უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა განსაკუთრებით რთულ პრობლემას  თბილისის მუნიციპალიტეტში წარმოადგენს, რომლის მასშტაბს ოფიციალური სტატისტიკა ცხადად აჩვენებს.[1]  2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის მერიაში არსებულ უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიაში განხილული განაცხადებიდან თითქმის ნახევარს მიენიჭა უსახლკაროს სტატუსი. შესაბამისად, გამოწვევების მასშტაბისა და სისტემურობიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება.

2008-2012 წლებში, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო პროექტის „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ  გარემოში“ განხორციელება. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა გრძელვადიანი სოციალური საცხოვრისის ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფდა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, დევნილ და უსახლკარო მოსახლეობას,  მათი გაძლიერებისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობისათვის.

კვლევა აჩვენებს, რომ მას შემდგომ რაც სოციალური საცხოვრისის მართვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირს, ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარს“ დაევალა არსებითად გაუარესდა სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა და მათ შორის, საფრთხის წინაშე აღმოჩნდა სოციალური საცხოვრისის სათანადოდ ფუნქციონირების საკითხი. ამას გარდა, მერიამ, საცხოვრისში მცხოვრები  პირების გადამოწმების პროცესი დაიწყო უსახლკარო პირისათვის სტატუსის მინიჭების ახლად შემუშავებული კრიტერიუმებით, რომელიც თავისთავად არ ითვალისწინებს სოციალურ საცხოვრისში მყოფი პირების საცხოვრისის საჭიროების მრავალწლიან გამოცდილებას და ბევრ მათგანს უარი ეთქვა უსახლკაროს სტატუსის მინიჭებაზე მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის ფაქტის არარსებობის გამო, რაც შესაძლოა მუნიციპალური საცხოვრისის სერვისის შეწყვეტის საფუძველი გახდეს.

ამასთან, გამოვლინდა, რომ მკვეთრად გაუარესდა საცხოვრისში მცხოვრებ ბენეფიციარ ოჯახთა სამართლებრივი გარანტიები. მხარეთა შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულებები აჩვენებს, რომ მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ბენეფიციარი ოჯახისათვის საცხოვრისით გრძელვადიანი სარგებლობის გარანტია, რამდენადაც პერიოდული ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნების პირობებშიც კი, ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარს“ გააჩნია ხელშეკრულების  ცალმხრივად და დაუსაბუთებლად შეწყვეტისა და ბენეფიციარისათვის სარგებლობის უფლების შეზღუდვა, რაც სრულად დაუცველს ხდის ბენეფიციარებს. გარდა ამისა, ბენეფიციარებისათვის ნორმატიულ დონეზე გაუქმებულია მათი გაძლიერებისა და რესოციალიზაციისათვის არსებული გარანტიები, რაც სოციალური საცხოვრისების ფუნქციონირების წამყვანი კომპონენტებია.

მნიშვნელოვანია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ გაიაზროს სოციალური საცხოვრისის - როგორც უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი გრძელვადიანი სერვისის - არსებობის განსაკუთრებული გამოცდილება,  რომელიც განვითარებას და გაძლიერებას საჭიროებს, რაც ნაცვლად დღეს არსებული დამაზიანებელი და ბუნდოვანი მოქმედებებისა, სოციალური საცხოვრისის სოციალური დატვირთვის გაძლიერებაში, ბენეფიციართა სოციალური უსაფრთხოების გარანტირებასა და მათი მხარდაჭერითი სერვისების დანერგვაში უნდა გამოიხატებოდეს.

შედეგად, პრობლემის მასშტაბისა და მის საპასუხოდ გრძელვადიანი საცხოვრისი სერვისების საჭიროებიდან გამომდინარე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • გაძლიერდეს და განვითარდეს შვეიცარიის განვითარების ფონდისა და ქალაქ თბილისის მერიის ერთობლივი პროექტის - „სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“ შექმნილი სერვისი და დაიბრუნოს მან სოციალური საცხოვრისის შინაარსი, რაც გულისხმობს მდგრადი და გრძელვადიანი საჭიროებაზე დაფუძნებული სერვისის არსებობას,  რაც ასევე გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სათანადო და სრულფასოვანი სახელმწიფო მხარდაჭერითი სერვისების მიწოდებას;
  • თბილისის მუნიციპალიტეტმა პრობლემის მასშტაბის გათვალისწინებით ინტენსიურად დაიწყოს ფინანსური რესურსების მობილიზება სოციალური საცხოვრისის პროგრამის განვითრების მიზნით, რაც გულისხმობს ახალი საცხოვრისების მშენებლობას, მათ მართვას სოციალური საცხოვრისის კონცეფციის საფუძველზე, უსახლკარო შინამეურნეობებისათვის საკმარისი და სათანადო სოციალური საცხოვრისის სერვისების შეთავაზების მიზნით.

ამავე თემაზე:უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის სტატისტიკა

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ აქ ⇓

ნახვა

გადმოწერა

საცხოვრისის_სოციალური_შინაარსის_გარეშე_1539605391.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მუშაობის სტატისტიკა, ხელმისაწვდომია აქ: https://emc.org.ge/ka/products/infografika-usakhlkarod-registratsiisa-da-tavshesafrit-uzrunvelqofis-komisiis-mushaobis-statistika , ბოლოს ნანახია: 27.07.2018