შესავალი

2018 წლის აპრილში ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებისას მომხდარმა ინციდენტმა 6 მეშახტის სიცოცხლე შეიწირა. ინციდენტიდან სამ თვეში იმავე უბანზე საწარმოო შემთხვევამ კიდევ 4 მეშახტე იმსხვერპლა. განმეორებითმა ფატალურმა ინციდენტებმა ფართო საზოგადოების ყურადღება მიიქცია და კრიზისული ვითარების გადასალახად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები, რომელიც მანამდე იშვიათად ან საერთოდ არ იდგმებოდა, გადაუდებელი აუცილებლობა გახდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეწყდა, მეშახტეებს ხელფასი შეუნარჩუნდათ, გერმანულ აუდიტორულ კომპანიას კი საწარმოო პროცესის შეფასება დაევალა.

2018 წელს ერთი შეხედვით გადაულახავ ჩიხში შევიდა პროცესი, რომელიც გაცილებით ადრე დაიწყო. ტყიბულში, სადაც ქვანახშირი მე-19 საუკუნის 20-იან წლებში აღმოაჩინეს და, 1847 წლიდან მოიპოვებენ, დღეს ერთსა და იმავე საბადოსთან დაკავშირებული ორი – „ძიძიგურის“ და „მინდელის“ – შახტი მოქმედებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება შეჩერდა და მხოლოდ მას შემდეგ აღდგა, რაც 2006 წელს წიაღისეულის მოპოვების უფლება შპს „საქნახშირმა“ მიიღო, რომელსაც, თავის მხრივ, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ფლობდა.

2006 წელს მოპოვების ხელახლა დაწყებას ინფრასტრუქტურის ძირეული განახლება არ მოჰყოლია,[1] რაც იმას ნიშნავს, რომ მეშახტეებს მუშაობა დღემდე მწყობრიდან გამოსული ინფრასტრუქტურის პირობებში უწევთ. მნიშვნელოვნად არ განახლებულა არც ის ინფრასტრუქტურა და ინვენტარი, რომელიც ბუნებრივი გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას ემსახურება. შედეგად, ტყიბულის შახტები იქ დასაქმებულთათვის საფრთხის შემცველია, მოპოვება კი ბუნებრივ გარემოს მრავალმხრივ ზიანს აყენებს. 2006-2019 წლებში ტყიბულში ქვანახშირის მოპოვებისას მომხდარ ინციდენტებს შეეწირა 37 და მძიმედ დაშავდა ათობით მეშახტე. სხვადასხვა სიმძიმის საწარმოო შემთხვევები როგორც მინდელის, ისე ძიძიგურის შახტში დასაქმებულთა ყოველდღიურობის ნაწილია.

მძიმეა ეკოლოგიური მდგომარეობაც. ქვანახშირის მოპოვებას და მის შემდგომ გამდიდრებას  ჯანმრთელობისთვის უკიდურესად დამაზიანებელი ეკონაკვალევი ახასიათებს. ჰაერში, სხვა დამაბინძურებლებთან ერთად, ქვანახშირის მტვერი, ჭვარტლი, აზოტისა და გოგირდის ოქსიდები გროვდება. ბინძურდება როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა წყლები, რომლითაც ადგილობრივი წყალსაცავები იკვებება. ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, დეგრადირებულია ნიადაგის ხარისხიც. შესამჩნევია ქვანახშირის მოპოვებით გამოწვეული ლანდშაფტური ცვლილებებიც და პროცესის მავნე ზეგავლენა ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე. მიუხედავად ამისა:

2006 წლის შემდეგ, ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის და ექსპლუატაციის განხორციელების დაწყებიდან დღემდე არ არსებობს რამდენადმე არსებითი მნიშვნელობის მქონე მონაცემები ამ პროცესის მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ. [...] ზუსტი მონაცემები ქვანახშირის საბადოს განახლებით და ფუნქციონირებით გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ არ არსებობს. ამის მიზეზი ის არის, რომ ტყიბულ-შაორის საბადოს საწარმოო ობიექტებზე (ისევე, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ ფუნქციონირებად ან ნებსით, თუ უნებლიედ, გაუქმებულ სამთო-მოპოვებითი მრეწველობის ობიექტებზე) არ სრულდება გეოეკოლოგიური დანიშნულების მონიტორინგის თანმიმდევრული განხორციელება. ასეთი დანიშნულების მონიტორინგის გარეშე კი შეუძლებელია ანთროპოგენური ფაქტორის მოქმედებით გარემოზე მიყენებული გეოეკოლოგიური ზიანის შესახებ რამდენადმე ზუსტი მონაცემების მიღება.[2]

წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით, „საქნახშირი არ აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას: წიაღით სარგებლობის ლიცენზიისა და გამამდიდრებელი საწარმოს ნებართვის პირობების, ამ პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ; საწარმოს საქმიანობის შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის, ამ ზიანის გამოსწორების და/ან შემცირებისათვის დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების, ასევე, კომპანიის საქმიანობის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული გარემოს მდგომარეობის შესახებ.“[3ზ

საფრთხის შემცველი სამუშაო პირობების, დაბალი ანაზღაურებისა და ეკოლოგიური  პრობლემების გამო. ტყიბულში არაერთხელ გაჩენილა პროტესტისა და წინააღმდეგობის კერები. მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 2016 წლის გაფიცვა, როცა დასაქმებულთა მცირე ჯგუფის პროტესტი 16-დღიან საყოველთაო გაფიცვაში გადაიზარდა. მაშინ გაფორმებული შეთანხმებით, მეშახტეებმა 10%-ით გაზრდილი ხელფასი და უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესების პირობა მიიღეს. ტყიბულის მოსახლეობისთვის აღდგა შეჩერებული საგადასახადო შეღავათებიც.[4]

მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობების ტალღამ ტყიბულში არსებული უმძიმესი სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები დღის წესრიგში დააყენა და ფართო საზოგადოებას გააცნო, მას მოპოვების პროცესის ფუნდამენტური ცვლილება არ მოჰყოლია.  ჯერაც ბუნდოვანია, რა შეიცვალა 2019 წელს მომზადებული იმ აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, რომელიც მინდელის შახტის უკიდურესად საფრთხის შემცველ და ამორტიზებულ მდგომარეობას ადასტურებდა. ნომინალურად შეიცვალა „საქნახშირის“ მფლობელი – „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ კომპანია „Steel International Trades Company“-ის სიმბოლურ ფასად გადასცა –   2020 წელს ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება დიდწილად იმავე რეჟიმში გრძელდება, როგორც ის 2018 წლამდე მიმდინარეობდა.

წინააღმდეგობის მოძრაობებისა და ტყიბულის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ძირითად გამოწვევად რჩება ქალაქის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შესახებ არსებული მწირი ცოდნა. ტყიბულის მოსახლეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 10 000 მოსახლემდე შემცირდა. მათგან დაახლოებით 15% ქვანახშირის მოპოვებაშია ჩართული. 1200-მდე მეშახტის ხელფასი, რომელიც 600-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ქალაქისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროა და, შესაბამისად, მისი ეკონომიკის სხვა სექტორების შემოსავალიც დიდწილად ქვანახშირის მოპოვებაში ჩართული ადამიანების ხელფასის უწყვეტობაზეა დამოკიდებული. მათ გარდა, სტაბილური ხელფასი არსებობს მხოლოდ საჯარო სექტორსა და საბიუჯეტო დაფინანსებაზე დამოკიდებულ საქმიანობებში, როგორიცაა განათლება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაცია და ასე შემდეგ.

ამ ვითარებაში როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე ტყიბულის პრობლემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მკვეთრად ვიწროვდება სამოქმედო ველი. ვინაიდან დღეს ქვანახშირის მოპოვება ერთადერთი ეკონომიკური აქტივობაა, რომელიც ქალაქის – ყოველდღიური და თუნდაც არაგრძელვადიანი – სოციალური კვლავწარმოების საშუალებას ქმნის, სამოქმედო და სააზროვნო ველიდან გამოირიცხება ყველა ის ცვლილება თუ ინიციატივა, რომელიც ქვანახშირის მოპოვებას ეჭვქვეშ დააყენებდა . საგულისხმოა, რომ ამგვარი პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტი არა მხოლოდ ქვანახშირის მოპოვების მიღმა არსებულ შესაძლებლობებს უგულებელყოფს, არამედ, თავისთავად, ქვანახშირის მოპოვების ნეგატიური სოციოეკონომიკური და ეკოლოგიური ეფექტების შემცირებას უშლის ხელს. სანამ არ იარსებებს ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობა, ტყიბულელი მეშახტეები, ისევე, როგორც ქალაქის დანარჩენი მოსახლეობა, მომპოვებელ კომპანიაზე დამოკიდებულ პოზიციაში დარჩებიან. მოპოვების შეწყვეტასთან დაკავშირებული პირდაპირი თუ შეფარული მუქარა აქამდეც არაერთხელ გამხდარა ადგილზე დაწყებული საპროტესტო ტალღების ჩახშობის ეფექტური ბერკეტი. განვითარების ალტერნატივის არსებობა ტყიბულელებს როგორც მათი უშუალო ყოველდღიურობის გამოსწორებისთვის უფრო ეფექტიანად მობილიზებაში, ისე გრძელვადიანი მოთხოვნების განსაზღვრასა და დღის წესრიგში დაყენებაში დაეხმარებოდა. ამიტომ, ტყიბულის ალტერნატიული განვითარების დღის წესრიგში დაყენება მოცემულ ვითარებაში მშრომელთა გაძლიერებისთვის აუცილებელია.

ამავდროულად, ტყიბულის აწმყოსა და მომავალთან დაკავშირებული ნებისმიერი ძირეული ცვლილება თუ დისკუსია შესაძლო ალტერნატივის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დემოკრატიული თუ ის მეშახტეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მართვას დაექვემდებარება და ადგილობრივთა საჭიროებებსა და სურვილებს გაითვალისწინებს. შესაბამისად, ალტერნატივაზე მსჯელობა პირველ რიგში მათი შემუშავების პროცესის შესახებ მსჯელობას ნიშნავს.

ამ ტექსტის მიზანი ქვანახშირზე დამოკიდებული რეგიონების ალტერნატიული განვითარების შესახებ არსებული ძირითადი დისკურსებისა და დაგროვებული გამოცდილების მოკლე მიმოხილვაა. მიმოხილვას  სამართლიანი ტრანზიციის კონცეფციის განხილვით დავიწყებთ,  რომელიც ეკონომიკური ტრანსფორმაციის დღეს არსებულ ჩარჩოებს შორის ყველაზე გავრცელებულია. ამის შემდეგ იმ ინტერვენციებს მიმოვიხილავთ, რომლებიც სამართლიანი სოციოეკონომიკური ტრანსფორმაციისკენაა მიმართული და სამართლიანი ტრანზიციის პრაქტიკულ ნაბიჯებად თარგმნის მაგალითებს წარმოადგენს. ბოლოს ალტერნატიული განვითარების ხელშეწყობის პროცესში სხვადასხვა ჩართული მხარის – პროფკავშირებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზიციის – როლზეც ვისაუბრებთ, რადგან გააზრებული და კოორდინირებული მოქმედების გარეშე სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფა შეუძლებელია.

 

სამართლიანი ტრანზიცია

ქვანახშირის მოპოვებაზე დამოკიდებული ქალაქების ალტერნატიული განვითარების საკითხი – იმ ქვეყნებში, სადაც ის დღის წესრიგში დგას – მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორმა პარალელურმა პროცესმა ქვანახშირის წარმოებაზე აგებული ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადობა ეჭვქვეშ დააყენა. ამ პროცესთაგან პირველი ქვანახშირის კომერციულ მომგებიანობასთან დაკავშირებული რყევებია, რომელიც წლების განმავლობაში საბაზრო ლოგიკის მიხედვით იცვლება. უფრო და უფრო იაფი ბუნებრივი გაზი, მთელ რიგ ქვეყნებში კი ატომური ენერგია და განახლებადი ენერგიის წყაროები ბაზარს იაფ და ქვანახშირთან შედარებით უფრო სუფთა ელექტროენერგიას აწვდიან. ამასთან, გრძელვადიანი არასტაბილურობა, რაც სექტორს საინვესტიციოდ არამიმზიდველს ხდის, ისედაც თითქმის ამოწურული პროდუქტიულობის ზრდის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ამცირებს.  ფასის გრძელვადიან ვარდნასთან ერთად ქვანახშირის მოპოვებაში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობას ამცირებს პროცესის მზარდი მექანიზაციაც – იმ ქვეყნებშიც კი, რომლებიც ქვანახშირის მომპოვებელი სექტორის შენარჩუნებას ცდილობენ, მაგალითად პოლონეთში, მეშახტეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.[5]

მეორე პროცესი, რომელიც დასავლეთში სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ქვანახშირზე დამოკიდებული ენერგოსისტემების კლიმატის ცვლილებითა და ეკოლოგიური პრობლემებით განპირობებული კრიტიკაა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვანახშირით მომუშავე თბოელექტროსადგურები სათბური გაზების ყველაზე დიდ ემისიებთანაა დაკავშირებული.[6] თბოელექტროსადგურები, ტექნოლოგიურად და საწვავის ხარისხის მიხედვით,  ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა, საშუალოდ, ერთ კვ/სთ-ზე გამოფრქვეული ნახშირბადის დიოქსიდის მაჩვენებლით, ქვანახშირი პირველ ადგილს იკავებს და მისი ეკონაკვალევი სხვა ნამარხ საწვავს, როგორებიცაა ბუნებრივი გაზი და ნავთობი, მნიშვნელოვნად  აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილებასთან შედარებით, ქვანახშირის მოპოვებისა და გამოყენების სხვა ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტებს, როგორც წესი, ნაკლები ყურადღება ეთმობა, მათი გავლენაც – განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ქვანახშირს მოიპოვებენ და/ან თბოელექტროსადგურები გვხვდება – ხელშესახები და მნიშვნელოვანია. გარდა ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურებისა, რაც ქვანახშირის მომპოვებელ რეგიონებში გავრცელებული პრობლემებია, არანაკლებ ხშირია ქვანახშირზე დამოკიდებულების ნეგატიური ფსიქოსოციალური, დემოგრაფიული და პოლიტიკური გავლენაც.[7] ქვანახშირს, როგორც წესი, კაცები მოიპოვებენ, რასაც ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქებსა და რეგიონებში ადგილობრივ შრომის ბაზარზე ხელშესახები გენდერული ეფექტი აქვს.[8] ქვანახშირის მომპოვებელ ქალაქებში, დაბინძურებულ ბუნებრივ გარემოსთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ხშირია ფსიქოსოციალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები პრობლემები, ალკოჰოლიზმი, ძალადობრივი დანაშაულის გავრცელება, და ასე შემდეგ.[9]

ამასთან, ქვანახშირზე მდგარი ეკონომიკური სტრუქტურა – მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეულის მოპოვებას ეკონომიკის სტიმულირება და სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია – გრძელვადიანი არასტაბილურობით, უთანასწორობითა და დაქვეითებული ეკონომიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.[10] მექანიზაცია და უფრო და უფრო ხშირი ღია კარიერული წესით მოპოვება სამუშაო ადგილების რაოდენობას თანდათან ამცირებს.[11] ქვანახშირის მერყევი ფასი ადგილობრივ ეკონომიკას გარე შოკების მიმართ მოწყვლადს ხდის; შრომის ბაზარი, რომელშიც ერთი მომპოვებელი დამსაქმებელი დომინირებს, სხვა პროფესიების მოთხოვნადობას ამცირებს და დროთა განმავლობაში ერთ საქმიანობას მიბმულ მოსახლეობას წარმოშობს.[12] 

დასავლეთში იზრდება ქვანახშირის ჩანაცვლების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული სამოქალაქო წნეხიც. არსებულ წინააღმდეგობათა მოძრაობების დიდი ნაწილი მოთხოვნებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებს, რაც, ერთი მხრივ, მათ, განსაკუთრებით დასავლეთში, ხშირად პოპულარულს და ფართო საზოგადოებისთვის მიმზიდველს ხდის, თუმცა კლიმატური ორიენტაცია ხშირად იმ რეგიონების საჭიროებებისა და წუხილისგან აუცხოებს, რომლებიც უშუალოდ ქვანახშირზე არიან დამოკიდებულნი. ამიტომ, ქვანახშირის გარშემო დისკუსიები, რომლის დროსაც, როგორც წესი, ერთ მხარეს აქტივისტური და სამოქალაქო ჯგუფები დგანან, მეორე მხარეს კი – მეშახტეები და ქვანახშირის მომპოვებელი რეგიონების მოსახლეობა, ხშირად ორმხრივი ეჭვისა და უნდობლობის გარემოში მიმდინარეობს.

ხაზგასასმელია, რომ როგორც კომერციული, საბაზრო პროცესებით გამოწვეული რყევა, ისე კლიმატის ცვლილებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, რომლებიც ენერგორესურსებსა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პოლიტიკას ეხება, რესურსზე დამოკიდებულ ქალაქებსა და რეგიონებში გარედან მართულ, შოკურ ფორმას იღებს. ასეთი გადაწყვეტილებები დემოკრატიულ კონტროლსა და ლეგიტიმაციას მოკლებულია. როგორც ქვანახშირის ფასწარმოება, რომელიც გლობალური ბაზრის ლოგიკას ექვემდებარება, ისე კლიმატის ცვლილების დისკურსი, ტყიბულისგან უკიდურესად დაშორებულ სივრცეებში მიმდინარე პროცესებია. ტრანზიციის მიზეზად გლობალური კლიმატური ცვლილების არგუმენტი ქვანახშირის მოპოვებაზე დამოკიდებული რეგიონებისთვის უცხოა, რადგან ეს ნორმატიულობა „გასაგები მხოლოდ გარკვეულ კულტურულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დაშვებებთან მიმართებაში ხდება“,[13] რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა შესაძლოა, არ იზიარებდეს. ცხადია, იმავე კლიმატის ცვლილებას ადგილობრივი გამოხატულებაც აქვს და ეს არა მის უარყოფას ან ადგილობრივი კონტექსტისთვის არარელევანტურობის ხაზგასმას ნიშნავს, არამედ მის ადგილობრივ კონტექსტში დამიწებას გულისხმობს. ადგილობრივ საჭიროებებზე კონცენტრირება ქვანახშირის მოპოვების ისეთ ეკოლოგიურ პრობლემებზე კონცენტრირება იქნებოდა, როგორიცაა ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს დაბინძურება, რომელიც ქალაქის მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საფრთხის შემცველია.

უმართავ, რისკის გაუთვალისწინებლად წარმართულ რყევებს რესურსზე დამოკიდებული რეგიონებისთვის კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ქვანახშირის მოპოვება დაბალკვალიფიციური, მაგრამ შედარებით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების წყაროა. ასეთი სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც წესი, ყველაზე რთულია.[14] ქვანახშირის მომპოვებელი რეგიონების მონოინდუსტრიულობა იმას ნიშნავს, რომ მოპოვების შეწყვეტასთან ერთად შემოსავლის წყაროს კარგავს მოპოვებაზე პირდაპირ და ირიბად დამოკიდებული ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესიც, რაც ადგილობრივ ეკონომიკას კოლაფსის საფრთხის წინაშე აყენებს.

განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებშიც კი, სადაც, ერთი შეხედვით, არსებობს ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტით უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ალტერნატიული დასაქმების წყაროები, მოლოდინი ხშირად არ მართლდება და მეშახტეებს სამსახურის პოვნა უჭირთ. ეს, ნაწილობრივ, იმითაა გამოწვეული, რომ მეშახტეობა სპეციფიკურ უნარსა და ცოდნას ეყრდნობა, რაც სხვა ტიპის სამსახურში ადვილად არ ითარგმნება. მაშინაც კი, როცა მეშახტეები ალტერნატიული დასაქმების წყაროს მოძებნას ახერხებენ, როგორც წესი, შემოსავალი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო ახალი სამსახურის პოვნას მათთვის ხშირად 2 წელი ან მეტი სჭირდება.[15] გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ალტერნატიული დასაქმების წყაროების მოძებნა ყველაზე მეტად ასაკოვან მეშახტეებს უჭირთ – მათ შემთხვევაში განვითარებული ქვეყნები, როგორც წესი, არა რეკვალიფიკაციის, არამედ საპენსიო ასაკამდე შემოსავლის შენარჩუნების პროგრამას ახორციელებენ.[16]

ამ პრობლემების პასუხად გაჩნდა „სამართლიანი ტრანზიციის“ დისკურსი, რომელიც არსებული ეკონომიკური სისტემის, მათ შორის, წიაღისეულის მომპოვებელი ქალაქებისა და რეგიონების ისეთ ტრანსფორმაციას წარმოადგენს, რომელიც მდგრადი ეკონომიკისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დგას. „სამართლიანი ტრანზიცია“ მიდგომაა, რომელიც მხოლოდ საბაზრო პრინციპებით მართულ ეკონომიკურ პოლიტიკას ეწინააღმდეგება. ის იმ დებულებაზე დგას, რომ დღევანდელი ლოკალური და რეგიონული ეკონომიკური სისტემები, მათ შორის ქვანახშირზე დამოკიდებული ქალაქები, აქტიურ ინტერვენციას საჭიროებენ, რათა არსებული ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ისე გადაიჭრას, რომ გარდამავალ პერიოდში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები არ დაზარალდნენ. ტყიბულის შემთხვევაში ეს ადგილობრივი უთანასწორო, ეკოლოგიურად არამდგრადი და უსამართლო სოციოეკონომიკური მდგომარეობის ისეთ გარდაქმნას ნიშნავს, რომელიც პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობისა და მეშახტეების ინტერესებზე დგას. 

 ხშირ შემთხვევაში ტრანსფორმაცია ქვანახშირის ენერგომიწოდების სისტემებიდან სრულად ამოღებას გულისხმობს, თუმცა კონკრეტული ენერგიის წყაროების ჩანაცვლებაზე მეტად სამართლიანი ტრანზიცია, უფრო ფართოდ, სოციალურად უსამართლო, ეკოლოგიურად დამაზიანებელ და ეკონომიკურად უთანასწორო ეკონომიკური მოდელიდან დემოკრატიული და გამჭირვალე პროცესის შედეგად მდგრადი განვითარების მოდელზე გადასვლას გულისხმობს – სადაც ეკონომიკური ღირებულება მაქსიმალურ სოციალურ გადანაწილებასა და მინიმალური ეკოლოგიური ზიანის დაგროვებასთან ერთად იწარმოება.

სამართლიანი ტრანზიცია, როგორც (სხვასთან ერთად) ქვანახშირის მომპოვებელი ქალაქების პრობლემათა დანახვისა და მოგვარების ჩარჩო, დღეს ფართოდ გამოიყენება როგორც აკადემიასა და  აქტივისტურ მოძრაობებში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების შეთანხმებებსა და ანალიტიკურ დოკუმენტებში. მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელ მოდელებზე საუბრისას  სამართლიანი ტრანზიციის პრინციპებს ეყრდნობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაც (ILO). 2015 წელს გამოცემული „სახელმძღვანელო სამართლიანი ტრანზიციისთვის“[17] ხაზს უსვამს მდგრადი განვითარების სამმხრივ – ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურ – ორიენტაციას და მდგრად ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში შრომის საკითხებისთვის ცენტრალური მნიშვნელობის მინიჭების აუცილებლობას. სახელმძღვანელოს მიხედვით სამართლიანი ტრანზიციის პრაქტიკული მნიშვნელობა ყველა ქვეყანაში კონტექსტის მიხედვით იცვლება და, შესაბამისად, ის რეფორმების ერთ უნივერსალურ პაკეტად არ უნდა წარმოვიდგინოთ.

მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი ტრანზიციის დისკურსი არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, დაგროვდა მისი კრიტიკაც. აკადემიურ სივრცეებში მიუთითებენ იმაზე, რომ სამართლიანი ტრანზიციის დისკურსს მწყობრი იდეოლოგიური ფუნდამენტი არ გააჩნია და ეს ამ იდეის მხარდასაჭერად ერთიანი პოლიტიკური წნეხის ჩამოყალიბებასაც უშლის ხელს.[18] დისკურსი კი, რომლის მიღმაც მობილიზებული პოლიტიკური ძალა არ დგას, უძლურია იმ ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ, რომლებსაც სამართლიანი ტრანზიცია შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს. შედეგად დიდია სამართლიანი ტრანზიციის ელიტური კოოპტაციის რისკი – კერძო საინვესტიციო ფონდები ამ ჩარჩოს თავიანთი საინვესტიციო პორტფოლიოს „გასამწვანებლად“ და მისთვის სოციალური მგრძნობელობის მისანიჭებლად უკვე იყენებენ კიდეც – ხოლო ენერგომოხმარებასა და მიწოდებას, რის ფუნდამენტურ ცვლილებასაც ეს დისკურსი ესწრაფვის, კვლავ წმინდა კომერციული, საბაზრო პროცესები უფრო განაგებს, ვიდრე სამართლიანი ტრანზიციით ინსპირირებული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ინტერვენციები.

შეჯამებისთვის: ტრანზიციის დღევანდელ დისკურსში ხშირად ბუნდოვანია როგორც საწყისი წერტილი – ტრანზიცია საიდან? ისე დანიშნულება – ტრანზიცია სადამდე? ეს ბუნდოვანება იმ იდეოლოგიური  მრავალფეროვნებიდან გამომდინარეობს, რომელიც სამართლიანი ტრანზიციის დისკურსს ახასიათებს, „დისკუსიის ფრაგმენტაციამ კი საბოლოო ჯამში ფართო საზოგადოებისთვის გაართულა სამართლიანი ტრანზიციის არსის გაგება და მიმღებლობა“.[19]  თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ სამართლიანი ტრანზიციის დისკურსი მისაღებია და მოსახერხებელი არა მიუხედავად იმისა, რომ ბუნდოვანია, არამედ იმიტომ, რომ ბუნდოვანია. ამ ჩარჩოს იდეოლოგიური და პრაქტიკული განუსაზღვრელობა მისი ადგილობრივ კონტექსტებში ნაწარმოები ცოდნითა და მნიშვნელობებით დატვირთვის საშუალებას ქმნის.

 

ქვანახშირზე მიჯაჭვულობა

სანამ უშუალოდ იმ ინტერვენციებზე გადავალთ, რომელთაც სამართლიანი ტრანზიციის ხელშეწყობა შეუძლიათ, მნიშვნელოვანია, მოკლედ შევეხოთ ქვანახშირზე მიჯაჭვულობის დისკურსს, რომელიც ტყიბულში გვხვდება და ალტერნატივების წარმოდგენის კოლექტიურ პროცესში მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს. „ქვანახშირზე მიჯაჭვულობაში“ იგულისხმება როგორც ადგილობრივი ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც ქვანახშირის მომპოვებელი კომპანია ერთადერთი მსხვილი დამსაქმებელია, ისე სოციალურად კონსტრუირებული დისკურსი, რომლის მიხედვითაც, ტყიბულში ეკონომიკური ღირებულების შექმნის ერთადერთი შესაძლებლობა ადგილობრივი წიაღისეულის მოპოვებაა. ანუ ქვანახშირზე მიჯაჭვულობის დისკურსი ერთდროულად აღწერითი ჩარჩოცაა, რომელიც მატერიალური რეალობიდან გამომდინარეობს და მძლავრი პრესკრიფციული ნარატივიც, რომელიც წარმოსახვით ველს მნიშვნელოვნად ზღუდავს და ამით მომავლის წინასწარ განსაზღვრას ცდილობს.

ამ მიჯაჭვულობას, რომელსაც სამი – ეკონომიკური, ინსტიტუციური და კოგნიტიური – განზომილება აქვს, ხშირად მოიხსენიებენ „ჩიხად,” (lock-in) სადაც, მიუხედავად მათი არამდგრადობისა, არსებული სისტემის ყველა მნიშვნელოვან კომპონენტს – პროფკავშირებს, სახელმწიფოსა და კერძო სექტორს – სისტემის კვლავწარმოების ინტერესი ამოძრავებს.[20]

კვლევები, რომლებიც ქვანახშირზე დამოკიდებული ეკონომიკის ჩანაცვლებასა და მის გავლენას შეისწავლის, ვიწრო ეკონომიკური და ტექნიკური ფოკუსით გამოირჩევა, რაც საკითხის სოციოკულტურულ და პოლიტიკურ განზომილებებს სათანადო ყურადღების მიღმა ტოვებს.[21] ეს მიდგომა  ქვანახშირზე დამოკიდებული ქალაქების მდგომარეობისა და პრობლემების სრულად დანახვასა და აღქმას შეუძლებელს ხდის და არსებული ეკონომიკური სტრუქტურების ჩანაცვლების გარშემო პოლიტიკური მხარდაჭერის მობილიზაციას ართულებს.[22] ქვანახშირზე მიჯაჭვულობის სოციოკულტურულ ნარატივს მომპოვებელი კომპანიები მეშახტისა და მეშახტეთა თემის სპეციფიკური იდენტობის ჩამოყალიბების გზით აწარმოებენ.

წიაღისეულის ინდუსტრიაში დღეს გლობალურად გავრცელებული ფენომენი, როცა მომპოვებელი კომპანია სახელმწიფოს ნეოლიბერალიზაციის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მზარდ ფუნქციებს ითავსებს, სათემო იდენტობის წარმოებაში მომპოვებელი კომპანიების მზარდ ჩართულობასაც ნიშნავს.[23] ხშირად ქვანახშირზე დამოკიდებულ რეგიონებში მომპოვებელი კომპანიები აგებენ გზებს, აწესრიგებენ წყლის ინფრასტრუქტურას, აფინანსებენ ბაღებსა და სკოლებს, ხსნიან და უვლიან პარკებსა და სკვერებს. ეს ინიციატივები ქმნის დისკურსს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წარმოდგენილია, როგორც „დახმარების საჭიროების მქონე“, ხოლო მომპოვებელი კომპანია – როგორც „ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი რესურსების მქონე“.[24] ურთიერთდამოკიდებულების ასე წარმოდგენა ხელს უწყობს მომპოვებელი რეგიონების რეკონფიგურაციას როგორც მოსახლეობის, რომლის კვლავწარმოებაც მთლიანად ქვანახშირის მოპოვებაზეა დამოკიდებული. 

ტყიბულის შემთხვევაში მნიშვნელოვანია (მიჯაჭვულობის წარმოებაში) არა მხოლოდ არსებული მომპოვებელი კომპანიის როლი, არამედ მოპოვების ისტორიული რეჟიმიც, სადაც საბჭოთა სახელმწიფო  იდენტობის მწარმოებლის როლს აქტიურად ასრულებდა. უმნიშვნელოვანესია მიჯაჭვულობისა და იდენტობის თაობრივი კომპონენტიც. ქვანახშირის მომპოვებელ თემებს, როგორც წესი, ძლიერი თაობრივი კავშირები ახასიათებს, ადგილობრივ ისტორიოგრაფიაში კი ქვანახშირი პოზიტიურ დატვირთვას ატარებს.[25] ამიტომ ტრანზიციაზე ფიქრი ადგილობრივი სოციოკულტურული მემკვიდრეობის, თაობრივი განგრძნობითობისა და სათემო იდენტობის მიმართ განსაკუთრებულ მგრძნობელობას მოითხოვს, რაც ქვანახშირის ჩანაცვლების მოთხოვნის გარშემო შეკრებილ აქტივისტურ ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ხშირად არ ახასიათებთ. 

ცხადია, რომ ქვანახშირზე მიჯაჭვულობის მატერიალური და სოციალურად კონსტრუირებული კომპონენტები ერთმანეთისგან ვერ განცალკევდება. პირიქით, ისინი ერთმანეთს აწარმოებენ: კოლექტიური მიჯაჭვულობის განცდა იმიტომ არსებობს, რომ ის ტყიბულის მცხოვრების ყოველდღიურ მატერიალურ მდგომარეობას ეხმაურება, თავისთავად მიჯაჭვულობის დისკურსი კი იმ ეკონომიკური სტრუქტურის კვლავწარმოებას ემსახურება, რომელშიც ქვანახშირის მოპოვება დასაქმების ერთადერთი წყაროა.

ქვანახშირის მოპოვებაზე დამოკიდებულება ტყიბულისთვის ისტორიულად უცვლელი მოცემულობაა. მას ქალაქის ეკონომიკური რეალობა და უალტერნატივობის მიზანმიმართულად ნაწარმოები დისკურსი ერთდროულად ასაზრდოებს. ქვანახშირზე მიჯაჭვულობის ეჭვქვეშ დაყენება არა მასში „ობიექტური“ და ხელოვნურად ნაწარმოები კომპონენტების განცალკევებას, არამედ ალტერნატივის ძიებაში მისი როლისა და მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება. ქვანახშირზე მიჯაჭვულობის ეჭვქვეშ დაყენება, ერთი მხრივ, ალტერნატივის წარმოდგენის წინაპირობა უნდა გახდეს და, მეორე მხრივ – ალტერნატიულ განვითარებასთან ერთად ცვალებადი მატერიალური კონდიციების შედეგი.   უფრო ფართოდ, ქვანახშირზე მიჯაჭვულობის ეჭვქვეშ დაყენება, ზოგადად, დამოკიდებულების ჯაჭვების უარყოფაცაა, რადგან ეს მიდგომა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ ტყიბული და მისი მოსახლეობა გარდაუვალად მომპოვებელ კომპანიაზეა დამოკიდებული.

 

ინტერვენციები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და რესურსზე დამოკიდებული რეგიონების პრობლემებზე მომუშავე სხვა ჩართული მხარეების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში დაგროვებული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია იმ ძირითადი ინტერვენციებისა და ნაბიჯების გამოყოფა, რომლებიც ტყიბულის მსგავსი რესურსზე დამოკიდებული რეგიონების ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და გრძელვადიანი მდგრადობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული.

 

  • მონაცემთა სრულყოფილი, ცენტრალიზებული ბაზის შექმნა როგორც არსებული საჭიროებების, ისე ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.

პირველი ნაბიჯი, რომელსაც წარმატებული ტრანზიციისთვის აუცილებელ ეტაპად გამოყოფენ,[26] სრულყოფილი და ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზის შექმნაა, რომელიც, ერთი მხრივ, არსებულ სოციოეკონომიკურ მდგომარეობას აღწერდა და, მეორე მხრივ, რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გამოიკვლევდა. მონაცემები უნდა ფარავდეს როგორც დემოგრაფიულ ვითარებას – ტყიბულის მოსახლეობის გენდერულ, ასაკობრივ და პროფესიულ სტრუქტურას,ისე გეოგრაფიულ და ეკოლოგიურ მოცემულობას – რამდენად დაბინძურებულია ტყიბულის ბუნებრივი გარემო? რამდენად პროდუქტიულია მიმდებარე მიწები სოფლის მეურნეობისა თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობებისთვის? ასეთი სამუშაოს გარეშე ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების შესახებ კონკრეტული გეგმების დასახვა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე სხვა ჩართული მხარეებისთვის შეუძლებელი იქნებოდა.

ხაზგასასმელია, რომ მონოინდუსტრიული ქალაქების მიმართ კერძო სექტორის ინტერესი, ამ რეგიონებში არსებული შრომის ბაზრის სტრუქტურისა და თანმდევი ეკოლოგიური და სოციალური პრობლემების გამო, როგორც წესი, დაბალია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი რეგიონების შესაძლო ეკონომიკური პოტენციალის ამოსაცნობად კერძო სექტორზე დამოკიდებულებამ შესაძლოა, ამ პოტენციალის უგულებელყოფა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია სახელმწიფო, არასამთავრობო ან აკადემიური რესურსების მობილიზება ეკონომიკური შესაძლებლობების სიღრმისეულად გამოსაკვლევად.

 

  • ფინანსური სახსრების მობილიზება

მონოინდუსტრიული რეგიონების ტრანსფორმაციის შესახებ დაგროვებულ ლიტერატურაში არსებობს ზოგადი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ქვანახშირის მოპოვებაზე დამოკიდებული რეგიონის სტრუქტურული ტრანსფორმაცია აუცილებლად მოითხოვს მნიშვნელოვანი ფისკალური რესურსების მობილიზებას. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფორმაცია შესაძლებელია – და სასურველიცაა – ეკონომიკურად მომგებიანად წარიმართოს, საწყის ეტაპზე ის ინვესტირებას მოითხოვს და, ამავდროულად, გარდამავალ ეტაპზე დასაქმებულთა ნაწილის შემოსავლის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მათი მინიმუმ დროებით უზრუნველყოფა შემოსავლით.[27]

მას შემდეგ, რაც შეგროვებულ მონაცემებსა და კვლევებზე დაყრდნობით არსებული მდგომარეობის სრულად შეფასება მოხერხდება, შესაძლებელია ცენტრალურ ბიუჯეტში არსებული რესურსებიდან თანხის გამოყოფა. არსებობს სპეციალური საგადასახადო რეჟიმის მაგალითებიც, მაგალითად, ევროკავშირში, სადაც, მათ შორის, არსებული სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის დამატებითი დაბეგვრით ტრანსფორმაციისთვის მიმართული ფონდები იქმნება. 2021 წლის პირველი იანვრიდან გარემოსდაცვითი ლიცენზირებიდან – კონკრეტულად, ნახშირბადის ემისიებთან დაკავშირებული ლიცენზიების –  მიღებული შემოსავლების 2% სამართლიანი ტრანზიციისთვის განკუთვნილ ფონდში გადაირიცხება და ევროკავშირის მასშტაბით რესურსზე დამოკიდებულ ქალაქებსა და რეგიონებს მოხმარდება.[28]

გარდა ეროვნულ დონეზე არსებული სახსრების მობილიზებისა, ამ მხრივ, შესაძლებელია იმ საერთაშორისო ფონდების დახმარების მოძიებაც, რომლებიც ტრანზიციებისა და ტრანსფორმაციებისთვისაა განკუთვნილი. გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციების ფარგლებში რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა მრავალმილიარდიანი გლობალური კლიმატის ფონდი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამართლიანი ტრანზიციისკენ მიმართული საინვესტიციო პროექტებისთვისაა განკუთვნილი.

 

  • დასაქმების ალტერნატიული საშუალებების შექმნისკენ მიმართული ინტერვენციები: დეინდუსტრიალიზაცია და რეინდუსტრიალიზაცია, კერძო და საჯარო სექტორები

წიაღისეულის მომპოვებელი რეგიონების განვითარების ტრაექტორიის განსაზღვრისას ადრეულ ეტაპზევე ჩნდება ფუნდამენტური არჩევანი დეინდუსტრიალიზაციასა და რეინდუსტრიალიზაციას შორის. დეინდუსტრიალიზაცია[29] სამთო-მოპოვებით საქმიანობებსა და წიაღისეულის დამუშავებასთან დაკავშირებული ინდუსტრიული ეკონომიკური აქტივობების ისეთი ალტერნატივით ჩანაცვლებას გულისხმობს, როგორიცაა, მაგალითად, სერვისისა და ტურიზმის სექტორები, რეინდუსტრიალიზაცია კი არსებული სოციალურად და ეკოლოგიურად არამდგრადი საქმიანობების ჩასანაცვლებლად თანამედროვე მსუბუქი და მძიმე მრეწველობის სექტორების განვითარებას ანიჭებს უპირატესობას, იმ დათქმით, რომ ჩამნაცვლებელი საწარმოები მაღალტექნოლოგიურ საწარმოო პროცესებს გამოიყენებენ, სოციალურად სამართლიან შრომით ურთიერთობებს ჩამოაყალიბებენ და ეკონაკვალევს მაქსიმალურად შეამცირებენ. ხაზგასასმელია, რომ დეინდუსტრიალიზაციას და რეინდუსტრიალიზაციას, გარკვეულ შემთხვევებში, არა ერთმანეთის ალტერნატივებად არამედ ერთსა და იმავე პროცესში პირველ და მეორე ნაბიჯებადაც მიიჩნევენ ხოლმე.

ამის კარგი მაგალითია რურის რეგიონი გერმანიაში, რომელიც 1950-იან წლებში ევროპის მასშტაბით ქვანახშირის მომპოვებელი ინდუსტრიის ყველაზე დიდ კერას წარმოადგენდა. მეოცე საუკუნის შუა წლებში სამთო-მოპოვებითი სექტორი რურის რეგიონში თითქმის ნახევარ მილიონ ადამიანს ასაქმებდა, თუმცა, მიუხედავად უკიდურესი მონოინდუსტრიულობისა, 90-იანი წლებიდან დაწყებული მრავალეტაპიანი „სტრუქტურული ცვლილების” პოლიტიკის შედეგად სამთო-მოპოვებით სექტორში მხოლოდ 12 000 დასაქმებულამდე დარჩა, მთლიანად რეგიონში კი დაკარგული სამუშაო ადგილები ისე ჩანაცვლდა, რომ ტრანზიციამ კეთილდღეობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.[30]

რურის მრავალწლიანი ტრანზიციის პროცესი დეინდუსტრიალიზაციისა და რეინდუსტრიალიზაციის ნაწილებად იყოფა.  დეინდუსტრიალიზაციის ეტაპზე ინვესტიციები გამოიყო ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება-მოწესრიგებისთვის, გარემოსდაცვითი ინდუსტრიის განვითარებისთვის და სოციალური დახმარებისა და გადამზადების პროგრამებისთვის. შედეგად, გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის განვითარება და დეგრადირებული ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება თავისთავად დასაქმებისა და ეკონომიკური სტიმულირების საშუალებად იქცა და ამავდროულად მთლიანად რეგიონი სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობისთვის უფრო მიმზიდველი გახდა. „ტრანზიციის კომპენსაციის სისტემა“ ყოფილ მეშახტეებს ხუთი წლით გარანტირებულ შემოსავალს სთავაზობდა, ასაკოვან მეშახტეებს – ადრეულ პენსიას, რეკვალიფიკაციის სურვილის მქონეები კი გადამზადების უფასო პროგრამით ისარგებლებდნენ. წიაღისეულის მოპოვებაზე დამოკიდებული რეგიონების ტრანსფორმაცია და ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება თავის თავში გულისხმობს ბუნებრივ რესურსებზე მდგარი ეკონომიკური სექტორების საპირწონედ ცოდნაზე, მაღალკვალიფიციურ შრომაზე დამყარებული სექტორებით ჩანაცვლებას.[31] ცხადია, ამას შესაბამისი განათლების პოლიტიკა და გადამზადების პროგრამები დასჭირდა.

რეინდუსტრიალიზაციის ეტაპზე როგორც გერმანიის ცენტრალური, ისე რეგიონული ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო მსხვილი დამსაქმებლების მოძიებაში, რომლებიც მაღალანაზღაურებად და უსაფრთხო სამუშაო ადგილებს შექმნიდნენ. ეს, ძირითადად, შრომატევადი, მაღალტექნოლოგიური სექტორების მოზიდვით მოხერხდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ენერგოსექტორი, რომლის დაგეგმვაში სახელმწიფოს როლი ბუნებრივად დიდია – 90-იანი წლებიდან გერმანიის მთავრობამ რური ენერგეტიკული სექტორისთვის საკვანძო, სტრატეგიულ რეგიონად აქცია და ამით იქ განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის კონცენტრაციას შეუწყო ხელი.

ეს ინტერვენციები დიდწილად ადგილობრივი სამთო-მოპოვებითი სექტორის დაბეგვრით, მომპოვებელ კომპანიებსა და პროფკავშირებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული კომპენსაციის პაკეტებისა და ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე ფინანსდებოდა. ბუნებრივი გარემოს მელიორაციისკენ მიმართულ პროგრამებთან ერთად 1980-იანი წლებიდან სახელმწიფომ მოძველებული ინდუსტრიული კერების მოდერნიზაციისთვის 8 მილიარდ ევრომდე გამოყო. 1990-დან 2001 წლამდე გრანტების სახით რამდენიმე მილიარდი ევრო გაიცა ადგილზე გაჩენილი ახალი მცირე ბიზნესისთვის. 2 მილიარდ ევროზე მეტი დაიხარჯა ახალი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული სასწავლებლების დასაფინანსებლად.[32] შედეგად, ტრანზიციის განმავლობაშიც კი რურის რეგიონი ეკონომიკურ ზრდას განაგრძობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირის მომპოვებელი სამუშაო ადგილები თითქმის 90%-ით შემცირდა, რეგიონში საშუალო შემოსავლისა და ცხოვრების დონის მაჩვენებლები გაუმჯობესდა.[33]

იმისათვის, რომ ტრანზიცია სამუშაო ადგილების არა შემამცირებელი, არამედ შემქმნელი პროცესი იყოს – რის შესაძლებლობასაც შრომის ბაზრის არაერთი ემპირიული კვლევა ადასტურებს[34] – სხვადასხვა სახელმწიფო რესურსზე დამოკიდებულ რეგიონებში ალტერნატიული სამუშაო ადგილების შესაქმნელად სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ. ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ პროცესში კერძო სექტორს ეყრდნობიან, სხვადასხვა საგადასახადო და საკრედიტო მხარდაჭერის პროგრამას ქმნიან, რომლებიც ქვანახშირზე დამოკიდებულ რეგიონებში ახალი სამრეწველო ობიექტებისა და დამსაქმებლების გაჩენას ემსახურება. მას შემდეგ, რაც ჩამნაცვლებელი ეკონომიკური აქტივობები გამოვლინდება, შესაძლებელია მათთვის სპეციფიკური ბერკეტების ამოქმედება – მიწის დათმობა, საკვანძო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ფინანსური და ტექნოლოგიური მხარდაჭერა.[35]

რეგიონში სხვადასხვა კერძო ბიზნესის მიზიდვის პარალელურად ხშირია უშუალოდ სამსახურდაკარგული დასაქმებულებისთვის გათვლილი ინტერვენციები. მაგალითად, როცა კორპორაციული გადაწყვეტილების გამო, ავსტრალიის ერთ-ერთ რეგიონში მსხვილმა ქვანახშირის მომპოვებელმა მუშაობა შეწყვიტა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ადგილობრივ პროფკავშირთან ერთად,  ოთხპუნქტიანი მხარდაჭერის პროგრამა შეიმუშავა.[36] (1) „მშრომელთა ტრანზიციის სერვისი“ თითოეულ ყოფილ მეშახტეს, პროფკავშირის თანამონაწილეობით, კონსულტაციებსა და სამუშაო უნარების განვითარების ინდივიდუალურ ფორმატს სთავაზობდა; (2) მომპოვებელი კომპანიისა და სახელმწიფო სუბსიდიის ხარჯზე შეიქმნა რეკვალიფიკაციის პროგრამა, ხანდაზმული მეშახტეებისთვის კი – ადრეული პენსია; (3) სახელმწიფოს კოორდინაციისა და სუბსიდიების დახმარებით მოხერხდა დათხოვნილი მეშახტეებისთვის სხვა რეგიონულ საწარმოებში გადაყვანის შეთავაზება და (4) რეგიონში განხორციელდა დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციები.

ამ ინტერვენციათაგან განსაკუთრებით ეფექტიანი მეშახტეთათვის ადრეული პენსიის უზრუნველყოფაა. ესპანეთის ქვანახშირის მომპოვებელ რეგიონში, ასტურიაში, 1990-იანი წლებიდან სახელმწიფო მეშახტეების პენსიას სტაჟის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველყოფს.[37] ეს, ერთი მხრივ, ქვანახშირის მოპოვების შემცირების შედეგად უმუშევრად დარჩენილ მეშახტეებს შემოსავალს უნარჩუნებს, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ეკონომიკის „ქვემოდან-ზევით“ სუბსიდირების ფორმაა.

კერძო სექტორზე დამოკიდებულება ხშირად რისკთანაა დაკავშირებული – სამუშაო ადგილები შესაძლოა, საკმარისი რაოდენობით არ შეიქმნას, ან ამას დიდი დრო დასჭირდეს, ანაც შესაძლოა, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული დაბალი კვალიფიკაციისა და დაბალი ხელფასის პირობებში შექმნილი სამუშაო ადგილები დაბალანაზღაურებადი და არასტაბილური იყოს. აღნიშნულის საპირწონედ არსებობს სოციალური საწარმოებისა და კოოპერატივების ხელშეწყობის პრაქტიკა. ამის მაგალითები მრავლად გვხვდება სამხრეთ ამერიკაში, მაგალითად, ბრაზილიისა და მექსიკაში, სადაც სახელმწიფო, ადგილობრივი ეკონომიკური პოტენციალის გათვალისწინებით, მათ შორის მიწისა და სხვა რესურსების დათმობის და/ან მართვაში გადაცემის გზით, ადგილობრივ მოსახლეობას ავტონომიური, თვითმყოფადი რეგიონული ეკონომიკის ჩამოყალიბებაში ეხმარება.[38] ეს სოციალური საწარმოები ხშირად აგრობიზნესს უკავშირდება.

ამასთან, არსებობს სახელმწიფოს მიერ დასაქმების გარანტირების შესაძლებლობაც. დღეს რამდენიმე ქვეყანაში განიხილება პროგრამა, სადაც სახელმწიფო, როგორც „უკანასკნელი შესაძლო დამსაქმებელი“, გარანტირებულად ქმნის სამუშაო ადგილს ყველა შესაძლო მაძიებლისთვის.[39] ეს იდეა განიხილება როგორც საყოველთაო პროგრამად, ისე მიზნობრივად, სამართლიანი ტრანზიციის პროცესში უმუშევრად დარჩენილი მშრომელებისთვის. ამ პროგრამის მიხედვით, სახელმწიფო ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს, სოციალურ საწარმოებსა და სხვა შესაძლო მონაწილეებს სრულად უფინანსებს მიზნობრივი ჯგუფის წევრი უმუშევრად დარჩენილი მშრომელის ხელფასს.

 

პროფკავშირები და სამართლიანი ტრანზიცია

ცალკე გამოყოფას იმსახურებს პროფკავშირთა როლი სამართლიანი ტრანზიციის პროცესში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვანახშირის მოპოვების შეწყვეტისა თუ რეჟიმის ცვლილებასთან დაკავშირებული ინიციატივა, ხშირად, დასაქმებულთა და მათი პროფკავშირთა ეჭვსა და უნდობლობას იწვევს. ეს ბუნებრივია იმ პირობებში, როცა მოთხოვნას ქვანახშირის მოპოვების დროებით შეჩერებისა თუ  შეწყვეტის შესახებ ხშირად თან არ ახლავს ალტერნატიული შემოსავლის უზრუნველყოფისკენ მიმართული ზომები. ბუნებრივია ისიც, რომ მეშახტეთა პროფკავშირებს უჭირთ იმ პროცესში მონაწილეობა, რომელიც მათი წევრების სამუშაო ადგილების ჩანაცვლებას ისახავს მიზნად.   

მიუხედავად ამისა, პროფკავშირებს სამართლიანი ტრანზიციის ჩარჩოში მნიშვნელოვანი ფუნქციების შესრულება შეუძლიათ. პროფკავშირულ ორგანიზაციებს შეუძლიათ საკვანძო რგოლის შექმნა, რომელიც სამართლიანი ტრანზიციისთვის აუცილებელ სხვადასხვა ჩართულ მხარეს – მათ შორის, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას – დასაქმებულებთან დააკავშირებს. ამავდროულად, პროფკავშირებს თავად შეუძლიათ ალტერნატიული განვითარების ხელშესაწყობად კოლექტიური, ჩართულობითი სივრცეების ორგანიზება იმ მიზნით, რომ დაგეგმილი ზომები დასაქმებულთა საჭიროებისა და ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მაქსიმალურად ეფექტიანად მიიმართოს.[40]

ზემოთ ნახსენები ავსტრალიური შემთხვევის გარდა, არსებობს ამის სხვა მაგალითებიც. პროფკავშირთა გლობალური ფედერაცია IndustriALL, რომელშიც საქართველოს პროფესიულ კავშირთა გაერთიანებაში შემავალი რამდენიმე პროფკავშირიც შედის, აქტიურად იყენებს სამართლიანი ტრანზიციის ჩარჩოს. ორგანიზაციის 2018 წლის ოქტომბერში გამართული კონფერენცია, რომელსაც ქართველ მეტალურგთა და ენერგოსექტორში დასაქმებულთა პროფკავშირების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, კონკრეტულად ქვანახშირის მომპოვებელ მეშახტეთა ინტერესებსა და კლიმატის ცვლილებით მოტივირებულ დაგეგმილ რეფორმებს ეხებოდა. კონფერენციაზე IndustriALL-ში შემავალმა პროფკავშირებმა ერთობლივად გაუსვეს ხაზი კლიმატის ცვლილების შესაფერხებლად აუცილებელი ღონისძიებების კონტექსტში პროფკავშირთა ჩართულობას და აღნიშნეს, რომ სამართლიანი ტრანზიციის პრინციპებს ქვანახშირის ინდუსტრიის ფუნდამენტური ტრანსფორმაციის პირობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვა და მათი ინტერესების გათვალისწინების უზრუნველყოფა შეუძლია.

 

არასამთავრობო ორგანიზაციათა როლი

ისეთ მრავალმხრივ და გამჭოლ პრობლემებზე მუშაობისას, როგორიც ტყიბულში არსებული ეკოლოგიური დაბინძურება, ეკონომიკური უალტერნატივობა და სოციალური კრიზისია, ხშირად ყალიბდება ჩართულ მხარეთა მრავალფეროვანი კოალიცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ მკვლევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მოიცავს.[41] სამართლიანი ტრანზიციისა და მდგრადი განვითარების დისკურსები მათი ჩართულობის არაერთ ფორმას ითვალისწინებს, ცვლილებათა თანამედროვე თეორიების ნაწილი კი მათ ეფექტიან მუშაობაზე იმდენადვეა დამოკიდებული, რამდენადაც სახელმწიფოს წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართულ მუშაობაზე. შესაბამისად, დღეს უამრავი რესურსზე დამოკიდებული რეგიონის გარშემო არსებობს არასამთავრობო, არაკომერციულ და აკადემიურ ორგანიზაციათა ვრცელი ინფრასტრუქტურა, რომელშიც ხშირად მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსია მობილიზებული.

ხშირად ჩართულ მხარეთა ამ ალიანსებს მათთვის ახალი და სპონტანურად გადანაწილებული ფუნქციების შეთავსება უწევთ. ეფექტიანი ბრძოლა გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისთვის ერთდროულად და კოორდინირებულად უნდა მიმდინარეობდეს როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ დონეზე.[42] რეფორმებისა და მაკროეკონომიკური ალტერნატივების შემუშავება და იმპლემენტაცია ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუციების გარეშე წარმოუდგენელია. ამავდროულად, ალტერნატივის შესამუშავებლად აუცილებელი ცოდნის დაგროვება, ისევე, როგორც პროცესის ლეგიტიმურობის უზრუნველყოფა, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობითაა შესაძლებელი. სხვადასხვა დონეზე მიმდინარე პროცესების კოორდინირების ფუნქციას, ერთი მხრივ, ადვოკატირების, მეორე მხრივ კი, ინფორმირების გზით არასამთავრობო ორგანიზაციები უფრო და უფრო ხშირად ითავსებენ.

გამოწვევებისა და შესაძლებლობების ახალ და ცვალებად ველზე ეს ჩართული მხარეები თავიანთ როლს ეძებენ.  დაჩქარებული სოციალური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ცვლილებების პირობებში, სადაც ტრადიციული აქტორების – სახელმწიფოსა და პროფკავშირების, მედიისა და პარტიების – პასუხისმგებლობა და მათ ხელში არსებული ინსტრუმენტები განახლებადი და გადასააზრებელია, პრობლემებზე მომუშავე ჩართული მხარეების როლი ცვლილებების არტიკულირებისა და განხორციელების საქმეში კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება.[43] მუშაობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ერთსა და იმავე კონტექსტში მომუშავე ჯგუფებს ხშირად განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ, განსხვავებულ მეთოდოლოგიას იყენებენ და სხვადასხვა ამოსავალ თეორიულ თუ პოლიტიკურ ჩარჩოს ეყრდნობიან.

 

დასკვნა – სახელმწიფო და სამართლიანი ტრანზიცია

მიუხედავად იმისა, რომ ქვანახშირზე დამოკიდებული რეგიონების ეკონომიკური ტრანსფორმაციის გარშემო მრავალმხრივი მიდგომა არსებობს – და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში სხვადასხვა ჩართულ მხარეს, მათ შორის, პროფკავშირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ – ცხადია, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. სახელმწიფო ერთადერთია, რომელსაც არსებული სოციოეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება, საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება შეუძლია. სახელმწიფოს ტყიბულის ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობების შექმნასა და სამართლიანი ტრანზიციის უზრუნველყოფაში არა სპეციფიკური, არამედ გამჭოლი როლი აქვს.

რამდენად მორგებადია სხვადასხვა ინტერვენცია ტყიბულში, მხოლოდ იმ ემპირიული, ანალიტიკური სამუშაოს შემდეგ გაირკვევა, რაც მასშტაბურ ეკონომიკურ ცვლილებას უნდა უძღოდეს წინ. ცხადია, წინასწარ შეუძლებელია იმ ეკონომიკური აქტივობების განსაზღვრა, რომლებიც ტყიბულის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანად შეძლებდა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას და ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნას. ამასთან, ამგვარი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური, თუ ის ადგილობრივ საჭიროებებსა და ინტერესებს დაეფუძნება.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტყიბულსა და სხვა მსგავს რეგიონებში არსებული „მრავლობითი კრიზისების” მოგვარება და  არსებული ეკონომიკური მოდელების ტრანსფორმაცია – თუნდაც სამართლიანი ტრანზიციის გზით – შესაძლოა, ელიტურ კომერციულ და ჰეგემონიურ პოლიტიკურ ინტერესებთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში. ტრანსფორმაციისა და ტრანზიციის დღეს მიმდინარე დებატებში ხშირად „რჩება შთაბეჭდილება, რომ დებატების მონაწილეების მთავარი ამოცანა ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირების ტრანსფორმაციის საჭიროებაში დარწმუნებაა.” ასეთი მიდგომა ქმნის ველს, სადაც „რადიკალურად პრობლემური დიაგნოზები წინააღმდეგობაში მოდის დიდწილად უწყინარ პოლიტიკურ წარმოდგენებთან ტრანსფორმაციის პროცესების მიმდინარეობის თაობაზე.”[44] არსებული ჩიხიდან გამოსასვლელად აუცილებელი იქნება როგორც სამოქალაქო წნეხი ტყიბულსა და თბილისში, ისე სახელმწიფოს პროაქტიული პოლიტიკა, რომელიც რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯებს არ მოერიდება.

სტატია მომზადებულია პროექტის - "კვლევისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება "ღია საზოგადოების ფონდის" (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ტყიბული-შაორის ქვანახშირის საბადოდან ქვანახშირის მოპოვებასთან დაკავშირებული გეოეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოკლე ანალიზი, CENN, 2015

[2] ^ibid.

[3] საქნახშირი – კომპანიის პროფილი – 2019; „მწვანე ალტერნატივა“. 2019

[4] წინააღმდეგობის პოლიტიკა: გამოცდილება და პერსპექტივები; თამუნა ქებურია, თათული ჭუბაბრია; EMC. 2017

[5] The Transformation of the Polish Coal Sector. The International Institute for Sustainable Development. 2018

[6] Global Energy & CO2 Status Report 2019. International Energy Association. 2019

[7] Betz, M. R., & Snyder, A. (2017). Coal and family through the boom and bust: A look at the coal Industry’s impact on marriage and divorce. Journal of Rural Studies, 56, 207–218. doi:10.1016/j.jrurstud.2017.09.011

[8] Kideckel, David. „Miners and wives in Romania's Jiu Valley: perspectives on postsocialist class, gender, and social change.“ Identities: Global studies in culture and power 11, no. 1 (2004): 39-63.

[9] Petkova, V., Lockie, S., Rolfe, J., & Ivanova, G. (2009). Mining Developments and Social Impacts on Communities: Bowen Basin Case Studies. Rural Society, 19(3), 211–228. doi:10.5172/rsj.19.3.211

[10] Sincovich, A., Gregory, T., Wilson, A., & Brinkman, S. (2018). The social impacts of mining on local communities in Australia. Rural Society, 27(1), 18–34. doi:10.1080/10371656.2018.1443725 

[11] The Decline of Central Appalachian Coal and the Need for Economic Diversification, Rory McIlmoil & Evan Hansen, Downstream Strategies, 2010

[12] Freudenburg, William R. „Addictive economies: Extractive industries and vulnerable localities in a changing world economy“ Rural Sociology 57, no. 3 (1992): 305-332.

[13] Adger, W.N., Barnett, J., Brown, K., Marshall, N., O'brien, K., 2013. Cultural dimensions of climate change impacts and adaptation. Nat. Clim. Change 3 (2), 112–117.

[14] The Transformation of the Polish Coal Sector. The International Institute for Sustainable Development. 2018

[15] Barrett, Jim, „Worker transition & global climate change,“ Pew Center on Global Climate Change, December 2001

[16] ^ibid.

[17] Guidelines for a just transition towards environmentally sustainable economies and societies for all. ILO. 2015

[18] Heffron, Raphael J., and Darren McCauley. „What is the ‘just transition’?.“ Geoforum 88  (2018): 74-77.

[19] „რა არის სამართლიანი ტრანზიცია?“ ნინო ხელაია. EMC. 2019

[20] Hospers, G, J. (2004). Restructuring Europe’s rustbelt: The case of the German Ruhrgebiet.

[21] Miller, C.A., Iles, A., Jones, C.F., 2013. The social dimensions of energy transitions. Sci. Cult. 22 (2), 135–148.

[22] Evans, G., Phelan, L., 2016. Transition to a post-carbon society: linking environmental justice and just transition discourses. Energy Policy 99, 329–339.

[23] Welker M A, 2009, „'Corporate security begins in the community': mining, the corporate social responsibility industry, and environmental advocacy in Indonesia“ Cultural Anthropology 24 142-179

[24] Mayes, Robyn, Paula McDonald, and Barbara Pini. „‘Our’community: corporate social responsibility, neoliberalisation, and mining industry community engagement in rural Australia.“ Environment and Planning A 46, no. 2 (2014): 398-413.

[25] Della Bosca, Hannah, and Josephine Gillespie. „The coal story: Generational coal mining communities and strategies of energy transition in Australia.“ Energy Policy 120 (2018): 734-740.

[26] Eight Steps for a Just Transition. Alexandru Mustata. CEE Bankwatch. 2017

[27] Richardson L.J., R. Cleetus, S. Clemmer and J. Deyette, „Economic impacts on West Virginia from projected future coal production and implications for policymakers,“ Environ. Res 2014

[28] Eight Steps for a Just Transition. Alexandru Mustata. CEE Bankwatch. 2017

[29] Galgóczi, B. (2014). The long and winding road from black to green - Decades of structural change in the Ruhr region, International Journal of Labour Research, 2014 / Volume 6 / issue 2, pp 207-240.

[30] ^ibid.

[31] ^ibid.

[32] Oei, Pao-Yu, Hanna Brauers, and Philipp Herpich. „Lessons from Germany’s hard coal mining phase-out: policies and transition from 1950 to 2018.“ Climate Policy (2019): 1-17.

[33] The Ruhr or Appalachia? IRRC Report for CFMMEU Mining and Energy. 2018

[34] ILO and IILS (International Institute for Labour Studies). 2012. Working Towards Sustainable Development: Opportunities for Decent Work and Social Inclusion in a Green Economy. Geneva, International Labour Organization

[35] Just Transitions for Regions and Generations: Experiences from structural change in the Ruhr area. WWF. 2019

[36] Snell, D. (2018). Just Transition? Conceptual challenges meet stark reality in a „transitioning“ coal region in Australia, Globalisations 15/4, Taylor & Francis.

[37] At the Crossroads: Balancing the financial and social costs of coal transition in China. IISD. 2017

[38] Just Transition Towards Environmentally Sustainable Economies and Societies for All, ILO, ACTRAV Policy Brief, 2018

[39] Paul, Darity, and Hamilton. „The Federal Job Guarantee“ Center for Budget and Policy Priorities.

[40] Just Transition Towards Environmentally Sustainable Economies and Societies for All, ILO, ACTRAV Policy Brief, 2018

[41] Lysack, Mishka. „Effective Policy Influencing and Environmental Advocacy: Health, Climate Change, and Phasing out Coal.“ International Social Work 58, no. 3 (May 2015): 435–47. doi:10.1177/0020872814567485.

[42] Gray, M., J. Coates and T. Hetherington (eds) (2013) Environmental Social Work. London: Routledge.

[43] ^ibid.

[44] ულრიხ ბრანდი და მარკუს ვისენი. „მრავლობითი კრიზისები და სოციოეკოლოგიური ტრანსფორმაციები“ მწვანე საკითხავი: თანამედროვე დისკუსია ეკოლოგიისა და განვითარების შესახებ. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. 2019