“ჩართულობის გარეშე არაღიარება სტერილური და კონტრპროდუქტიულია;

არაღიარების გარეშე ჩართულობა კი ციცაბო კლდეზე სიარულს გავს“

პიტერ სემნები, 2011

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

2 მარტს, როდესაც კვიპროსელი ბერძნები ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულს „მწვანე ორშაბათს“ აღნიშნავდნენ, ჩვენ კუნძულის ჩრდილოეთით, გაეროს ბუფერული ზონის მიღმა, კვიპროსის თურქული ნაწილის მონახულება გადავწყვიტეთ. ჩემთვის წარმოუდგენელი რამ იყო ასე უბრალოდ, ბარგის გარეშე, ერთი ხელჩანთით (სადაც პასპორტი და ბინადრობის მოწმობა საგულდაგულოდ მქონდა შენახული), თითქოს აკრძალულ ზონაში წასვლა.

საერთაშორისო სამართლით გამოჭედილ ჩემს ტვინს წარმოუდგენლად მიაჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე გადასვლა შემეძლო, თურქული „ჩორბის“ გასასინჯად და ჩაის დასალევად. თითქოს რაღაც უკანონობას ჩავდიოდი. გზაში აზრებს ვალაგებდით, რა უნდა გვეთქვა ე.წ. საზღვარზე ვინ ვართ, რა გვინდა, რატომ მივდივართ, ბერძნებს რას ვეუბნებით და თურქებს რას, პასპორტში არაღიარებულ ე.წ. ბეჭედს ხომ არ ჩაგვირტყამენ?!

ამ დროს პანდემია უკვე ნელ-ნელა ვრცელდებოდა და ცალკე ის ფიქრი მაწუხებდა ამ უკანონო, ყველასგან დავიწყებულ აკრძალულ ზონაში არ ჩავრჩენილიყავით.

მივედით „საზღვართან“: ევროპის ერთადერთ, ორად გაყოფილ დედაქალაქ, ნიქოზიაში, ლედრას გადასასვლელთან. ეს დღეს მოქმედი იმ 9 გადასასვლელიდან ერთ-ერთია, რომელიც კვიპროსელ თურქებს კვიპროსელ ბერძნებთან აკავშირებს. ის პრაქტიკულად ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც 1974 წლის სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად, 2008 წელს გაიხსნა. ლედრას გახსნას თავის დროზე განსაკუთრებული პოლიტიკურ-ისტორიული დატვირთვა ჰქონდა. ეს არის ნიქოზიის მთავარი ისტორიული ადგილი, დედაქალაქის კომერციულ-ეკონომიკური ცენტრი, დღეს უკვე მაღაზიებით და კაფე-რესტორნებით სავსე, დაახლოებით თბილისური კოტე აფხაზის (ე.წ. ლესელიძის) ქუჩა. მისი ისტორია კვიპროსის ისტორიას ასახავს, და ხაზს უსვამს ათწლეულების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გაყოფას. მისმა აღდგენამ ბერძნების და თურქების საცხოვრებელ სივრცეებს შორის ხიდი გააჩინა, მეტი კომუნიკაციის საშუალება მისცა. ლედრას ქუჩა მთელს ნიქოზიაში ალბათ ყველაზე ცოცხალი და საინტერესო ადგილია, სადაც თურქებს და ბერძნებს ერთად ხშირად ნახავთ. აშკარაა, რომ ადამიანებისთვის ის მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციის შემახსენებელია, სხვა მხრივ მათთვის ცხოვრება მეტწილად ჩვეულ კალაპოტში ჩადგა, ბერძნებს შეუძლიათ სურსათის იაფად საყიდლად ჩრდილოეთით გადავიდნენ, თურქებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი სამხრეთით იპოვონ და ყოველდღიურად იმოძრაონ...

აქვე არის სასტუმრო „ლედრას სასახლეც“, რომელიც 1949 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ ბერძნების და თურქების საერთო მულტიკულტურული მნიშვნელობის სივრცე იყო. 1974 წლის სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ ეს სასტუმრო გაეროს სამშვიდობო ძალების უკვე 46 წლიან რეზიდენციად იქცა. დღეს იქ ხშირად იკრიბებიან თურქი და ბერძენი ლიდერები მოლაპარაკებებისთვის.

უცებ შუა ქუჩაში გხვდება რკინის ღობე, სადაც დიდი ბოდიშის მოხდით ბერძენი „მესაზღვრე“ გვეუბნება, რომ ჩვეულებრივ ამ გზით გაგვიშვებდნენ მაგრამ, პანდემიის გამო დაწყებული იყო თერმოსკრინინგი, ამიტომაც, „მესაზღვრე“ ლედრას სასახლის სამანქანო გზიდან გადასვლისკენ მიგვითითებს და გზასაც მიგვასწავლის.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ, უკვე ყველა კედელს, წარწერას, ფორმიან და იარაღიან ადამიანს ვაკვირდებით, რადგან ყველაფერი თავის ისტორიას ყვება, თუ რა საზარელი ბრძოლები გადაიტანა ამ ადგილმა:

„ვერაფერს მოიპოვებ თავგანწირვის გარეშე და თავისუფლებას სისხლის გარეშე“

საზღვართან მივედით. გაეროს ბუფერული ზონა ამ ადგილიდან იწყებოდა. ბერძენი კვიპროსელების პუნქტთან ქართული პასპორტები მივაწოდეთ, და სანამ ჩვენს პასპორტს სკანერში გაატარებდნენ, იქაურობა მოვათვალიერეთ. სურათების გადაღება არ შეიძლებოდა, თუმცა აქ ნახავდით წარწერებს და სურათებს დიდი ისტორიით, თუ როგორ სასტიკად გაუსწორნენ თურქი კვიპროსელები ბერძნებს, რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ბრძოლას, რამდენი გაუჩინარდა და რამდენი აწამეს... უმძიმესი სურათები და გარდაცვლილი ადამიანების ისტორიები საბაჟოსთანვე არის გამოფენილი იმისათვის, რომ ყოველდღე შეახსენონ გამვლელებს, რა გადაიტანეს. ეს დანგრეული სახლებიც ალბათ იმის გამო არ შეაკეთეს, რომ ისტორიას დარჩეს და ადამიანებს მუდამ ახსოვდეთ ის, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

გზად კიდევ ერთი საინტერესო სცენაა - შემაღლებულ მთაზე, რომელიც რკინის ბადით არის შემოღობილი, თურქული კაფე მოჩანს, სადაც კვიპროსელი თურქები სხედან და ტრადიციული ჭიქებით ჩაის მიირთმევენ. დასვენების დღეა და ხალხმრავლობა იყო, ისინი რკინის ბადის მიღმა მაღალი მთიდან გადმოჰყურებენ „აღიარებულებს“. სურათის გადაღება მეუხერხულა..

გაეროს ბუფერულ ზონას გავდივართ, სადაც თეთრი სპეც. ავტომობილები დგას, პედანტურად ლამაზად ჩალაგებული UN 1, UN 2, UN 3 ...UN 6 ოფიციალური ნომრებით. თურქულ პუნქტთან მივდივართ თუ არა ცოტა უფრო ვიძაბებით, ინგლისურად გაგვესაუბრნენ, პასპორტები მათაც უცებ გადაფურცლეს, არანაირი კითხვა - რა გინდათ, რატომ მოდიხართ, მხოლოდ ის იკითხეს უკან როდის ბრუნდებითო. მებაჟეს ხელებში დაძაბული ვუყურებდით, „ბეჭედი“ ცხადია არ ჩაარტყა პასპორტში, არგი დროის გატარება გვისურვეს ჩრ. კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში.

თურქულ მხარეს, უმეტესად წყნარ, ცარიელ ქუჩებში ერთი კაფე შევნიშნეთ, მშვენიერი ჩორბა ჰქონდათ. სუფთა, მოწესრიგებული ადგილი იყო, ჩვეული მასპინძლობით გამორჩეული თურქებით. ყველაფერი უცნაურად გვეჩვენებოდა. ის ფაქტი, რომ ბარათით გადახდა შეიძლებოდა, კვიპროსული როუმინგიც მუშაობდა ამ „უკანონო ზონაში“ ნამდვილად გასაკვირი იყო და ამის მიღმა ვინ იცის რამდენი მოლაპარაკება და ალტერნატიული გზების ძებნის პროცესი იმალებოდა.

შემდეგ უკვე სრულიად სხვა, უფრო ცოცხალ მხარეს მოვხვდით, რომელიც ზუსტად ლედრას ქუჩას ესაზღვრება და ცხადია აქაურობაც ამიტომ არის სავსე ხალხით, კაფეებით, ჩაიხანებით, ტკბილეულის მაღაზიებით და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ბრენდული ტანსაცმლის მაღაზიებითაც (თუმცა, როგორც შემდეგ გავარკვიეთ, უმეტესი მათგანი ყალბი აღმოჩნდა).

უკანა გზაზე, ჩვენთან ერთად, გზაში რამდენიმე ახალგაზრდა ბრუნდებოდა ბერძნულ მხარეს, არ გვესმოდა რას საუბრობდნენ, მაგრამ ვარაუდით გავარჩიეთ, რომ თურქულ მხარეს გასართობად, უფრო კონკრეტულად კაზინოში სათამაშოდ გადმოვიდნენ და უკან გადადიოდნენ. ეს მხარე ბევრი კაზინოთი და იაფი სურსათის მაღაზიითაა ცნობილი.

გადავედით ჩვენც, ბუფერულ ზონასთან ადამიანებს სიცხეს უზომავდნენ, ჩვენ აღარ გაგვიზომეს, ახსოვდათ რომ 5 საათის წინ შევედით.

მეორე დღეს, კვიპროსის აღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ნიკოს ანასტასიადესმა განაცხადა, რომ ჩრ. კვიპროსში დაახლოებით 3000 ირანელი სტუდენტი იყო და რადგან ირანი უკვე პანდემიის გავრცელების საფრთხეს წარმოადგენდა, იძულებული იყო გადასასვლელი დროებით დაეკეტა.

არც ერთ მხარეში ჯერ ვირუსის შემთხვევა დაფიქსირებული არ იყო, თუმცა ცხადია სამხრეთი ფრთხილობდა, იმიტომ რომ თურქეთიდან ჩრდილოეთ კვიპროსში შემავალ ფრენებს ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა. ამას თურქების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან ეს იყო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ დახურვის პირველი შემთხვევა. თურქული მხარის ლიდერი, მუსტაფა აკინჯის განცხადებით, ანასტასიადესს ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად არ უნდა მიეღო, მათ ერთობლივად უნდა ემსჯელათ.

პანდემიის პირველი შემთხვევა 1 კვირის თავზე გამოვლინდა სამხრეთით და მალევე ჩრდილოეთითაც, გერმანელ ტურისტს დაუდასტურდა COVID-19. მხარეებმა ჯერ კიდევ თებერვალში ბიკომუნალური ჯანდაცვის კომიტეტის შეხვედრაზე განიხილეს ეს საკითხი და გადაწყდა, რომ უპირობოდ ითანამშრომლებდნენ პანდემიის სამართავად. არაერთი ტესტი, ეკიპირება და წამალი გაიგზავნა ჩრდილოეთით, გაეროს განვითარების ფონდმა, დახმარების მიზნით, კონტრიბუციის შეთანხმების საფუძველზე ფულადი რესურსები და 25 ექიმი გააგზავნა სამი თვით ჩრდილოეთში. სამედიცინო დახმარებისთვის გადაადგილება შეუფერხებლად ხდება..

***

ზოგადად კვიპროსში საერთაშორისო მექანიზმები უწყვეტ რეჟიმში იყო ჩართული, გაეროს სამშვიდობო მისია 1964 წლიდან არის მივლენილი, მანდატები დროთა განმავლობაში იცვლებოდა სიტუაციის დაძაბულობიდან გამომდინარე. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, 1983 წელს ჩრდილოეთ კვიპროსმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და გაეროს მანდატიც სრულად მოლაპარაკებების გამართვაზე არის მიმართული. მოლაპარაკებები განსაკუთრებით გაძლიერდა 1998-2004 წლებში, კოფი ანანის გენერალური მდივნობის პერიოდში, რაც უკავშირდებოდა კვიპროსის აღიარებული რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს. ბევრი ამას აღიქვამდა, როგორც უნიკალურ შანსს ევროკავშირში გაერთიანებული კვიპროსის შესვლისთვის. კოფი ანანის შეთავაზება ბი-კომუნალური ფედერაციის შექმნასთან დაკავშირებით თურქულმა მხარემ მიიღო (65% დაეთანხმა ამ პირობებში გაერთიანებას), თუმცა ბერძნების 75%-ისთვის ის მიუღებელი აღმოჩნდა. ცხადია. აქ დიდი როლი ითამაშა გარე დაინტერესებული ქვეყნების თურქეთის და საბერძნეთის ფაქტორმა და ევროკავშირმა ვერ შეძლო საკითხის იმგვარი ლობირება, რომ გაწევრიანების პარალელურად კონფლიქტის მოგვარებისთვის ხელი შეეწყო. 2004 წლიდან 2006 წლამდე სიტუაცია სტაბილური, მაგრამ უფრო გაყინული იყო. სანამ თურქი და ბერძენი ლიდერები გაეროს მედიატორობით არ შეხვდებოდნენ პირველად 2002 წლის შემდეგ. 2006 წლიდან პრაქტიკულად მუდმივ რეჟიმში მოლაპარაკებები მიმართულია ადამიანის ყოველდღიური ურთიერთობებისა და ცხოვრების გაუმჯობისკენ და საბოლოოდ კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისკენ.

2008 წლიდან, გაეროს სამშვიდობო მისიის ვრცელი სტრუქტურის ქვეშ, შექმნილია 11 ბიკომუნალური ტექნიკური კომიტეტი, რომლის ფარგლებშიც თითო წარმომადენელი თურქული და ბერძნული მხრიდან გაეროს წარმომადგენელთან ერთად განიხილავს მოსახლეობისთვის ყოველდღიური მნიშვნელობის ისეთ საკითხებს, როგორიც არის: ჯანდაცვა, განათლება, საზღვრის კვეთა, გარემოს დაცვა, სისხლის სამართლებრივი თანამშრომლობა და სხვა. ტექნიკური კომიტეტების მიზანი არ არის კონფლიქტის მოგვარება, არამედ ისინი შექმნილია ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

ჩრდილოეთ კვიპროსის დამოუკიდებლობას მხოლოდ თურქეთი აღიარებს. ევროკავშირის ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა, აშშ სახელმწიფოს დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშებში ჩრდ. კვიპროსში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასება თუ სხვა ნებისმიერი ჩართულობა არ გამხდარა იმის საფუძველი, რომ არაღიარებული რეჟიმს იმაზე უფრო მეტი ლეგიტიმურობა შეეძინა, ვიდრე 40 წლის წინ ჰქონდა. მხოლოდ ერთი რამ იცვლება, ადამიანები ბევრად უფრო ჩვეულებრივ იწყებენ ცხოვრებას და ნელ-ნელა უფრო მეტი ნაბიჯი იდგმევა კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარებისკენ. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსელებისთვის დე-ფაქტო ცხოვრება, სადაც ყველა სიტყვა „ბრჭყალებში“ უნდა მოათავსო მხოლოდ პოლიტიკურ-სამართლებრივ დატვირთვას ინარჩუნებს და უფრო ნაკლებად გრძნობენ თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად.

როგორ შეძლეს ეს? ცხადია მუდმივი და სისტემური საერთაშორისო ჩართულობა მეტ პოზიტიურ დინამიურობას სძენს ამ კონფლიქტს, მაგრამ ჩემი აზრით, მეტმა პირდაპირმა დიალოგმა, მოქნილობამ, არაღიარების ჩაკეტილი ყუთის მიღმა ალტერნატიული გზების ძიებამ, საერთაშორისო იზოლაციაში ჩაკეტილ ხალხს ის შესაძლებლობები გაუხსნა რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყველასთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, 2019 წელს ბერძნულმა და თურქულმა კვიპროსმა მობილური ოპერატორებს მოქნილობა უზრუნველყო და შუამავალი შვეიცარული კომპანიის საშუალებით მათ შორის სატელეფონო კავშირი გამარტივდა. ჩვენთან ეს უბრალოდ ვერ მოხერხდა, იმის გამო, რომ ცხინვალის რეგიონის „სატელეფონო კოდს“ რაიმე ლეგიტიმაციას ვერ მივანიჭებდით.

რატომ არ გამოგვდის ჩვენ 30 წელია ციცაბო კლდეზე სიარული? რატომ გვეშინია კომუნიკაციის, ალტერნატივების და მოქნილი გადაწყვეტილებების ძიების, როდესაც აფხაზი ბავშვი ჭადრაკის სათამაშოდ მიდის საერთაშორისო ტურნირზე, ან Chevening გაცვლით პროგრამაში იღებს მონაწილეობას, ან აფხაზეთში უფლებების მდგომარეობას აფასებს დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი. რატომ არ ვფიქრობთ ამ ჩაკეტილი ყუთის მიღმა შესაძლებლობებზე, რატომ არ გვინდა პირდაპირი დიალოგი და ვიქცევით ისე თითქოს ისინი არ არსებობდნენ? არ ვფიქრობთ იმაზე რომ იმ აფხაზი ბავშვისთვის, რომელსაც საქართველომ ხელი შეუშალა ჭადრაკის ჩემპიონატზე გასულიყო, საქართველო მუდმივად არაკეთილისმსურველ სუბიექტად დარჩება. და როცა ეს თაობა მოვა დე-ფაქტო ხელისუფლების სათავეში, რომელსაც განათლებას, ჯანდაცვას, მოგზაურობას უშლიდნენ, მერე როგორ ვილაპარაკოთ შერიგებაზე, ნდობის აღდგენაზე, დიალოგზე?!

ცხადია პოლიტიკური ელიტები აფხაზეთის და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებში და საქართველოშიც ყველა ამ დეტალს საკუთარი პოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად იყენებენ, თუმცა მსგავსი პოლიტიკური სიტლანქე საბოლოო ჯამში ყველაფერს ვნებს, და პირველ რიგში ადამიანებს, განურჩევლად ეთნოსისა.