკოლამდელი განათლება, ასევე უზრუნველყოფილნი იყვნენ ჯანსაღი საკვებითა და სათამაშოებით.

მასწავლებელმა ასევე გვითხრა, რომ ბაღში იმართებოდა ზეიმები, დგამდნენ სპექტაკლებს, ეს ყველაფერი კი ბავშვებს აძლევდა სტიმულს, თავიანთი შესაძლებლობები ადრეულ ასაკშივე გამოევლინათ, ასევე დიდ ინტერესს უჩენდა თეატრის, მხატვრობის, ლიტერატურის მიმართ.

საქართველოში არსებობს  მითი, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს არ უნდათ ქართულის სწავლა, რადგან ამდენი საუკუნე საქართველოში ცხოვრობენ და სახელმწიფო ენა  მხოლოდ მცირე ნაწილმა იცის. ვისაც ამგვარი მითების დაჯერება უნდა, ივიწყებს, რომ აზერბაიჯანელების  უდიდესი ნაწილი სოფლად, იზოლაციაში ცხოვრობს, განსხვებით სხვა  ეთნიკური ჯგუფებისა, რომლებიც ქალაქის მკვიდრნი იყვნენ და ჩართულნი ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში. საბჭოთა კავშირის დროსაც კი ეს ხალხი მოკლებული იყო იმ საჯარო სიკეთეებს, რომლებიც სხვა ხალხებს გააჩნდათ.  90-იანებიდან მოყოლებული მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

არსებობს სხვა მითიც, ბევრი ამტკიცებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანელ მოქალაქეებს არ უნდათ შვილებს განათლება მისცენ და სურთ, ახალგაზრდები მეურნეობაში ჩართონ.

ადგილობრივებთან საუბარი კი სულ სხვა რამეს გვიჩვენებს, ზოგჯერ მთელი შემოსავლის უდიდეს ნაწილს შვილების განათლებაზე ხარჯავენ, ხოლო 1+4 პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს მთელი სოფელი იცნობს და  იმედად მიიჩნევს. დღეს აქ  ყველა თანხმდება, რომ 1+4 პროგრამა პროგრესული ნაბიჯი იყო, მაგრამ ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს პროგრამა საკმარისი აღარაა. ახალგაზრდები, რომლებიც ერთი წელი სწავლობენ ქართულს, არ არიან მზად უნივერსიტეტში ქართულ ენაზე სრულყოფილად ისწავლონ  მასალა. აუცილებელია, რომ მათ ქართული ენის საფუძვლები ადრეულ ასაკშივე  შეითვისონ.

არსებობს პრაქტიკა, რომ აზერბაიჯანელი მოსწავლეები, უფროსკლასებში ქართულ სკოლებში გადადიან, რათა 1+4 პროგრამისთვის მოემზადონ. ასეთ ვითარებაში ისინი კიდევ უფრო დიდ პრობლემას და გაუცხოვებას აწყდებიან თანატოლებთან ურთიერთობაში, რადგან მათ არ იციან ენა და ასევე მათთვის უცხოა ის კულტურული გარემო, რომელშიც აღმოჩნდებიან.  შესაბამისად, მათი ბეჯითობისა ან ნათელი გონების მიუხედავად, მაინც ჩამორჩებიან სხვა მოსწვლეებს.  ქართული ენის შესწავლასთან ერთად, უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მშობლიური ენის არასათანადო  სწავლებაც. მისი სრულყოფილად სწავლების გარეშე რთულია მეორე ენის ათვისება, აზროვნების ჩამოყალიბება და ცოდნის მიღება.   

ეს მძიმე ვითარება განათლების პირველივე საფეხურზე ყალიბდება. ხშირად ბავშვები  სრულ გარიყულობაში იწყებენ ცხოვრებას და, როგორც წესი, მზად არ არიან სკოლისათვის. მათ არათუ ქართული ენა არ ესმით, არამედ მშობლიურ ენასაც ვერ სწავლობენ სათანადოდ.

სკოლამდელი აღზრდის საკითხის დღეს მთელს ქვეყანაში მწვავედ დგას, სახელმწიფო  ბაღები აღსაზრდელებს ვერ იტევს, ბევრი მშობელი იძულებულია, შვილი კერძო ბაღში ატაროს, სადაც იმდენად მაღალი სწავლის საფასურია, რომ უმეტესობას გადახდა არ შეუძლია. კერძო ბიზნესისთვის,  ცხადია, პრიორიტეტულია ბაღები ქალაქის ცენტრში გახსნას, რეგიონებში კი უმარავი ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება. სკოლამდელი განათლების სისტემის ნგრევა  90-იან წლებში დაიწყო. ქვეყანაში 1990 წელს არსებობდა  2454 ბაღი.  1996 წლისათვის  დარჩა მხოლოდ 1253 . ხოლო მოსწავლეთა  რაოდენობა შემცირდა 200 000-იდან 83 000-მდე.განსაკუთრებით რთული ვითარებაა აზერბაჯანელებით დასახლებულ სოფლებში. მარნეულის მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს სულ 14 საბავშვო ბაღი. აქედან სამი ქალაქ მარნეულშია, ხოლო კიდევ ოთხი - ქართველებით დასახლებულ სოფლებში( საიმერლო, წერეთელი, თამარისი, ხიხანი). ასევე, ბაღები არის შერეული მოსახლეობით დასახლებულ შულავერში და შაუმიანში.

მხოლოდ ოთხი  ბაღი მუშაობს აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში. სადახლოში 150 აღსაზრდელი, ალგეთში - 178, ქაპანახჩში -91, ყიზილ აჯლოში -220. ამათგან სადახლოს და ალგეთის ბაღები 2018 წელს გაიხსნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ დასახლებული ოთხი სოფლი  სხვა აზერბაიჯანულ სოფლებთან შედარებით,  ყველა ნიშნით,   უფრო განვითარებულია, ადმინისტრაციულ ცენტრთანაც  უფრო ახლოსაა.

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ყოველწლიურად ახორციელებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს. 2015-16 წლის მონიტორინგის შედეგებში დეტალურად არის განხილული სკოლამდელი განათლების საკითხები ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. მონიტორინგი უჩვენებს, რომ  სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, რომლებშიც წარმოდგენილნი არიან ეთნიკურად არაქართველი მოზარდები, უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში ვერ ხერხდება სახელმწიფო ენის დაუფლება და მშობლიური ენის გარემოს შენარჩუნებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა.

მონიტორინგის შედეგები ნათელს ხდის, მთლიანად ქვემო ქართლში სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს საშუალება იაროს ბაღში. ბოლნისის რაიონში სულ 12 ბაღი ფუნქციონირებს და ორენოვანი სწავლება არც ერთში არ არის.  დმანისში სულ 6 ბაღია და მხოლოდ ერთგან არის განსაკუთრებული ჯგუფი შექმნილი, ქართულის ენის სპეციალური პროგრამით. თეთრიწყაროს და წალკის მუნიციპალიტეტში ორენოვანი პროგრამა საერთოდ არაა.

დღეს სახელმწიფოს არ აქვს ჩამოყალიბებული ხედვა განათლების ამ პირველი და უმნიშვნელოვანესი რგოლის შესახებ. საფუძველში დაშვებული შეცდომების გამოსწორება  მაღალ საფეხურებზე უკვე გვიანია. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ ყველაფერს  თან ერთვის განსაკუთრებით მწვავე  სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ფაქტორები.

თანამედროვე სამყაროში სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება. გაეროს ბავშვთა ფონდი  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სხვადასხვა ქვეყანაში ადრეული განათლების პოლიტიკის ანალიზს. არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლითაც განისაზღვრება სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. სტანდარტები ათ ძირითად პუნქტს მოიცავს და აღნიშნულია, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%  უნდა  იყოს მიმართული  ადრეულ ასაკში ბავშვთა სერვისების უზრუნველსაყოფად.

ამ შეხედულებების საპირისპიროდ, ქართული სახელმწიფო  სკოლამდელ განათლებას განვითარებას კერძო ბიზნესის ფარგლებში მოიაზრებს, კერძო სამეწარმეო ინიციატვისთვის კი ასეთ წერტილებში ბაღების გახსნა მომგებიანი არაა. ამასთან,  კერძო ბიზნესს არ შეუძლია განსაზღვროს და გაითვალისწინოს  ის გარემოებები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონკრეტულ მხარეში.

მოსწავლეებს და მათ ოჯახებს განათლების მისაღებად მძიმე  გზის გავლა უწევთ, რომელიც გარიყული სოფლების სკოლამდე მისასვლელი გაუვალი ბილიკებიდან იწყება, თბილისამდე გაუმართავი ტრანსპორტით  გრძელდება და საბოლოო ჯამშიუსაშველოდ რთული გასავლელია. ყველა ნაბიჯზე მათ უმრავი სოციალური და კულტურული ბარიერი ხვდებათ.  ამ გზის სირთულე  ცხადად გვიჩვენებს, რომ  ყოველ მონაკვეთზე, განსაკუთრებით კი, სულ პირველ ეტაპზე,  დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა, ჩიხში შეგვიყვანოს.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს მთავრობის განკარგულება №167  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის შესახებ ვკითხულობთ, რომ ამჟამად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულად ითვლება ქვეყნის დასაქმებული სამუშაო ძალის 52%, საიდანაც 98% თვითდასაქმებულია.