ფოტო: http://www.deanspade.net / თარგმანი: ლაშა ქავთარაძე

ავტორი: დინ სპეიდი უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორია. 2002 წელს მან ჩამოაყალიბა სილვია რივერას კანონის პროექტი, არაკომერციული კოლექტივი, რომელიც აწვდის უფასო სამართლებრივ დახმარებას დაბალშემოსავლიან პირებს და ტრანს, ინტერსექს ან/და გენდერულად არაკონფორმულ ფერადკანიან ადამიანებს, აღნიშნული საქმიანობით სპეიდი ცდილობს შექმნას იმგვარი ტრანს წინააღმდეგობა, რომელიც დაეფუძნება რასობრივ და ეკონომიკურ სამართლიანობას.

გასული ათი წლის განმავლობაში, ტრანს საკითხები და ტრანს აქტივიზმი გასცდა იურისპრუდენციის, კულტურის თუ აქტივიზმის სფეროს და ახალი ენერგიითა და ხილვადობით წამოიჭრა. სწრაფი ტემპით იზრდება ტრანს უფლებების დაცვის გარანტიები კანონმდებლობაში. აშშ-ის 7 შტატში ტრანს იდენტობის ან გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაცია უკვე შტატის მასშტაბით არის ცალსახად აკრძალული დისკრიმინაციის კატეგორიებს შორის1. თუკი, 2000 წელს, ანტი-დისკრიმინაციული კანონი გენდერული იდენტობის გამოხატვასთან დაკავშირებით მოსახლეობის მხოლოდ 5,3%-ს შეეხებოდა, 2005 წლისთვის ეს რიცხვი 28 %-მდე გაიზარდა2. ამავდროულად, მრავალფეროვანი გახდა მედიაში ტრანსრეპრეზენტაციის ფორმები - ტრანს პერსონაჟები გასცდნენ ტრადიციულ, კრიმინალის თუ მკვლელობის მსხვერპლის როლებს (მაგალითად, ფილმებში Boys Don’t Cry და Law and Order) და გაცილებით ნაკლებ სადავო პერსონაჟებად მოგვევლინენ, მაგალითად, TransGeneration-ში თუ Transamerica-ში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი, შტატის თუ სახელმწიფოს მასშტაბის ტრანს აქტივიზმი ცვლის აქტივისტურ მოძრაობებში ჩართული ადამიანების სტატუსებს. ორგანიზაციებმა, რომლებიც, ტრადიციულად, მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე იყვნენ ფოკუსირებულნი, დაიწყეს ტრანს ინკლუზიური ენის გამოყენება თავიანთ მისიის განაცხადებში და, რიგ შემთხვევაში, თავიანთ სახელებშიც. ზოგიერთ ქალაქში კი, ორგანიზაციები, რომლებიც ტრანს თემს სერვისებს აწვდიან, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ტრანს ინკლუზიურ ენას შიდა მოხმარების ფორმებში, კითხვარებსა თუ სხვა ხელსაწყოებში. ზოგადად, ტრანს აქტივისტები და ჩვენი მოკავშირეები დღის წესრიგში აყენებენ ტრანს ადამიანებისთვის პირველადი საჭიროებების ხელმისაწვდომობის თუ პოლიტიკურ მოძრაობებში მონაწილეობის საკითხებს, იქნება ეს შპრიცების გაცვლის ან უფასო საუნივერსიტეტო კლინიკების პროგრამებში თუ სათემო ცენტრებისა და გრასრუთ აქტივისტების შეხვედრებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა.

ამავდროულად, ცხადი წინსვლის მიუხედავად, ტრანს თემისადმი დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემა კვლავაც მთელი სიმძაფრით დგას. ლესბოსელთა უფლებების ეროვნული ცენტრისა და ტრანსგენდერთა სამართლებრივი ცენტრის მიერ 2003 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თითქმის ყოველ მეორე რესპონდენტს გამოცდილი აქვს გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია დასაქმების ადგილებზე; ყოველ სამ ადამიანში ერთზე მეტ რესპონდენტს განუცდია დისკრიმინაცია საერთო საცხოვრებლებში; თითქმის ყოველი მესამე ადამიანი გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი საცხოვრებლის შოვნისას; რესპონდენტების 30%-ზე მეტი ყოფილა დისკრიმინირებული ჯანდაცვის სერვისების მიღებისას; ყოველ ოთხ ადამიანში, ერთზე მეტი რესპონდენტი გამხდარა პოლიციის ოფიცრების მხრიდან შევიწროების თუ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი; ყოველი მეხუთე რესპონდენტი გამხდარა დისკრიმინაციის მსხვერპლი სოციალური სერვისების მიმწოდებლისგან; ხოლო რესპონდენტების 14%-ს განცდილი აქვს დისკრიმინაცია წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში.

ამასთან, ტრანს უფლებებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში ისე გადაიდგა ნაბიჯები უკან, რომ ამ პროცესებს მხოლოდ და მხოლოდ მცირე დისკუსია მოჰყვა და მას არ დათმობია სათანადო ყურადღება. საიდენტიფიკაციო დოკუმენტების რეგულირებასთან დაკავშირებით შესულმა ცვლილებებმა და ბუშის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული „ტერორიზმის წინააღმდეგ ომის“ ფარგლებში გაზრდილმა თვალთვალმა საფრთხე შეუქმნა ტრანს ადამიანების შესაძლებლობებს, მიგვეღო გენდერისა და იდენტობის შეცვლასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რაც ერთგვარ გასაღებს წარმოადგენს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და მუშაობისთვის. ბოლო დროს, იმიგრაციის კანონში შესულმა ცვლილებებმა, აშშ-ში იმიგრაცია გაურთულა იმ ტრანს ადამიანებს, რომელთაც ემუქრებათ დევნა თავიანთ ქვეყანაში. ამ თემას დეტალურად ქვემოთ განვიხილავთ. ასევე, ქვეყნის მასშტაბით კანონისა და პოლიტიკის მნიშვნელოვანმა ცვლილებებმა, რაც ძირითადად საფრთხეს უქმნიდა ღარიბებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლისსამართლის თუ იმიგრაციის სისტემის სამიზნეებს წარმოადგენენ, არაპროპორციული გავლენა იქონია ტრანს ადამიანებზე. ამის მიზეზი ჩვენი სიღარიბისა და პოლიციის მხრიდან ჩვენზე ძალადობის თუ დაპატიმრების არაპროპორციულად მაღალი საფრთხეა. ასეთი ცვლილებები იყო, მაგალითად, “კეთილდღეობის რეფორმა“, 1996 წელს შესული ცვლილებები ფედერალურ საიმიგრაციო კანონში, „სამი შეცდომის კანონი“ (three-strikes law) და „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ ფარგლებში შემუშავებული ტაქტიკები. ამ და სხვა კონსერვატიულმა, რასისტულმა, იმიგრანტებისა და ღარიბების წინააღმდეგ მიმართულმა ინიციატივებმა ფედერალური მთავრობის მხრიდან მავნე გავლენა იქონია ყველაზე მოწყვლად ტრანს თემებზე გასული ათწლეულის მანძილზე.

ამ კომპლექსურ, წინააღმდეგობრივ კონტექსტში, სადაც ტრანს ადამიანები დაცვის, ძალადობისა და რეპრეზენტაციის სამიზნეები არიან, სხვა სოციალური მოძრაობებისთვის დამახასიათებელი არაერთი სადავო საკითხი წამოიჭრა. ეს საკითხებია: ვის ვგულისხმობთ ტერმინში „ტრანსი“? რა ურთიერთობაა გენდერულ იდენტობაზე ორიენტირებულ სოციალურ ცვლილებაზე მუშაობას, ჩაგვრის გამოხატვასა და სექსუალური ორიენტაციის დათრგუნვას შორის? ტრანს იდენტობასთან დაკავშირებული რა ტიპის ნარატივები უნდა უნდა გამოვიყენოთ აქტივიზმში? როგორ არის რასიზმისა და თეთრკანიანთა უპირატესობის რწმენის ანალიზი ჩართული ან გამოტოვებული ტრანს საკითხებში? რა ურთიერთმიმართება არსებობს გენდერულ იდენტობასა და გამოხატვას, ჩაგვრის წინააღმდეგ მუშაობასა და ფემინიზმს შორის? ვისთნ უნდა ვიყოთ მოკავშირეები? ჩვენი მუშაობის რომელი ნაწილი და „ტრანს თემის“ ნებისმიერი ტიპის განსაზღვრების რომელი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს ჩვენი პრიორიტეტი? როგორი მიდგომა უნდა გვქონდეს გენდერის განსაზღვრის ლეგალურ და სამედიცინო რეგულაციებთან დაკავშირებით, კონკრეტულად კი, ტრანს ადამიანებთან მიმართებით, ვინაიდან გარკვეული ცვლილებების მიღწევას ვცდილობთ? რა ტიპის დამატებით ცვლილებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და რა ტიპის დამატებითი ცვლილებები უნდა ავირიდოთ თავიდან, რათა ჩვენი ჩაგვრა არ გაძლიერდეს?

ხშირად, ეს საკითხები „მოძრაობის ხედვების“ შესახებ არსებული დებატების გარშემო ორგანიზდება ხოლმე. როგორც ამას არაერთი მკვლევარი თუ აქტივისტი აღნიშნავს, გასული 25 წლის მანძილზე, აშშ-ში კონსერვატიზმის მზარდმა ტალღებმა შეუძლებელი გახადა არსებული ძალაუფლებრივი მიმართებების, ეკონომიკური და რასობრივი სტრუქტურების ალტერნატივების წარმოდგენა3. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიებში მორალის ქრისტიანული, კონსერვატიული ვერსია დომინირებს, ხოლო სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე, ღარიბი ადამიანებისა და მიგრანტების უფლებებზე გამუდმებული თავდასხმების საპასუხოდ, საზოგადოებრივი ნარატივი უფრო და უფრო რეაქციონერულია და მხოლოდ „არ წამართვა ეს უფლებების“ მოთხოვნაზეა ორიენტირებული, ნაცვლად ძალთა ხელახალი გადანაწილების შესახებ პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბებისა. ეს ყველაფერი კი, ხშირად, თავად მოძრაობებში კონსერვატიული დღის წესრიგისკენ შებრუნებას ნიშნავს4. აღნიშნულ დღის წესრიგს მისი მხარდამჭერები ხშირად აუცილებლად მიიჩნევენ, მაგრამ არაერთი კრიტიკოსი აღნიშნავს, რომ იგი ყველაზე მარგინალიზებული ადამიანებისათვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს არ ითვალისწინებს5. ამ წინააღმდეგობების ფონზე, შეკითხვები ჩნდება მუშაობის მასშტაბსა და პრიორიტეტებზე, ისევე როგორც ხელმძღვანელობისა და გადაწყვეტილებების მიღების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

ამ ესეში, მინდა, განვიხილო ხედვასა და სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები, რამდენადაც ისინი გენდერულ იდენტობასა და გამოხატვასთან დაკავშირებული სოციალური ცვლილებებისთვის საჭირო სამუშაოს გაწევას შეეხებიან. აღნიშნულ საკითხებს ვუდგები როგორც აქტივისტი და პრაქტიკოსი იურისტი, რომელიც სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით ცდილობს, შეამციროს და აღმოფხვრას სახელმწიფოს მიერ გენდერთან დაკავშირებული სხვადასხვა რეგულაცია და იძულება. ასევე, აქ, გამოვიკვლევ არსებულ წინააღმდეგობებსა და უხერხულობებს, რათა შემოგთავაზოთ ხედვა და ანალიზის მეთოდი იმ კომპლექსური, ყოველდღიური სირთულეების შესასწავლად, რომლის გადალახვაც უწევთ გენდერული რეგულაციებისა და ჩაგვრისთვის წინააღმდეგობაში ჩაბმულ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს. ასეთი შეთავაზებები ყოველთვის არაადეკვატური და პერსპექტივაზე მიბმულია, თუმცა მსგავსი ანალიზის მცდელობის გარეშე, მოგვიწევს, რომ კონსერვატიულ ნორმებს დავემორჩილოთ, რაც კარგს არაფერს გვიქადის.

სირთულეები, რომელიც თან ახლავს ელემენტარულ თვითგადარჩენის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ჩართულობისათვის ბრძოლას, საზოგადოების იმ ნაწილის, რომელიც გამუდმებით მარგინალიზებული, კრიმინალიზებული და სისასტიკის მსხვერპლი ვართ, ხშირად შესაძლებლობას გვართმევს, რომ განზე გავდგეთ და კითხვა დავსვათ მიზნის მიღწევის მეთოდების შესახებ. ვშიშობ, ტრანს აქტივიზმი ხშირად სტრატეგიებს სესხულობს კარგად ჩამოყალიბებული და ხილვადი გეი და ლესბი აქტივიზმისგან, მათი წარმატებულობის გამო, თუმცა ასეთ დროს, ვერ ვხედავთ იმ ნაკლოვანებებს, რაც ამ შესაძლებლობების უპირობოდ გადმოღებას შეიძლება მოჰყვეს. ჩაგვრის საწინააღმდეგო კონკრეტული სტრუქტურების შესწავლით, რომლებიც სხვა მოძრაობებს მუშაობის წარმართვაში ეხმარებათ, ვიმედოვნებ, რომ შემოგთავაზებთ ერთგვარ ათვლის წერტილს იმ ეკლიან ტერიტორიაზე ორიენტირებისათვის, რომლის ფარგლებშიც გვიწევს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა ტრანს ადამიანების გადარჩენისთვის.

ჩემი ანალიზისთვის ჩარჩოს ჩელა სანდოვალისგან ვსესხულობ, რომელიც მან ჩაგრულთა მეთოდოლოგიში წარმოადგინა6. დავეყრდნობი რა ცნობიერების ხუთი ფორმის ანალიზის სანდოვალისეულ მეთოდს, რომელიც გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, სოციალური სამართლიანობის მოძრაობებში აღმოცენდა, ამ ესეში გამოვიკვლევ მის მტკიცებას, რომ „დიფერენციალური ცნობიერება“ არის საუკეთესო პარადიგმა, რათა მოძრაობებმა მათი წინააღმდეგობის ნარატივის კონტურები მოხაზონ და გამოიყენონ ეფექტურად ორიენტირებისთვის, როდესაც ჩაგვრის საწინააღმდეგო კონკრეტულ ქმედებაში არიან ჩაბმულები. ყურადღებას გავამახვილებ სამ რელევანტურ მაგალითზე, რომელიც ბოლო ხანებში ტრანს აქტივისტების ბრძოლას უკავშირდება: 2005 წელს მიღებული ნამდვილი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების აქტი, გენდერული იდენტობის საკითხის შეტანა ადგილობრივი სამართალდამცავი სისტემების გაძლიერების აქტში (რომელიც სენატმა 2005 წელს დაამტკიცა, გენდერული იდენტობის საკითხთან ერთად), და ბოლო ხანებში (2006) მიმდინარე განხილვა ნიუ იორკში არსებული პრაქტიკის აღმოფხვრაზე, როდესაც ტრანსგენდერ ქალებს უსახლკარო კაცების თავშესაფარში ათავსებენ. ამ სამ მაგალითზე დაყრდნობით, შემოგთავაზებთ კრიტერიუმებს ტრანს აქტივისტებისთვის, რომლებიც ცხად ხედვასთან ერთად თუ როგორ სამყაროში გვინდა ცხოვრება, დაგვეხმარება, რომ შევაფასოთ კონკრეტული პოლიტიკური აქტის პოტენციალი ჩაგვრისთვის წინააღმდეგობის გასაწევად და კამპანიებისადმი განსხვავებული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად.

გაეცანით თარგმანის სრულ ვერსიას ⇓

ნახვა

გადმოწერა

ტრანს_წინააღმდეგობების_მეთოდოლოგიები.pdf