შესავალი

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების პროგრამებისა და ხედვების პოლიტიკის ანალიზი თანასწორობის მიმართულებით. უფრო ზუსტად, დოკუმენტი დეტალურად მიმოიხილავს და აანალიზებს პარტიების მიერ საარჩევნო პროგრამებში წარმოდგენილ დისკურსებს, ხედვებსა და სტრატეგიებს არადომინანტური რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებებისა და საჭიროებების, ასევე ქალთა და ლგბტქ ადამიანების უფლებების და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მთლიანობაში რჩება განცდა, რომ თანასწორობის პოლიტიკა პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას არ წარმოადგენს და მათი უმეტესობა ზედაპირულ და მეინსტრიმულ პარადიგმებსა და ხედვებს იყენებს.

თანასწორობის იდეა პარტიების უმრავლესობისთვის კანონის წინაშე ფორმალური თანასწორობით შემოიფარგლება; პარტიები არ აღიარებენ სხვადასხვა ჩაგრული, გარიყული ჯგუფის მკვეთრად ასიმეტრიულ მდგომარეობას და სახელმწიფოს მხრიდან მათ მიმართ სამართლიანი პოლიტიკური და სოციალური გარემოს შექმნის მიზნით სპეციალური ინტერვენციებისა და პოლიტიკების აუცილებლობლობას. პოლიტიკური პროგრამებისა და ხედვების ზედაპირული ხასიათი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ პრობლემას, რომ პარტიები ნაკლებ ყურადღებას და ინტერესს იჩენენ უმცირესობების ჯგუფების მიმართ;

აღსანიშნავია, რომ პროგრამების შემუშავების პროცესში უმცირესობები არ მონაწილეობდნენ, რაც, თავის მხრივ, პარტიებში სხვადასხვა არადომინანტური სოციალური ჯგუფის დაბალი რეპრეზენტაციის პრობლემას ააშკარავებს. თანასწორობის პოლიტიკის მიმართულებით სახელმწიფო ინსტიტუტების ხანგრძლივი მუშაობისა და გამოცდილების მიუხედავად, პოლიტიკურ პარტიებს არ გაუკეთებიათ განვლილი გზისა და მიღწეული შედეგების კრიტიკული და სტრუქტურული ანალიზი, არ აყენებენ ახალ ალტერნატივებს და ხედვებს. თანასწორობის საკითხებზე სოციალური კონფლიქტებისა და ჩვენს საზოგადოებაში შოვინიზმის, ქსენოფობიის, ისლამოფობიის, ჰომოფობიის მზარდი ტენდენციებისა და ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ამ განწყობების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიუხედავად, პარტიებს არ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა საზოგადოებაში ემანსიპატორული პოლიტიკური იდეების გაძლიერებისა და თანასწორობის და სოლიდარობის იდეალებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მშენებლობის გზაზე.

შეფასება სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

თანასწორობის_პოლიტიკა_1603452680.pdf