ბლოგპოსტი პირველად გამოქვეყნდა www.liberali.ge-ზე

სოციოლოგები სახელმწიფოს ორ ხელზე ლაპარაკობენ: მზრუნველ ხელზე, რომლითაც ის მოქალაქეების განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საცხოვრისზე და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს, და დამსჯელ ხელზე, ადამიანების ეკონომიკური, პოლიციური თუ სხვა მეთოდებით დისციპლინირებას რომ ემსახურება.

სახელმწიფოში მზრუნველი ხელია წამყვანი თუ დამსჯელი, მაგალითად, იმით შეგვიძლია გავიგოთ, კრიმინალთან და დესტაბილიზაციასთან საბრძოლველად მისი პრიორიტეტი საპოლიციო ხელკეტები და ციხის საკნებია თუ პირველ რიგში, იმ სოციალური პრობლემების აღმოფხვრა, რაც კრიმინალისა და სოციალური აფეთქების მთავარი წყაროა;

სოციალური სამუშაო სახელმწიფოს მზრუნველი ხელის გამოვლინებაა. მეტიც, ამ სამუშაოს ისტორია სოლიდარობის იდეაზე დაფუძნებული ზრუნვის ისტორიაა, იდეაზე, რომლის თანახმად საზოგადოება ურთიერთდამოკიდებული ადამიანებისგან შედგება, სადაც თითოეულის განვითარება სხვების განვითარებაზეა გადაბმული, კერძო პრობლემები და საჯარო საკითხები კი ურთიერთდაკავშირებულია. სოლიდარობა გულისხმობს, რომ ჩვენ, საზოგადოების წევრები, ვზრუნავთ ერთმანეთზე არა იმიტომ, რომ ეს ჩვენს პირად ინტერესშია, - მაგალითად, ვაპურებთ მშიერს, არა იმიტომ, რომ ჩვენი პური არ მოიპაროს - არამედ იმიტომ, რომ ერთმანეთზე ზრუნვა, ერთმანეთის განვითარება უკეთესი საზოგადოების შექმნას ემსახურება.

სოციალური მუშაკის პროფესია ამგვარი სოლიდარობის, ურთიერთზრუნვის ვალდებულების ინსტიტუციონალური ხორცშესხმაა. უფრო კონკრეტულად, სოციალური მუშაკის მისია საზოგადოების დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულების გაძლიერება, მათი საჭიროებების დაკმაყოფილება, მდგომარეობის გაუმჯობესება და პოტენციალის რეალიზებაა. სწორედ სოც. მუშაკები უზრუნველყოფენ ამ ჯგუფების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას.

თუ სოციალური აგენტის, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია სიღარიბის რაოდენობრივი აღწერაა, ადამიანის გასაჭირის მათემატიკურ ფორმულებად გადასათარგმნი ინფორმაციის მოძიებაა, რათა სახელმწიფომ გადაწყვიტოს, უნდა დაეხმაროს თუ არა ადამიანს, რომელსაც მაცივართან ერთად ტელევიზორიც აქვს, სოციალური მუშაკი ადამიანებს შორის ურთიერთობის თვისებრივ, შინაარსობრივ მხარეს, ამგვარი ურთიერთობის ბუნებას აკვირდება.

დღეს, ჩვენს ქვეყანაში სოციალური მუშაკები უსამართლობითა და უთანასწორობით დადაღულ სივრცეებში მუშაობენ, სადაც ძალაუფლება, ფული და შესაძლებლობები არათანაბრადაა გადანაწილებული და სადაც ძლიერი სუსტს ჩაგრავს. თუ სოციალური აგენტი ღარიბების იდენტიფიკაციაში გვეხმარება, სოციალური მუშაკი სიღარიბისა და ჩაგვრის სოციალურ შედეგებს ხედავს და მათ გამოსწორებას და პრევენციას ცდილობს.

ვინაიდან ადამიანური ურთიერთობები რთულად მოსახელთებელია და ყველაფერს სამსახურებრივ დირექტივებში ვერ გაწერ, სოციალური მუშაკი საჭიროებისამებრ, ასწორებს ფოკუსს და მოქმედებს არა მათემატიკური ფორმულებით, არამედ კონტექსტის მიმართ მაღალი მგრძნობელობით. ერთი სიტყვით, ეს საქმე მძიმე და ფაქიზია. მაშ, რა ხდება, როცა თვეში ასეთი მძიმე და ფაქიზი 120 საქმე გეწერება, მაშინ, როცა საერთაშორისო სტანდარტით მათი რაოდენობა 20-ს არ უნდა აღემატებოდეს? რა ხდება, როცა 32 მიმართულებით მუშაობ, ასრულებ სხვა უწყებების გასაკეთებელ საქმესაც და ამ უწყებებისგან მხოლოდ დამცირებას იღებ? არ გაქვს ტრანსპორტი გადასაადგილებლად და ისედაც მიზერული ხელფასიდან ნახევარს ტრანსპორტის ხარჯში უშვებ, რომ შენი ბენეფიციარი ბავშვი, მოძალადეებისგან, მათ შორის სექსუალურად მოძალადეუფროსებისგან დაიცვა და ცოტა ხნით მაინც განარიდო მათ? არ გაქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სამუშაო გარემო? როცა შენ თვითონ ხარ მოწყვლად და სხვების დაუცველი დამცველი გამოდიხარ? უფრო ზოგადად, რა ხდება, როცა არსებული სოციალური პოლიტიკა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მშიერის დაპურებას და მსხვერპლის მოძალადისგან ჩამოშორებას ემსახურება და არ იძლევა საშუალებას, ადამიანების მომავალსა და განვითარებაზე ზრუნვით სოლიდარობის იდეა ცხოვრებაში გაატარო? როცა მოძალადისთვის გამოგლეჯილი ბავშვი, მოძალადე საზოგადოებაში გზის გასაკვლევად უპატრონოდ უნდა დატოვო, ხოლო შენი დახმარების მიღების შემდეგ, შშმ თუ ხანში შესული ადამიანი უსახლკარობისთვის გაწირო?

თუ სოციალური მუშაკი სახელმწიფოს მზრუნველ ხელს განასახიერებს, მაშინ რესურსებისა და სერვისების არარსებობის გამო, არაქმედითი სოციალური მუშაკი სოციალურად უპასუხისმგებლო სახელმწიფოს ნიშანია. სწორედ ასეთ, არამზრუნველ სახელმწიფოს, არასოლიდარულ სოციალურ პოლიტიკას და არა კონკრეტულ მინისტრებს თუ მინისტრის მოადგილეებს უპირისპირდება სოციალურ მუშაკთა მოძრაობა. როგორი სოლიდარულიცაა სოციალური სამუშაოს არსი, ისეთი სოლიდარულია სოციალური მუშაკების დღევანდელი გაფიცვაც. მათი მთავარი მოთხოვნა არა საკუთარი კეთილდღობის გაუმჯობესება, არამედ სხვების, მათი ბენეფიციარების გაძლიერებისთვის საჭირო რესურსებისა და სერვისების მობილიზება და დანერგვაა. ეს მოძრაობა სცდება კონკრეტული სამინისტროს კედლებს და მიმართავს სახელმწიფოს, გადაიაზროს მოქალაქეებისადმი დამოკიდებულება.

სოლიდარობისგან დაცლილ პოლიტიკურ ველში, სოციალურ მუშაკთა გაფიცვა გამორჩული პოლიტიკური აქტია, რომელიც საჯარო სივრცეში იბრძვის არა ვიწრო ჯგუფის ინტერესისთვის, არამედ საჯარო ინტერესისთვის.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სახელმწიფოს დამსჯელ ხელს ვებრძვით და მის მარადიულ უკან დაბრუნებას ვუყურებთ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ქართული სახელმწიფო სიღარიბისა და უთანასწორობის კონტექსტში თვითლეგიტიმაციას და თავის დამკვიდრებას, სწორედ რეპრესიული მექანიზმებით ცდილობს და სიღარიბეს და მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრობლემებს ღარიბების დასჯით ებრძვის.

დღეს, სოციალური მუშაკები გვასწავლიან, როგორ ვიბრძოლოთ მზრუნველი და სოლიდარობაზე დაფუძნებული სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

ასეთ გაფიცვით, სახელმწიფოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები გაეფიცნენ. დღეს ყველა, ვინც სოლიდარული საზოგადოებისთვის იბრძვის, დასაქმებული იქნება თუ უმუშევარი, ამ სახელმწიფოს უნდა გაეფიცოს.