პრობლემური მიმართულებები, რომლებიც მსჯელობის პროცესში გამოიკვეთა არის: ოპტიმიზაციის მიზნები და მისი შედეგები დეცენტრალიზაციის განხორციელების პროცესში;

თვითმმართველობის დონეების საკითხი;

თვითმმართველი ერთეულების ტიპები.

ოპტიმიზაცია, ორი მიმართულებით შეიძლება განვითარდეს: თვითმმართველი ერთეულების დაყოფის ან გაერთიანების მიმართულებით. თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. დაყოფის შემთხვევაში, თვითმმართველობა ხორციელდება მოქალაქეებთან უფრო ახლოს, რაც მონაწილეობის ხარისხზე მეტ-ნაკლებად აისახება. ასევე, უფრო სიღრმისეულად ხდება ადგილობრივი პრობლემატიკის შესწავლა. მეტია გამჭვირვალობის ხარისხი. თვითმმართველობა ხორციელდება სხვადასხვა ტიპის თვითმმართველ ერთეულში, ქალაქში,დაბაში,თემში,სოფელში, რაც არ იწვევს სტარატეგიული მიმართულებების აღრევას და იოლია მართვა. დაყოფას აქვს თავისი უარყოფითი მახასიათებლებიც. კერძოდ, ნაკლები ეკონომიკური შესაძლებლობები და შესაბამისად ნაკლები კომპეტენციები, დეცენტრალიზაციის დაბალი ხარისხი, გაზრდილი ბიუროკრატიული აპარატის ხარჯები.

ოპტიმიზაცია შეიძლება განვითარდეს გაერთიანების მიმართულებით, რაც ნიშნავს მეტი კომპეტენციების განხორციელების შესაძლებლობას, მეტ ეკონომიკურ სიძლიერეს, ნაკლებ ბიუროკრატიულ ხარჯებს, დეცენტრალიზაციის მაღალ ხარისხს, მსხვილი ინვესტიციების განხორციელების პოტენციალს. ამ პროცესს დადებით თვისებებთან ერთად უარყოფითი მახასიათებლებიც არ აკლია. ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ თვითმმართველობის დაშორება მოსახლეობისგან ფორმალურადაც და შინაარსობრივადაც. თუ საქართველოს რეგიონების მდგომარეობას გავითვალისწინებთ რესურსების და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სიშორე კიდევ უფრო თვალნათელი გახდება. გამჭვირვალობის დაბალი დონე, საზოგადოების თვითმმართველობაში ჩართულობის ხარისხიდან გამომდინარე გამოიწვევს მოქალაქეებიის მიმართ ანგარიშვალდებულების დაბალ ხარისხს.

ოპტიმიზაციის განსახორციელებლად მთავარი ამოცანაა იმ წერტილის პოვნა, სადაც სუბსიდირების პრინციპი, კომპეტენციების მოცულობა, ხარისხი, ეკონომიკური შესაძლებლობები და რესურსები ერთმანეთს დააბალანსებს.

აღნიშნული დილემის გადაჭრის შესაძლებლობად შეიძლება მივიჩნიოთ თვითმმართველობის ორდონიანი სისტემა, სადაც პირველი დონე კომპეტენციების და ფინანსური შესაძლებლობებით შედარებით სუსტია, მაგრამ ემსახურება ადგილებზე თვითმმართველობის მოსახლეობასთან დაახლოვების, მათი აქტიური ჩართულობის და მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობის სამეურნეო, კომუნალური ტიპის ამოცანების გადაჭრას.

ხოლო, უფრო მეტი რესურსებით და კომპეტენციებით აღჭურვილი სამხარეო თვითმმართველობა შეასრულებს, როგორც პოლიტიკურ ამოცანას,( ხელისუფლების გაწონასწორებას ვერტიკალში) ასევე აღმოფხვრის ყველა იმ ნაკლოვანებას სისტემისა, რომელიც ახასიათებდა მოსახლეობასთან ახლოსმყოფ, მაგრამ რესურსებით სუსტ თვითმმართველობას.

საქართველოში, სამხარეო მოწყობა ამ ეტაპზე არ არსებობს. მართალია, ფორმალურად არსებობს მხარეები, მაგრამ სამართლებლივად მხარის სტატუსი არც ერთ ტერიტორიულ ერთეულს არ გააჩნია. მეორე დონის თვითმართველობების შექმნა იდეაში შეიძლება დაუპირისპირდეს კონსტიტუციურ ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ ტერიტორიული სახელმწიფოებრივი მოწყობა განისაზღვრება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. პრობლემა მოხსნილი იქნება, თუ ეს ჩანაწერი შეიცვლება და ის გავრცელდება მხოლოდ იმ ტერიტორიებზე რომლებზეც იურისდიქცია არ ვრცელდება. ან კანონით შეიქმნას საჯარო სამართლის ან თუნდაც კერძო სამართლის იურიდიული პირები, თვითმმართველობათა ასოციაციები, რომლებიც გააერთიანებს, ვირტუალურად შექმნილი მხარეების პირველი დონის თვითმმართველობებს. ამ შემთხვევაში, მათ ექნებათ შესაძლებლობა საერთო სამხარეო პრობლემების მოგვარების მიზნით, ჰქონდეთ საკუთარი უფლებამოსილებები, ბიუჯეტი. დელეგირებული უფლებამოსილებების ან მიზნობრივი გრანტების საშუალებით რეალურად განახორციელებენ მეორე დონის თვითმმართველობის ფუნქციებს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ტიპს თვითმმართველობათა ასოციაციები ვერ მოემსახურებიან ხელისუფლების ვერტიკალში გაწონასწორების პოლიტიკურ მიზანს, მაგრამ სამეურნეო-ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის კარგი საშუალება შეიძლება აღმოჩნდეს.

დღევანდელი მდგომარეობით, არსებობს მუნიციპალური თვითმმართველი ერთეულები და თვითმმართველი ქალაქები, რაც ვერ პასუხობს, სხვადასხვა დასახლებული ტიპის განვითარების საჭიროებებს. ერთ მუნიციპალურ ერთეულშია მოქცეული სოფელი, ქალაქი, დაბა. რთულდება განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგემვა და განხორციელება. სოფელს და ქალაქს შეიძლება გააჩნდეს საერთო სტრატეგიული პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა განხორციელებაც უფრო ეფექტური იქნება სამხარეო დონეზე. პირველ დონეზე თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მინიჭება უნდა გამომდინარეობდეს უშუალოდ ამ ერთეულის საერთო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანებიდან გამომდინარე, რათა სისტემა ინდივიდუალურად მოერგოს თითოეული დასახლებულის ადგილის საჭიროებებს.