I. მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე, დონბასი (დონეცკის ქვანახშირის აუზი) და მოსკოვის რეგიონის ქვანახშირის აუზი ნაცისტური გერმანიის ჯარებმა დაიკავეს. შედეგად სსრკ-მ 60%-მდე ქვანახშირის მარაგები დაკარგა. საჭირო მარაგის შესავსებად ხდება აღმოსავლეთით არსებული ქვანახშირის აუზების ინტენსიფიკაცია. იზრდება არსებული შახტებისა და ამოღებული ქვანახშირის რაოდენობა - ომის ეკონომიკისთვის ქვანახშირი ენერგიის მთავარი წყაროა.

ტყიბულში ქვანახშირის მოპოვება მე-19 საუკუნიდან იწყება და პიკს მე-20 საუკუნის 50-იან წლებში აღწევს, როდესაც 3 მილიონზე მეტ ტონას მოიპოვეს. მთლიანად სსრკ-ში მოპოვებული ქვანახშირის რაოდენობა 1945 წელს 147 მილიონიდან 1950 წელს 250 მილიონ ტონამდე გაიზარდა. ტყიბულის ქვანახშირი მთლიანად ომის ეკონომიკას ემსახურებოდა და შემდგომშიც მძიმე მრეწველობას ხმარდებოდა, რომელიც, ძირითადად, სამხედრო იყო. ამ დროში და ისტორიულ კონტექსტში შენდება ქალაქი ტყიბულიც.

II. 2006 წელს რუსეთი საქართველოს ბუნებრივ აირს უძვირებს. დავით ბეჟუაშვილმა სწრაფად გამოთვალა, რომ, გაძვირებული ბუნებრივი აირის პირობებში, ქვანახშირი შეიძლება მომგებიანი გახდეს და მალევე ტყიბულში ქვანახშირის მოპოვების ლიცენზია იყიდა.

მეშახტეები ჩადიან შახტებში, რომელიც ტექნიკურად 2-ჯერ განახლდა - პირველად სსრკ-ს დროს, როცა ნახშირი თანდათან ნავთობმა შეცვალა და ქვანახშირის ინდუსტრიას დაფინანსება შეუმცირდა - ეს პროცესი 60-იანი წლებიდან იწყება - და მეორედ საბჭოთა კავშირის დაშლის  შემდგომ, დამოუკიდებელ საქართველოში. ბეჟუაშვილს ქვანახშირი ცემენტის წარმოებისთვის სჭირდება, ამ დროს საქართველოში მშენებლობების ბუმია. თუმცა გარდა ადგილობრივი ბაზრისა, მას ცემენტი აზერბაიჯანშიც გააქვს. ბეჟუაშვილი ცალი თვალით მუდმივად გაზის ფასს უყურებდა, ამიტომ ფულს არ ხარჯავდა შახტების გადაიარაღებისა და პერსონალის გადამზადებისთვის.

III. სულ ახლახანს, პანდემიის გამოცხადებამდე ცოტახნით ადრე, ძიძიგურის შახტთან, მეშახტე ხმამაღლა ყვება ქვანახშირის კომპანიის ახალი წარმომადგენლის ნათქვამს - „მეშახტე ისე უნდა ამუშავო, რომ დამჯდარი იბანდეს“.

კაპიტალს რომ ლაპარაკი შეეძლოს, ასე ილაპარაკებდა. მაგრამ კაპიტალი არ ლაპარაკობს, ის მოქმედებს, როგორც ვამპირი - "კაპიტალი მკვდარი შრომაა, რომელიც ვამპირის მსგავსად ცოცხალი შრომის შეწოვით არსებობს და იმდენად უფრო მეტს სცოცხლობს, რამდენადაც იგი მეტს შეიწოვს".

IV.ექსტრაქტივიზმი არის კიდეც რესურსების შეწოვის ან გამოწოვის ნაირსახეობა. ის ხშირად განიმარტება, როგორც დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსების მითვისება ან გამოყენება, რომელთა დიდი ნაწილი ნედლეულის სახით გადის ექსპორტზე, გლობალურ ბაზრებზე. იმავდროულად, გვაქვს სამუშაო ძალის ექსტრაქტივიზმი, რომელიც შეიწოვს სხეულებრივ და სულიერ ენერგიას, დროს, ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც. ის, ვისი ხელითაც ხდება რესურსის ამოღება, პირველ რიგში, თავადაა რესურსი. სამუშაო ძალის ექსტრაქტივიზმი პირველადია და ის ბუნებრივი რესურსების ექსტრაქტივიზმს უსწრებს. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ექსტრაქტივიზმზე არამხოლოდ მოპოვებული ან მითვისებული ნედლეულების მრავალფეროვნების თვალსაზრისით.

V. მაგ. პოლონეთში შახტები კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილად იქცა. შახტში მუშაობა ხასიათდება შემჭიდროვებით, ხოლო ასეთ დროს დახველება და დაცემინება განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის მშრომელებს ვისრუსების მიმართ. მეშახტეები ასახელებენ შემჭიდროვების ორ მთავარ ადგილს - ლიფტი, რომლითაც სამუშაო ადგილზე ეშვებიან (კლეტი) და ვაგონი, რომლითაც იქამდე მიდიან (სახალხო ვაგონი). პირბადით ან რესპირატორით მუშაობა, ისედაც გაიშვიათებული ჟანგბადის პირობებში, თითქმის შეუძლებელია. ამას ემატება მეშახტეებში გავრცელებული ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებები (სილიკოზი და ანტრიკოზი), რაც პნევმონიისკენ მიდრეკილებას განაპირობებს. ეს ყველაფერი კარგად იცის ტყიბულის კომპანიამ, მაგრამ პანდემიის დროს, მეშახტეებს მუშაობის გაგრძელება შრომის პირობების გაუმჯობესების გარეშე აიძულა. მეტიც - უკვე მერამდენე თვეა, ერთი შახტიდან მეორემდე გადაადგილება ტყიბულელ მეშახტეებს სავენტილაციო გვირაბით უწევთ. ამ მანძილს, რამდენიმე კილომეტრს, ისინი გადიან ფეხით, გვირაბში, რომელიც სავსეა მომწამლავი აირებით. თებერვალში რამდენიმე მეშახტე მოიწამლა, კომპანიამ თქვა, რომ „ისინი უბრალოდ ცუდად გახდნენ“.

VI. პანდემიის პირობებში, წიაღისეულის მოპოვების ზოგიერთი სფერო გაჩერდა, ზოგი - არა. ეს დამოკიდებულია ნედლეულზე არსებულ მოთხოვნებზე და დაკავშირებულია მსოფლიო ბაზარზე ფასების ცვლილებასთან. ბევრ ქვეყანაში მშრომელები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. აშშ-ში ქვანახშირის მოპოვება აუცილებელ შრომად მიიჩნიეს და ბევრ შახტში მოპოვების პროცესი არ შეჩერებულა. ამაში არის ლოგიკა - აშშ-ს მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის თითქმის მეოთხედი ქვანახშირზე მოდის.

ტყიბულის ქვანახშირის როლი საქართველოს სათბობ-ენერგეტიკულ ბალანსში უმნიშვნელოა. და, ამასთან, ის ადგილობრივ ბაზარზე მოიხმარება - მსოფლიო ბაზრებზე არ გადის. ვიცით, რომ ამჟამად ტყიბულში (მცირე რაოდენობით) ამოღებული ქვანახშირის ნაწილი მიდის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, ხოლო ნაწილი - კვლავ ჰაიდელბერგცემენტის ქარხანაში. მარტში მოიპოვეს 5500 ტონა, ხოლო აპრილში - 2300 ტონა. წინა წლებთან შედარებით ეს რაოდენობა მცირეა.

გაუგებარია, რატომ წავიდნენ ასეთ რისკზე სახელმწიფო და კომპანია, როცა შახტები არ დახურეს და პანდემიისა და ძველ სამუშაო პირობებში ქვანახშირის მოპოვება არ შეაჩერეს? მაშინ, როცა პანდემიამდე, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, დახურული შახტების პირობებში, მეშახტეები ხელფასებს მაინც იღებდნენ?

VII. გერმანელი მოაზროვნე ვალტერ ბენიამინი იხსენებს სათამაშოს, რომელსაც მას ბერლინში, ნათესავის სახლში ახვედრებდნენ - ეს იყო მინის კუბი, რომელშიც მინიატურული მაღარო იყო მოთავსებული, ხოლო მაღაროში პატარა მაღაროელები - ზოგი უროთი, ზოგიც ფანრით. და ყველანი მწყობრად, საათის მექანიზმივით, მოძრაობდნენ. ბენიამინის თქმით, ეს სათამაშო გაჩნდა იმ დროს, როცა მდიდარი ბურჟუაზიის შთამომავლებისთვის ჯერ კიდევ ნებადართული იყო, დამტკბარიყვნენ ადგილებით, სადაც ადამიანები შრომობენ. (დროში) გაქვავებული შრომის, როგორც სათამაშოს ფიგურა პოულობს თავის ნათესაობას ტყიბულის შახტებთან - ოღონდ ეს სასტიკი თამაშების ადგილია, სადაც ცდილობენ, სიცოცხლე დაუმორჩილონ სიკვდილის ძალაუფლებას, ანუ განახორციელონ ნეკროპოლიტიკა.

VIII. ტყიბულში, ძიძიგურის შახტის წინ აქციაა. მეშახტეები მიმართვას ამზადებენ, რომელშიც ხელისუფლებასა და კომპანიას მოუწოდებენ, შესრულდეს უსაფრთხო შრომის დაპირება. შახტთან ახლოს ქვანახშირის გროვაა. ვიღებ ქვანახშირს და ვამოწმებ, კედელზე კვალს დატოვებს თუ არა -  მკაფიო კვალს ტოვებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვანახშირის ნატეხებით, შესაძლებელია სხვადასხვა ქალაქში მეშახტეების მოთხოვნების კედლებზე დაწერაც და მათთვის მხარდაჭერის გამოხატვაც.

იმისთვის, რომ საგანი გავიგოთ, უნდა ვცადოთ მისი სხვადასხვა მხარისა და კავშირის შესწავლა. ეს კი მისი პოტენციალობის გამოვლენის ცდას ნიშნავს, და არა მხოლოდ ფორმალური განსაზღვრებებით დაკმაყოფილებას. დიალექტიკური ლოგიკა არ იზიარებს საგნის "საბოლოობას",  მისთვის ყველა საგანი ფუნქციურად, პოტენციურად მრავალფეროვანია. საგანი საგნად რჩება, მაგრამ იცვლება მისი გამოყენების წესი, მისი კავშირი გარესამყაროსთან.

ეს ვრცელდება შახტებზეც - რესურსის ამოღების ადგილი არაერთხელ ქცეულა წინააღმდეგობის ადგილადაც, როდესაც შახტში ჩასული მეშახტეები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ამოსვლაზე უარს ამბობდნენ.

IX. ტყიბული ყოველდღე ცუდი წინათგრძნობით ცხოვრობს.

 

პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია

https://journals.openedition.org/poldev/2356#tocto1n1

https://www.climatechangenews.com/2020/05/12/covid-19-outbreak-polish-coal-mines-heaps-pain-struggling-sector/

https://www.washingtonpost.com/business/2020/03/24/coal-miners-coronavirus/?outputType=amp

მარქსი, კ., კაპიტალი, ტომი I, თავი VIII (სამუშაო დღე), საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, 1954

Берлинское детство на рубеже веков, Вальтер Беньямин

Soviet Coal Production since the War S. L.

The World Today

Vol. 7, No. 12 (Dec., 1951), pp. 518-528

Audacity of the Spirit, A.F. Losev (77-78)