დღეს, 2018 წლის 21 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადების საფუძველზე მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანებას „ერთობა-2013“-ს, კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება.

თბილისის მეტროს მემანქანეებს (თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ელ-მატარებლების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირ „ერთობა 2013“) და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება „სამუშაო საათების განმავლობაში“.

კერძოდ კი, სასამართლოს 21 მაისის განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაცხადებული გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, რაც კომპანიის შეფასებით განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე, რაც მათი შეფასებით წარმოადგენს გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას. სწორედ მითითებული მომავალი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება გაფიცვის თაობაზე.

კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა ემყარებოდეს სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს[1], რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, რადგან უშუალოდ განჩინებაშიც კი საუბარია იმაზე, რომ მეტროს მემანქანეთა პროფესიული გაერთიანება მონაწილეობას იღებდა შემათანხმებელ პროცედურებში და ასევე მათი მხრიდან დაცულია სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები გაფიცვის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სავარაუდოდ გაფიცვის უკანონოდ ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის მიზანს, არა უშუალოდ გაფიცვის კანონიერების შეფასება წარმოადგენს, არამედ მითითებული სარჩელის თვითმიზანია გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლო მექანიზმი, (მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება) მეტროს მემანქანეთა გაფიცვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და მათი მოთხოვნების უგულებელყოფისთვის.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ უშუალოდ სარჩელის პერსპექტიულობაზე მსჯელობის ნაცვლად, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით, გაფიცვის უფლების შეზღუდვის გამოყენებას არსებითად აყრდნობს იმ გარემოებას, რომ „[გაფიცვის 30 დღით გადავადების თაობაზე] განჩინება ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ გასაჩივრებულია ზემდგომ სასამართლოში, რის გამოც არსებობს ალბათობა საჩივრის დაკმაყოფილების და განჩინების გაუქმების შემთხვევაში მეტროპოლიტენის პარალიზების.“ რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეალურად თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თვითმიზანს წარმოადგენს უშუალოდ მეტროს მემანქანეთა გაფიცვის უფლების შეზღუდვა.

სასამართლო ასევე ხაზს, უსვამს იმ გარემოებას, რომ განჩინებით, მის მიერ ხორციელდება მხოლოდ მეტროს მემანქანეთა გაფიცვის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა და მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის უფლება გულისხმობს დასაქმებულის დროებით, ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე,[2]  შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მეტროს მემანქანეთა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სწორედ მხოლოდ სამუშაო დროს არის განსაზღვრული, წარმოუდგენელია მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმით შეიძლება განაცხადონ მემანქანეებმა უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და შესაბამისად განჩინების შესაბამისად, არასამუშაო დროს ისარგებლონ გაფიცვის უფლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC-ის მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს. 

ამავე დროს, ხვალ, 2018 წლის 22 მაისს 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115“,  აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა სამართლიანი მოთხოვნების მიმართ.

საქალაქო სასამართლოს განჩინება იხილეთ აქ⇓

ნახვა

გადმოწერა

განჩინება_1526916254.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილი;

[2] საქართველოს შრომის კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.