არსებული კონტექსტის მიმოხილვა

სასამართლოს თავმჯდომარის იდეის ძირეული გადააზრება სასამართლო რეფორმების ქვაკუთხედია. ზოგადად, მმართველობითი ვერტიკალის არსებობა მოსამართლეებს შორის  უცხო და შეუთავსებელია. ამ გაგებით, თავმჯდომარე არ არის არც სასამართლოს დირექტორი, არც მოსამართლეების უფროსი და არც მენეჯერი. ის არსებითად სასამართლოს წარმომადგენლობის და ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობის დაცვის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. მიუხედავად ამისა, წარსულშიც და აწმყოშიც, სასამართლოში არსებული მთელი რიგი გამოწვევები სწორედ თავმჯდომარეების როლის არასწორ გაგებას ეფუძნებოდა.

გასულ წლებში თავმჯდომარეთა ჭარბი გავლენების შესამცირებლად განხორციელებული ცვლილებების[1] მიუხედავად, თავმჯდომარეები კვლავ აღიქმებიან მოსამართლეთა უფროსებად და ზოგიერთ შემთხვევაში მათ ხელში თავს იყრის სრულიად არასაჭირო და ზედმეტი კომპეტენცია. ეს და სასამართლოში წლების განმავლობაში დანერგილი სხვა პრაქტიკები გახდა იმის საფუძველი, რომ დღეს სწორედ თავმჯდომარეები ქმნიან ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს სისტემაში. ამიტომაც, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ზრუნვა, უპირატესად სწორედ არასაჭირო და გაუმართლებელ ვერტიკალზე უარის თქმას და მოსამართლეების სამართლიან წარმომადგენლობას ითხოვს თითოეულ სასამართლოში. 

რა გამოწვევების წინაშე დგას სასამართლოს თავმჯდომარის ინსტიტუტი?

სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის პროცესი ხარვეზიანია, როგორც საკანონმდებლო დონეზე ასევე პრაქტიკაშიც.  დღეს, სასამართლოს თავმჯდომარეს ხუთი წლის ვადით, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული საფუძვლებისა და კრიტერიუმების გარეშე, ნიშნავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.[2]  როგორც წესი, თავმჯდომარის ვაკანსიას იკავებს საბჭოს მოსამართლე წევრთა მიერ დასახელებული კანდიდატი, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში ამ პროცესში კონკურენტიც კი არ ჰყავს.  საბჭო ვალდებული არ არის გაესაუბროს კანდიდატს, ხოლო ზოგიერთი არამოსამართლე წევრის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, ჩანიშნული გასაუბრებები ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს. შეიძლება ითქვას, რომ კანდიდატთან გასაუბრება გავლენას ვერ ახდენს საბოლოო შედეგზე და როგორც წესი, დასახელებული კანდიდატი საბჭოს წინაშე ოფიციალურ წარდგენამდე ფლობს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მხარდაჭერას.

ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში თავმჯდომარისა და კოლეგიების/პალატების თავმჯდომარეების თანამდებობაზე ერთი და იმავე პირების დანიშვნის პრაქტიკა შეინიშნება. ერთეული მოსამართლეების როტაცია სხვადასხვა სასამართლოში თანამდებობებზე და მოსამართლეთა პრაქტიკულად ერთი, ვიწრო ჯგუფისთვის ყველა ტიპის ძალაუფლების მინიჭება, კიდევ ერთხელ მოწმობს, დემოკრატიული და სამართლიანი პრინციპებით გადაწყვეტილებების მიღების ნაკლებობაზე. 

უახლეს წარსულში სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა თავი დაეღწია ამ მანკიერი პრაქტიკისთვის. რეფორმის “მესამე ტალღა” ითვალისწინებდა ახალ წესს, რომლითაც მოსამართლეებს შეეძლოთ თავად აერჩიათ თავიანთი სასამართლოს თავმჯდომარეები. თუმცა, ეს ინიციატივა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის მიერ მათი ინტერესების და გავლენების საზიანოდ იქნა აღქმული და მიუხედავად ინიციატივის არაერთი დადებითი შეფასებისა, მმართველი გუნდისა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებების შედეგად, თავმჯდომარეთა დანიშვნის განახლებული წესი კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აღარ აისახა.[4]

თავმჯდომარეების გავლენებსა და პრივილეგიებზე მიუთითებს მათი წარმომადგენლობის ხარისხი და არჩევის წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კანონით[5] გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს/კოლეგიის/პალატების თავმჯდომარეების დანიშვნის კვოტა, რაც გულისხმობს აღნიშნული თანამდებობის პირების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად პრიორიტეტულად არჩევის შესაძლებლობას. საყურადღებოა, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 მოსამართლე წევრიდან 4 მათგანი არის სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე.[6] მსგავსი მიდგომა უზღუდავს მოსამართლეთა შედარებით ფართო წრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას და აძლიერებს სასამართლოში გაბატონებული ჯგუფის გავლენებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღემდე აქტუალობას არ კარგავს, საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის ფართო და ბუნდოვან უფლებამოსილებებს შეეხება. განსაკუთრებით პრობლემურია თავმჯდომარის უფლებამოსილება, თავისი შეხედულებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკომპლექტოს ანდა შეცვალოს სასამართლოში შექმნილი ვიწრო სპეციალიზაციების შემადგენლობა. [7] რაც, თავმჯდომარის მხრიდან საქმეთა განაწილების სისტემაში ჩარევის სერიოზულ რისკებს წარმოშობს.

ამასთან, პრობლემური უფლებამოსილებების მიღმა, სასამართლოთა გადატვირთულობის მძიმე პირობებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი მოსამართლე 150-300%-მდე დატვირთვით  განიხილავს საქმეებს[8]საბჭოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ თანამდებობზე განწესებულ მოსამართლეებს, მათ შორის თავმჯდომარეებს, დატვირთულობის შეღავათიანი მაჩვენებელი განესაზღვრათ.

რა უნდა შეიცვალოს?

სასამართლოს სჭირდება დემოკრატიული და სამართლიანი ადმინისტრირების სისტემა, რაც გამორიცხავს არაჯანსაღი ვერტიკალის განვითარებას თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს შორის. სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე ზრუნვა, სწორედ ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერებით, სისტემის შიგნით არსებული პრობლემური გავლენებისა და ძალაუფლებების შესუსტებით და ადმინისტრაციულ პოზიციებზე მოსამართლეთა სამართლიანი წარმომადგენლობით უნდა დაიწყოს. შესაბამისად:

  • უნდა შეიცვალოს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნის წესი. თავმჯდომარე უნდა აირჩეს კონკრეტული სასამართლოს მოსამართლეთა მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე;
  • პატარა ზომის სასამართლოებში, სადაც 3 ან 3-ზე ნაკლები მოსამართლეა თავმჯდომარეთა არჩევა უნდა მოხდეს წილისყრით ან/და როტაციით;
  • მოსამართლის თავმჯდომარე უნდა აირჩეს მხოლოდ ერთი ვადით და გამოირიცხოს ორი თანმიმდევრული ვადით ერთი და იმავე მოსამართლის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა;
  • უნდა გაუქმდეს სასამართლოს/კოლეგია/პალატის თავმჯდომარის/მოადგილის კვოტა და დაწესდეს შეზღუდვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის/მოადგილის თანამდებობის პირის დანიშვნასთან მიმართებით. საბჭოში არჩეულ წევრს, რომელიც იმავდროულად იკავებს სასამართლოს თავმჯდომარის/მოადგილის, კოლეგია/პალატის თავმჯდომარის პოზიციას, არჩევისთანავე უნდა შეუწყდეს ადმინისტრაციული თანამდებობა;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა ჩამოერთვას ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეთა შემადგენლობის განსაზღვრის უფლება და აღნიშნული უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] მაგ: სასამართლოს თავმჯდომარეებს შეეზღუდათ ადმინისტრაციული ფუნქციები; დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი აღარ შეიძლება გახდეს სასამართლოს თავმჯდომარეთა წარდგინება; შემოღებულ იქნა საქმეთა შემთხვევითი ელექტრონული განაწილების წესი, რომლითაც სასამართლოს თავმჯდომარეებს საგამონაკლისო შემთხვევების გარდა, ჩამოერთვათ მოსამართლეთათვის საქმეთა განაწილების უფლებამოსილება.

[2] კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ განცხადება სასამართლოს თავმჯდომარეების გაუმჭვირვალე პროცესით დანიშვნასთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია: [http://www.coalition.ge/index.php?article_id=155&clang=0. წვდომის თარიღი: 06.05.2019]

[3] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი №504/565-03-ო, № 353/565-03-ო .

[4] EMC, სასამართლო რეფორმის თანმდევი პოლიტიკური პროცესების შეფასება, [ხელმისაწვდომია:  https://emc.org.ge/ka/products/gachianurebuli-sasamartlo-reforma-da-tanmdevi-politikuri-protsesebi, წვდომის თარიღი: 06.05.2019]

[5] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე და 65-ე მუხლები.

[6] ვასილ მშვენიერაძე- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დიმიტრი გვრიტიშვილი- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, სერგო მეთოფიშვილი- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე.

[7] EMC, IDFI, სასამართლო რეფორმის შედეგების შეფასება, [ხელმისაწვდომია: https://emc.org.ge/ka/products/sasamartlo-reformis-shedegebis-shefaseba, წვდომის თარიღი: 06.05.2019]

[8] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი №52/3723-03-ო.

[9] საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წერილი №52/3723-03-ო.