შრომითი უფლებები

ძირითადი გამოწვევები:

  • მიუხედავად მიმდინარე წელს შრომის კანონმდებლობაში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებებისა, აღნიშნული კანონმდებლობა დღემდე არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან შრომით გარანტიებს;
  • სერიოზულ გამოწვევად რჩება შრომითი უფლებების პრაქტიკაში დაცვა და აღსრულება;
  • დასაქმების ადგილზე უგულებელყოფილია შრომის უსაფრთხოების ნორმები, რის გამოც, სამუშო ადგილზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა;
  • განსაკუთრებით მძიმეა არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა უფლებები, რომლებიც არსებული საკანონმდებლო რეგულირების მიღმა არიან.

მიუხედავად იმისა, რომ შრომითი უფლებები საქართველოში მასიურად ირღვევა, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობის წინასაარჩევნო პროგრამები ამ საკითხს პრობლემად არ განიხილავს და, შესაბამისად, არც მისი გადაჭრის დაპირებას თუ ხედვას სთავაზობს ამომრჩევლებს.

შრომითი უფლებების დაცვაზე პოლიტიკური პარტიები ან საერთოდ არაფერს ამბობენ ან შემოიფარგლებიან ფრაგმენტული ინიციატივებით, რომელიც მხოლოდ ვიწრო ჯგუფებს ეხება. მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება სოციალურ მუშაკებს[1] და იქვე მიუთითებს, რომ პირობების გაუმჯობესება პირდაპირ აისახება მათი ფუნქციების შესრულების ხარისხზე; „ქართული ოცნება“ კი განათლების პოლიტიკის ფარგლებში საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა და მასწავლებლების შრომითი ანაზღაურების ზრდაზე საუბრობს.[2] ამგვარი მიდგომა ცხადად აჩვენებს, რომ იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც პოლიტიკური პარტიები შრომის პოლიტიკას ეხებიან, შრომითი უფლებების კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებს ვერ ხედავენ; უფლებების დაცვა და ღირსეული შრომის უზრუნველყოფა თავისთავად, დამოუკიდებელ მიზნად არ არის აღქმული და პოლიტიკური სპექტრი მას სხვადასხვა მიზნის მიღწევის საშუალებად განიხილავს. ამ თვალსაზრისით, განსახილველი საარჩევნო სუბიექტებიდან გამონაკლისს წარმოადგენს „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“. აღნიშნული პარტია ამომრჩევლებს ღირსეული შრომის პირობების უზრუნველყოფას ჰპირდება და მინიმალური ხელფასის დაწესებასთან ერთად, ზეგანაკვეთური შრომის და ღამის შრომის გაზრდილი ტარიფით ანაზღაურების პირობას დებს.

ნიშანდობლივია, რომ „ევროპული საქართველო“ დასაქმებულებს შრომითი უფლებების დაცვას ჰპირდება ევროკავშირში დასაქმების შემთხვევაში. კერძოდ, პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევროკავშირში ლეგალური დასაქმების ხელშეწყობა, რათა იქ დასაქმებულ ემიგრანტების შრომითი უფლებები დაცული იყოს და ჰქონდეთ სამედიცინო დაზღვევა.[3] აღნიშნული პარტიის საარჩევნო პროგრამა არაფერს ამბობს მშრომელთა უფლებების დაცვაზე საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მასიურად ირღვევა შრომის უსაფრთხოების ნორმები და სამუშაო ადგილას დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა კვლავ საგანგაშოა,[4] პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა არაფერს ამბობს შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებზე. ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია ქართული ოცნება და ლეიბორისტული პარტია, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ  ზოგადი მითითებით შემოიფარგლება და  აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების დანერგვა მოხდება.[5] არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ კერძოდ რა პოლიტიკისა და ზომების შემუშავებით განხორციელდება აღნიშნული სტანდარტების დანერგვა. მმართველი პარტია შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოსახლეობას შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას და სსიპ “შრომის ინსპექციის სამსახურის” შექმნას პირდება.[6] აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო.

ასევე, უგულებელყოფილია ქალთა დასაქმების კუთხით არსებული გამოწვევები, თუ არ ჩავთვლით „ლელო საქართველოსთვის“ და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას, რომლებიც ქალთა მონაწილეობის გაზრდაზე,[7] ეკონომიკურ გაძლიერებაზე, სოფლად მცხოვრები ქალების დასაქმებაზე და შრომის ბაზარზე გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრაზე აკეთებს აქცენტს.[8]

ქართული პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ბიზნესისთვის მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის შესახებ გაკეთებული დაპირებების კონტექსტში ამავე ბიზნესის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე არაფერს ამბობს. არსებული პოლიტიკური ველის ზოგად ხედვებზე ისიც მიუთითებს, რომ დეკლარირებულად მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე პოლიტიკური პარტიაც კი აპელირებს არა ღირსეული დასაქმების უზრუნველყოფაზე, არამედ  მსხვილი ინვესტორებისთვის შეღავათების დაწესებაზე და მათ „თავისუფალ ფუნქციონირებაზე.“[9]

განსახილველი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამების შესწავლამ აჩვენა, რომ შრომითი უფლებების დაცვა და ღირსეული შრომის უზრუნველყოფა, სამწუხაროდ, ერთეული გამონაკლისების გარდა, ქართული პოლიტიკური ველის დღის წესრიგში არ არის და შესაბამისად, ამ მიმართულებით პარტიების ხედვის სიღრმისეული შეფასება შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა უგულებელყოფს იმ მოცემულობას, რომ ინვესტიციებისთვის  უსაფრთხო და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფასთან ერთად, მნიშვნელოვანია დაცული იქნას ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები. ამასთან, კვლავ ყურადღების მიღმა რჩება ის გამოწვევები, რაც შრომითი უფლებების ეფექტიან აღსრულებასა და არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებს უკავშირდება.

შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

სოციალური_პოლიტიკა_1603962131.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა“, ხელმისაწვდომია: shorturl.at/aepB0.

[2] ვრცლად პოლიტიკური პარტიის ხედვის შესახებ იხილეთ: https://partiebi.ge/2020/uploads/pdf/geoversion/GD_questionnaire_www.partiebi.ge_2020_GEO.pdf.

[3]ვრცლად პოლიტიკური პარტიის ხედვის შესახებ იხილეთ:  https://partiebi.ge/2020/uploads/pdf/geoversion/EG_questionnaire_www.partiebi.ge_2020_GEO.pdf.

[4] იხილეთ, მაგალითად, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიში, გვ, 21. ხელმისაწვდომია: https://moh.gov.ge/uploads/files/2019/Failebi/LCID_Geo_a4_1.pdf.

[5] ვრცლად პოლიტიკური პარტიის ხედვის შესახებ იხილეთ: ttps://partiebi.ge/2020/uploads/pdf/geoversion/Labour_Party_questionnaire_www.partiebi.ge_GEO.pdf.

[6] ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა, “ჯანდაცვა”, ხელმისაწვდომია: http://gd.ge/file/health/#p=1.

[7] ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა, ხელმისაწვდომია: http://gd.ge/Programs-2020.

[8] ვრცლად პოლიტიკური პარტიის ხედვის შესახებ იხილეთ: https://partiebi.ge/2020/uploads/pdf/geoversion/Lelo_for_Georgia_questionnaire_www.partiebi.ge_2020_GEO.pdf.

[9] ვრცლად პოლიტიკური პარტიის ხედვის შესახებ იხილეთ: https://partiebi.ge/2020/uploads/pdf/geoversion/Labour_Party_questionnaire_www.partiebi.ge_GEO.pdf.