საქართველოში, დღეს მიმდინარე რთული სოციალური და პოლიტიკური პროცესების ფონზე სოციალური დეზინტეგრაციის კვლევა აქტუალური საკითხია, რადგან არ არსებობს იდეა, რომლის გარშემოც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები გაერთიანებას მოახერხებენ. მოდერნიზაციის პროცესს თან სდევს რთული და წინააღმდეგობრივი ცვლილებები, რაც საქართველოს მოქალაქეებში გაურკვევლობას და შიშს იწვევს, რადგან ჩვენ არ გვაქვს პოლიტიკურად ერთ სხეულად არსებობის გამოცდილება. განვითარების ამბიციის მქონე საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პიროვნება არა მარტო, როგორც სამართლის სუბიექტი, არამედ როგორც გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდი, რომელსაც აქვს რაციონალური და დამოუკიდებელი მოქმედების ძალა და სურვილი.

მიუხედავად მოხსენებაში გაანალიზებული ბევრი საკითხისა, რომელიც ასევე შემდგომ თეორიულ და ემპირიულ შესწავლას საჭიროებს მე განსაკუთრებული ინტერესით გამოვყოფდი პრობლემას, რომელიც ხელს უშლის საქართველოს სახელმწიფოებრივად შეკავშირებულ საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესს. ჩვენი საზოგადოების ინტეგრაციის, ურთიერთდაინტერესებისა და სოლიდარობის ხარისხი ჯერ კიდევ ძალიან დაბალია. შესაბამისად ჩვენი, როგორც ცალკეული ელემენტების ინტეგრირების პროცესი ერთ მთლიანობად გადაქცევისათვის თითოეული მოქალაქის მხრიდან ძალიან სწრაფ და კოორდინირებულ მოქმედებებს მოითხოვს, რაც გარკვეული ფასეულობების ცვლილებით, დამატებით ან გადაწყობით არის შესაძლებელი. მიზანი თვითიდენტიფიკაციის მქონე ინდივიდების ერთიან საზოგადოებრივ და კულტურულ ჩარჩოებში მოქცევა უნდა იყოს, რაც თავის მხრივ ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესის ეფექტური მართვის გარანტი იქნება.

მიუხედავად ადამიანების ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ინტერესებისა, უნდა მოხდეს საერთო საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება. რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ქვეყანა და რას უნდა დავაფუძნოთ ჩვენი შემდგომი მოღვაწეობა. საზოგადოებრივი კონსესუსი აქ გარდაუვალია, სხვაგვარად ვიქნებით მუდმივად პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და კულტურულ მექანიზმთა მნიშვნელობების დაუსრულებელ ძიებებსა და კვლევაში, რაც თავის მხრივ აუცილებელია, მაგრამ ახლა ვართ საგანგებო მდგომარეობაში, რაც ყველაზე არსებითის გამოკვეთას, პრიორიტეტების განსაზღვრას და მისკენ გადადგმულ რეაქტიულ ნაბიჯებს მოითხოვს. ამისათვის საქართველოს ყველა მოქალაქემ კარგად უნდა გაიაზროს, რომ არის პოლიტიკური კონტექსტის აუცილებელი ნაწილი და მისი საზოგადოების წევრობა გულისხმობს არა პასიური და ინდიფერენტული მაყურებლის როლს, არამედ შეთანხმებულ და აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს ნიშნავს მოხალისეობრივ, მოტივირებულ საზოგადოებრივ აქტივობებს, სვლას საკუთარი ყოველდღიურობიდან საჯაროსაკენ. დღეს, ჩვენს წინაშე დგას ბევრი ერთი შეხედვით გადაულახავი პრობლემა, რომელიც სინამდვილეში ერთიანი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისათვის საჭირო დისკუსიებისა და ანალიზის საშუალებით შესაძლებელია დაიძლიოს, მაგრამ ეს ამავდროულად უნდა მოხდეს ყველასათვის გასაგებ ენაზე და არა მხოლოდ ვიწრო ინტელექტუალური წრისათვის და ჩაკეტილი ელიტებისთვის.

ამიტომაც, აუცილებელია ყველა შესაძლო რესურსებით ადეკვატურად გავაანალიზოთ ჩვენი ისტორიული წარსული, არსებული რეალობა, მომავალთან დამოკიდებულება და იდეალად არა რომელიმე სახელმწიფო ავიღოთ, არამედ უნივერსალურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული პროექტი შევიმუშავოთ, რომელიც ხელს შეგვიწყობს გადავლახოთ კონფლიქტები, რომელიც ამ პროცესს ბუნებრივად თან სდევს.