სტატიების კრებული მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში. კრებული აერთიანებს რვა დამოუკიდებელ სტატიას, რომლებშიც გაანალიზებულია მართლმსაჯულების სფეროში არსებული აქტუალური და კრიტიკული საკითხები. სტატიების ავტორები შეირჩნენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ ორ ეტაპად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, EMC-ის გუნდისთვის გამოეგზავნა შესაბამისი განაცხადი. კონკურსის ფარგლებში, განსაზღვრული ნაშრომების თემატიკა უკავშირდება სასამართლოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს საგანგებო მდგომარეობის დროს; სასამართლოს თვითმმართველობისა და კომპლექტაციის სხვადასხვა ასპექტს; მოწყვლადი/მარგინალიზებული ჯგუფების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას; გარემოს დაცვას; მართლმსაჯულებასა და მედიას. საბოლოოდ, სწორედ, კონკურსში მონაწილე პირთა გამოცდილებისა და შემოთავაზებული სტატიის იდეების საფუძველზე შეირჩა რვა ავტორი, რომლებმაც პროექტის გუნდთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად, მოამზადეს დოკუმენტში გაერთიანებული სტატიები.

სტატიათა კრებულის მომზადების მიზანია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების ირგვლივ არგუმენტებზე დაფუძნებული მსჯელობის გაძლიერება და დისკუსიების წახალისება, ასევე მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმირებისთვის ახალი ორიენტირების გაჩენა. შერჩეული სტატიები, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების განსხვავებული პერსპექტივებიდან წარმოჩენას, ახალი ცოდნის დაგროვებას და მის კრიტიკულ გააზრებას. ამავდროულად, ნაშრომების საბოლოო მიზანია, მართლმსაჯულების რეფორმაზე მსჯელობა გახდეს მეტად ინკლუზიური, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება საზოგადოების ფართო ფენების და ინდივიდების ინტერესები.

EMC მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც კონკურსში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი საბოლოოდ შერჩეულ ავტორებს, რომლებმაც არაერთი საინტერესო თეორიული თუ პრაქტიკული საკითხი წარმოაჩინეს სტატიებში და იმედს გამოვთქვამთ, აღნიშნულ საკითხებზე მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება აკადემიური და პროფესიული დისკუსიები.

ნახვა

გადმოწერა

სტატიების_კრებული_1588866567.pdf